როგორი ბავშვობა ჰქონდა მაია ჯაბუას ქალიშვილს და როგორ იპოვა მან თავისი საქმე
მაია ჯაბუას მშვენიერი ქალიშვილი, 16 წლის ლიზა ყენია, ძალიან ლამაზი და გულახდილი გოგონაა. აქვს საკუთარი მოსაზრებები, შეხედულებები და ოცნებები ცხოვრებასთან დაკავშირებით – როგორც ამ ასაკში სჩვევიათ. ამბობს, ყოველთვის ვოცნებობდი, რომ გავიზრდები მაია ჯაბუა გავმხარიყავიო. ბავშვობასა და დღევანდელობაზე ინტერვიუში ლიზა თავად გვესაუბრება.
ლიზა ყენია: ყველანაირად კარგ პირობებში ვიზრდებოდი, რისთვისაც მადლობას ვუხდი დედაჩემს. არაფერი მაკლდა და არაფერს ვუჩიოდი.
– გათამამებდნენ?
– ვერ ვიყავი გათამამებული, იმიტომ რომ, მყავდა დიდი ძმა და შესაბამისად, ყველაფერი თანაბარ დონეზე იყო. რაც შეეხება პოპულარულ დედას, იცით როგორაა, – ეს ჩვეულებრივი ფაქტია, უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ გსიამოვნებს, როცა უყურებ მის კონცერტსა და გამოსვლებს – გახარებს და მოგწონს.
– შედარება თუ კეთდება ან კეთდებოდა: როგორი იყო მაია ჯაბუა შენს ასაკში, ჰგავხარ თუ – არა...
– ყოველთვის გვადარებენ ერთმანეთს. მით უმეტეს, ახლა, რადგან მანამდე ხშირად არ ვჩანდი და არც მადარებდნენ. ზოგი ამბობს, რომ ბევრად კარგი და ნიჭიერი ვარ და ასე შემდეგ, ზოგი პირიქით, დედა მაინც სხვა არისო.
– ხასიათით ვის ჰგავხარ?
– რაღაცეები დედის მაქვს, რაღაცეები მამის. დედას აქვს ხასიათის ისეთი თვისებები, რაც ჩემთვის სამაგალითოა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ვემსგავსები შრომისმოყვარეობით ჩემს საქმეში, თუმცა ვერ ვიტყვი – სხვა რაღაცეებში-მეთქი. რაღაც დონეზე ზარმაციც ვარ, რითაც მამაჩემს ვგავარ. მაგალითად, ჩემს ნიჭიერებასთან დაკავშირებით – ბევრ რაღაცაში შემიძლია, უკეთესი ვიყო. თუნდაც რომელიმე საგანი ავიღოთ: ბიოლოგია, მათემატიკა... მაგრამ, არ ვიტვირთები, იმიტომ რომ, ზარმაცი ვარ. ვცდილობ, დედისგანაც და მამისგანაც ყველაფერი კარგი ავიღო და ამით დავემსგავსო.
– როგორია შენი ყოველდღიურობა?
– ყოველდღიურად მაქვს გაკვეთილები. ასევე, ძალიან სერიოზულად ვეუფლები ინგლისურს: ამერიკელთანაც, ინგლისელთანაც, ქართველთანაც.
– სამ პიროვნებასთან სწავლობ ერთ საგანს, ერთდროულად?
– დიახ. დავდივარ ასევე, ვოკალზე დოდო დიასამიძესთან. ცალკე სტუდიაში მაქვს საქმეები.
– სტუდიაში რას საქმიანობ?
– „სანო სტუდიაში” დავდივარ. გვინდა, ალბომი გავაკეთოთ.
– მაშასადამე, პირველ ალბომზე მუშაობ?
– კი. ძირითადი მიმდინარეობები იქნება: „დაფსტეპი,” „არენ ბი” და „პოპი”, ოღონდ ეს ყველაფერი ქართული ტექსტებით. ერთ კონკრეტულ კომპოზიტორთან არ ვიმუშავებ. ერთ-ერთი კომპოზიტორი, ვისი სიმღერაც ამ ალბომში შევა, იქნება ჩემი პროდიუსერი – ლევან ჩიჩუა, იგივე თიელი.
– ალბათ, დედა ძალიან ჩართულია ამ საქმეში და გგულშემატკივრობს.
– რა თქმა უნდა, დედა ყოველთვის მგულშემატკივრობს. ალბომს ისე სერიოზულად არ უყურებს, როგორც – ვოკალს. ალბომს არ მიკონტროლებს. აზრს ყოველთვის ვეკითხები, სიმღერაზე, ტექსტზე...
– მისი კრიტიკა გაბრაზებს, თუ პირიქით?
– იყო პერიოდი, რომ მართლა ძალიან მაბრაზებდა. ვეპასუხებოდი: შენ რა იცი, მე ვიცი-მეთქი. მაგრამ, რომ გავიზარდე, მივხვდი, ვცდებოდი. ახლა მისი კრიტიკა მსიამოვნებს და ვითვალისწინებ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ბოლო ხანებში ყოველთვის ემთხვევა ჩვენი აზრები. თუ რამეს გამიკრიტიკებს, ზუსტად ვიცი, რომ ის არ იყო კარგი, ისედაც ეჭვით ვუყურებდი. დედა სწორ მიმართულებას მაძლევს. მანახვებს იმას, რაც არ მინდა, რომ დავინახო.
დედაჩემის თხოვნა იყო, რომ დამემთავრებინა მუსიკალური ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით. შევუსრულე, მაგრამ ისე არ მიყვარდა და ძალით დავდიოდი, რომ ახლაც არ ვუკრავ. რაც შეეხება ვოკალს, დედამ კი არ მთხოვა, უბრალოდ, თვითონ მივხვდი, რომ ძალიან უყვარს და მხედავს ამ პროფილით. ერთ დღეს მივედი მუსიკალურში, მომისმინეს, დადებითი შემაფასება მომცეს და მითხრეს: მგონი, ეს შენი საქმეაო. მას შემდეგ სერიოზულად მივუდექი მას. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე ვიპოვე. ძალიან მომწონს და მინდა, სერიოზულად გავყვე.
ზოგადად, ჩემს თავს თეატრალურ სამყაროში ვხედავ. ხელოვნების გარდა, სხვა რა მიმართულება უნდა ავირჩიო, ვერ წარმომიდგენია. მინდა, ჩავაბარო კონსერვატორიაში ვოკალზე. მანამდე კი, უახლოეს მომავალში, შესაძლებელია, ერთ-ერთ ქართულ სერიალშიც მნახოთ. თუმცა, უფრო კონკრეტულად, ჯერ არაფერს გიამბობთ ამის შესახებ.
– ალბათ ყველაზე კარგი ურთიერთობა, შენს პატარა ძმასთან გაქვს.
– როცა პატარა ვიყავი, ურთიერთობა უფრო მიადვილდებოდა ჩემს პატარა ძმასთან. ამჟამად ყველასთან კარგად ვარ. განსაკუთრებით, რა ასაკშიც ახლა ვარ, ამ პერიოდში გოგოს ყველაზე უფრო სჭირდება დასთან ურთიერთობა. მე ორი და მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მდიდარი ვარ: მყავს ორი და, ორი ძმა და ვარ ამაყი. ძმები – დედის მხრიდან, დები – მამაჩემის მხრიდან.
– 10 წლის შემდეგ, როგორი წარმოგიდგენია ლიზა ყენია?
– ეგ მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი ვიქნები 10 წლის შემდეგ. ხშირად ვფიქრობ ამაზე. მინდა, არავისზე არ ვიყო დამოკიდებული – არც ფინანსურად, არც მორალურად, საერთოდ, არანაირად. ცალკე ცხოვრებას არ ვგულისხმობ, პირიქით, რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ დედაჩემთან, ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით. მინდა, მქონდეს ისეთი კარიერა და ისე ვიცხოვრო, რომ გარშემო მყოფები ბედნიერი გავხადო.
– არსებობს პიროვნება, ვისაც ჰბაძავ, გინდა, რომ ჰგავდე?
– კი, დედაჩემი. სულ მინდა, რომ გავიზრდები, გავხდე მაია ჯაბუა (იცინის).
– წარმომიდგენია, როგორ ესიამოვნება ამას რომ წაიკითხავს. ექსპერიმენტები გიყვარს?
– ექსპერიმენტებს ხშირად მიმვართავ, განსაკუთრებით მაკიაჟთან დაკავშირებით. თვალებს სხვადასხვანაირად, უცხო ფორმაზე ვიხატავ და ასე დავდივარ სახლში, რაზეც მაია დამცინის ხოლმე.
– „ახალ ხმაში” შენს მონაწილეობაზე მინდა, გკითხო. ვისი იდეა იყო შენი იქ გამოსვლა?
– ოჯახის აზრს ვისმენ. თუმცა, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ. „ვოისზე” გამოსვლაც ჩემი გადაწყვეტილება იყო. რაღაც ასპექტში ვნანობ, თუმცა ისეთი გამოცდილება მივიღე რაღაც საკითხებში, რომ აღარც ვნანობ.
– კიდევ შეიძლება, გიხილოთ რომელიმე კონკურსში?
– „ვოისი” რომ დამთავრდა, ვფიქრობდი, რომ აღარასდროს მივიღებდი მონაწილეობას სხვა კონკურსში-მეთქი. მაგრამ, ახლა თუ გამოჩნდა ისეთი კონკურსი, რომელიც ძალიან მომხიბლავს, გავალ.