კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

ვერაგობა და სიყვარული

ვახომ ხმაური ოფისში შესვლამდე გაიგონა. შეშფოთებულმა შეაღო კარი და კედელთან ატუზულ, დამფრთხალ თიკოს ბრაზით ჰკითხა:

– რა ხდება აქ? ვინ ყვირის?

– ჩხუბობენ, – თქვა გოგომ და შვებით ამოისუნთქა, – კარგია, რომ მოხვედით. მე ვერ შევდივარ. არადა, უკვე ნახევარ საათზე მეტია, ჩხუბობენ.

– ჩხუბობენ? მოიცა, ვერ გავიგე, ვინ ჩხუბობს?

– ჰმ, უცნაური შეკითხვაა. ვინ იჩხუბებს? რა თქმა უნდა, გიგი და ზუკა. ისე ღრიალებს ზუკა, რომ დარეკვასაც ვაპირებდი თქვენთან.

ვახომ შეიგინა და იქით გაემართა, საიდანაც ყვირილი ისმოდა. სწორედ დროზე მიუსწრო – ზუკას საყელოში წაევლო ხელი გიგისთვის და გამეტებით ანჯღრევდა, თან, უშვერი სიტყვებით აგინებდა. ვახოს გამოჩენამაც ვერ შეაჩერა, სანამ ვახომ ძალით არ გაათრია გვერდზე და მთელი ხმით არ დაუღრიალა:

– შენ სულ გაგიჟდი? რა დღეში ხარ? ბრძოლის ველად აქციეთ აქაურობა? რამდენჯერ გაგაფრთხილეთ, ოფისში გაწევ-გამოწევა არ დავინახო-მეთქი? რას ჰგავს ეს, საერთოდ აღარ მცემთ პატივს? გიგი, შენ რაღა დაგემართა?

– მე? არაფერი. დედას გეფიცები, მართლა არაფერ შუაში ვარ. ამას სჭირს რაღაც, სულ გადაირია.

– ბინძურო მატყუარავ! ესე იგი, შენ არაფერ შუაში ხარ, არა?! – ისევ გიგისკენ გაიქაჩა ზუკა, მაგრამ ვახომ არ გაუშვა.

– მოკლედ, სასწრაფოდ, ორივე ჩემთან, კაბინეტში, ახლავე და, გაფრთხილებთ: ერთი სიტყვა არ გავიგონო ზედმეტი!

ვახომ თითქმის კინწისკვრით შეყარა კაბინეტში ორივე და კარი შიგნიდან ჩაკეტა.

 – ახლა მომისმინეთ! არ მაინტერესებს, ვინ დაიწყო, მტყუან-მართლის გარჩევას არ ვაპირებ. თქვენი საქციელი უკვე ყველა ზღვარს სცილდება. აღარც კი ვიცი, პირდაპირ გაგიშვათ აქედან თუ უკანასკნელი შანსი მოგცეთ. მითხარით ახლა, ღირს თქვენი ნდობა? ორივეს გეკითხებით და მოკლე, კონკრეტული პასუხები მჭირდება. ორ წუთს გაძლევთ მოსაფიქრებლად.

გიგიმ მხრები აიჩეჩა:

– აბა, რა ვთქვა. ჩემზე არ არის დამოკიდებული.

ვახომ შუბლი შეიკრა და ხელები უკმაყოფილოდ აიქნია:

– გაჩუმდი! ხომ ვთქვი, მოკლე და კონკრეტული პასუხები მჭირდება-მეთქი!

– მოკლე და კონკრეტული პასუხი გჭირდება? – ერთბაშად იფეთქა ზუკამ, – არა!

– მოიცა, რას ნიშნავს – „არა”?! რაღაც, ვერ მივხვდი, – ჩაეძია ვახო, – რისი თქმა გინდა, მაგ „არათი“?

– არ მჭირდება შანსი, – მოუჭრა ზუკამ, – ახლავე წავალ აქედან!

– უყურე ერთი ამას! „ახლავე წავა აქედან“... – გამოაჯავრა ვახომ, – ღირსი ხარ, გითხრა, წადი-მეთქი. სულ აღარ გრცხვენია?

– რისი უნდა მრცხვენოდეს? თუ ამ იდიოტის ცინიზმი უნდა ავიტანო და მშვიდად ვითმინო, როგორ ცდილობს ჩემს განადგურებას, მირჩევნია, წავიდე. თქვენც მოისვენებთ და მეც მივხედავ საკუთარ თავს.

– ჰო, მიხედავ, როგორ არა, – ჩაიცინა გიგიმ. 

ზუკა წამოენთო:

– აჰა, შეხედე, თავისას მაინც არ იშლის! რომელ შანსზე მელაპარაკები? აქ რომ დავრჩე, აუცილებლად შემომაკვდება.

ვახომ წარბი შეიკრა და მოღუშულმა ზუკას მკაცრად მიმართა:

– რა ამბავში ხარ, ბიჭო, შენ? ეს რა ულტიმატუმია? გიგის, შეიძლება, ზოგჯერ ზედმეტი მოსდის, მაგრამ, შენი მტერი ნამდვილად არ არის.

– აბა, მეგობარია? უკვე სერიოზულად მეპარება ეჭვი ამაში. შენი არ ვიცი, ვახო, მაგრამ, მე ასეთი მეგობრობა არ მესმის. მოკლედ, მირჩევნია, წავიდე.

– მე ხომ არ წავიდე? – ხელები გაშალა გიგიმ, – თუ მტერი ვარ, მაშინ...

– გეყოფათ... აქ მტერი არავინ არ არის და დღეს აქ უნდა მორჩეს თქვენ შორის კონფლიქტი. ამას მე გთხოვთ, არა, კი არ გთხოვთ, მოვითხოვ. თუ წახვალთ, მარტო ოფისიდან კი არა, ჩემი ცხოვრებიდანაც წახვალთ!

– ვახო, პირდაპირ გეუბნები: თუ რამე ისე ვერ ვუთხარი და ვერ გავაკეთე, ბოდიშს ვუხდი.

ვახო ზუკას მიუბრუნდა:

– აჰა, ბოდიშს გიხდის, დამშვიდდი და მივხედოთ საქმეს.

ზუკამ თავი გააქნია:

– არ გამოვა. ვგრძნობ, ერთად მუშაობა აღარ გამოგვივა. გიგი ვერ მიტანს და არც მე მეხატება გულზე.

– ელაპარაკე ახლა ამას, – ამოიოხრა გიგიმ, – მე ამისკენ ვარ, ეს ეშმაკებისკენ მიიწევს. რა უნდა, ნეტავი თუ იცის?

– ვიცი. მარტო დარჩენა. სულ მარტო... მერე ზუსტად მივხვდები, რა ვაკეთო.

– გიგი, შენ ცოტა ხნით გარეთ გადი და მარტო დაგვტოვე, – თქვა ვახომ და გიგის ხელითაც ანიშნა, გადიო.

– სულერთია, მაინც აღარ გავჩერდები აქ, – ჯიუტად ჩაილაპარაკა ზუკამ. გიგიმ კარი რომ გაიხურა, ვახომ ამოიოხრა:

– ძალიან მაფიქრებ და მადარდებ ამ ბოლო დროს.

– გასაგებია, გიგი გბურღავს – ზუკამ გააფრინაო... ვიცი, მაგისთვის სიყვარული არანორმალური მდგომარეობაა. სიგიჟის ზღვარს მიღმა ვდგავარ და, ბუნებრივია, დისკომფორტს ვუქმნი.

– სისულელეების ლაპარაკს მოეშვი. გიგი რა შუაშია, მეც ხომ ვხედავ, როგორ შეიცვალე? ადრე ასეთი არ იყავი.

– მაინც, როგორი არ ვიყავი?

– აგრესიული. პირდაპირ გეტყვი: ვეღარ გცნობ და, ვეჭვობ, რომ ეს ყველაფერი იმ ქალის გამოა.

– ახლა შენც დამიწყე. არ შეგიძლიათ, იმ ქალს თავი დაანებოთ? საერთოდ რომ აღარ ახსენოთ, არ შეგიძლიათ? – აყვირდა ზუკა.

– ნუ ყვირი და მომისმინე, – წარბი არ გაუხსნია, ისე თქვა ვახომ, – გვინდა თუ არა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ასე დავიწყეთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ – ეს ჩემი კაპრიზი არ არის. საქმეზე ვფიქრობ, რომელიც მარტო მე არ მჭირდება. გახსოვს, რამდენი ვიწვალეთ, სანამ აქამდე მოვიდოდით? როგორც იქნა, ადგილი დავიმკვიდრეთ და, ასე თუ ისე, წარმატებულებიც გვქვია. შენთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად იმუშავებ და ვისთან.

– მნიშვნელობა რომ აქვს, იმიტომაც მინდა აქედან წასვლა, – ჯიუტად გაიმეორა ზუკამ, – გიგისთან ყოველი შეხვედრა ისეთ ნერვიულობად მიჯდება, რომ არ მიღირს. სხვას არაფერს აკეთებს, მარტო მიზანმიმართულად მხეთქავს გულზე. ყველაფერს აკეთებს, რომ წონასწორობიდან გამომიყვანოს. აი, დღესაც...

– მომისმინე, ჩემო კარგო... – გააწყვეტინა ვახომ, – რა ვქნათ ახლა მე და შენ, ქალებივით ვიჭორაოთ? რას მივიღებთ ამით? პირდაპირ ხომ არ დავასრულოთ ეს ამბავი? ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩეთ და განვაგრძოთ ძველ რეჟიმში. სამსახურის გარეთ გიგისთან მეგობრობას მე არ გაძალებ, მაგრამ აქ ერთმანეთს ნუ შეჭამთ და საქმე გააკეთეთ. მოსულა?

– არ ვიცი. როგორ დაგპირდე, როცა ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული?

– გიგისაც დაველაპარაკები, შენი თანდასწრებით.

– ჩემი თანდასწრებით აუცილებელია? – შეიჭმუხნა ზუკა, – გეხვეწები, ამარიდე ეს ამბავი.

– არა, ეს აუცილებელია. არ მჯერა, რომ გიგის შენთვის ცუდი უნდა. კიდევ გიმეორებ – შეიძლება, რაღაც ეშლება, მაგრამ, გულით შენკენ არის, დარწმუნებული ვარ...

– რა ვიცი, ენა აშკარად სხვაგან გაურბის, – ხელი ჩაიქნია ზუკამ, – კარგი. კიდევ ერთხელ, მხოლოდ შენი ხათრით, მივცემ გიგის შანსს, ოღონდ, ეს უკანასკნელი იქნება.

– ამით საკუთარ თავსაც აძლევ შანსს, – მრავალმნიშვნელოვნად შეუსწორა ვახომ, – კიდევ ერთი თხოვნა და, ამაზეც გვისაუბრია მე და შენ ადრე: არავითარი პირადული სამსახურში. მით უფრო ის, რაც ჩვენს საქმიანობაზე პირდაპირ უარყოფითად აისახება.

– ვიცი და შეხსენება არ მჭირდება.

ვახომ ნაძალადევად გაიღიმა:

– ეს ისე გითხარი, ყოველი შემთხვევისთვის... ახლა კი გიგის დავუძახებ...

გიგი თვალებმოჭუტული წრუპავდა ყავას და თიკოს უღიმოდა.

– ტყუილად ცდილობ ჩემი ნდობის მოპოვებას, ეგ ღიმილი არ გიშველის. ძალიან გაგიტყდა სახელი, შენი იმიჯი განადგურებულია, – აკისკისდა გოგო, – მით უმეტეს, დილანდელი სკანდალის შემდეგ.

– დილანდელი სკანდალის შემდეგ? – გაოცებით ასწია თავი გიგიმ, – განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივი მამაკაცური საუბარი იყო.

– ჰა, ჰა, ჰა... ჩვეულებრივი, არა?! გინდა, მე  მომატყუო? შედი და ვახოს უთხარი ეგ, თორემ აშკარად ძალიან არის გაბრაზებული.

 – შენ ეგ რატომ გადარდებს, ჩემო ლამაზო? ჩემზე ნერვიულობ?

თიკომ მხრები აიჩეჩა:

– შეიძლება, ვნერვიულობ კიდეც, ვინ იცის?

– მართალია! ყავა ამიტომაც მომიდუღე?

– რა ვიცი. იქნებ, დღეს კარგ გუნებაზე ვარ, ან, შეიძლება, შემეცოდე.

– უი, შეგეცოდე, პატარავ? ლა საკვალელი ხალ? – ენა მოიჩლიქა გიგიმ, – მაშინ, მეც ვეცდები, კეთილი ვიყო. რაღაც შეთავაზება მაქვს შენთვის.

– რა შეთავაზება? – დაეჭვებით ჰკითხა თიკომ, – ხომ იცი, სიურპრიზებს ვერ ვიტან, მით უმეტეს – შენგან.

– სიურპრიზებზე მეც უარი ვთქვი. ჩემთან ერთად ივენთზე, ანუ წვეულებაზე წამოხვალ? ჩემი „დამა“ იქნები, მოკლედ რომ ვთქვათ.

თიკო დაფიქრდა.

– რა ხდება, არ გინდა ჩემთან ერთად წვეულებაზე წამოსვლა? არ შეგარცხვენ და კარგ დროს გაგატარებინებ.

– დაგიჯერო? სად მეპატიჟები, საიდუმლოა?

– საიდუმლო რატომ არის? ჩვენი შემკვეთი, ლევანი, ახალ ვიპ-კაფეს ხსნის და ყველას გვეპატიჟება. ვახო ქეთის წამოიყვანს.. მარტო წასვლა, რაღაც, არ მიხარია და, თუ თანმხლებად მეყოლები, გაცილებით უკეთ ვიგრძნობ თავს.

გოგომ ეჭვით შეხედა:

– ეს როგორ გავიგო?

გიგიმ გაიცინა და მხრები აიჩეჩა:

– რა ვიცი. როგორც გინდა, ისე გაიგე. მეგობრები თუ არა, კარგი ნაცნობები ხომ მაინც ვართ?

– აქამდე არ ვიყავით კარგი ნაცნობები, ნერვებს რომ მიშლიდი?

– მე? მე გიშლიდი ნერვებს? – შეიცხადა გიგიმ, – მხოლოდ შენს გამხიარულებას ვცდილობდი, შენ კი ვერ მიგებდი.

– რას იზამ, ვერ გიგებენ, მაგრამ, მარტო მე ხომ არ ვარ გამონაკლისი?! აი, ზუკასაც სულ ეჩხუბები...

– ზუკას სხვა პრობლემები აქვს, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩემს წინადადებაზე რას იტყვი?

 – შენ თქვი, ჩვენი კლიენტი ლევანიო? – თიკომ ამოიოხრა, მერე ერთბაშად გახალისდა, – პრინციპში, რატომაც არა?! როდის არის ეგ წვეულება?

– ერთ კვირაში, თუ ყველაფერი მოვასწარით.

– რა არის მოსასწრები?

– ნუ, რაღაც დეტალებია, განსაკუთრებული არაფერი. შენი საზრუნავი მხოლოდ შენი „ნარიადი“ იქნება. მაგარ ფორმაში უნდა იყო, იცოდე.

– ოჰო? ისე ცუდ ფორმაში ვარ ხოლმე?

გიგიმ მუშტრის თვალით ახედ-დახედა:

– გულახდილად გითხრა?

– რა თქმა უნდა.

– კარგი, ოღონდ, მერე არ დამიწყო, უხეში და ბოღმა ხარო.

თიკომ თავი სიცილით გააქნია:

– არა, დღეს შენგან არაფერი მეწყინება.

– ანუ, იმასაც მაპატიებ, ტკბილი სიზმარი რომ გაგაწყვეტინე?

– მაგ თემას ნუ შევეხებით. რაზეც დავიწყეთ, ის განაგრძე. რა შენიშვნები გაქვს?

– ერთხელ მაინც უნდა შემოვიპარო შენს გარდერობში და ფართხუნა შარვალ-კაბები დაგიჭრა. აი, ისეთები, ახლა რომ გაცვია.

– რას ერჩი ამ კაბას? – სიცილი აუტყდა თიკოს, – რა არ მოგწონს?

– მშვენიერი ტანი გაქვს, სხეულზე შემოტმასნილი ტანსაცმელი უნდა გეცვას და ამ ფორმებს აჩენდე. მკერდი, წელი, ფეხები – ყველაფერი თავის ადგილზე გაქვს და, თუ კარგად „შეიფუთები”, ბევრ კაცს აურევ თავგზას.

– ხეზე ცოცვა უნდა მასწავლო? ვითომ რატომ? გგონია, ასეთი უიმედო ვარ, რომ შენი დახმარების გარეშე კაცს ვეღარ ვიპოვი?

– გოგო! – ყასიდად გაბრაზდა გიგი, – შენ ყველაფერი უკუღმა რატომ გესმის? მე გითხარი, კაცს ვერ იპოვი-მეთქი? გამოიყენე ჩემი რჩევები. ყოველთვის ასეთ გუნებაზე კი არ ვიქნები. თანაც, მინდა, ჩემ გვერდით მაგარი ნაშა იყოს, რომ თავი მოვაწონო.

– ვის გულზე გახეთქვას აპირებ? – მიუხვდა თიკო.

– არის ერთი, – არ იუარა გიგიმ, – თუ გინდა, სახლშიც წამოგყვები და აგარჩევინებ, რა ჩაიცვა.

– ღამითაც ხომ არ დაგიტოვო ჩემთან? – თვალი ჩაუკრა თიკომ.

– ოო, თუ შენ ამას გაბედავ, გპირდები, არ ინანებ, – თავი გამოიდო გიგიმ.

– უი, გაქრი შენ, გაქრი! – დედაბერივით ქოქოლა მიაყარა თიკომ, – არა, გენაცვალე, ასეც ვერ გავრისკავ. იმით უნდა დაკმაყოფილდე, რომ გვერდს დაგიმშვენებ... იცი, რას ვიზამ? ვახოს პრემიას ვთხოვ – მაინც დაპირებულია და, აჯობებს, ახლა გამოვართვა, – ჰოდა, შენ ახალი კაბის საყიდლად წამომყვები.

– უფ, რა კარგი ვინმე ხარ?! მაღაზიიდან მაღაზიაში უნდა მარბენინო ოფიციალური ქმარივით? იცი, ეგ როგორ მძულს?

– როდის მოასწარი შეძულება? ცოლი შენ არ გყოლია და...

– შეყვარებული ხომ მყავდა? – თქვა გიგიმ და უცებ ნინი გაახსენდა, მისი ღიმილით გასხივოსნებული თვალები და გუნება წაუხდა, – თუმცა, ჩემს შეყვარებულს, ამ მხრივ, მართლა არ შევუწუხებივარ... უსინდისო ვიქნები, ტყუილად რომ დავაბრალო.

– შენ შეყვარებულს დაშორდი, ხომ? დარწმუნებული ვარ, მიზეზი შენ იქნებოდი.

– წელს ქვემოთ დარტყმები არ მოსულა, – მოიღუშა გიგი, – წამოგყვები საყიდლებზე, ოღონდ ,უნდა დამპირდე, რომ ტვინს არ გამიბურღავ.

– ნუ გეშინია, მაღაზიებში წანწალი მეც ძალიან მეზარება.

– გეტყობა ტანსაცმელზე, – დასცინა გიგიმ და მაშინვე დაამატა: – დღეს ხომ არ გწყინს ჩემი ხუმრობები?

თიკომ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ შიდა ტელეფონმა დარეკა და იძულებული გახდა, ეპასუხა.

– ვახო გეძახის, შედი. მგონი, ცუდად არის შენი საქმე. იმედია, იქიდან რომ გამოხვალ, ჩემთან ერთად წვეულებაზე წასვლას არ გადაიფიქრებ.

 – არც იოცნებო... – გიგიმ ხელი დაუქნია და არხეინი ნაბიჯით გაეშურა ვახოს კაბინეტისკენ.

***

თომა უყურებდა ნინის და გული სიხარულით ევსებოდა. კიდევ ვერ იჯერებდა, რომ გოგო სერიოზულად განიხილავდა მასთან ურთიერთობას. „კაცმა რომ თქვას, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ... რა მოეწონა ნინის ჩემში, რომ მისი ყურადღება დავიმსახურე? თვითონ ყველაფრით განსაკუთრებულია, მე – დიდი არაფერი... კრევეტების ჭამაც კი ვერ ვისწავლე – გემო ვერ ჩავატანე. როგორ ვთქვა, რომ ამ ვარდისფერ სისულელეს პური და ყველი მირჩევნია... ნინი კი ისე ლამაზად ჭამს – მთლიანად, გრაციოზულად... შამპანურსაც როგორი პატარ-პატარა ყლუპებით სვამს... შეუდარებელია, ულამაზესი... მეშინია, ერთ დღეს არ გადაიფიქროს და საპნის ბუშტივით არ გამისკდეს მოულოდნელად და ერთბაშად მოსული ბედნიერება...“

– ასე რატომ მიყურებ? – რეალობაში ნინის ხმამ დააბრუნა, – არ მოგწონს კრევეტები?

თომამ საწყლად გაიღიმა.

– მეორედ შენთვის სხვა რამე შეუკვეთე. აუცილებელი არ არის, რასაც მე ვჭამ, შენც მოგწონდეს.

– რატომ? ცუდი არ არის, უბრალოდ, შეუჩვეველი ვარ. თანაც, მინდა, ის შევიყვარო, რაც შენ მოგწონს და გიყვარს.

ნინი შეიჭმუხნა.

– თომა, მე შენგან მსხვერპლს არ მოვითხოვ. გაითვალისწინე ეს და მეორედ ასეთი რაღაც აღარ მითხრა.

თომა გაშრა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3