რა ჯილდო აიღო ავსტრალიაში პატარა აბელ არავიძის შემსრულებელმა დავით ქემხაძემ
„თბილისელები“ მის შესახებ გიყვებოდათ, ის დღემდე ყველასთვის პატარა აბელ არავიძედ დარჩა – ბიჭუნად, რომელიც დედის დასაბრუნებლად ჯვარცმას იპარავს და რომელსაც მომავალი არ აქვს. დავით ქემხაძე ერთი ბათუმელი პატარა ბიჭი იყო, რომელიც სრულიად მოულოდნელად მოხვდა კინოში და ის სამუდამოდ შეუყვარდა. ზღვის სიყვარულმა მსოფლიო მოატარა, მაგრამ, საბოლოო ნავსაყუდელი სამშობლოში დაიდო. მიუხედავად რუტინული საქმიანობისა, „ქემხო“, როგორც მას ყველა იცნობს, მაინც ახერხებს კინოში მუშაობას და აქტიურად იღებს დოკუმენტურ ფილმებს რელიგიურ თემებზე.
დავით ქემხაძე: თვრამეტი წელია, ზღვაში არ ვყოფილვარ, მაგრამ, სულ მენატრება. დღე არ გავა ისე, რომ არ გამახსენდეს, არ მომენატროს. იმ დღეს სამსახურში კაცი იყო მოსული, მეზღვაური ვარო, თქვა და „კაჩკა“ დამეწყო, იმდენად ნათლად წარმოვიდგინე იქაური სიტუაციები (იცინის). ფილმის სცენარიც მაქვს დაწერილი, რომელიც ზღვის ბინადრებს ეხება – ერთუჯრედიანებიდან ძუძუმწოვრებამდე. კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა ამ სცენარებით. რა თქმა უნდა, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ, არც სცენარები გამომატანეს უკან სრულად – ჟიურის წევრებს მოეწონათ და წაიღესო; თან, დამამშვიდეს ეს – შენი ნაწერები უნივერსიტეტში მიიტანე და ასოცირებული პროფესორი გახდებიო (იცინის). არადა, უბრალოდ შავი ზღვის ისტორია მინდოდა გადამეღო. არავინ იცის, რომ შავ ზღვაში ცხოვრობს სელაპი; რომ შავი ზღვის დელფინი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანია. ჩვენს სელაპს „მონახუზი” ჰქვია, მარტო ცხოვრობს და ერთი უცნაური თვისება აქვს – თევზსაჭერ გემებთან მიდის, სადაც მუსიკაა ხმამაღლა ჩართული და თავს ამოყოფს ხოლმე წყლიდან მუსიკის მოსასმენად. საქართველოში გვყავს უნიკალური ადამიანი მთელ მსოფლიოში, რომელიც ხავსის უძლიერესი სპეციალისტია, წარმოგიდგენიათ?! მოკლედ, მინდოდა, ეს ყველაფერი მეჩვენებინა, მართლა „დისქავერის“ დონის ფილმი იქნებოდა. ასევე სისტემატურად ვიღებდი მონაწილეობას „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ კონკურსებში და, ბოლოს მითხრეს: ქემხო, ხომ გწყდება გული, რომ ვერ იგებო? კი-მეთქი. ჰოდა, ნუღარ მიიღებ მონაწილეობასო (იცინის). მეც შევეშვი, გადავედი უცხოურ კონკურსებზე და ვიგებ. ფაქტობრივად, წაგებული არც ერთი კონკურსიდან არ წამოვსულვარ. ახლა ჩემმა ფილმმა საუკეთესო რეჟისურაში აიღო პრიზი.
– რა ფილმმა?
– ამ ფილმს ცოტა ვრცელი ისტორია აქვს: მეგობრები ათონის მთაზე წავედით, სადაც ჩვენი ერთი მეგობრის ძმა ბერია – მამა თეოდოხოსი. იქაურობა საერთოდ სხვა სამყაროა, სადაც სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს, ოღონდ, არა ისეთს, როგორსაც ხშირად იღებენ ბოლმე. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია რელიგიურ თემებზე მუშაობისას „ტრაური“ და გლოვა. რატომღაც, ძალიან მძიმე და დამთრგუნველ ადგილად გამოჰყავთ მონასტრები. სინამდვილეში კი იქ გაცილებით მსუბუქი ატმოსფეროა, ბედნიერებაა. თორნიკე ერისთავიდან დავიწყებდი და დღევანდელობით ისე დავამთავრებდი ამ ფილმს, ერთი ამოსუნთქვით საყურებელი იქნებოდა. მამა თეოდოხოსმა გვითხრა, რომ არსებობს ბევრეთის მონასტერი და, გვთხოვა, ჩავსულიყავით და ყურადღება მიგვექცია მისთვის. დავბრუნდით თუ არა საქართველოში, ჩავედით ბევრეთში და გავოცდი – სულ სხვა სამყაროა, ათონის ტიპიკონზე არიან; როგორი ლოცვა და როგორი ცხოვრებაა, ამის გადმოცემა ვერც სიტყვებით მოვახერხე. ისეთი ძლიერი შთაგონება მქონდა, რომ ეგრევე სცენარი დავწერე. მამა თეიმურაზს გავასწორებინე სცენარი. მეგობრებმა თანხები მოვიძიეთ და დავიწყეთ გადაღება. თანხები რომ გითხრა, გაგეცინება...
– რამდენია?
– 1 245 ლარი. ამ თანხით გადავიღე ფილმი, რომელმაც სამი საერთაშორისო პრიზი აიღო. სამმა ადამიანმა დავდეთ ფული და, მადლობა ზურა ცინცქილაძეს, რომელმაც გამიხმოვანა ფილმი უსასყიდლოდ, ასევე მადლობა „საავტორო სტუდიას”. ოპერატორი იყო გოგო, სალომე საღარაძე, ძალიან მაგარი. დედათა მონასტერში რამე უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, ამიტომ ვარჩიე, ოპერატორი გოგო ყოფილიყო. გავაკეთე პატარა ისტორიული რაკურსი: მონასტრის ისტორია, აგებულება, რითია ნაშენი, როგორი ცხოვრებაა იქ. ეს ყველაფერი ნაჩვენებია წამიერად. შემდეგ გაკეთებულია ისტორიული ნარკვევი მოციქულთა სწორ, წმინდა თეკლაზე. ფილმი იწყება სარეკელზე კაკუნით, ასევე მთავრდება და სწორედ იქ არის კვანძის გახსნა. ფილმში არ არის არანაირი დაძაბულობა. ჩემს ფილმებში სიგარეტსაც კი არავინ ეწევა.
– ავსტრალიაში როგორ მოხვდა ფილმი?
– მეგობარმა და თანაპროდიუსერმა, გიგა მრელაშვილმა მომცა ლინკი – ნახე, საინტერესო ფესტივალიაო. მონაწილეობაზე განაცხადი შევავსე. იქ მითხრეს, რომ 10-დან 15 წუთამდე უნდა იყოს ფილმიო. ჩემი ინგლისურით მივწერე: ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ, 23 წუთია-მეთქი (იცინის). მაინც ნახეს და, თან – ქართულად. მომწერეს: გეხვეწებით, სუბტიტრები დაადეო. აღარ მოგიყვებით, როგორ ვიწვალე სუბტიტრებზე, მოკლედ, გავგზავნე და მომწერეს: ფორმატი შევცვალეთ და თქვენი ფილმი საკონკურსო ჩვენებაში ჩავსვითო. ჩეხური, რუმინული, ბერძნული და რამდენიმე ამერიკული ფილმი იყო საკონკურსო ჩვენებაში. ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა” გაიმარჯვა ჩემმა, ფოტოაპარატით გადაღებულმა ფილმმა და ეს ყველაფერი ელექტრონული ფოსტით შემატყობინეს. ანათებს ფოსტა (იცინის), ეს ტექსტი დავაკოპირე და გადავაგზავნე სათარგმნად. დამიბრუნეს როგორ, იცი?! – მგონი, საუკეთესო რეჟისორი გახდიო. ჩასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ, გამომიგზავნეს პრიზი. „ბიზანტ ფესტივალი” ჰქვია ამ ფილმს. ჩამოდითო, მთხოვეს; დიდი გასართობი პროგრამა ჰქონდათ შედგენილი, კენგურუების შოუთი და მთელი ამბებით. ბილეთის ფასი რომ გავიგე, ეგრევე გამოირიცხა წასვლა – მაგ თანხით ორ ფილმ-ნახევარს გადავიღებ (იცინის). საქართველოში ამ ფილმს ორი პრიზი აქვს აღებული და კიდევ ვიცი მსგავსი ფილმების კონკურსი – „ზოლოტოი ვიტიაზ“, სადაც, ასევე, ვგზავნი ფილმს.
– სად მუშაობ ხოლმე სცენარებზე?
– სცენარის იდეა რომ მომდის, ვიწერ, მერე ვიღებ შვებულებას და ამ პერიოდში ვწერ. (იცინის). ახლა მინდა გადავიღო ბეთანიაზე, ოღონდ, დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი, თუ როგორ აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა ნადირობის დროს ბეთანია. გრიგოლ ორბელიანისა და გაგარინის გაცოცხლება მინდა, კიდევ, მხატვრის, ვინც სიონი მოხატა. ესეც ასეთივე მსუბუქი და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე იქნება.
– ესე იგი, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობ?