ქალური შურისძიება
***
დიმიტრიმ და მზიამ გიორგის ვახშმობაც კი არ აცადეს, მაშინვე ყველაფერი უამბეს და ირაკლი ქებაძესთან დარეკვაც სთხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს. გიორგიმ მაშინვე დაურეკა ქებაძეს და გამომძიებელთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა მზია გუგასთან პაემანზე შეეშვა. პროფესორი არ აღაფრთოვანა ასეთმა თხოვნამ, თუმცა, გიორგის უარი ვერ უთხრა და შეჰპირდა, ხვალვე დავუკავშირდები გამომძიებელს და პასუხს მაშინვე შეგატყობინებთო. ახლა მთავარი იყო, რას იტყოდა გამომძიებელი. მაგრამ, მანამდე უსაქმოდ რომ არ მსხდარიყვნენ, ისევ წერილის კვლევას დაუბრუნდნენ.
– ბატონო გიორგი, კიდევ ერთ რამეში გვჭირდება თქვენი დახმარება, – მორიდებით მიმართა მზიამ.
– თუკი რამე შემიძლია... – ხელები გაშალა გიორგიმ.
– ბატონო დიმიტრი, შენ თვითონ უთხარი, მე მერიდება, – მიუბრუნდა ექთანი დიმიტრის.
– მოკლედ, ჩვენი დედუქციური მსჯელობის შედეგად დავადგინეთ, რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ ვიდეოთვალის იმ დღის ჩანაწერი, როცა წერილი მივიღე, – მაშინვე ჩამოართვა სიტყვა ექთანს დიმიტრიმ, – მაგრამ, რადგან მე იქ ვერ მივალ, მზიას კი ვიდეოჩანაწერს არ მისცემენ, შენ უნდა მიხვიდე, როგორც ჩემი ძმა და ჩემი წარმომადგენელი და კასეტა მომიტანო. აქ ერთად ვნახავთ იმ ჩანაწერს და გავიგებთ, ვინ მოიტანა კონვერტი.
– როდის უნდა წავიდე? – მაშინვე თანხმობა გამოთქვა გიორგიმ, – თუ გინდა, ახლავე მივალ და წამოვიღებ.
– არა, ახლა გვიანაა, ხვალ დილით მიდი, ცხრის ნახევრიდან უკვე ყველა იქ იქნება. შენ ხომ არ დაგაგვიანდება სამსახურში?
– ხვალ მსუბუქი დღე მაქვს, ანუ, შემიძლია, როცა მინდა, მაშინ მივიდე, ან, სულაც არ მივიდე და დავრეკო. ასე რომ, ჩემი სამსახური პრობლემა არ არის. ხვალ ცხრაზე იქ ვიქნები, ოღონდ, შენ მაინც დაურეკე და გააფრთხილე. თუმცა, სიმართლე გითხრა, ეს ყველაფერი დილეტანტობად მიმაჩნია.
– ანუ, სინამდვილეში, არ გინდა, რომ დაგვეხმარო და ამას იძულებით აკეთებ? – ცოტა არ იყოს, ეწყინა დიმიტრის.
– არა, შენ სწორად ვერ გამიგე. უბრალოდ, მგონია, თუ ამას პროფესიონალები გააკეთებენ, ანუ, თუ პროფესიონალი გამოიძიებს, უკეთესი იქნება.
– მის მარპლი სულაც არ იყო პროფესიონალი, – თქვა მზიამ და თავი ჩაღუნა.
– თანაც, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემს პირად ცხოვრებაში სამართალდამცველები ჩავრიო, – სიტყვა ჩამოართვა დიმიტრიმ.
– რატომ სამართალდამცველები? კერძო დეტექტივი ავიყვანოთ, ფულს მე გადავუხდი, ჩვენ კი დავეხმაროთ, – შესთავაზა გიორგიმ.
– მე უკვე ავიყვანე კერძო დეტექტივი, სხვა არავინ მჭირდება.
– მერე, თუ აიყვანე, რატომღა ვმკითხაობთ? დაველოდოთ და, როცა მოვა, მას გადავაბაროთ ეს საქმე.
– ის უკვე აქ არის, უფრო სწორად, ის უკვე დიდი ხანია, აქ არის, – თქვა დიმიტრიმ და გაოცებულ ძმას მზიაზე მიუთითა, – გაიცანი, მის მარპლი.
გიორგი დაბნეული მიაჩერდა ექთანს, მერე კი გაიღიმა და თქვა:
– გნებდებით. თქვენ უკვე ყველაფერი გადაგიწყვეტიათ და მოგიგვარებიათ და, რაღა დამრჩენია, უნდა დაგემორჩილოთ. მიმსახურეთ, როგორც შემიძლია.
– ჯერჯერობით მხოლოდ ვიდეოკასეტა უნდა მოგვიტანო, – უთხრა დიმიტრიმ ძმას, – დანარჩენს ხვალინდელი დღე გვიჩვენებს.
– ახლა კი წამლებს დაგალევინებ და უნდა დაიძინო, ბატონო დიმიტრი, თორემ, შეიძლება, ხვალ ბევრი საქმე გამოგვიჩნდეს და გამოძინებული და დასვენებული უნდა იყო.
– კარგი, გემორჩილები, ოღონდ, თქვენც დაიძინეთ.
– აბა, დილამდე, – დაემშვიდობა გიორგი და თავის ოთახში გავიდა.
იმ ღამეს თითქმის არ უძინიათ – სამივე ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. მხოლოდ გამთენიისას ჩათვლიმეს.
***
მას შემდეგ, რაც ქმარს პუტანასთან წაადგა თავზე საკუთარ საწოლში, ნანიტა მიხვდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეეძლო. ამას „კეთილისმსურველის“ ზარიც დაემატა – შენი ქმარი ახლა, ამ წუთას, ვიღაც „სტარაია დევასთან“ არისო და მისამართიც უთხრა. პრინციპში, ნანიტას უკვე დიდი ხანია, ფეხებზე ეკიდა, რამდენი საყვარელი და რამდენი შემთხვევითი მეძავი იყო დიმიტრის „ანგარიშზე“, მაგრამ, ქალურმა ცნობისმოყვარეობამ თუ თავისი არეული ცხოვრებისთვის წერტილის დასმის სურვილმა სძლია და მითითებულ მისამართზე წასვლა გადაწყვიტა. ნუცა გაოცებული უყურებდა განერვიულებულ დედას, რომელმაც იმ ზარის შემდეგ სადილის მომზადება შეწყვიტა და სასწრაფოდ ჩაცმა დაიწყო.
– სად მიდიხარ, დე? – ჰკითხა დაძაბულმა, რადგან, მიხვდა, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რამაც ნანიტა ძალიან გააღიზიანა და ააფორიაქა.
– რაღაც საქმე გამომიჩნდა. მალე მოვალ. თქვენ მანამდე ჭკვიანად იყავით, არსად წახვიდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკმაოდ პატარა იყო, ნუცა მიხვდა, რომ „რაღაც საქმე“ დედამისს პირადად ეხებოდა, თან, ძალიან მტკივნეულად, ამიტომ, მეტი კითხვა არ დაუსვამს და თავის ოთახში გავიდა.
– ჩემი მობილური რომელმა აიღეთ? – მოულოდნელად იყვირა უკვე კართან მისულმა ნანიტამ, – რამდენჯერ გითხარით, ჩემს ნივთებს ხელი არ ახლოთ-მეთქი?
თორნიკე ჩუმად ადგა და სამზარეულოში გავიდა, იქიდან მობილური გამოუტანა, მიაწოდა და უთხრა:
– აი, შენი ტელეფონი, წეღან თვითონ არ ელაპარაკებოდი ვიღაცას?
– ჰო, – დაიბნა ნანიტა, – მაპატიეთ, რომ გიყვირეთ. მე მალე მოვალ, – თქვა და კარის გაღება დააპირა.
– დედა, – მორიდებით უთხრა თორნიკემ, – არ გინდა, ნუ წახვალ.
– სად ნუ წავალ? – შეკრთა ქალი, – შენ რა იცი, სად მივდივარ?
– ვინ დაგირეკა წეღან? – კითხვა შეუბრუნა შვილმა და თვალებში შეხედა.
– შენ რა, დაკითხვას მიწყობ? – გაღიზიანდა ნანიტა, – გამატარე, საქმეზე მივდივარ!
– დაწყნარდი, გთხოვ, – თორნიკემ გულში ჩაიკრა დედა და პატარა ბავშვივით დაუწყო მოფერება, – გეხვეწები, არ წახვიდე.
– შენ რა იცი, სად მივდივარ? – შვილის სითბომ და თანაგრძნობამ გული აუჩუყა ქალს და ცრემლი მოადგა თვალზე, – გამატარე, მალე მოვალ-მეთქი, ხომ გითხარით.
– მოიცა, მათქმევინე. დაახლოებით ვხვდები, რაც მოხდა, მაგრამ, დამიჯერე, არ ღირს ის ნაძირალა კაცი შენს ამდენ ნერვიულობად.
– ის კაცი მამაშენია და აღარ გაბედო მასზე ასე ლაპარაკი! მე რომც ვეჩხუბო და გავლანძღო, თქვენ არ გაქვთ უფლება...
– დედა, მე პატარა ბიჭი აღარ ვარ. მამაჩემი რომ არის, სწორედ ეგ მაკავებს, თორემ, კარგა ხნის წინ მიიღებდა, რაც დაიმსახურა. მაგრამ, მე მაინც დამნაშავე ვარ...
– ვის წინაშე ხარ დამნაშავე? – ვერ მიხვდა ნანიტა.
– შენ წინაშე, დედა. ვერ დაგიცავი. ვერც ახლა გიცავ...
– ვისგან უნდა დამიცვა, შვილო, მე რა დაცვა მჭირდება?
– დაცვა ყველა ქალს სჭირდება, დედა, მე კი ეს ვერ შევძელი და ამას ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თვს.
– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, შენ ძალიან კარგი შვილი ხარ.
– მე არა ვარ კარგი შვილი, დედა, შენ არც კი იცი, რა ცუდი ვარ! – იყვირა უცებ თორნიკემ, – გთხოვ, არ წახვიდე, თორემ, გაწყენინებ, იცოდე! – ბიჭს ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან, მერე დედას ისევ ჩაეხუტა და უკვე ჩუმად უთხრა: – გთხოვ...
ნანიტაზე ისე იმოქმედა შვილის საქციელმა, კინაღამ გადაიფიქრა წასვლა, მაგრამ, უცებ გული გაიქვავა და საკმაოდ ცივად უთხრა:
– აუცილებლად უნდა წავიდე. ასეა საჭირო.
– ვისთვის არის საჭირო? – უკვე გესლი გაურია ხმაში ბიჭმა.
– ჩემთვის, ჩემთვის არის საჭირო, – რაღაც დაბნეულად თქვა ქალმა და შვილს შეხედა, – და, კიდევ, თქვენთვის, ჩემი შვილებისთვის...
– ვინ ჩვენთვის? – ისტერიულად იყვირა თორნიკემ, – რომელი შვილებისთვის? იმ შვილებისთვის ხომ არა, რომლებსაც თქვენი გაუთავებელი ჩხუბებითა და ლანძღვა-გინებით ბავშვობა წაართვით და ყველა ოცნება დაუნგრიეთ?
– ნუ ყვირი, ბავშვი გაიგონებს, – ნანიტა შვილის დაწყნარებას შეეცადა.
– გაიგონოს, ფეხებზე მკიდია! შენ რა გგონია, ნუცა ვერაფერს ხვდება? თუ იცით ან შენ, ან შენმა ქმარმა, რომ თქვენი ყოველი ჩხუბის შემდეგ ნუცა ჩემთან შემოდის ღამით, გულამოსკვნილი ტირის და მეუბნება, მეშინიაო?! ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერ მოგიკითხავს ჩვენთვის სკოლაში, რამდენჯერ დაინტერესებულხარ, რას შვრებიან ჩემი შვილებიო?! თქვენი წყალობით მე ფეხბურთს დავანებე თავი და ჩემი ოცნებაც სამუდამოდ დავასამარე, ნუცას კი მარტო სიმღერაზე ატარებდით და იქაც აღარ დაგყავთ – ამაზე რომ დრო მოაცდინოთ, როდისღა უნდა იჩხუბოთ და როდის უნდა უთვალთვალოთ ერთმანეთს?! არადა, მახსოვს, მასწავლებელმა გითხრა, ბავშვს საოცარი ნიჭი აქვს და, თუ მიხედავთ, მისგან დიდი მომღერალი დადგებაო. მაგრამ, თქვენი წყალობით, ნუცასგან ისევე დადგება დიდი მომღერალი, როგორც ჩემგან – დიდი ფეხბურთელი. შენი ქმრის დამსახურებაა, ფეხბურთის ყურებაც რომ შემძულდა! – თორნიკე უკვე ხმამაღლა ტიროდა.
– თოკო, დაწყნარდი, გენაცვალოს დედა, გემუდარები, დამშვიდდი, – გულში იხუტებდა ნანიტა შვილს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ბიჭი ოდნავ დამშვიდდა, მერე ქურთუკი მოიცვა და კარი გამოაღო.
– სად მიდიხარ? – შეეშინდა ნანიტას.
– არ ვიცი, ცოტას გავივლი, – თორნიკე დარცხვენილი იყო, – ხომ გითხარი, ცუდი შვილი ვარ-მეთქი; ხომ გითხარი, გაწყენინებ-მეთქი, რატომ მაიძულე ამის გაკეთება? – თქვა და კარი გაიკეტა.
ნანიტა სამზარეულოში შევიდა, კორვალოლი ჩააწვეთა პატარა ჭიქაში, დალია და სკამზე ჩამოჯდა.
შვილის სიტყვებმა გული ატკინა და სულის სიღრმემდე შეძრა. გაორებული შეგრძნება დაეუფლა – წყენის და დანაშაულის შეგრძნების, მაგრამ, ვერ ხვდებოდა, რომელი ჭარბობდა. სახეზე ხელები აიფარა და ჩაფიქრდა. უცებ ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო. დაფეთებულმა მოიშორა ხელები სახიდან და თავის წინ, იატაკზე ფეხმორთხმული ნუცა დაინახა, რომელიც გაფართოებული თვალებით შესცქეროდა. როცა დაინახა, რომ დედამ შეხედა, თანაგრძნობით ჰკითხა:
– დედიკო, რატომ ტირი, რამე გტკივა?
ნანიტას ისე აუჩუყდა გული, რომ ხმის ამოღება ვერ მოახერხა და მხოლოდ თავი გაუქნია უარის ნიშნად.
– აბა, მამიკომ გაწყენინა?
სიტყვა „მამიკოს“ გაგონებაზე ნანიტას უცბად დაავიწყდა ტკივილიც, წყენაც, სინდისის ქენჯნაც და სკამიდან წამოხტა.
– კარი შიგნიდან ჩაკეტე და უცხოს არავის გაუღო. მე მალე დავბრუნდები. თორნიკეც მალე მოვა. შენ მანამდე მულტფილმებს უყურე, კარგი?
– დედიკო, არ წახვიდე, მეშინია მარტო დარჩენა...
– რისი გეშინია, შენ ხომ უკვე დიდი გოგო ხარ? სხვა დროსაც ხომ დარჩენილხარ მარტო ცოტა ხნით, ჰოდა, ახლაც არაფერი მოგივა. გავალ თუ არა, კარი ჩაკეტე და რამით გაერთე... – ნანიტამ ვეღარ გაბედა, თვალებში შეეხედა აცრემლებული შვილისთვის, ჩანთას ხელი დაავლო და კარი გაიჯახუნა.
„კეთილისმსურველის“ მიერ დასახელებულ მისამართზე ტაქსით მივიდა და სადარბაზოსთან ოციოდე მეტრში გააჩერებინა, მერე ფანჯარა ჩამოწია და იქაურობა ყურადღებით მოათვალიერა. სადარბაზოს მარცხნივ, იასამნის ბუჩქთან, დიმიტრის მანქანა დაინახა და ვერც კი მიხვდა, ეწყინა თუ გაუხარდა.
– ვინმეს ველოდებით, ქალბატონო? – არც კი შემობრუნებულა მისკენ, ისე ჰკითხა ახალგაზრდა მძღოლმა.
– დიახ, – ცოტა დაგვიანებით უპასუხა ქალმა.
ათიოდე წუთის შემდეგ მძღოლი მგზავრისკენ მოტრიალდა და უკმაყოფილო ხმით შეახსენა:
– ქალბატონო, მთელი დღე აქ ხომ არ ვიდგები, დაურეკეთ იმ თქვენს ნაცნობს, რომ დროზე გამოვიდეს.
– ტელეფონის ნომერი არ ვიცი, – მექანიკურად უპასუხა ნანიტამ, თან სადარბაზოსთვის თვალი არ მოუშორებია.
– მაშინ, მე გამისტუმრეთ და, როცა ის თქვენი ახლობელი გამოვა, სხვა ტაქსი აიყვანეთ, მეც ჩემი საქმე მაქვს, – უკმაყოფილება აღარ დაფარა მძღოლმა.
– ორი საათის განმავლობაში რამდენი ლარი გამოგდის? – ჰკითხა უცებ და თვითონვე უპასუხა: – ალბათ, მინიმუმ – ათი, მაქსიმუმ – ოცდაათი-ორმოცი, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ხომ მართალი ვარ?
– არ ხართ მართალი, მაგრამ, ის მაინც გამაგებინეთ, რა გინდათ? – ბიჭი დაახლოებით მიხვდა, რაც ხდებოდა.
– კარგი, გეტყვი, – მაშინვე დაეთანხმა ნანიტა, – ჩვენ აქ ვიდგებით მანამ, სანამ იმ სადარბაზოდან არ გამოვა ის, ვისაც მე ველოდები. მერე კი ისე მოიქცევი, როგორც მე გეტყვი: ან ისევ იქ მიმიყვან, სადაც წეღან გაგაჩერე, ან უკან გავყვებით იმას, ვინც იმ სადარბაზოდან უნდა გამოვიდეს. თუ გავყევით, ოთხმოც ლარს გადაგიხდი, თუ არა – ორმოცდაათს. გაწყობს?
– კარგი, თანახმა ვარ, დაველოდოთ, – მძღოლმა გვერდითა სავარძელზე დაგდებული გაზეთი აიღო და გადაშალა.
ნანიტამ სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და კვამლი ნახევრად ღია ფანჯარაში გაუშვა. რამდენიმე ნაფაზით ღერი ბოლომდე ჩაიყვანა და ახალს მოუკიდა. დრო ნელა გადიოდა. ნანიტას თვალები ასტკივდა, ისე დაძაბული მისჩერებოდა წარწერებით აჭრელებული სადარბაზოს საღებავგადაქექილ კარს. ამ უაზრო ლოდინმა ნერვები აუშალა. ვინმესთან დალაპარაკება და გულის გადაშლა მოუნდა, მაგრამ, მძღოლს ხომ არ მოუყვებოდა, რაც სჭირდა. ცოტა ხნის შემდეგ აწრიალდა, მოუსვენრობამ შეიპყრო და თავი შეუძლოდ იგრძნო.
მძღოლი სარკიდან ადევნებდა თვალს. რამდენიმე წუთის შემდეგ მისკენ შებრუნდა და, თანაგრძნობით ჰკითხა:
– ქალბატონო, ცუდად ხომ არ ხართ? ბარდაჩოკში ყველანაირი წამალი მაქვს, თუ გნებავთ...
– არა, წამლები არ მინდა. თუ არ შეწუხდები, რამეზე დამელაპარაკე, თორემ, ალბათ, გავგიჟდები, – შინაურულად სთხოვა ქალმა.
– რაზე დაგელაპარაკოთ?
– სულერთია, რაზეც გინდა, პოლიტიკისა და სპორტის გარდა.
– მაშინ, თუ არ გეწყინებათ, პირდაპირ გკითხავთ: ქმარს უთვალთვალებთ?
– ჰო, თითქმის გამოიცანი, აღარ დამალა ნანიტამ, – ოღონდ, კი არ ვუთვალთვალებ, რაღაცაში მინდა დავრწმუნდე, – ნანიტას თვითონაც გაუკვირდა, რომ სულ არ გაბრაზებულა მძღოლის ასე თუ ისე თამამი შეკითხვის გამო; უფრო პირიქით მოხდა – გაუხარდა კიდეც, რომ დალაპარაკების საშუალება მიეცა.
– კეთილისმსურველებმა დაგირეკეს და მისამართი გითხრეს? – გაეღიმა მძღოლს.
– შენ რა იცი? – შეჰყვირა ნანიტამ, – შენ ვინ გითხრა?
– არავინ, – ისევ ღიმილით განაგრძო ბიჭმა, – უბრალოდ, ნაცნობი სიტუაციაა და იმიტომ მივხვდი.
– ნაცნობი სიტუაცია? – გაუკვირდა ნანიტას, – რა, შენც ასეთივე რამ შეგემთხვა?
– დიახ, ქალბატონო. მეც მქონდა ერთხელ ერთი პატარა „გვერდზე გახედვა“ და მეორე დღესვე დაურეკა ვიღაცამ ჩემს ცოლს. შენი კეთილისმსურველი ვარო, უთხრა და იმ ქალის მისამართიც ჩააწერინა, ვისთანაც ვიყავი. ჩემი ცოლიც, ასე, თქვენსავით, დამიდარაჯდა იმ გოგოს სახლთან და, სადარბაზოდან რომ გამოვედი, მეცა და მთელი სახე ჩამომკაწრა, თან სულ უკანასკნელი სიტყვებით მლანძღა მთელი კორპუსის გასაგონად, – გაეცინა მძღოლს.
– მერე, გაშორდი?
– არა, მაპატია. მაშინ ერთი შვილი გვყავდა, ახლა უკვე სამი გვყავს – „გვერდზე” რომ აღარ გამეხედა, ზედიზედ მიაყოლა ორი ბიჭი.
– კი მაგრამ, რამდენი წლის ხარ, ცოლი აკვანში შეირთე?
– თითქმის ეგრე გამოდის. სკოლა რომ დავამთავრეთ, ბანკეტიდან გავიპარეთ – ერთ კლასში ვსწავლობდით. მესამე კლასიდან გვიყვარს ერთმანეთი. ახლა 28 წლის ვართ და უკვე სამი მოზრდილი შვილი გვყავს. ბავშვებს გეფიცებით, იმის მერე ერთხელაც აღარ მიღალატია ჩემი ცოლისთვის და ისევ ძველებურად მიყვარს. მაშინაც ახალგაზრდობით მომივიდა.
– რა გქვია?
– ძალიან ძველებური სახელი მქვია, უკვე მივიწყებული, მაგრამ, მე ძალიან მომწონს. პაპაჩემმა დამარქვა თავისი პაპის სახელი – მახარე.
– მახარე... – ჩაილაპარაკა ნანიტამ, – მართლაც ლამაზი სახელია და ძალიან დადებითი ენერგეტიკა მოდის შენგანაც, შენი სახელისგანაც და, საერთოდ, კარგი ბიჭი ჩანხარ, გულწრფელად გეუბნები.
– მადლობელი ვარ შექებისთვის, – გაეღიმა მახარეს, – თქვენც ძალიან სიმპათიური ქალბატონი ბრძანდებით. დარწმუნებული ვარ, უყვარხართ თქვენს ქმარს, უბრალოდ, კაცებს ხანდახან გვემართება ხოლმე ასეთი გადაცდომები და უნდა გვაპატიოთ ცოლებმა, რადგან, მაინც თქვენ გვიყვარხართ – ჩვენი შვილების დედები.
– სტოპ! მეტი აღარაფერი თქვა, თორემ წამიხდება შენზე შთაბეჭდილება! – ხელის აწევით შეაჩერა ნანიტამ.
– რატომ? – გაუკვირდა მძღოლს.
– იმიტომ, რომ ვერ ვიტან გაცვეთილ, ტრაფარეტულ ფრაზებს და კაცების ნაძირლობების გამართლებას მხოლოდ იმ მოიტივით, რომ ისინი კაცები არიან. რაც შეეხება ჩემს ქმარს და, საერთოდ, ჩემს სიტუაციას, აქ სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლის განხილვასაც, რა თქმა უნდა, შენთან არ დავიწყებ. უბრალოდ, გეტყვი იმას, რომ აქ სცენების გასამართავად კი არ ველოდები ჩემს ქმარს, არამედ, მინდა, ჩემი თვალით დავინახო ვიღაც ფეხებგაღუნულ შინაბერასთან ერთად (რატომ წარმოიდგინა ნანიტამ ის ქალი გაღუნული ფეხებით, თვითონაც არ იცოდა) და ამით საკუთარ თავს შემოვულაწუნო, რომ გამოვფხიზლდე... მგონი, გამოდის... ერთად გამოდიან, – ნანიტა, რატომღაც, ჩურჩულზე გადავიდა, – გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო და ის გააკეთე, რასაც მე გეტყვი.
– გისმენთ, ქალბატონო, – მაშინვე დაემორჩილა მძღოლი.
– ახლა ნელ-ნელა მიუახლოვდი ჩემი ქმრის მანქანას, ძალიან ნელა. დანარჩენს მერე გეტყვი.
მახარემ ტაქსი დაძრა და ნელი სვლით დაიძრა შავ „ჯიპთან“ მდგარი წყვილისკენ.
– მარინა, გინდა, საჭესთან დაგსვა? – ხმამაღლა ჰკითხა დიმიტრიმ ქალს და სწორედ ამ დროს ჩაუარა გვერდზე ტაქსიმ, რომელსაც უკანა კარის მინა ჩაწეული ჰქონდა და იქიდან ნანიტა იყურებოდა დამცინავი ღიმილით, მაგრამ, სანამ დაბნეულობისგან ხმის ამოღება მოახერხა, ტაქსიმ ნელი სვლით ჩაუარა და პროსპექტზე გავიდა.
ნანიტამ მძღოლს სახლში მიაყვანინა თავი და, როგორც შეჰპირდა, ორმოცდაათლარიანი გაუწოდა, მაგრამ ბიჭმა არ გამოართვა:
– არ არის საჭირო, ქალბატონო, მე თქვენ ფულს ვერ გამოგართმევთ. ჩათვალეთ, რომ საჩუქარი გაგიკეთეთ, – თქვა მახარემ და ღიმილით დაამატა: – პატივისცემის ნიშნად და, კიდევ, იმის გამო, რომ რაღაცით დედაჩემი გამახსენეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. თუ ტაქსი დაგჭირდათ, აი, ჩემი მობილურის ნომერი, დამირეკეთ და მაშინვე თქვენთან გავჩნდები, – მერე პატარა ფურცელი მიაწოდა გაოცებულ ქალს, ხელი დაუქნია და ისე სწრაფად წავიდა, ნანიტამ მადლობის თქმაც ვერ მოასწრო.
სახლში მისულს შვილებმა წყენით შეხედეს, თუმცა, არაფერი უთხრეს.
– ორივეს ბოდიშს გიხდით, მაგრამ, ჩემი წასვლა აუცილებელი იყო. მარტო ჩემთვის არა, თქვენთვისაც აუცილებელი. ამას ახლა ვერ აგიხსნით, მაგრამ, დადგება დრო, რომ გამიგებთ და მაპატიებთ. ახლა კი შევრიგდეთ, კარგი?
ბავშვებმა იგრძნეს, რომ დედა ახლა მართლაც გაცილებით უფრო მშვიდი იყო, ვიდრე წასვლამდე. ალღოთი მიხვდნენ, რომ უნდა ეპატიებინათ და ორივე მაშინვე ჩაეხუტა. მერე კი ნანიტამ სასწრაფოდ დაასრულა სადილის მომზადება და სამივემ ერთად ისადილა. მამა არც ერთს არ უხსენებია.
იმ ღამეს დიმიტრი სახლში არ მისულა – არც ახსნა-განმარტების ნერვები ჰქონდა (თუმცა, ამით დიდად არასდროს შეუწუხებია თავი) და არც ჩხუბის განწყობა. ნანიტას გაუხარდა კიდეც, რომ ერთი ღამე მაინც ჰქონდა თავის მომავალზე კარგად დასაფიქრებლად.
მთელი თავისი ცხოვრების თითქმის ყოველი დღე გაიხსენა – დიმიტრის გაცნობის წუთიდან იმ მომენტამდე, როცა იმ შინაბერა მარინასთან ერთად დაინახა; გაიხსენა და ისეთი ვერაფერი აღმოაჩინა, რომ დავიწყება დანანებოდა! არა, რა თქმა უნდა, იყო შედარებით ნათელი დღეები, უფრო სწორად – საათები, მაგრამ, მაინც „შედარებით“ ერქვა და, შედარებით ნათელიც, ალბათ, უფრო იმიტომ იყო, რომ არ „მოიცავდა“ ჩხუბს, ლანძღვა-გინებას, დამცირებასა თუ ხელით შეხებას. ამიტომ, დასანანიც არაფერი იყო, გარდა იმ წლებისა, რომლებიც მასთან ერთად გაატარა. წარსულში ამ მოკლე „ექსკურსის” შემდეგ, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ დაესრულებინა ეს მრავალწლიანი კოშმარი – მოვიდოდა თუ არა დიმიტრი, მაშინვე დაესვა საკითხი გაყრაზე. მაგრამ, ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც იმ ღამით ეგონა. მეორე დღეს დიმიტრი დაბრუნდა სახლში, მაგრამ, კარგა ხნის განმავლობაში არც ცოლს ეკონტაქტებოდა და, პრაქტიკულად, არც შვილებს. მხოლოდ ხანდახან, როცა ნასვამი ბრუნდებოდა, ცინიკურად მოითხოვდა ნანიტასგან ცოლის მოვალეობის შესრულებას და, როცა უარს იღებდა, ძალით იმორჩილებდა, მერე კი, დამცირებულსა და შეურაცხყოფილს, მიატოვებდა, რამდენიმე დღით იკარგებოდა სახლიდან, ხოლო, როცა ბრუნდებოდა, საცემად იწევდა ნანიტაზე და თორნიკეზე, რომელიც დედის დაცვას ცდილობდა.
ნანიტას საკუთარი თავი ისე არ ადარდებდა, როგორც შვილების მდგომარეობა, რადგან, გამხეცებული დიმიტრი ხშირად მათ თვალწინ აწყობდა დებოშებს, ეხებოდა ხელით და ამის გამო ბავშვები სულ დაძაბულები და შეშინებულები იყვნენ, სწავლასაც მოუკლეს და სახლში ყოფნაც შესძულდათ. აკი წაუყენა კიდეც ბრალი თორნიკემ, ბავშვობა წაგვართვით და მომავალი დაგვინგრიეთო.
ერთ დღეს, დიმიტრი სახლში რომ დაბრუნდა, ხმა არავისთვის გაუცია, ისე შევიდა თავის ოთახში და ვიღაცას დაურეკა. ნაწყვეტ-ნაწყვეტად გაგონილი სიტყვებიდან ნანიტა მიხვდა, რომ მის ქმარს სამსახურში რაღაც სერიოზული უსიამოვნება ჰქონდა, მაგრამ, მაინც გადაწყვიტა, პირდაპირ ეთქვა სათქმელი, ყოველგვარი მიკიბვა-მოკიბვის გარეშე.
– ყავა მომიდუღე და მერე ერთი ხელი ტანსაცმელი ჩამილაგე ჩანთაში. რამდენიმე დღით აგარაკზე ავდივარ, პარტნიორები ჩამოდიან და იქ უნდა მივიღო, – ისე ჩვეულებრივად უთხრა სამზარეულოში სკამზე ჩამომჯდარ ცოლს, თითქოს რამდენიმე დღის წინ გაუპატიურებული და ნაცემი არ მიატოვა და უკანასკნელი სიტყვებით არ აგინა.
სწორედ ამ „ვითომ არაფერი მომხდარა“ ტონმა გაუწყვიტა ნანიტას მოთმინებისა და გაძლების ბოლო ძაფი და დაარწმუნა, რომ ასე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, არც კი განძრეულა და მთავარი ფრაზის სათქმელად მოემზადა.
– ვერ გაიგე, რა გითხარი? – ისევ ჩვეულებრივი ხმით უთხრა ქმარმა. ეტყობა, მართლა ძალიან ცუდად ჰქონდა სამსახურში საქმე, ან, რაღაც ვერაგული ჰქონდა ჩაფიქრებული, თორემ, სხვა დროს მთელ სახლს თავზე დაამხობდა, როგორ თუ მაშინვე არ წამოხტი და არ შეასრულე ჩემი ბრძანებაო.
– გავიგე, – ნანიტა შეეცადა, თვითონაც მშვიდად ეპასუხა.
– მერე? მეჩქარება-მეთქი, ხომ გითხარი? – ოდნავ გაურია ხმაში პრეტენზია დიმიტრიმ, – აღარ მაღირსებ ერთ ჭიქა ყავას?
– არა, – მოკლედ უპასუხა ნანიტამ.
– ბატონო? ვერ გავიგე, რა თქვი? – წარბი ასწია დიმიტრიმ.
– დღეს განცხადება შევიტანე გაყრაზე, – თქვა ნანიტამ და თვალებში თამამად შეხედა გაგონილით გაოცებულ ქმარს.
– შენ რა, საყვარელი გაიჩინე და ჩემი თავიდან მოშორება გადაწყვიტე? – ვითომ იხუმრა დიმიტრიმ.
– სისულელეების ბოდვას თავი დაანებე! სერიოზულად გეუბნები, გეყრები! – შეუტია ნანიტამ.
– ჰო, პრინციპში, შენს მორალში ეჭვის შეტანა მართლაც სისულელეა, – სერიოზულად დაეთანხმა ქმარი, – ამ მხრივ, ნამდვილად ბოლომდე შეიძლება შენი ნდობა.
– ნდობისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ, მე არ გეხუმრები.
– ბავშვები სად არიან?
– ნუცა ეზოშია, თორნიკე მაღაზიაში გავგზავნე. მინდოდა, მათ მოსვლამდე ჩამეყენებინე საქმის კურსში.
– როდემდე დაუმალავ?
– არ დავუმალავ, ვეტყვი, მაგრამ, ერთბაშად არა, თანდათან შევაჩვევ, ნელ-ნელა.
– მე ახლა არ მცალია ამ თემაზე სალაპარაკოდ. როგორც უკვე გითხარი, რამდენიმე დღით აგარაკზე ავდივარ, სერიოზული საქმეები მაქვს...
– ჰო, ვიცი, აგარაკზე ყოველთვის სერიოზული საქმეებისთვის ადიხარ ხოლმე, – ვერ მოითმინა და მაინც წაგესლა ნანიტამ.
– მართლა საქმე მაქვს-მეთქი. ფინანსური კომისია მიზის სამსახურში, რაღაც დარღვევები აღმოგვიჩინა და ჩემს პარტნიორებთან ერთად უნდა გადავამოწმო მთელი დოკუმენტაცია, – ნანიტას გასაკვირად, ისევ მშვიდად უპასუხა დიმიტრიმ, – ამიტომ, მაგ სისულელეებზე სალაპარაკოდ ახლა არ მცალია. რომ დავბრუნდები, ეგ თემა მაშინ განვიხილოთ.
– ეს სისულელე არ არის. მე ჯერ არ მინდა, რომ მოვკვდე, ჯერ კიდევ ვჭირდები ჩემს შვილებს, შენს ხელში კი დიდხანს ვერ ვიცოცხლებ.
– ანუ, ორივეს შენთან იტოვებ?
– ორივეს.
– იქნებ რომელიმემ ჩემთან მოინდომოს ცხოვრება?
– ეჭვი მეპარება, მაგრამ, რომ დაბრუნდები, თუ გინდა, ჰკითხე.
– კარგი. ახლა კი ყავა მომიდუღე და ჩანთა ჩამილაგე, მეჩქარება.
– თვითონაც კარგად მოახერხებ. როცა მე მჭირდება რამე, შენ არ გავალებ, – მიახალა ნანიტამ და გამომწვევად შეხედა თვალებში.
დიმიტრი იმდენად გააოგნა ცოლის სითამამემ, რომ პასუხის გაცემაც კი ვერ მოახერხა, მხოლოდ ერთი შეუკურთხა, მერე თვითონ ჩაყარა თავისი ნივთები ჩანთაში და კარი გაიჯახუნა.
ნანიტამ შვებით ამოისუნთქა, თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდან. მთავარი ნაბიჯი გადადგმული იყო, დანარჩენი კი მხოლოდ დროზე იყო დამოკიდებული.
***
დიმიტრის წასვლის შემდეგ ორი დღე ნანიტამ მშვიდად და ბედნიერად გაატარა შვილებთან ერთად. მესამე დღე შაბათი იყო. თორნიკემ დილითვე სთხოვა, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებული და, თუ შეგიძლია, საჩუქრისთვის ოცი ლარი მომეციო. ნანიტამ მაშინვე გამოუტანა ფული და შვილის ტანსაცმლის მოწესრიგებას შეუდგა. თორნიკე კომპიუტერს მიუჯდა. ბიჭმა უცებ იგრძნო, რომ, როცა მამა სახლში არ იყო, მშვიდად გრძნობდა თავს, სიამოვნებდა დედასთან და პატარა დასთან ერთად ყოფნა და ძმაკაცებთანაც კი აღარ უნდოდა ხოლმე წასვლა.
რომ მოსაღამოვდა და თორნიკემ დაბადების დღეზე წასასვლელად მომზადება დაიწყო, ნუცა აზლუქუნდა, მეც წამიყვანოსო.
– წაიყვანე, დედა, ცოტას გაერთობა ბავშვი, – სთხოვა ნანიტამ თორნიკეს.
– რა უნდა ჩემს მეგობრებში, ვინ დადის დაბადების დღეზე და-ძმებთან ერთად? – გაბრაზდა ბიჭი, – არ შეიძლება, ერთხელ ჩემს გემოზე სადმე წავიდე?
– მაშინ, მეც ვინმესთან გამიშვი, – სთხოვა აცრემლებულმა ბავშვმა.
– უკვე ბინდდება, ვისთან უნდა გაგიშვა, შენ ხომ არ გაგიჟდი? – შეუწყრა შვილს ნანიტა, – ნამცხვარი უნდა გამოგიცხოთ და, თუ გინდა, შენც დამეხმარე.
– არ მინდა შენი ნამცხვარი, მეც მინდა ვინმესთან წასვლა! – გაჯიუტდა გოგო.
– თუ გინდა, ანანოს დაურეკე და აქ მოვიდეს.
– ანანოს აქ მოსვლა არ მინდა, მაშინ, მე წავალ ანანოსთან, – სთხოვა ნუცამ, – ოღონდ, შენ დაურეკე დედამისს და უთხარი.
– კარგი ანანოსთან გაგიშვებ ერთი საათით, ითამაშეთ და დროზე ჩამოდი, არ მანერვიულო.
– აუ, ერთი საათი ცოტაა! – ისევ გაჭირვეულდა ნუცა.
– გაუშვი, დედა, რა მოხდა, ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობენ, შორს ხომ არ არიან. ავა, ცოტას გაერთობა და ჩამოვა, ჯერ ხომ მაინც ადრეა. თან, შაბათია და სამეცადინოც არ ექნებათ, – დიდი კაცივით ჩაერია თორნიკე.
– კარგი, ბატონო, წავიდეს, – დაეთანხმა ნანიტა, – ოღონდ, ძალიან გვიანობამდე მაინც ნუ დარჩები, უხერხულია.
ნუცამ მადლიერი თვალებით შეხედა ძმას, მერე გაიქცა, კისერზე ჩამოეკიდა და აკოცა.
– მე არ მაკოცებ? – გაეცინა ნანიტას.
– შენ, ანანოს დედას რომ დაურეკავ, მერე გაკოცებ, – უთხრა ბავშვმა და ტელეფონი მიაწოდა.
შვილები რომ გაისტუმრა, ნანიტამ წინსაფარი გაიკეთა, ნამცხვრის მასალა მაგიდაზე დააწყო, ელექტროღუმელი ჩართო.
უცებ ძალიან მოუნდა მოწევა და თავის ოთახში გავიდა სიგარეტის ასაღებად. კოლოფი ცარიელი დახვდა. ნერვები აეშალა – ძალიან ეზარებოდა მაღაზიაში ჩასვლა, მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდა. ფული და ბინის გასაღები აიღო, ჟაკეტი მოიცვა და კარი გაიკეტა. მაღაზია იქვე იყო, გვერდითა კორპუსის პირველ სართულზე. ნანიტამ სიგარეტი იყიდა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა სახლისკენ, რადგან, ელექტროღუმელი ჩართული დატოვა და მაინც ეშინოდა, რამე არ მომხდარიყო. თავჩაღუნული მიდიოდა და იმაზე ფიქრობდა, დიმიტრი რომ დაბრუნდებოდა აგარაკიდან, როგორ მოქცეულიყო.
სადარბაზოს კართან ვიღაც კაცი იდგა და საეჭვოდ წრიალებდა. ნანიტამ თითქმის სირბილით აუარა გვერდი, სადარბაზოში შევიდა და გულაფანცქალებულმა მიაჭირა თითი ლიფტის ღილაკს. ლიფტმა ჩამოსვლა დააგვიანა – ეტყობა, ბოლო სართულზე ავიდა ვიღაცა. თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ ნანიტას ძალიან შეეშინდა. საერთოდ, მშიშარა არ იყო, მით უმეტეს, „თავის“ ტერიტორიაზე რა უნდა გაებედა ვინმეს, მაგრამ, გული ცუდს უგრძნობდა. როგორც იქნა, ლიფტის კარი გაიღო. ნანიტა სწრაფად შევიდა და, ის იყო, სართულის ღილაკზე უნდა მიეჭირა თითი, რომ ლიფტში სწორედ ის კაცი შევიდა, რომელიც ქალმა სადარბაზოსთან დაინახა.
– შეიძლება, დაგემგზავროთ? – ჰკითხა მამაკაცმა, – ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ...
ნანიტა შიშისგან თავჩაღუნული იდგა, მაგრამ, კაცის ხმა ეცნო და თავი ასწია, რომ თავისი თანამგზავრისთვის შეეხედა. შეხედა და გაოცებისგან შეკრთა: მის წინ გუგა იდგა, უფრო სწორად, გუგას აჩრდილი, რომელიც დაჟინებით შეჰყურებდა თვალებში ყოფილ საცოლეს და ტუჩებზე უსიამოვნო ღიმილი დასთამაშებდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში