რა შიშის გადალახვა მოუწია ჯულიანა ბარ-გნარს და როდის ცარიელდება ის შინაგანად
ჯულიანა ბარ-გნარი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, კვირის, თუ თვის ნებისმიერ დროს ძალიან დაკავებულები რომ არიან. ის არა მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობს, არამედ მოსწავლეების პროფესიონალიზმზეც დაუღალავად შრომობს. აპრილი და მაისი მისთვის საკმაოდ დატვირთულია, რადგან სხვადასხვა ტურნირში აპირებს მონაწილეობას. ერთ-ერთი საქართველოს ჩემპიონატია, მეორე კი – კავკასიის თასი, სადაც წინა წელს ჯულიანამ და მისმა მეწყვილემ, ოთო ფოლადაშვილმა ნახევარფინალში იცეკვეს. წელს დიდი სურვილი აქვთ, ამ ერთ-ერთი სერიოზული ტურნირის ფინალში მოხვდნენ.
ჯულიანა ბარ-გნარი: კვირაში ერთი დღე არ მაქვს თავისუფალი, მაგრამ რადგან ძალიან მიყვარს და ვგიჟდები ამ საქმეზე, ამიტომაც არასდროს მბეზრდება. სამაგიეროდ, ახალ წელს დავისვენე ერთი კვირა და ძალები მოვიკრიბე. პრინციპში, გრაფიკს მე ვადგენ. 4 ჯგუფი მყავს, რომლებსაც სტაბილურად ვამეცადინებ. დანარჩენი გაკვეთილები შემიძლია, დავნიშნო ან არ დავნიშნო. თუმცა, როცა მცალია, მსურველებს უარს არ ვეუბნები. როცა ხედავ, როგორ უყვარხარ მათ, მერე საკუთარი თავი გახსენდება.
– ალბათ, როგორი ბედნიერი და ამაყი ხარ, როცა შენი მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირზე წარმატებას აღწევენ.
– ამ დროს საკუთარ თავზე მეცინება – ამაყად რომ ვზივარ. პატარების ფინალში, სადაც ექვსი გოგონა ცეკვავს სოლოს, ამ ექვსიდან ოთხი ჩემი მოსწავლეა. უფროს ქვეჯგუფებშიც, დამწყებებშიც პრიზიორები მყავს. საკუთარ თავზეც ძალიან ბევრს ვმუშაობ. მინდა, შევინარჩუნო პირველი ადგილი. უფრო ძნელია, შეინარჩუნო წარმატება, ვიდრე იქამდე მიხვიდე. როდესაც პირველ ადგილზე არ ხარ, ყოველთვის გაქვს იმის სტიმული, „ჟილკა”, რომ გაიმარჯვო. მერე, როცა მიაღწევ, უფრო რთულია იმის დამტკიცება, რომ ეს ადგილი შენ გეკუთვნის. ჩვენთან, სტუდიაში ჯანსაღი გარემოა. ჩემს პატარებს სულ ვეუბნები: პარკეტზე რომ გახვალთ, ყველაფერი დაივიწყეთ – ვინ არის თქვენი დაქალი, მეგობარი, კონკურსი კონკურსია, კონკურენცია კონკურენცია. როგორც კი გამოხვალთ პარკეტიდან, მერე ისევ შეინარჩუნეთ ადამიანური ურთიერთობები.
– შენი მეწყვილე ოთო ფოლადაშვილია. ამაში, ვფიქრობ, ორივეს ძალიან გაგიმართლათ.
– გამიმართლა, რადგან ოთო ძალიან პოზიტიური ადამიანია. როცა ბავშვებს ვამეცადინებ, ტექნიკას ვამუშავებინებ, ამ დროს ოთო მათ ართობს და ეს ჩვენთვისაც და ბავშვებისთვისაც, ძალიან კარგია. მეც სულ მართობს და მიხარია, რომ ასეთი თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს. როცა მასწავლებელი ხარ, ორმაგი ტვირთი გაწევს, – მხოლოდ შენს თავზე კი არ უნდა იმუშაო, ბავშვებისთვისაც სტიმული უნდა გახდე.
– არასდროს გიფიქრია უცხოეთში კარიერის გაგრძელებაზე, თუნდაც უცხოელ მეწყვილესთან ერთად ცეკვაზე?
– მე და ოთო მივდიოდით უკრაინაში ტურნირზე, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო, ჯერჯერობით გადაიდო. მეწყვილე რომ გყავს, სხვას აღარ ეძებ. ოთო რომ არ მყოლოდა, შეიძლება, მეც მომეძებნა. სხვა ქვეყნებიდან იყო ბიჭებისგან შემოთავაზებები, მაგრამ მე არც კი დავინტერესებულვარ. რატომ?! მშვენიერი მეწყვილე მყავს და რაც მთავარია, ირგვლივ ძალიან კარგი სიტუაციაა. არ მგონია, ორი კურდღლის დევნა კარგი იყოს. თან, მე მინდა, საქართველოში ვიყო. მე და ოთომ კვლავ ინტენსიურად დავიწყეთ ვარჯიში. გიგი გაჩეჩილაძე ჩვენი პედაგოგია. ძალიან გვეხმარება, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე?
– ზოგჯერ ცხოვრებაში დგება მომენტი – შინაგანად ძალიან ცარიელდები. სპორტში რაღაცის მიღწევა დიდი შრომის, ბრძოლის შედეგად ხდება, რაც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. შესაბამისად, სპორტსმენების დიდ ნაწილს აქვს პერიოდი, როცა არაფერი აღარ უნდა. ტვინით კი ხვდები, რომ არ უნდა გაჩერდე: მიდი, ჯული, მიდი!.. მაგრამ შინაგანად გრძნობ, რომ ცარიელი ხარ, არაფერი აღარ გინდა. დეპრესიისკენ მიდიხარ, რადგან, იცი, რომ ცეკვა შენთვის ყველაფერია და უცებ – აღარაფერი გინდა, ცეკვაც კი... რამდენჯერმე მქონდა მომენტი, როცა არ ვიცოდი, რა მინდოდა, ვერ ვხვდებოდი – ალბათ, ეს უფრო გადაღლილობის ბრალია. მიუხედავად ასეთი განწყობისა, ცეკვას მაინც არ ვანებებდი თავს. ზოგჯერ ისეც ხდება: მოდიხარ, ვარჯიშობ და ხვდები, იმ დღეს არაფერი გამოგივიდა. ისე ძალიან მწყინს, მეტირება ხოლმე. ვიღაცამ, შეიძლება, ასეთ დროს აღარ გააგრძელოს: დღეს უნდა დავისვენოო. მე ასე არ შემიძლია. ვფიქრობ: ამდენს ხომ ვამუშავებდი, რატომ არ გამომდის... ნერვები მეშლება, მაგრამ თავს არ ვანებებ. ჩემი აზრით, ეს სწორი საქციელია, რადგან, თუ ნებდები, „სტოპს“ აკეთებ, მერე უფრო რთულია წინ წასვლა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ შინაგანად ცარიელი ხარ, ეს სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი სირთულეა. მე შემიძლია, ვარჯიშით ძალიან დავიღალო, ისევე, როგორც ბავშვებთან მუშაობით, მაგრამ ამ დროს შინაგანად კმაყოფილი ვიყო. თუმცა, შეიძლება, საერთოდ არ დავიღალო და შინაგანად დაცარიელებული მივიდე სახლში. ამიტომ, ასეთი დაღლა ყოველთვის მჭირდება, მგონი, ეს უკვე ავადმყოფობაში გადადის, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია.
– ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებენ გარშემო მყოფები, ისინიც ხვდებიან შენს მდგომარეობას?
– როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, რაღაც მაწუხებს, ჯობია, ასეთ დროს ახლოს არავინ მოვიდეს. კარგია, რომ ეს ხშირად არ მემართება. ზოგადად, ყველა წვრილმანი გულთან ახლოს მიმაქვს. ამიტომ რაღაც კონკრეტულს ვერ დავაბრალებ. გროვდება, გროვდება და შემდეგ ამ ყველაფერს გადაღლილობა ემატება. რაც მთავარია, არასდროს ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. მაქსიმუმ, შეიძლება, ერთ დღეს ბევრი ვიტირო, მაგრამ მერე საკუთარ თავს ვუთხრა: შენ ძლიერი ხარ, არ შეიძლება, ამაზე გაჩერდე... ეს ყველაფერი კი მეხმარება, რომ ჩემი ცხოვრება კარგისკენ შემოვაბრუნო, ცუდ მხარეებს კი ყურადღება არ მივაქციო. ის სიძლიერე, გამძლეობა რაც ამდენი წლის განმავლობაში დამიგროვდა, არავის უსწავლებია ჩემთვის. ამიტომ ვცდილობ, ამ კუთხით ჩემი გამოცდილება ჩემს მოსწავლეებს გავუზიარო, ავუხსნა, რადგან ეს მომავალ კარიერაში აუცილებლად დაეხმარებათ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სპორტში ფსიქოლოგი აუცილებელია. ადამიანი, რომელიც ბოლომდე შრომობს, იხარჯება და არ გამოსდის ის, რაც უნდა, ამ დროს, ვფიქრობ, გარკვეულწილად, ტყდება. ასეთ დროს კი საჭიროა ფსიქოლოგი.
– შენი მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიც გახდი?
– არ ვიცი, ეს როგორ გამომდის, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ისინი სწორი მიმართულებით გავზარდო. მთავარია, კარგი პიროვნება იყო და არა ის, რომ მე უნდა ვიყო პირველი.
– როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობ, იმ დროს უკვე ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა. მათთვის რაღაცის სწავლება კი ხშირად არცთუ ისე ადვილია.
– ეს კიდევ უფრო რთულია. სპორტში საკუთარ თავზე ვაგებ პასუხს, ოთო – თავის თავზე. მაგრამ, როდესაც „ვარსკვლავთან“ დგები, რომელსაც თავისი ამბიცია აქვს, არ არის სპორტსმენი, შეიძლება, არ ეყოს ენერგია, „ჟილკა“, გარკვეულწილად, გჭირდება, მისი ამბიციები „გატეხო“. ყველას ხომ თავისი ხასიათი აქვს. გიორგის არც ვაძალებდი, ჩემთვის ვვარჯიშობდი. იჯდა, მიყურებდა და ეს, ალბათ, სტიმულს აძლევდა. მეც, როდესაც ყოველ წამს მეუბნებიან: ეს გააკეთეო, მეც ჯინაზე არ გავაკეთებ. ასეა სხვაც. ჯაბა სულ სხვა შემთხვევა იყო, ის ბოლოსკენ ძალიან შეიცვალა. უფრო სერიოზულიც გახდა.
– რა მიგაჩნია შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად?
– ყოველთვის მეშინოდა ბავშვებთან ურთიერთობის. მათ სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ. მაგრამ, როცა ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეებმა შემომთავაზეს მოსწავლეების აყვანა და დღემდე გვეხმარებიან, ჩემში რაღაც შეიცვალა. უფრო მეტად გავხდი საკუთარ თავში დარწმუნებული, დამოუკიდებელი. იმიტომ კი არა, რომ ფულს გამოვიმუშავებ, ეს მანამდეც ხდებოდა. არ ვიცი, უბრალოდ, ბავშვებისგან მეც ბევრ რამეს ვსწავლობ და მიხარია, რომ ეს შიშიც გადავლახე. საერთოდ, როცა რაღაცის შიში მაქვს, ვცდილობ, გადავლახო. ახლა რაღაც სხვას მოვძებნი. არ მიყვარს როცა ყველაფერი ერთფეროვანია, პირიქით, სულ მჭირდება, მშფოთვარე მოვლენები ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში.
– როდესაც ადამიანი შეყვარებულია ან მის პირად ცხოვრებაში რაღაც სასიამოვნო ხდება, ეს მას უფრო მეტ ხალისს, ენერგიას მატებს. ეს ხასიათზეც აისახება და განსაკუთრებით, გამომეტყველებაზე.
– რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს ხასიათზე. სულ ვამბობ, რომ, როცა ქალი შეყვარებულია, მას ეს თვალებზე ეტყობა. მეც მეუბნებიან – გეტყობაო.
– ახლა შეყვარებული ხარ?
– არ ვიცი, რამდენად სერიოზულია, ვნახოთ, რა იქნება... ადამიანი შეიძლება იყო რაღაცისგან ცარიელი, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც მეორე ნახევრის მხრიდან შევსებულია, სწრაფ რეგენერაციაში გეხმარება. მარტო შეიძლება, უფრო ძლიერი ხარ, მაგრამ არავის ვუსურვებ ასეთ სიძლიერეს. ყოველთვის ვამბობ: არ მაინტერესებს არც ფული, მატერიალური რაღაცეები, როგორც ადამიანი ძლიერი უნდა იყოს, რომ შევძლო, მას დავეყრდნო. ცხოვრებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ მე გოგონამ, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში, ვცდილობ, დღემდე არავისზე ვიყო დამოკიდებული, საკუთარი თავის რეალიზებას ვახდენ, ბიჭი ამ ყველაფერს რატომ არ უნდა აკეთებდეს?! თუ არ ხარ რეალიზებული, არაფერს აკეთებ, ესე იგი, არც ცდილობ და მე ეს არ მომწონს...