როგორ გახდა თურქების საყვარელი მომღერალი ლაზი ქაზიმ ქოიუნჯუ და რას აკეთებდა ის ლაზური ენის პოპულარიზაციისთვის
ხოფის სანაპიროდან ისტამბულს გარიყული მარტოსული, მაგრამ მებრძოლი ტალღა – ლაზისტანიდან გაყოლილი სევდით... ზღვისფერი თვალებით, რომელშიც ლაზეთის გარდა, სამყაროს სევდაც იყო დალექილი. დარცხვენილი ღიმილით მზედალექილ სახეზე... ქაზიმ ქოიუნჯუ – ეს სახელი ლაზეთშიც და მთელ თურქეთშიც ასოცირდება „დიდოუ ნანასთან”, „ცირასთან”, „სელემინასთან”... მისი მომაჯადოებელი ხმა და ლაზური ჰანგები დღემდე არავის ტოვებს გულგრილს. თუ რა აკავშირებდა ამ ადამიანს საქარველოსთან და ვინ აზიარა ის თავდაპირველად ლაზურ ჰანგებს, ამაზე ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი სალომე მურჯიკნელი-დერმე გვესაუბრება.
– ქაზიმ ქოიუნჯუ 1972 წლის 7 ნოემბერს ზოფას ილჩეში – სოფელ პანჭოლში დაიბადა. დედამისი, უსნიე, გურჯი ქალბატონი გახლდათ, მამა – ჯავითი კი ართვინიდან იყო. ექვსშვილიან ოჯახში ქაზიმი მეხუთე იყო. ჰყავდა საცოლე – გიონულ ბოზოღლუ.
ქაზიმს საოცრად უყვარდა მშობლიური სოფელი. ის ბავშვობაში ხშირად დაჰყვებოდა დედასა და დას ჩაის საკრეფად. ლაზური ჰანგები გამუდმებით ისმოდა ირგვლივ; ასევე, საღამოობით ბებიასთან ერთად შაირებს მღეროდა.
– კოლხური ბუნება, ლაზური სიმღერები... ჩანს, მუსიკას ბავშვობიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქაზიმის ცხოვრებაში.
– ასეა. ის მხოლოდ 7 წლის იყო, მანდოლინაზე რომ უკრავდა, 13 წლისა კი – გიტარაზე. სკოლაში, სახლში თუ სოფელში ლაზური ჰანგებით გაჯერებულ ატმოსფეროში სუნთქავდა და ამ ყველაფერმა მძლავდად გაიდგა ფესვები მის სულში.
– თუმცა, განათლების მიღება აბსოლუტურად სხვა სფეროში გადაწყვიტა...
– მან 1989 წელს ჩააბარა პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სტამბულის უნივერსიტეტში. ერთ-ერთ ინტერვიუში ქაზიმი ამბობს, რომ ცხოვრების საუკეთესო 17 წელი სწორედ სტამბულში გაატარა. ბავშვობიდან ნატრობდა იქ მოხვედრასა და ცხოვრებაზე და, რასაც მთელი არსებით ეძებდა, სწორედ ამ ქალაქში იპოვა. ამბობდა, უნივერსიტეტში ჩაბარება მხოლოდ საბაბი იყო, ამით სტამბულში ცხოვრების საშუალება მომეცაო.
– ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება სტამბულში?
– სწავლის პარალელურად, ქაზიმმა 1990 წელს თანამედროვე ხელოვნების სალონში დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს კი ალი ალვერთან ერთად მუსიკალური საზოგადოება „დინმეიენი” ჩამოაყალიბა და მოფერებით მეტსახელი „დინა” შეარქვეს. სულ მალე ხელოვანთა სფეროში ქაზიმი გამორჩეული და მიღებული პიროვნება გახდა. 1993 წელს მან, მემედ ალი ბეშლისთან ერთად, ლაზური მუსიკის გადასარჩენად ჩამოაყალიბა ჯგუფი „შუქი”. ეს იყო მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ლაზური როკ-ანსამბლი. ქაზიმისათვის უპირველესი მიზანი იყო ლაზურის შენარჩუნება, რადგან, მის თაობაში უკვე აღარავინ იცოდა და თითქმის მივიწყებული ჰქონდათ ეს უძველესი ენა. როკ-ანსამბლმა ახალი სახელით „ზუგაში ბერეფი” (ანუ – „ზღვის შვილები”) განაგრძო მოღვაწეობა. პირველი საკონცერტო პლაკატი ხელით იყო შესრულებული, ფანქრით დახატული ტალღებიდან ჯგუფის წევრების სახეები მოჩანდა, მიპატიჟების ტექსტი კი ლაზურად ეწერა.
– საკმაოდ თამამი გამოსვლაა თურქეთის ფონზე. ამის გამო წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ?
– ეს მამაკაცობის გამოცდა იყო ნამდვილად. ეთნიკური მრავალფეროვნება, რომელიც სიმტკიცის თავისებურ მაგალითად იქცა, ბევრს აშინებდა. წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხის, ლაზების ნამდვილობის ჩვენებას ცდილობდა. ქაზიმი აშკარად ამაყობდა თავისი ეთნიკური წარმომავლობით და დამალვის აუცილებლობას ნამდვილად ვერ ხედავდა. 1995 წელს „ზღვის შვილების” პირველი ალბომი გამოვიდა, რომელშიც თითქმის დავიწყებული რვა ლაზური სიმღერა შევიდა. ქაზიმმა ლაზური ენის შესანარჩუნებლად ყველაზე ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა: ლაზური სიტყვები და ბგერები სიმღერად ააჟღერა და ამით მას მეორე სიცოცხლე შთაბერა. 1998 წელს გამოსული მეორე ალბომი „იგზისი” წლის წაუკეთესო ნაშრომად აღიარეს. 2000 წლის დასაწყისში კი როკ-ჯგუფი დაიშალა და ქაზიმი მარტო შეუდგა ხელოვნების მწვერვალებისკენ მიმავალ გზას. 2002 წელს გამოუშვა სოლო ალბომი „ზღვის ტალღებზე მონავარდე,” ანუ, ლაზურად – „ვია”. ამ ალბომში იყო შესული მეგრული სიმღერა „ოვ ნანა”, რომელიც მალე მთელმა თურქეთმა შეიყვარა. ქაზიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავდა კონცერტებს და პარალელურად უნიკალურ ეთნოგრაფიულ მასალებს აგროვებდა.
– ამბობენ, რომ არაერთ თურქულ სერიალსა თუ კინოფილმს ამშვენებს ზაქიმ ქოიუნჯუს ჰანგები.
– ათასობით ადამიანი დაესწრო კონცერტს, რომელიც იედიყულეს ციხის კედლებში გამართა ქაზიმ ქოიუნჯუმ. თურქეთის წამყვანი ტელეარხები პირაპირ ეთერში გადასცემდნენ ამ მართლაც და სახალხო ზეიმს. ამ კონცერტის შემდეგ ტელეკომპანია „დ-მ” ტელესერიალ „გულბეიაზისთვის” სიმღერების დაწერა და ერთ-ერთი როლიც შესთავაზა. საკმაოდ ბევრ ფილმსა თუ ტელესერიალშია გამოყენებული ქაზიმისეული ლაზური ჰანგები. აქვე დავძენ, რადგან, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, გადაიღებენ ფილმს ამ მომღერალზე. ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი თურქული ტელესერიალებიდან ერთ-ერთი მსახიობი შეასრულებს ქაზიმ ქოიუნჯუს როლს.
როგორც ცნობილია, ქაზიმ ქოიუნჯუ საქართველოშიც იყო ჩამოსული და სხვადასხვა კუთხეში გამართა კონცერტები. მან ანსამბლ „რუსთავთან” ერთად იმღერა „მოხევის ქალო”, რომელიც შემდეგ მისი შესრულებით ალბომ „ჰაიდეშია” შესული. ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდა, „დიდოუ ნანაა”. გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა ქაზიმის კიდევ ერთი ალბომი.
– რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი? ამბობენ, მსგავსი გაცილება სტამბულში არც ერთი ხელოვანისთვის არ მოუწყვიათ, ქაზიმი განსაკუთრებულად გააცილეს მსმენელებმა...
– 33 წლის ასაკში ფილტვების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზისა და ქიმიოთერაპიის პროცედურების მიუხედავად, ის მაინც განაგრძობდა კონცერტებზე გამოსვლას. ტრაპიზონის საფეხბურთო კლუბს სწორედ ამ პერიოდში დაუწერა ჰიმნი. მონაწილეობას იღებდა ჩერნობილის დროს დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერ აქციებში. 2005 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა სიცოცხლესა და ლაზეთზე ერთნაირად შეყვარებული ზღვისპირელი... სტამბულის მსგავს მეგაპოლისს ნამდვილად არ ახსოვდა ასეთი პროცესია – ქალაქის ქუჩებში გამოსულმა ხალხის დიდმა ნაკადმა რამდენიმე წუთით გადაკეტა მოძრაობა. სტამბულიდან მომღერალი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც მას 60 ათასი ადამიანი დახვდა. ლაზეთის რჩეულ შვილს ლაზური ჰანგებით მიაცილებდნენ. დაკრძალულია სოფელ პანჭოლში, ერთ-ერთი ლამაზი მთის კალთაზე.
– მართალია, რომ კაზიმ ქოიუნჯუმ პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალები?
– არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამას პოლიტიკაში ძალების მოსინჯვა დაარქვა, ერთი კი ცხადია: მისთვის ადამიანობა უპირველესი ღირსება იყო – თავგამოდებით ცდილობდა ადამიანის უფლებების დაცვას. ქაზიმი არა მარტო ლაზური კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის უყვარდათ, ის უბრალო ხალხის სატკივარზეც ფიქრობდა: აწყობდა საპროტესტო აქცია-კონცერტებს. ართვინსა და ბერგამაში ციანისა და ოქროს მომპოვებლების, ფორტუნას ხელბაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, სამსუნ-სარფის სანაპირო გზის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიოდა. „2000 წლიდან პროტესტს ვუცხადებ შავი ზღვის სანაპირო გზის მშენებლობას, ეს პროექტი აფუჭებს და ანადგურებს უნიკალურ ეკოლოგიურ გარემოს, არავის აქვს უფლება, გააფუჭოს ათასწლოვანი სანაპირო. იმისათვის, რომ ზოგიერთმა ფული იშოვოს, მილიონობით ადამიანის მომავალს აფუჭებს. დედამიწაზე სახელმწიფოები იმისთვის უნდა არსებობდნენ, რომ ბუნება და ადამიანები დაიცვან. შავი ზღვის შემჭიდროება, მისი ბეტონის არტახებში მოქცევა და დაბინძურება დაუშვებლად მიმაჩნია”, – ამბობდა ის და ამ სიტყვებიდან რამხელა სიღრმეების დანახვა შეიძლება. იგი არა მხოლოდ ადამიანების, არამედ, მთელი სამყაროს სატკივარზე წუხდა.