რა სასიამოვნო რიტუალს ატარებენ ყოველდღიურად დეა არაყიშვილი და მისი მეუღლე და როგორ აისრულა მან ქმრის დახმარებით ბავშვობის ოცნება
„მის საქართველო – 2010-მა“ დეა არაყიშვილმა, სამი წლის წინ ცხოვრება ლაშა შარაშენიძეს დაუკავშირა. ოჯახის შექმნის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას პაუზის აღება მოუწია, თუმცა, ცოტა ხნის წინ ის ბიზნესით დაკავდა – სამოდელო სააგენტო გახსნა.
დეა არაყიშვილი: ცოტა ხნის წინ გავხსენი სამოდელო სააგენტო „ვუმენს ქლაბი“, ანუ – ქალთა კლუბი. ძალიან მინდა, გავაკეთო არა მხოლოდ სამოდელო სააგენტო, არამედ, მთლიანი კომპლექსი: სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, ფიტნეს-ცენტრი, მასაჟის კაბინეტი, აუზი, სილამაზის სალონი – ანუ, ისეთი კომპლექსი, სადაც ქალი შევა და გაიკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება. რადგან დიდი ხნის განმავლობაში პასიურ მდგომარეობაში ვიყავი, ახლა მიმაჩნია, რომ, მოვიდა დრო, გადავიდე აქტიურ ფაზაში და სიტყვა გარდავქმნა საქმედ. უკვე საკმაოდ ბევრი გოგონა მოვიდა და ყოველდღიურად გვემატება ახალი ნაკადი. ჯერჯერობით სამი სახის გაკვეთილს ვუტარებთ: ფიტნესი, აეორობიკა, ტრენაჟორები; ასევე, ვასწავლით დეფილეს, ლათინურ-ამერიკულ-ევროპულ ცეკვებს.
– ალბათ, ამ ყველაფერს მარტო არ აკეთებ და გვერდში გიდგას მეუღლე.
– ჩემი მეუღლის სახით კარგი გვერდში მდგომი მყავს, ამიტომ, ბაზარზე არ შემოვდივარ მარტო, ცარიელი ხელებით. ჩემ უკან დიდი ზურგია, რომელსაც ბოლომდე ვეყრდნობი და რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში მიწყობს ხელს. რაც მთავარია, თავს არ ვგრძნობ მარტოსულად და ორივე ერთად ვეჭიდებით ამ სირთულეებს. სხვათა შორის, ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი სწორედ ჩემი მეუღლე იყო, იდეაც მას ეკუთვნოდა. ერთ დღეს მითხრა: დეა, ასეთ რამეს ხომ არ გააკეთებ? ეს ბავშვობაში ოცნების დონეზე მქონდა, მაგრამ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ყველაფერს ასე მარტივად გავაკეთებდი რეალობაში. რადგან მისგან წამოვიდა ინიციატივა, თამამად ავყევი.
– „მის საქართველოს“ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, დღემდე, საკმაოდ დიდი პაუზა გქონდა, თან, მოდელობასაც დაანებე თავი.
– სანამ გავთხოვდებოდი, მანამდე მივიღე ეს გადაწყვეტილება და მერე ლაშაც დამეთანხმა. სამოდელო სფეროში შემოსვლის მიზანი „მის საქართველოს” ტიტულის მოგება იყო, როგორც ბავშვობის ოცნება. ოცნება რომ ამისრულდა, მერე ჩავთვალე: ამით ჩემთვის ყველაფერი ამოწურულია, რადგან, საქართველოში იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე „მის საქართველოს“ ტიტულია, ფიზიკურად შეუძლებელია. რაც შეეხება პაუზას, ახლად შექმნილი ოჯახი, სწავლა – ყველაფერი ერთად ვერ შევძელი. თან, ოჯახის შექმნა არ არის ადვილად შესაგუებელი თემა, შესაბამისად, დრო დამჭირდა გასააზრებლად. თანაც, ისე მალე და უცებ მოხდა, რომ დავწყნარდი და გავაანალიზე, აღმოჩნდა, რომ უკვე გათხოვილი ვიყავი. ახლა უკვე დალაგებულია ყველაფერი, ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი საქმე მეკეთებინა. ზოგადად, ცოლქმრული ეტაპი შეყვარებულობის ეტაპისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემს შემთხვევაში, რასაც ვგრძნობდით შეყვარებულობის პერიოდში, მერე, ცოლქმრული ურთიერთობისას, ეს გრძნობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და გამყარდა, შემდეგ კი ამას დაემატა სხვა განცდები და გრძნობები. შეყვარებულობის დროს ადამიანი უფრო ვიზუალურად, ემოციურად გიზიდავს, ცოლქმრული ურთიერთობისას კი სხვა რაღაცეები ჩნდება: მეგობრობა, პარტნიორობა, საერთო ინტერესები, საქმე, ნდობა, თანადგომა, თანაგრძნობა, ყველაფერი ერთად და ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს ამ გრძნობას. რაც შეეხება სირთულეს, უბრალოდ, სანამ გავთხოვდებოდი, მანამდე დამოუკიდებელი ვიყავი და მერე უცებ ორი ადამიანის მაგივრად უნდა მეფიქრა – ყველაფერში ჩემს მეუღლეს ვითვალისწინებდი, ეს კი ცოტა რთული აღმოჩნდა, გამიჭირდა ორი ადამიანის მაგივრად ფიქრი. მერე შევეგუე, თუმცა, ეს ძნელად შესაგუებელი არც აღმოჩნდა, რადგან, როდესაც ადამიანი გიყვარს, მერე ცდილობ, ყველაფერი გააკეთო, გაითვალისწინო ის ყველაფერში, ისევე, როგორც ის გითვალისწინებს ყველაფერში. ანუ, რაღაც მცირე პერიოდი დამჭირდა ამის გასაანალიზებლად. მეუღლე ყველაფერში მიდგას გვერდში, მეხმარება როგორც საქმიანობის კუთხით, ასევე, ემოციების, განცდების დონეზე, ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ანუ, ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, ვინც კი ცხოვრებაში მყოლია. ჩემს მეუღლესთან ისეთ თემებზე ვსაუბრობ, რაც, შეიძლება, უახლოეს მეგობარს, დაქალს ვერ გავანდო ან, ისე არც მაინტერესებდეს მისი აზრი, როგორც ჩემი მეუღლის. ამ კუთხით ძალიან თავისუფალი ურთიერთობა მაქვს მასთან. ერთმანეთისთვის აზრების გაცვლა, ემოციების გაზიარება ჩემთვის ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა. დღის ბოლოს უნდა დავსხდეთ ჭიქა ყავასთან და ვისაუბროთ: ლაშა, აბა, დღეს შენკენ რა ხდებოდა? აბა, რას მირჩევ ამაზე, ეს როგორ გავაკეთოთ? – ეს ჩვენთვის უკვე რიტუალის დონეზეა და, რაც მთავარია, ძალიან სასიამოვნო.
– ახლა, სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, რას ფიქრობ, როგორ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე?
– არ ვაპირებდი მაშინ გათხოვებას, მაგრამ, ლაშა დამეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. იმდენად უშუალო იყო ჩემთან ურთიერთობაში, ისე უცებ შემოვიდა კონტაქტში, ისე გადაიზარდა მეგობრობა გრძნობაში, ვერც კი მოვასწარი იმის გააზრება, რომ ხვალ გათხოვილი გოგო ვიქნები. თავისთავად მოხდა ყველაფერი. არ გვქონია ეტაპები: ხვალ ნიშნობა გვქონდეს, ზეგ ხელი მოვაწეროთ, ანუ, დალაგებულად არ მომხდარა, პირიქით, უფრო სპონტანურად მოხდა: მოდი, ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად; მოდი, ეს გავაკეთოთ და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენი ურთიერთობა დაიწყო, ისეთი შთაბეჭდილება დავტოვეთ ერთმანეთზე, რომ, ვიცოდით, მომავალში ყველაფერი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდებოდა. ამიტომ, დროის კარგვას, რაღაც გეგმებზე საუბარს, რაღაცეების ლოდინს, ვარჩიეთ: მოდი, ერთად ვიყოთ, ნელ-ნელა ერთად მივყვეთ ცხოვრებას. ამან ძალიან გაამართლა.
– ანუ, ეს იყო ერთგვარი რისკი.
– იყო რისკი, თან, ორივეს მხრიდან. ჩემი მხრიდან იმიტომ, რომ მე მანამდე მამაკაცებთან ურთიერთობის მაიცდამაინც დიდი გამოცდილება არ მქონია. დღესაც, ადამიანების შეფასებაში ძალიან ვცდები. ლაშა ნელ-ნელა მასწავლის, როგორ უნდა გამოვიცნო, ადამიანის საუბრის უკან სინამდვილეში რა დგას. ასე რომ, ეს ჩემთვის რთული გადასაწყვეტი იყო, მაგრამ, გამიმართლა, რადგან, ჩემ გვერდით აღმოჩნდა ლაშა და არა სხვა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილება, ისევე, როგორც, ლაშასთვისაც იყო გარკვეული რისკი, რადგან, როცა ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მივიღეთ, ცოტა ხანს ვიცნობდით ერთმანეთს.
– ოჯახში გენდერული თანასწორობა გაქვთ?
– მე ვიცი, რაში უნდა ვიყო ლაშას თანასწორი და რაში – არა. არ მიმაჩნია, რომ მე და ლაშა ყველაფერში აბსოლუტურად თანასწორები უნდა ვიყოთ. ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, დედამ და მამამ ისე დალაგებულად მოიტანეს აქამდე 30 წლის ოჯახი, რომ, არ შემეძლო, ეს ყველაფერი ჩემს ოჯახში არ გადმომეტანა. მე ვიცი როგორც მამაკაცის, ასევე, ქალის ადგილი ოჯახში, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, როდესაც კაცი მაგიდაზე დააბრახუნებს, მე შიშით უნდა ვკანკალებდე. ორივე მივდივართ დათმობებზე, თუმცა, ლაშა უფრო მითმობს, ვიდრე მე, რადგან, ცოტა რთული ხასიათი მაქვს. ხშირად, როცა ვიცი, რომ რაღაცაში ვცდები, ვცდილობ, მაინც ჩემი გავიტანო. ლაშა კი, როდესაც ხვდება, რომ ჩემთან კამათს აზრი არ აქვს, ვეღარ ვაზროვნებ რაციონალურად, მითმობს. ორივე ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრებს, ყველაფერი თხოვნის, რჩევის სახით ხდება, რადგან, ორი ტვინი უკეთესად მუშაობს.
– ჯვარი დაიწერეთ ან ხელი მოაწერეთ?
– ეს ყველაფერი ორივეს ისე შორს გვეჩვენება, ისევ შეყვარებულები გვგონია თავი, თან, ცოტა გვეზარება, მაგრამ, სულ ვამბობთ: მოდი, ეს გავაკეთოთ, მერე ეს დავალაგოთ და მერე მივხედოთ ამ საქმეს. ამასობაში კი სამი წელიც გავიდა. აუცილებლად მოვიცლით. თან, საქორწილო კაბის ესკიზი უკვე გამზადებული მაქვს.