ქურდული ცხოვრება
– არა.
– აბა, რა? რაშია საქმე?
– იმაში, რომ შენმა არასწორმა საქციელმა ერთ კარგ საქმეს დაუდო სათავე.
– რა საქმეს?
– სერგომ პირადად მე ათი ათასი მანეთი მიგრევა. ეს ფული კი ერთი პატარა გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად ვაჩუქე მის ოჯახს. ბავშვი გადარჩა და ამაში შენც მიგიძღვის წვლილი და ამიტომ გაპატიებ.
– გასაგებია. მადლობელი ვარ. ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი. ჯიგარი ხარ. პატივისცემა ჩემზე იყოს.
– მოკვდა ბაზარი.
გრელკა დღესაც ცოცხალია და, მართალია, მისთვის ქურდული წოდება არავის ჩამოურთმევია, მაგრამ ის ქურდი აღარ არის. მან საკუთარი ნებით აირჩია სხვა ცხოვრება და ის პარლამენტარია. საინტერესო ისაა, რომ პარლამენტში ის სერგოს წყალობით აღმოჩნდა, თავად სერგო კი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ბევრი მომხრე ჰყავს. სულ რაღაც ათი დღის წასული ვიყავი პაბეგში, როდესაც ჩემი მასპინძელი სახლში მოვიდა და მითხრა:
– გრელკა გიბარებს.
– ვინ? – საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.
– ვინ და, გრელკა.
– როგორ მიბარებს, შენ გითხრა, ვიბარებო?
– შოთასთან ყოფილა, დაფაზე თავისი მობილური დაუწერია და მიუწერია, კობრამ დამირეკოსო.
– გასაგებია, – ვთქვი მე, – რა უნდა ნეტავ?
შოთა ძველი თბილისელი რეციდივისტი იყო და მას მთელი შავი სამყარო იცნობდა, ისევე, როგორც ის იცნობდა ყველას. მეოთხე სროკის შემდეგ ჩალიჩს თავი დაანება, თბილისის ცენტრში მყუდრო ბარ-რესტორანი გახსნა, სადაც ძველი შავები და ასევე, ძველი ოპერები იკრიბებოდნენ. შოთას ბარის დახლში უზარმაზარი დაფა ჰქონდა, რომელიც ერთგვარი განცხადებების სტენდის ფუნქციას ასრულებდა. გრელკამაც სწორედ ამით ისარგებლა, რადგან, იცოდა, რომ უეჭველად მომაწვდიდნენ ხმას და არც შემცდარა. ჩემმა მასპინძელმა ქაღალდზე დაწერილი მობილურის ნომერი დამიდო წინ და მითხრა:
– რა უნდა, არ ვიცი, მაგრამ აი, მისი ნომერი.
– რა ენდომება! ალბათ, მეტყვის, ქურდობაზე უარი თქვი და აგაშენებთო, – გამეცინა მე, – ძველი სიმღერაა და უკვე ყელში ამომივიდა.
– რომ გითხრას, შემხვდიო, რას იზამ?
– არ ვიცი.
– მოკლედ, ფრთხილად იყავი. ხომ იცი, ათას ოხრობაზეა გადამხტარი და არასანდოა.
– ვიცი. – წარმოიდგინე, რა ჩათლახი უნდა იყო, რომ სერგოს სასტავში გაიჩითო პრისტუპნიკი კაცი და ისე, რომ ქურდობა არავინ აგყაროს და არც შენ თქვა მასზე უარი, პარლამენტის წევრი გახდე.
– ჯაბაც მასე არ იყო? – შემახსენა ჩემმა მასპინძელმა.
– ჯაბა სულ სხვა პალიოტის ფრინველი იყო, მაგრამ, გრელკაც თუ ამდენს იჩალიჩებდა, ვერ წარმოვიდგენდი. ჯაბა ნაღდი ლიდერი იყო და მარტოს შეეძლო ბობოლა ქურდების დამორჩილება. გრელკა კი უფრო მელკი ვინმე იყო და აფერისტობისკენ ჰქონდა მიდრეკილება.
– შენ მელკი უძახე და, ვერ ხედავ, რა სიმაღლეზე დაფრინავს? მოკლედ, ფრთხილად იყავი.
– ქუჩის ტელეფონიდან დავურეკავ კარტით და, ვნახოთ, რა უნდა, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს. მართლაც, მეორე დღეს მზის სათვალე გავიკეთე და ქუჩაში გავედი. ერთ-ერთ კიოსკში ტელეფონ-ავტომატის ხუთლარიანი ბარათი შევიძინე და გრელკას დავურეკე.
– გისმენთ, – მომესმა გრელკას ხმა.
– რატომ მეძებდი? – ვკითხე გრელკას, რომელმაც, რა თქმა უნდა, მიცნო და დინჯად მითხრა:
– ჯერ გამარჯობა.
– გაგიმარჯოს.
– ახლა კი, მითხარი, როგორ ხარ?
– ჩემი სტატუსის კაცს რომ შეეფერება, ისე.
– გასაგებია. შენთან საქმე მაქვს.
– თქვი. გისმენ.
– ხუმრობ?
– არა.
– აბა, როდის იყო, რომ ჩვენნაირი ხალხი საქმეზე ტელეფონით საუბრობდა?
– რას მთავაზობ?
– შეხვედრას.
– სად?
– გახსოვს, ცხონებული ბერძენა სად გამაცანი?
– კი.
– გაცნობის საათიც გემახსოვრება.
– მახსოვს.
– ჰოდა, ცხონებულ ბერძენას გაცნობის დღეს ორი დღე მოაკელი, მინუს ორი საათი და უახლოეს იმ დღესა და საათზე მოდი იქ, გასაგებია?
– გასაგებია, – მივუგე გრელკას, ყურმილი, დავკიდე და კონსპირაციულ ბინაში დავბრუნდი.
– რა ქენი? – მკითხა მასპინძელმა.
– დღეს, საღამოს ექვს საათზე უნდა შევხვდე გრელკას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან, ვორონცოვზე რომ საქაბაბეა.
– ხომ იცი, რომ „ძაღლები” ყველა ტელეფონს ისმენენ? ნაღდად ოპერჯგუფი დაგადგება. ამიტომ, არ წახვიდე.
– თუ გრელკამ არ ჩამიშვა, ვერ დამადგება. არა მგონია, რომ ჩამიშვას.
– ჩაშვება რად გინდა, თქვენს ბაზარს მოისმენდნენ.
– დაშიფრულად ვიბაზრეთ.
– ეგ როგორ?
– როგორ და კვირა დღეს ცხონებული ბერძენა საღამოს რვა საათზე სწორედ იმ საქაბაბეში გავაცანი გრელკას. მან კი მითხრა, მინუს ორი საათი და მინუს ორი დღე, უახლოეს დროს მოდიო იქ. მინუს ორი დღე და ორი საათი დღეს საღამოს ექვსი საათია. დღეს ხომ პარასკევია?
– კუდზე რომ დააჯდნენ გრელკას „ძაღლები” და მოგაგნონ?
– გამორიცხული არც ესაა, მაგრამ, არიფი არც გრელკაა და, მე მგონი, შეძლებს შეუმჩნევლად მოსვლას. ძველი ნახიშტარია და, ბოლო-ბოლო, პარლამენტის წევრია – შეუძლია, „ძაღლებს” მიაწვეს, რატომ მითვალთვალებთო და გაყაროს. მოკლედ, უნდა შევხვდე. ვნახოთ ერთი, რა უნდა.
– შენი საქმის შენ იცი, მაგრამ, ძალიან ფრთხილად იყავი. მე შენს ადგილზე არ გავრისკავდი და არ წავიდოდი.
– ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს და არც შევმცდარვარ.
ჩემთან შეხვედრაზე გრელკა „სუფთად“ და „უკუდოდ“ მოვიდა, გადამეხვია და მითხრა:
– გაფიცებ ყველაფერს, ბოლომდე მაინც არ მენდე და ფიქრობდი, მახეს ხომ არ მიგებენო, ხომ?
გრელკას სიტყვებზე გამეცინა და ვკითხე:
– დათა თუთაშხია ნანახი გაქვს?
– კი.
– გახსოვს, რას ეუბნება დათა გრაფ სეგედს?
– რას?
– რას და, როდის იყო ჩემნაირი კაცების დასაჭერად თქვენი თანამდებობის კაცები დადიოდნენო.
გრელკამ ღიმილით მომიგო:
– რა თანამდებობა მე მაქვს, პრასტოი პარლამენტის წევრი ვარ. ხალხს კი ნამდვილად არ ვიჭერ, მით უმეტეს – ძველ მეგობრებს, მით უფრო იმათ, ვინც სიკეთე გამიკეთა. გგონია, არ მახსოვს შენი სიკეთე?
– კარგია, რომ გახსოვს. ახლა საქმეზე გადავიდეთ. რისთვის დამიბარე?
– შენთან უსერიოზულესი საქმე მაქვს, – მითხრა გრელკამ, აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ხმადაბლა დაამატა: – ლაპარაკია ძალიან დიდ მაყუთზე. შენც, რა თქმა უნდა, დიდ წილში ჩაჯდები და, თუ უარს არ იტყვი, შენი ძებნილობა შარშანდელი თოვლივით უკვალოდ გაქრება, თანაც, ყოველგვარი „სინჯის” გარეშე, ისე, რომ შენი პატიოსანი სახელი არანაირად არ დაზარალდება, ისევ ქურდად დარჩები და კვლავ საქმეში იქნები, თანაც, ბევრად დიდში, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ.
გრელკამ პაუზა გააკეთა. მე ამით ვისარგებლე და ღიმილით ვუთხარი:
– რამე მაგარ ნაკოლს ხომ არ მთავაზობ, სადმე მაგარი ბაითი ხომ არაა გასატანი?
– ჯანდაბას წაუღია ბაითი და მოპარვა, რა დროს ესაა! მე, როგორც გითხარი, უსერიოზულეს საქმეს გთავაზობ. ნეპმანელი ქურდების დრო ისევე დიდი ხნის წინ წავიდა, როგორც თვით ნეპი და ახლა სხვა ეპოქაა.
გრელკას ასეთი სიტყვების შემდეგ ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო და შემეძლო, ლაპარაკი აღარ გამეგრძელებინა, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა, კონკრეტულად რას მთავაზობდა, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ არ შევწყვიტე შეხვედრა და ვუთხარი:
– კარგად გამაგებინე, რა სხვა ეპოქაზე მელაპარაკები?
– კობრაჯან, წარმოდგენები უნდა შეიცვალო. ქურდული რომანტიკა წარსულს ჩაბარდა, ქურდობა ახლა ბიზნესია.
– ვერ გავიგე?! – ვუთხარი გრელკას, მას კი გაეღიმა და მითხრა:
– რა ვერ გაიგე, ქურდობა ახლა ბიზნესია და შენი ავტორიტეტი ასმაგად გაგიადვილებს ამ ბიზნესში ჩართვას.
– აბა, გისმენ, რა ბიზნესს მთავაზობ.
– ძალიან სარფიანს, ყველაზე შემოსავლიანს და მსოფლიო პრისტუპნი მირში ყველაზე პრესტიჟულს.
– მოკლედ მითხარი, ასეთი შეფუთვა რა საჭიროა?
– თუ თანახმა იქნები, მაშინ, შენ დიდი ნარკოტრაფიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთს გააკონტროლებ.
– ნარკობარიგობას მთავაზობ?
– კობრა, გამოფხიზლდი და დედამიწაზე ჩამოდი. რეალობას დაუბრუნდი! რა შუაშია ბარიგობა? მე შენ ძალიან დიდ საქმეს გთავაზობ და უარის თქმა იდიოტიზმია.
– თანხმობა კი დიდი ჩათლახობა, – სიტყვა შევაწყვეტინე გრელკას, მან კი თავი გააქნია და მითხრა:
– ნუ ბავშვობ, კობრა. შენს მდგომარეობაში მყოფი კაცი უფრო დაფიქრებით უნდა იქცეოდეს, შენ კი ისევ ნეპმანურს უბერავ და ვლადიმირის ცენტრალში გგონია თავი.
– ბარიგობას იქ ჯდომა ჯობია. შენ რა, ეჭვი გეპარება?
– თუ ციხეში ჯდომა გირჩევნია, მაშინ, პაბეგში რა გინდა? წადი და ჩაჯექი. საიდანაც ამ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდი, ვლადიმირის ცენტრალზე ნაკლებია? – ნიშნის მოგებით მითხრა გრელკამ, მე კი ვუთხარი:
– პაბეგში თქვენი ბოზური კანონის გამო ვარ და ტყუილად რატომ უნდა წავიდე სროკზე, თორემ, მე არც ვლადიმირის ცენტრალის მეშინია, არც ციმბირის და არც თქვენი ჯურღმულების. ვნანობ, რომ შეხვედრაზე მოვედი, ვაღიარებ, რომ მწარედ შევცდი.
– ხომ არ შეგეშინდა, კობრაჯან? ფიქრობ, რომ გარეთ სამინისტროს ოპერები დაგხვდებიან და გაგსროკავენ?
– შენგან და შენისთანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მით უმეტეს, ამ ბაზარის მერე.
– ნუ გეშინია, აქედან უსაფრთხოდ წახვალ, მაგრამ, არა მგონია, დიდხანს გაგაჩერონ სვაბოდაზე და, როცა აგაგდებენ, უკვე ვეღარავინ გიშველის, მათ შორის, ვერც მე.
– სერგო? ვერც სერგო მიშველის? – ირონიულად ვკითხე გრელკას, რაზეც მან მიპასუხა:
– სერგო ყველაფრის შემძლეა, მაგრამ, შენ გამო თითსაც არ გაანძრევს. მას ჯერ კიდევ მაშინ აუცრუვდა შენზე გული, როდესაც ცეხავიკი იყო და გვერდში არ დაუდექი.
– მაშინ რომ გვერდში დავდგომოდი, შენთვის რქები უნდა მომეტეხა და ახლა შენ არ იქნებოდი მასთან.
გრელკას გაეცინა და მითხრა:
– ხომ არ ნანობ, რომ მაშინ სერგო გამაზე?
– მაგას არა, მაგრამ, სხვა რამეს ვნანობ.
– რას?
– იმას, რომ რქები არ მოგტეხე და ქურდული სხოდკა არ შევკრიბე.
– ახლა გვიანაა სინანული, მით უმეტეს, რომ ვერაფერს დამაკლებ. მე მდიდარი ვარ და იმუნიტეტი მიცავს, შენ კი პაბეგში ხარ, გეძებენ, ხვალ თუ არა, ზეგ მაინც აგაგდებენ და შენს დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებ.
– ვნახოთ, ვნახოთ, ნუ იჩქარებ დასკვნების გაკეთებას.
– დასკვნების რა მოგახსენო, მაგრამ, ერთ რჩევას მოგცემ და გირჩევ, ყურად იღო.
– ბრძანე.
– ჩვენ არც ერთმანეთს შევხვედრივართ და არც ეს ლაპარაკი გვქონია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს მოჰკითხე.
– შენი მუქარა კარგად დაახვიე და ჩემზე უკეთ იცი, სად უნდა მოუძებნო ადგილი, მე კი ვერ შემაშინებ. სულ ფეხებზე მკიდია შენი ნარკოტიკებიც და ბარიგებიც. ეს შენ დააჭირე ენას კბილი, თორემ, მე არავისთან ვაპირებ ამ თემის განხილვას. ახლა კი წავედი, შენთან არანაირი საქმე არ მაქვს.
– ამით მხოლოდ შენ წააგებ, – მომაძახა გრელკამ, მე კი ზურგი შევაქციე, ხელი ჩავიქნიე, პასუხი არ გამიცია და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე.
გრელკასთან შეხვედრის შემდეგ გაცილებით ფრთხილი გავხდი, რადგან, ინტუიცია მკარნახობდა, რომ დიდი დარტყმის ქვეშ მოვექეცი და მეტკა დამადეს. ამ შეხვედრის შემდეგ ჩემს მასპინძელს ვუთხარი:
– გული მიგრძნობს, რომ გრელკას ჩემი თავიდან მოშორება უნდა და ქილერი დაიქირავა.
– ვითომ? – მომიგო მასპინძელმა.
– ინტუიციას არასდროს მოვუტყუებივარ.
– ხომ გეუბნებოდი, არ შეხვდე-მეთქი. ძალიან ფრთხილად იყავი და გარეთ გასვლას მოერიდე.
ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ ჩემმა მასპინძელმა დალუქული კონვერტი მოიტანა სახლში, გამომიწოდა და მითხრა:
– თუ არ ვცდები, ეს – შენ.
– მე?
– ჰო.
– რა ხდება?
მეტროში რომ ჩავდიოდი, ესკალატორზე ვიღაც კაცი მომადგა უკნიდან და მითხრა:
– არ შემობრუნდეთ, არ ეცადოთ გაიგოთ, ვინ ვარ და არ ამედევნოთ. ეს კონვერტი კი თქვენს სტუმარს გადაეცით და უთხარით, გალაკტიონის შიფრით წაიკითხოსო.
ნათელი იყო, რომ კონვერტი ხუჭუჭამ გამომიგზავნა, რადგან, ეგრეთ წოდებული „გალაკტიონის შიფრი” ხუჭუჭას გამოგონება იყო და ჩემს მასპინძელს ვუთხარი:
– ხუჭუჭას ქსივაა.
– გალაკტიონის შიფრი რაღაა?
– ბავშვობაში, მე, ყბედალო და ხუჭუჭა მომავალი პრისტუპნი ცხოვრებისთვის რომ ვემზადებოდით, ხუჭუჭამ საიდუმლო შიფრი მოიგონა, რომელიც 1960 წელს გამოცემული გალაკტიონის რჩეული ლექსების კრებულით იშიფრებოდა. გაქვს ეს გამოცემა?
– კი, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა და წიგნი წინ დამიდო.
მე კონვერტი გავხსენი. იქიდან მათემატიკის რვეულიდან ამოხეული ორად მოკეცილი ფურცელი ამოვიღე, რომელიც ციფრებით იყო სავსე და ჩემს მასპინძელს ვუთხარი:
– აი, ესაა ხუჭუჭას წერილი და გალაკტიონის წიგნის მეშვეობით გავშიფრავთ.
– რა ბავშვობაა? – მითხრა მასპინძელმა, მე კი და ვუთხარი:
– ცდები, ხუჭუჭა ტუფტაზე არაფერს აკეთებს. აბა, ვნახოთ რა ხდება აქ.
გაშიფვრას ოცი წუთი მოვანდომე. შემდეგ გაშიფრული ტექსტი ავიღე და მასპინძელს წავუკითხე: „კობრა, გუშინწინ რომ გრელკას შეხვდი საქაბაბეში, ზუსტად არ ვიცი, რა იბაზრეთ, მაგრამ, დაახლოებით ვხვდები შინაარსს. სავარაუდოდ, მან ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი მონაკვეთის კურატორობა შემოგთავაზა და, რა თქმა უნდა, უარი უთხარი. მეორე დღესვე მან ერთ ძალიან მაგარ ქილერს შენი მოძებნა და დაბრედვა შეუკვეთა. ერთი სიტყვით, მეტკა გადევს და ძალიან ფრთხილად იყავი. მუქი სათვალით თბილისის ქუჩებში ნოსტალგიურ ხეტიალს თავი დაანებე და, სადაც ხარ, იქ დარჩი. თქვენ გარდა, მხოლოდ მე ვიცი შენი ადგილსამყოფელი. უსაფრთხოდ ხარ და თავი არ გაიშიფრო. გარწმუნებ, ჩემს პრობლემებს რომ მოვაგვარებ, შენიც მოგვარდება. მალე შევხვდებით. ფრთხილად იყავი. ნახვამდის“.
ჩემმა მასპინძელმა თავი გააქნია და მკითხა:
– მაინც, საიდან გაიგო სად ხარ?
– შენ ხუჭუჭას არ იცნობ. ის ხორცშესხმული ეშმაკია. ისეთი კომბინაციების ხლართვა შეუძლია, რომ თავსა და ბოლოს ვერავინ გაუგებს და მხოლოდ თვითონ იცის ყველაფერი.
– მე მგონი, აჭარბებ.
– რატომ ფიქრობ მასე?
– ასეთი მაგარი თუ არის, მაშინ, რატომ გაიქცა და ეძებენ?
– იმიტომ, რომ სულელები არიან. ეგენი რომ ხუჭუჭას იცნობდნენ, დევნას კი არ დაუწყებდნენ, თანამდებობას მისცემდნენ და სახელმწიფოს სასარგებლოდ ამუშავებდნენ. ვერ ხედავ, რა მაგარია?
ჩემმა მასპინძელმა ხელები ასწია და მითხრა:
– ვაღიარებ. მაგარია.
– მაგარია, მაგარი და, ჩვენი გზები რომ არ გაყოფილიყო და ერთად ვყოფილიყავით, ძალიან დიდი ძალა ვიქნებოდით.
– შეფი, რა თქმა უნდა, ხუჭუჭა იქნებოდა, ხომ?
– ბაზარი არაა.
– ერთი ის მითხარი, საიდუმლო შიფრი რისთვისღა გჭირდებოდათ?
– ვერ ხედავ? რა, არ გამოგვადგა? – ღიმილით ვუთხარი ჩემს მასპინძელს. მან კი მითხრა:
– როგორ არ გამოგადგა, მაგრამ, რა იცოდით, რომ ასე მოხდებოდა. მაინც, რას გეგმავდა ხუჭუჭა, როდესაც ამ შიფრს იგონებდა?
– ასე ამბობდა: „ძაღლებმა რომ ვერ გაიგონ ჩვენი ჩალიჩები, როდესაც პრისტუპნიკები გავხდებით, ამ შიფრით მივწერთ ერთმანეთს ქსივებს ციხეში, ან, სულაც, გარეთო. კაროჩე, ხუჭუჭა არ ხუმრობდა და ძალიან დიდი პრისტუპნი სინდიკატის შექმნა უნდოდა, რომელიც მთელ შავ სამყაროს გააკონტროლებდა.
– მასშტაბურად აზროვნებდა.
– ნუ იტყვი. მასშტაბურად და თანაც როგორ. მას მთელი გეგმა ჰქონდა შედგენილი და იმ ქურდების შავი სიაც კი ჰქონდა, რომლებიც უნდა გაეფუჭებინა.
– ქურდი გავხდე და მერე მე ვიცი მაგათი ამბავი, – იტყოდა ხოლმე ხუჭუჭა, – ძმებო, ამ ძალით ქურდების სეირს გიჩვენებთო.
– მაინც, რა არ ევასებოდა?
– უსამართლობა. ვერ იტანდა, როცა ქურდი საქმის გარჩევაში ფულს იღებდა ან დელეცს წილში უჯდებოდა. ასეთ კატეგორიას მუქთახორებსა და აფერისტებს ეძახდა და თავის შავ სიაში შეჰყავდა. სხვათა შორის, ხუჭუჭას შავ სიაში მყოფი ყველა ქურდი ახლა გაფუჭებულია და, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ხუჭუჭას მონაწილეობით გაკეთდა.
– ბავშვობის ოცნება აისრულა? – გაეცინა ჩემს მასპინძელს.
– არა. უბრალოდ, სამართლიანობა აღადგინა და მე მას ამ ამბავში სრულიად ვეთანხმები.
– შენ „ძაღლი” უძახე და, კარგი კაცი ყოფილა.
– ერთს გეტყვი, რა, ხუჭუჭა რომ ქურდული გზით წასულიყო, პრისტუპნი მირის გენერალი გახდებოდა. ერთი სიტყვით, მაგარი პიროვნებაა და ამის უარყოფა სისულელეა, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს, შემდეგ დაშიფრული და გაშიფრული წერილები დავწვი და დავამატე: ცოტა ხნით ფსკერზე დაწოლაა საჭირო.
– ფსკერზე კი არა, ფსკერის ფსკერზე, – შემისწორა ჩემმა მასპინძელმა.
– ჰო, მასეა. მაგრამ, შენც ფრთხილად იყავი. გრელკა ისეთი ნაბოზარია, რომ, შეიძლება, შოთას ზავიძენიის ყველა კლიენტის გაშიფვრა დაიწყოს და შენზე გამოვიდეს.
– ჩემგან კი შენზე, ხომ? – გაეცინა ჩემს მასპინძელს.
– რა გაცინებს?
– ნუ გეშინია, კობრაჯან. შოთას ზავიძენიაში ფეხიც არ შემიდგამს. მე ის წარწერიანი დაფა ფარულად ავიღე და გრელკას მობილურის ნომერიც მასე შევიტყვე.
– ყოჩაღ.
– აბა, როგორ?! – გაეცინა ჩემს მასპინძელს, – მართალია, ხუჭუჭა კონსპირაციის მეფეა და მას ვერ შევედრები, მაგრამ, ცოტა რამ მეც ვიცი. ასე რომ, გრელკას ეჭვმიტანილთა სიაში არანაირად არ მოვხვდები და ვერც შენზე გამოვლენ. აი, სხვების კი – რა მოგახსენო.
ხუჭუჭას გაფრთხილებიდან ორი დღის შემდეგ, შოთას ბარ-რესტორნის ყველა კლიენტი, შოთას თამადობით, „სოდში” წაიყვანეს, საკმაოდ მკაცრად დაკითხეს და ამგვარად ცდილობდნენ ჩემი ადგილსამყოფლის დადგენას. თუმცა, აბა, როგორ დაადგენდნენ, როდესაც ეს არავინ იცოდა, ხოლო, ვინც იცოდა, ყოველგვარ ეჭვს მიღმა იდგა. მასობრივი დაკითხვის მეორე დღეს უკვე მთელმა თბილისმა იცოდა ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ჩვენც გავიგეთ და ჩემს მასპინძელს ვუთხარი:
– არ მეგონა, თუ გრელკა ასეთი უხეში მეთოდებით იმოქმედებდა.
– რატომ არ გეგონა? ერთადერთი და ძალიან საშიში მოწმე ხარ, ვინც მისი შავბნელი საქმიანობის შესახებ მისი პირიდან შეიტყვე და ყველანაირად ცდილობს, თავიდან მოგიშოროს.
– მე ეს უფრო სერგოს ბრძანება მგონია.
– სერგოსი?
– რატომ გიკვირს? სერგო ისეთი ამბიციური ტიპია, რომ ყველაფრის კონტროლი და მეწილეობა უნდა. ამიტომ, ეს საქმე მის გარეშე არ გამოვიდოდა. გრელკა მხოლოდ მატლია სერგოსთვის და, თუ დასჭირდა, გასრისავს.
– ან, ნახმარი პრეზერვატივივით გადააგდებს, – დაამატა ჩემმა მასპინძელმა.
– ან მასე უზამს, – დავუდასტურე და დავამატე: – ერთი სიტყვით, შეფი სერგოა, დანარჩენები კი – მისი ყურმოჭრილი მონები.
– ჰოდა, ჩემო კობრა, ძლევამოსილი მტერი გყოლია. ხუჭუჭას უნდა დაუჯერო და ფსკერის ფსკერის ფსკერზე დაწვე.
– ფრთხილად ვიქნები, მაგრამ ცოცხლად თავს არ დავიმარხავ. სერგო სერგოა, მაგრამ, მასზე არანაკლებებსაც ვიცნობ და, არ გაგიგონია – ძალა ერთობაშიაო?
ჩემს სიტყვებზე ჩემს მასპინძელს გაეცინა და მითხრა:
– თუ სწორად მივხვდი, სერგოზე „არანაკლებში” ხუჭუჭა იგულისხმე. „ძალა ერთობაშია“ კი ნიშნავს, რომ სერგოს ხუჭუჭასთან ერთად შეუტევ?
– მხოლოდ თავს დავიცავთ.
– კარგი აზრია, მაგრამ, ამ წინადადებას ხუჭუჭას როგორ მიაწვდი?
– მან თვითონ მომაწოდა ეს აზრი, რაც მის დაშიფრულ ქსივაში ამოვიკითხე.
– ყურადღებით გისმენდი და მსგავსი რამ იქ არ ეწერა.
– სიტყვებით არა, აზრით.
– შენ უკეთ იცნობ შენი ბავშვობის ძმაკაცს და არ შეგეშლებოდა.
– კი, მასეა. ხუჭუჭას აუცილებლად ექნება გეგმა და ახლა ჩვენ ერთ სვიაზკაში ვართ.
– ქურდი და პოლიციის, უფრო სწორად, უშიშროების გენერალი ერთ „სვიაზკაში“ არიან და ებრძვიან უსამართლობას, – გაეცინა ჩემს მასპინძელს, – რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამის დედა ვატირე!
– არ გინდა ნამეტანი დრამატიზება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბავშვობის ძმაკაცები ვართ და ერთმანეთს ფიზიკურ გადარჩენაში ვეხმარებით. აი, სულ ესაა.
– კარგი, კარგი, სულ ესაა, გეთანხმები, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა, – პრეტენზიას ვერ წაგიყენებენ კოლეგები, ვერც ნეპმანური ფორმაციის და, მით უმეტეს, ვერც ახალი ფორმაციის ქურდები, მაგრამ, აუცილებლად ცუდ ხმებს გაგივრცელებენ.
– რა ხმებს?
– იტყვიან, „ძაღლებს” შეეკრაო და ამას შენს გამოსატყუებლად გააკეთებენ. აი, ნახავ, თუ მასე არ მოხდება, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა და მართლაც, მეორე დღეს სახლში რომ დაბრუნდა, მითხრა:
– რას გეუბნებოდი გუშინ? დღეს უკვე მთელი ქალაქი ლაპარაკობს, კობრა „სოდს“ შეეკრა და მისი პაბეგი ფარსი იყო, სინამდვილეში კი ის ძველ საქმეებს ფქვავს და პაძელნიკებს აბეზღებსო. რას იტყვი, როგორი მოსასმენი და ასატანია?
– ძალიან ცუდი და ძნელი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს და უნდა მოვითმინო.
– არ მოითმენ და თავს წააგებ, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა, – გაფრთხილებ, გარეთ ცხვირი არ გაყო. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ძაღლობა ფეხზე დგას და აუცილებლად აგაგდებენ.
– ვაა, ეს რა შარში გავყავი თავი. არ ჯობდა, რომ გრელკას საერთოდ არ დავკონტაქტებოდი და სერგოს სამიზნე არ გავმხდარიყავი?
– ჯობდა, მაგრამ, ახლა სხვა რამეზე უნდა იფიქრო, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა, – რჩევას მოგცემდი, მაგრამ, სხვანაირად არ გაიგო ჩემი სიტყვები.
– რა სხვანაირად, თქვი, არ გრცხვენია?
– თბილისში „ნოკაუტაა“ ჩამოსული და, დარწმუნებული ვარ, გიშველის, თუ, რა თქმა უნდა, შენ ამას მოისურვებ. ვფიქრობ, რომ საქართველოში შენი გაჩერება ძალიან სახიფათოა და რუსეთში უნდა გაემგზავრო. ნოკაუტა კი ამას მოგიხერხებს და, თუ გინდა, მივალ და ვეტყვი, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა, – არ იფიქრო, რომ შენი თავიდან მოშორება მინდა, მაგრამ, ასე ჯობია. რას იტყვი?
– არა, მირჩევნია, ხუჭუჭას დაველოდო. ნოკაუტასთან დაკონტაქტება ძალიან სახიფათოა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ქართული უშიშროება უთვალთვალებს და უსმენს, აუცილებლად გაგვშიფრავენ, – მივუგე ჩემს მასპინძელს, რომელმაც თავი დამიქნია და მითხრა:
– მართალი ხარ. არ იფიქრო, რომ თავიდან გიშორებ. უბრალოდ, შენთვის რაც სასარგებლო იქნება, ის მინდა, გავაკეთო.
– დიდი რისკის ფასად მიფარებ და მეტი რა უნდა გააკეთო. სისულელის ლაპარაკს კი თავი დაანებე. რომ არ გენდობოდე, აქ ერთი წამითაც არ გავჩერდებოდი. ნოკაუტა კი – საღოლ! საიდან სად გაიჩითა? – ღიმილით ვთქვი მე.
ნოკაუტა, იგივე ბესო ნოდია, ჩვენი ბავშვობის ძმაკაცი იყო. ის ყბედალოზე არანაკლები კვალიფიკაციის ჯიბგირი იყო და ადრეულ ასაკშივე აითვისა ეს ხელობა. არაჯიბგირული მეტსახელი კი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეარქვეს, რადგან, ძალიან მაგარი მოჩხუბარი იყო და, ვისაც ხელს დაარტყამდა, ყველას ნოკაუტში აგდებდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში