რატომ დააჯილდოვა პირველი ქართველი ეპისკოპოსი ქალი რუსუდან გოცირიძე ამერიკის პირველმა ლედიმ მამაცი ქალების საერთაშორისო ჯილდოთი
დიდი ხნის წინათ, გასულ ასწლეულში, იყო ერთი 12 წლის ბიჭი, რომელსაც 8 წლით დიდი და ჰყავდა და მას დედასავით ზრდიდა. ერთ დღეს, როცა გაიგო, რომ და უნდა გათხოვდეს, როგორც კახელები ამბობენ, ბიჭს პირკატა ეცა. რამდენიმე თვეში აღმოჩნდა, რომ მის დას უნდა შეეძინოს ბავშვი. ბიჭი, მამასთან ერთად წავიდა დის მოსანახულებლად სამშობიაროში. ამბის გასაგებად ექთანი გაგზავნეს. მამას მარჯვენა ჯიბეში ათმანეთიანი ედო, მარცხენაში – ორი სამმანეთიანი. როდესაც ექთანმა ჩამოიტანა ამბავი, რომ გოგო დაიბადა, გასაგებია მამამ რომელ ჯიბეში ჩაიყო ხელი. დღეს ახალშობილის პაპა ცოცხალი რომ იყოს, ინანებდა, რომ, რაც ორივე ჯიბეში ჰქონდა, სულ არ მისცა მახარობელს ამ გოგონას დაბადების უწყებისთვის.
ეს ცოტა არ იყოს სახალისო ავტობიოგრაფიული ამბავი ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში საზეიმო საღამოზე გვიამბო მეუფე მალხაზ სონღულაშვილმა. თუ რატომაა სახალისო, განმარტება არ სჭირდება. ავტობიოგრაფიული იმიტომაა, რომ ზემოთ აღნიშნული 12 წლის ბიჭი წინა ასწლეულიდან, სწორედ თვითონ მთხრობელი გახლდათ. ახალშობილი გოგონა კი, ამავე ეკლესიის წინამძღვარი, საქართველოში პირველი ეპისკოპოსი ქალი, რუსუდან გოცირიძე. რაც შეეხება ზეიმის მიზეზს, ქალბატონი რუსუდანი ამერიკის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ დააჯილდოვა მამაცი ქალების საერთაშორისო ჯილდოთი. რუსუდან გოცირიძე დღეს ჩვენი რესპონდენტია.
– ქალბატონო რუსუდან, რამდენი წელია, არსებობს მამაცი ქალების დაჯილდოების ტრადიცია ამერიკის პირველი ლედის მიერ?
– ეს ტრადიცია 2007 წლიდან იწყებს სათავეს. ჰილარი კლინტონის დაწყებულია ეს საქმე. ყოველ წელს ათ-ათ ქალს აჯილდოებენ მსოფლიოს მასშტაბით.
– იცოდით, რომ ერთ-ერთ ნომინანტად იყავით წარდგენილი ამ ჯილდოზე?
– ნოემბერის ბოლოს შემატყობინა ამერიკის საელჩომ, ძალიან გაკვრით. ერთფრაზიანი წერილით მაუწყეს ეს ამბავი. ჯილდოზე იმდენი ქალი იყო წარდგენილი, რამდენი საელჩოც აქვს ამერიკას. თითო საელჩოდან თითო კანდიდატს წარადგენენ.
– საბოლოოდ, მათგან ათს ვინ ირჩევს?
– სახელმწიფო დეპარტამენტი. 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ამ ადამიანების შესწავლა. გასაიდუმლოების ხარისხი ძალიან მაღალი იყო. გამარჯვებულთა გვარები გასაჯაროვდა დაჯილდოების წინა დილას.
– უშუალოდ, პირველ ლედისთან შეხვედრის ყველა დეტალი მაინტერესებს.
– დიდი ხნით არ გვქონია მასთან საუბრის საშუალება. მოვიდა ცერემონიამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი, გამოგველაპარაკა, კარგად იცოდა თითოეულის ბიოგრაფია, უბრალოდ, აინტერესებდა, რომელი რომელი ვიყავით. სპეციალურ ჰოლში ვისხედით, ვიდრე დარბაზში შევიდოდით. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ჟურნალისტების შარა-შური გაძლიერდა და შემოვიდა. მიშელ ობამა იყო ძალიან უშუალო, დახვეწილი, მოვლილი, მომხიბვლელი, სადად ჩაცმული, ნაკლები აქსესუარებით, თბილი ადამიანი, გულში ჩამხუტებელი. სათითაოდ ყველას ათჯერ მაინც გადაგვეხვია და ჩაგვიხუტა.
– თქვენ გიცნობთ ქართველი საზოგადოება. დანარჩენ 9 მამაც ქალბატონზეც მიამბეთ?
– ინდოელი გოგონა ლაქშმი, ასაკით ყველაზე პატარა იყო ჩვენს შორის. მე აუარება სტატია მაქვს წაკითხული მჟავათი დამწვარი გოგონების შესახებ, მაგრამ ასე ხელშესახებად, გვერდში რომ გიზის 24 წლის გოგო, რომელიც 14 წლის ასაკში დაწვეს მჟავით, ეს აბსოლუტურად სხვა განცდაა. მთელი გზა მღეროდა, სიფრიფანა ფერად-ფერადი კაბებით დაცქრიალებდა. იმის წყალობით, რომ კარგი ოჯახი ჰყავდა, რომელიც გვერდში დაუდგა, გაიკეთა ოთხმოცამდე ოპერაცია. ლაქშმიმ განა მარტო გადალახა ის უბედურება, რაც გადახდა, არამედ გახსნა ცენტრი და სხვებისთვისაც იმედის და ნუგეშის მიმცემია. ამერიკაში ყოფნისას დაურეკეს, ერთი მსხვერპლი მოიყვანეს ცენტრში – მჟავაგადასხმული გოგო, რომელიც ისეა დამწვარი, მისი გადარჩენის იმედი არ გვაქვსო. ამის გამო რამდენიმე დღით ადრე დაგვტოვა ლაქშმიმ.
ინტენსიურად ხდება ინდოეთში მჟავას გადასხმა, გოგონას მიერ ქორწინებაზე უარის თქმის შემთხვევაში. ლაქშმის მჟავა გადაასხა ეგრეთ წოდებულმა საქმრომ და საქმროს ძმის ცოლმა, ანუ ქალიც იყო ჩარეული. უქალოდ არ ხდება ეს საშინელებები, ბევრჯერ დედამთილებიც აქტიურობენ.
ფიჯიდან იყო კიდევ გოგონა, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენთან მჟავა არ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, ნავთით წვავენ ასეთ გოგონებსო. ნავთს მიასხამენ და ცეცხლს უკიდებენ. ცოცხლად წვავენ, ის ვერ გადარჩება.
– ერთ-ერთი მამაცი ქალი იყო ავღანეთიდანაც.
– დიახ. ქალბატონმა ნაზრინ ორიახილმა ქაბულში დააარსა სამშობიარო სახლი. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი იბადება ამ დაწესებულებაში, ეს სამშობიარო სახლი სერიოზულ საქმეს აკეთებს რეპროდუქტიული ჯანმრთელობისთვის, კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ამ ქალმა გვიამბო, რომ ასორმოცდაათამდე იმამი სასულიერო პირები შეკრიბა, რომელთაც ხელი მოაწერინა, რომ ქალებისთვის კონტრაცეფციების გამოყენების ნება დაერთოთ. როგორც ამბობდნენ, კრძალავს ისლამი ამას, მაგრამ ამ ქალმა შეძლო, ყურანის მუხლების გამოყენებით, დაემტკიცებინა საწინააღმდეგო. თურმე ყურანის მუხლების მიხედვით, საჭიროა, რომ ქალს ორწლიანი ინტერვალი ჰქონდეს მშობიარობიდან შემდგომ მშობიარობამდე. ავღანელი იმამები, რომ ამ ერთმა ქალმა შეკრიბა ერთ ადგილას, თავის სიმართლე დაუმტკიცა და დაითანხმა მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიეღოთ, ეს ნამდვილი სიმამაცის მაგალითია. გარდა ამისა, ამ სამშობიაროში ათასობით ოპერაცია უკეთდებათ ქალებსა და გოგოებს, მრავალჯერადი გაუპატიურების მსხვერპლთ. ასეთი მომენტიც გაიხსენა ქალბატონმა ნაზრინმა: ერთხელ ასეთი გაუპატიურების მსხვერპლი გოგონა რომ მოიყვანეს, სისხლი არ გვქონდა. გავარკვიე, რომ მას იმავე ჯგუფის სისხლი ჰქონდა, რომელიც მე მაქვს. მე ჯერ დავწექი, გადავუსხი და ცოტა ხნის შემდეგ ოპერაცია გავუკეთეო.
იყო ასევე, ფატიმატა ტორე მალიდან.
– მალელმა მამაცმა ქალმა რა გიამბოთ?
– მას გინეკოლოგიური ცენტრი ჰქონდა გახსნილი, რომელიც ასევე, გაუპატიურების მსხვერპლ გოგონებს ეხმარებოდა. როგორც მან გვიამბო, მალიში არსებობს ქალების ციხე. სადაც ქალი შეიძლება მოხვდეს იმისთვის, რომ თავსაუბურავის გარეშე გავიდა გარეთ ან მამაკაცს დაელაპარაკა, რომელიც ოჯახის წევრი არ იყო და ასე შემდეგ. ვითომ პატიოსნებისა და ღირსების სადარაჯოზე მყოფ ამ ინსტიტუციაში მოხვედრილი ქალები კი ხდებიან მრავალჯერადი გაუპატიურების მსხვერპლი. ამას ემატება ისიც, რომ მალიში პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაციაა – ხან ერთ ძალა მოდის სათავეში, ხან მეორე. ორივე შემთხვევაში კი გამარჯვების ზეიმი ამ ქალების გაუპატიურებაა.
უკრაინიდან ჩამოსული იყო რუსლანა ლიჟიჩკო.
– ეს ის რუსლანაა „ევროვიზიაზე“ რომ გაიმარჯვა?
– დიახ. ის მთელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში კონცერტებს ატარებდა ევრომაიდანზე, რომ ხალხი გაემხნევებინა და მათთან ერთად იყო. მერე, როცა ძალიან გამწვავდა სიტუაცია შიმშილობა დაიწყო. პრაქტიკულად, რუსლანა დაჯილოდოების დილას ჩამოფრინდა ამერიკაში და მეორე დღესვე დატოვა იქაურობა. ბარიკადებიდან ჩამოვიდა და ბარიკადებზე წავიდა. ძალიან ცოტა დრო მქონდა, რომ დავლაპარაკებოდი. ერთ-ერთი მიღების დროს მოვიდა და მკითხა: რას ამბობენ იქ ჩვენზეო? ვუთხარი, რომ ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ. გარდა ამისა, ვაუწყე, რომ ჩვენმა ეკლესიამ არაერთხელ ჩაატარა ლოცვა უკრაინისთვის. გაუხარდა. გაიხსენა, ერთხელ თბილისში ვიყავი და ჩემს ქმარს, მინანქრის ჯვარი ვუყიდე სამახსოვროდო და უცებ გამახსენდა, რომ ჯიბეში მედო ჩემი მინანქრის ჯვარი. ხელში ჩავუდე და ვუთხარი: ეს შენ გქონდეს და როცა ბარიკადებზე იდგები, იცოდე, რომ შენთან ერთად მთელი საქართველოა ამ ჯვრის სახით-მეთქი. ფიჯიდან იყო კიდევ 33 წლის როშიკა დეო, რომელიც ახლა საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. თავიდან მას აღვიქვამდი, როგორც ფემინისტ გოგოს, რომელიც ძირითადად ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული...
– ტაჯიკი ქალბატონიც ხომ იყო თქვენ შორის?
– იყო. ქალბატონი ოინიჰოლ ბობონაზაროვა ტაჯიკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ამ ნიშნით, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბრძოლები ჰქონდა გადატანილი. ის, პოლიტიკოსი ქალია.
ერთ-ერთი დაჯილდოებული იყო გვატემალელი მოსამართლე ქალბატონი ჟასმინ ბარიოზ აგილარ. გვატემალაში 30 წელი იყო საშინელი რეჟიმი, რომელმაც თავის მოსახლეობას სერიოზული გენოციდი მოუწყო. ამ რეჟიმის გადაგდების შემდეგ, დაიწყო ყოფილი მეთაურების გასამართლება. ეს ქალი იყო მოსამართლე, რომლის ხელშიც გაიარა უდიდესმა პროცესებმა. მართალია, გადავარდნილ მთავრობას ასამართლებდნენ, მაგრამ, მათ თავისი მხარდამჭერები ისევ ჰყავდათ, თუნდაც იგივე სასამართლო ინსტანციაში და ეს ქალი ბედნიერი იყო იმით, რომ ჯავშნიანი მანქანით არ სჭირდებოდა სიარული და შეეძლო ქუჩაში თავისუფლად გასეირნება. მისი ოჯახური მდგომარეობით რომ დავინტერესდით, გვითხრა, რომ არ ჰყავდა არც ქმარი, არც შვილი და დედასთან ერთად ცხოვრობდა. შვილები რომ მყოლოდა, ამას ვერასდროს გავბედავდი. ჩემი შვილების სიცოცხლეს სასწორზე ვერ დავდებდიო.
– ყველა მამაც ქალბატონზე ვისაუბრეთ. თქვენ რა კითხვით მოგმართავდნენ?
– ყველას აოცებდა, როგორ ახერხებ, იყო ქალი რელიგიაში და ლაპარაკობდე ქალების უფლებებზე, სხვა უმცირესობის უფლებებზე, გვერდით ედგე მუსლიმებს, როცა ხარ ქრისტიანი. ალბათ, ამ ნიშნით გამომარჩიეს. ერთი მხრივ სასიამოვნოა, თუმცა მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ რელიგია უნდა იყოს სიყვარულისთვის. სამყაროს რომ გაუკვირდება, რელიგიის მოღვაწე სიყვარულისთვის რამეს აკეთებს, ეს მარცხია ყველა რელიგიისა. ეს იყო ძალიან გულსატკენი.