კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაქცევა წარსულისგან

ჯორჯ ოლი, „ლანჩ ქლაბის“ პრეზიდენტი, სიამაყით ათვალიერებდა საკუთარ რესტორანს, რომელშიც ცხოვრება ჩქეფდა. წარმატება მასთან ადვილად არ მოსულა. შრომა არ ეზარებოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა სიმდიდრისა და თვითდამკვიდრებისკენ. მაგრამ, მხოლოდ მან იცოდა, რომ ასეთი წარმატება მასთან მაინც თავისი კრიმინალური წარსულის წყალობით მოვიდა. ჯორჯი ახლა უკვე ყველა საშუალებით ცდილობდა, ის წლები საერთოდ ამოეშალა მეხსიერებიდან. ბანკის გაძარცვის შემდეგ, რომლიდანაც მშრალად გამოძვრა, მუდმივ შიშში ცხოვრობდა. ფული საიმედო ადგილას ჰქონდა გადანახული. სამუშაოდ ამ რესტორანში მოეწყო. მაშინ ის უბრალო სასადილო უფრო იყო, ვიდრე რესტორანი. მზარეულის თანაშემწეობით დაიწყო და ნელ-ნელა, ნარჩენების გატანიდან და პროდუქტების მომზადებიდან, სერიოოზულ შეფ-მზარეულად იქცა. მერე, როცა გაიგო, რომ მეპატრონე ბიზნესს ყიდდა, მომენტით ისარგებლა და ძარცვით ნაშოვნი ფული სარფიანად დააბანდა. ყოველ ცენტს გულდასმით აკონტროლებდა. ორ წელიწადში იმდენი მოახერხა, რომ შენობა გააფართოვა, გაარემონტა, წინ ავტოპარკინგი მოაწყო საბავშვო მოედანთან ერთად და მისი დაწესებულება პატარა ქალაქში მოქალაქეების ყველაზე საყვარელ ადგილად იქცა. დღისით უფრო საქმიანი ადამიანები აკითხავდნენ ლანჩისთვის, საღამოობით მხიარული ახალგაზრდები მოდიოდნენ, შაბათ-კვირას კი – ოჯახები. ჯორჯი კმაყოფილი იყო: მისი ბიზნესი ყვაოდა. ყველაფერი საათივით იყო აწყობილი და ამაში წვლილი ოლის მთავარ ოფიციანტს, სტელას მიუძღოდა. ჯორჯი ჭკუას კარგავდა ამ ქალისთვის. სტელა იშვიათი გემოვნებით იცვამდა. რესტორნის ფორმაც კი ისე მოხდენილად ადგა კოხტა ტანზე, რომ მამაკაცები გულგრილები ვერ რჩებოდნენ მის მიმართ – აღფრთოვანებულ მზერას და ოხვრას ერთდროულად გააყოლებდნენ ხოლმე, როცა მაგიდებს შორის ნარნარად გაივლიდა. მაგრამ სტელას თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა, მკაცრადაც კი. ღიმილიც მოზომილი ჰქონდა. ახლოს არავის უშვებდა და ჯორჯს თავს აკარგვინებდა.

სტელას შესახებ მარტო ის იცოდა, რომ რესტორანთან ახლოს პატარა, სუფთა და კომფორტული ბინა ჰქონდა დაქირავებული. საღამოს, რესტორნის დაკეტვის შემდეგ, პირდაპირ სახლში ბრუნდებოდა და არსად გადიოდა. შაბათ საღამოს კი კინოში უყვარდა წასვლა – ერთ ბილეთს ყიდულობდა თავისთვის. ახალ ფილმს ნახავდა და სულ ეს იყო მისი გართობა. ჯორჯი მასთან დაახლოების გზებს ეძებდა, თუმცა, პირველი ნაბიჯი ვერა და ვერ გადადგა...

კლიენტმა ჯორჯის ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა მან მენიუ მაგიდის ზედაპირზე გამეტებით დაახეთქა და ხმამაღლა იყვირა:

– მე კი გეუბნებით, კრევეტები მინდა კამის სოუსში. ახლავე მომიტანეთ!

ჯორჯი მაშინვე გამოვიდა ბარიდან და მაგიდასთან მივიდა. ზორბა მამაკაცი, ბრაზიანი გამომეტყველებით, ოფიციანტს უკვე მუშტს უტრიალებდა ცხვირწინ.

– ახლავე მომიტანეთ კრევეტები, თორემ ამ მაგიდას ავაყირავებ!

გვიანი დრო იყო. სამუშაო დღე მთავრდებოდა. რესტორანი მალე უნდა დაკეტილიყო და დღის ნავაჭრი დაეთვალათ. კრევეტები მენიუში არ ჰქონდათ. ჯორჯმა ოფიციანტს ანიშნა, შენ წადი, ამას მე მივხედავო, მაგიდასთან უფრო ახლოს მივიდა და უნებლიეთ წამოიყვირა:

– ლარი?! ეს შენ ხარ?

მამაკაცმა ირონიულად ჩაიცინა:

– ჯორჯი? კარგია, რომ მალევე მიცანი. მომიტანენ შენს ოხერ რესტორანში კრევეტებს თუ...

– მე თვითონ მოგიმზადებ... წამოდი, განსაკუთრებული კლიენტებისთვის განკუთვნილ ოთახში მოგემსახურები, – ჯორჯს უსიამოვნო ჟრჟოლამ დაუარა. რა თქმა უნდა, იცნო ძველი თანამზრახველი. წარსულის აჩრდილთან შეხვედრა კარგს არაფერს უქადდა. ახლა მთავარი იყო, რას მოითხოვდა მისგან ლარი, მეტსახელად „ულმობელი“.

სამზარეულოში სტელა დახვდა. შეფი წინსაფარაფარებული რომ დაინახა, ძალიან გაუკვირდა.

– რა ხდება, მისტერ ჯორჯ? ვისთვის ამზადებთ კერძს?

– ერთი ძველი მეგობრისთვის, – ამოიოხრა ჯორჯმა, – დიდი ხანია, არ მინახავს.

– ეტყობა, ძალიან დიდი ხანია, იმიტომ რომ, გაოცებასთან ერთად შიშსაც გამჩნევთ. მე მოვამზადებ კრევეტებს. მიდით მასთან, დაელაპარაკეთ. არაფრის კითხვას არ ვაპირებ, მაგრამ, თუ დაგჭირდებათ, აქვე ვიქნები.

ლარი მთავარ დარბაზში დაუხვდა. რესტორანში აღარავინ იყო. კარი შიგნიდან ჩაეკეტა და იქაურობას მუშტრის თვალით ზვერავდა:

– კარგად კი მოწყობილხარ, ჯორჯ... ძველი მეგობრები კი დაივიწყე...

– ციხიდან გამოიქეცი? – ჰკითხა ჯორჯმა.

– არა. კარგი საქციელისთვის გამომიშვეს. შვიდი წელი ცოტა არ არის, მით უმეტეს, როცა კრევეტებს არავინ გაჭმევს... გახსოვს, როგორ გამოძვერი მაშინ? მე ერთი სიტყვაც არ დამიძრავს შენზე, მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. ნებისმიერ დროს შემიძლია, მივიდე პოლიციაში და ვთქვა, რომ იმ საქმეში მარტო არ ვიყავი...

– რა გინდა, ლარი? მე ჩემს წარსულთან კავშირი გავწყვიტე. ბევრი ვიშრომე, რომ ამ ყველაფრისთვის მიმეღწია...

– ჰო?! ანუ, ახლა გამოსწორდი და კარგი ბიჭი გახდი? მეეჭვება, პოლიციამ ეს გაითვალისწინოს, როცა შენ წინააღმდეგ საქმე აღიძვრება.

– რა გინდა, ლარი?

დაუპატიჟებელმა სტუმარმა ხელები გაშალა:

– კარგი ცხოვრება... შენი კომპანიონი უნდა გავხდე. ფულს პატიოსნად გავიყოფთ: შემოსავლის ოთხმოც პროცენტს მე წავიღებ, ოცს შენ დაგიტოვებ. რესტორნის მართვაში არ ჩავერევი. შეგიძლია, შენი საქმე განაგრძო. ციხიდან გამოსულმა შემნახველი სალარო გავძარცვე. ფული ცოტა იყო და დიდხანს არ მეყო. წესიერი ტანსაცმელი მაინც ხომ უნდა მეყიდა? მგონი, სამართლიან პარტნიორობას გთავაზობ. თუმცა, გაფრთხილებ, არც იფიქრო, ერთი ცენტი მაინც დამიმალო. საგადასახადო ინსპექტორზე უკეთესი ალღო მაქვს და ჩემთან ეს არ გაგივა. ახლა კრევეტები მომიტანე, მერე კი სალაროს გახსნი და დღევანდელ ნავაჭრს მთლიანად მომცემ... და, კიდევ, ის შენი ნაშაც თანაბრად უნდა გავიყოთ. მომეწონა. თუ პარტნიორობაა, პარტნიორობა იყოს.

ჯორჯს სახეზე სისხლი მოაწვა:

– მომისმინე, ლარი...

ლარიმ გაოცებით შეხედა:

– რაო?! რისი თქმა გინდა? დაგავიწყდა ჩემი მეტსახელი? წინააღმდეგობის გაწევას არ გირჩევ. იცი, რას გეტყვი? მოდი, ჯერ ფულს ავიღებ, კრევეტებს კი მერე შევექცევი და უფრო გემრიელადაც მივირთმევ. დესერტად შენს ოფიციანტს დავაყოლებ... წამოდი, სალარო გახსენი...

ჯორჯი შეყოყმანდა. ლარიმ გაიცინა და ქამრიდან რევოლვერი ამოიღო:

– მეგონა, მეტი დამაჯერებლობისთვის ეს არ დამჭირდებოდა, მაგრამ, რა გაეწყობა, – გახსენი სალარო!

სწორედ ამ დროს ოთახში სტელა შემოვიდა – ლანგრით კრევეტები მოჰქონდა. ლარის ბოლო სიტყვებიც გაიგონა და რევოლვერიც დაინახა. ლანგარი სწრაფად დადგა მაგიდაზე, სალაროსთან მიირბინა, გახსნა და მთელი ქაღალდის ფული მუჭით ამოიღო. ლარის სახე გაებადრა:

– ეს გოგო მომწონს. აშკარად შენზე უკეთ აზროვნებს, ჯორჯ. ჩვენ ერთმანეთს კარგად გავუგებთ, პატარავ. სამი ათასი დოლარი... უყურე?! ყოჩაღ, ჯორჯ, ყოჩაღ! მშვენიერი ცხოვრება გვექნება...

ლარიმ ფული ჯიბეში ჩაიკუჭა, კრევეტები შეჭამა და გაიზმორა:

– ახლა წავალ და გვიან დავბრუნდები შენთან, ლამაზო...

როგორც კი ლარი გავიდა, სტელა ამოქმედდა: სამზარეულოდან ხორცის დასაბეგვი გამოიტანა, სალარო გატეხა და რესტორნის დიდი მინაც ჩაამსხვრია... 

– რას აკეთებ? – გაოგნდა ჯორჯი.

– მომისმინე. ახლა მე და შენ მანქანაში ჩავსხდებით და მეზობელ შტატში გადავალთ. იმ ფულში ერთი გაქექილი ასდოლარიანი შევაპარე – ბანკში უნდა გადამეცვალა და ვერ მოვასწარი. პოლიცია ამით იპოვნის. ამაღამვე ვიქორწინებთ. პოლიციიდან რომ დაგვირეკავენ, ვიტყვით, რომ თაფლობის თვე გვაქვს და მომხდარის შესახებ არაფერი ვიცით – ეს ალიბი იქნება.

ლარი პოლიციამ გამთენიისას, ბენზინგასამართი სადგურის გაძარცვისას მაშინ მოკლა, როცა მან პოლიციელი დაჭრა. სხვა ფულთან ერთად, რესტორნიდან წაღებული სამი ათასი  დოლარიც უპოვეს და ჯორჯს დაურეკეს – თქვენი რესტორანი გაძარცვეს და განყოფილებაში მობრძანდითო. ჯორჯმა მოღიმარ სტელას აკოცა და ყურმილს ჩასძახა: ჭირს წაუღია ეგ რესტორანი... ნუ მაწუხებთ, თაფლობის თვე მაქვს!

 

скачать dle 11.3