როგორ აართვა 15 მილიარდი დოლარი საერთაშორისო ნარკოკარტელს ყოფილმა ქართველმა ჯიბგირმა
სიმონ რამიშვილი, მეტსახელად „ხელსწრაფია“, ალბათ, ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი პაბლო ესკობარი „გადააგდო“. ამას გარდა, ის იშვიათი გამონაკლისი, ვისაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდიდან ერთობლივად ეძებს „ფებეერი“ (ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო ბიურო) და „კაგებე“ (ამჟამად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური – „ფეესბე“). დღევანდელ პუბლიკაციაში სწორედ „ხელსწრაფიას“ კრიმინალური საქმიანობის რამდენიმე ეპიზოდზე მოგითხრობთ.
მასალა ექსკლუზიურია. პრესაში პირველად იბეჭდება და რედაქციასთან შეუთანხმებლად, მისი გადაბეჭდვა დაუშვებელია.
ნორჩი ჯიბგირი
სიმონ რამიშვილი გურიის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში დაიბადა და დაწყებითი სკოლაც იქვე დაამთავრა. მეხუთე კლასიდან პატარა სიმონი თბილისში გადმოიყვანეს და მათემატიკური პროფილის სკოლაში გააგრძელა სწავლა. მას განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდა ზუსტი მეცნიერებებისადმი და მასწავლებლები ერთხმად უწინასწარმეტყველებდნენ დიად მომავალს. მართლაც, მერვე კლასამდე სიმონი ფრიადოსანი იყო. თუმცა, თხუთმეტი წლის რომ შესრულდა, „აუშვა“... და ჯერ სწავლაზე აიღო ხელი, ერთ წელიწადში კი სკოლა მიატოვა – სიმონი თავისი უფროსი მეგობრის, 20 წლის ჯემალ გოთუას გავლენის ქვეშ მოექცა და ჯიბგირობას მიჰყო ხელი. სულ მალე გოთუა ათი წლით გააციმბირეს თავშეუკავებელი ანტისაბჭოთა გამონათქვამების გამო და სიმონი მარტო დარჩა. თუმცა, მან ჩვეული საქმიანობა განაგრძო და ძალზე წარმატებულად ჯიბგირობდა საქალაქო ტრანსპორტსა და საკოლმეურნეო ბაზრებში. ის ისე სწრაფად იპარავდა, რომ მოგვიანებით, მას „ხელსწრაფია“ შეარქვეს. 16 წლის სიმონი მილიციამ ყოველგვარი ფაქტის გარეშე დააპატიმრა – მას საფულე ჩაუდეს, ცრუ მოწმეები დააყენეს თავზე და ორი წლით ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიაში გაამწესეს. პატიმრობიდან დაბრუნებული ხელსწრაფია 18 წლის იყო და კრიმინალური აზროვნება ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი.
სუფთა ბიოგრაფია
18-დან 21 წლამდე ხელსწრაფია თბილისიდან გაუჩინარდა და მხოლოდ სამი წლის მერე დაბრუნდა დედაქალაქში. ის ყოველმხრივ საგრძნობლად იყო შეცვლილი და ეს იგრძნობოდა როგორც მის გარეგნობასა და ჩაცმულობაში, ასევე მანერებში. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ სიმონს ამ გაუჩინარების პერიოდში ქართულისა და რუსულის გარდა, ოთხი ენა ჰქონდა შესწავლილი. ინგლისური, ფრანგული, ესპანური და გერმანული. იმავე წელს, 21 წლის სიმონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც სამ წელიწადში დაამთავრა და 24 წლის ახალგაზრდას წითელი დიპლომი ჰქონდა. ერთობ საოცარი და საეჭვო იყო ის, რომ სიმონის პირად საქმეში არც მისი კრიმინალური საქმიანობა და არც ორწლიანი პატიმრობა იყო დაფიქსირებული. ამიტომ, მას ნებისმიერ სამსახურში გზა ხსნილი ჰქონდა – 24 წლის ყმაწვილი ჯერ ფიზიკის ინსტიტუტში მოეწყო ლაბორანტად, შემდეგ კი ის მოსკოვში გადაიყვანეს და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა გიდად... მას უცხოელ მეცნიერთა ჯგუფების მიღება და მომსახურება ევალებოდა. ეს კი იმის უტყუარი ნიშანი იყო, რომ ხელსწრაფია „კაგებემ“ გადაიბირა... მისი სამწლიანი გაუჩინარება, შესწავლილი ენები და ასე ვთქვათ, იმიჯის შეცვლა, „კაგებეს“ საიდუმლო სკოლაში გატარებული წლების შედეგი იყო. მისი ბიოგრაფიის გასუფთავებაც, რასაკვირველია, „კაგებეს“ ნახელავი გახლდათ და სიმონ რამიშვილი, მეტსახელად ხელსწრაფია, „კაგებეს“ არალეგალი თანამშრომელი გახდა...
პირველი ვოიაჟი
პირველი გაშიფრული ცნობები სიმონ რამიშვილის შესახებ 2012 წელს გახდა ცნობილი და სწორედ ამის შედეგად შევძელი მომეპოვებინა მასალა ხელსწრაფიაზე.
1982 წელს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა 32 წლის სიმონ რამიშვილი მექსიკაში გაგზავნა სპეცდავალების შესასრულებლად. ფორმალურად, ის სამეცნიერო-ტექნიკურ კონგრესში იღებდა მონაწილეობას. სინამდვილეში კი, მას კავშირი უნდა დაემყარებია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში მოქმედ ნარკოკარტელთან. ეს იყო კონსპირირებული, მთელ მსოფლიოში განტოტვილი საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი თანხების წლიური ბრუნვა მაშინდელი კურსით (1982 წელი) სამოცდაათი მილიარდი დოლარი იყო... „კაგებეს“, ისევე, როგორც „ფებეერს“ და სავარაუდოდ, „ცეერუსაც“, ამ ორგანიზაციაში თავისი ინტერესები გააჩნდათ.
ჩვენ მიერ მოპოვებული, სანდო ცნობების მიხედვით, ხელსწრაფიამ ახალი ურთიერთობები დაამყარა ნარკოკარტელის მმართველებთან და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მაშინ ჯერ კიდევ უცნობი პაბლო ესკობარი გადმოიბირა... სწორედ ოთხმოციანი წლების დასაწყისში დაიწყო ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონის აღზევება და როგორც დღესდღეობით უტყუარადაა დადასტურებული, მას „კაგებე“ ეხმარებოდა. ამგვარად, ხელსწრაფიას პირველმა უცხოურმა ვოიაჟმა წარმატებით ჩაიარა...
თხუთმეტი მილიარდი დოლარი
1982-1990 წლებში სიმონ რამიშვილი მუდმივად დადიოდა უცხოეთში და სავარაუდოდ, „კაგებეს“ სხვადასხვა სპეცდავალებებს ასრულებდა, რომლებიც ძირითადად, ნარკოტრაფიკებთან იყო დაკავშირებული. ის ხან შუა აზიაში ჩადიოდა, ხან ორივე ამერიკის კონტინენტზე და ყველგან ნაცნობობის ფართო წრე ჰყავდა. ერთ-ერთი ვარაუდით, სიმონმა 1985 წელს უსამა ბინ ლადენი გაიცნო პაკისტანის დედაქალაქ ისლამ-აბადში და მისი დახმარებით ავღანეთიდან ნარკოტიკების უმსხვილესი პარტიის ტრანსპორტირება მოახდინა, რომელიც 800 მილიონ დოლარად იქნა შეფასებული. აბსოლუტურად ზუსტადაა ცნობილი, რომ ხელსწრაფიას 1988 წელს პაბლო ესკობარი მოსკოვში ჰყავდა ჩამოყვანილი და ის „კაგებეს“ მაღალჩინოსნებს შეახვედრა.
სიმონ რამიშვილის ბიოგრაფიაში 1990 წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წლის თებერვალში ხელსწრაფია და უკვე საქვეყნოდ ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი, პაბლო ესკობარი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში შეხვდნენ ერთმანეთს. ორიოდე დღის მერე კი, პირადად ესკობარის ინიციატივითა და თავდებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორმოცდაათამდე ბანკში (საბჭოეთის გარდა) 15 მილიარდი დოლარი გადაირიცხა... ეს თანხა სულ რაღაც ერთ დღეში იქნა გამოტანილი ყველა ბანკიდან, მეორე დღეს კი თავად სიმონ რამიშვილი, იგივე ხელსწრაფია გაუჩინარდა.
სამ წელიწადში გაუჩინარდა თავად პაბლო ესკობარიც. მის გაუჩინარებაზე მრავალი ვერსია არსებობს და ოფიციალურად, ის მოკლულია, თვითმფრინავში აფეთქდა...
ამ ბოლო დროს გავრცელებული ვერსიებით, 15 მილიარდი დოლარი, ანუ საერთაშორისო ნარკოკარტელის საბრუნავი ფულის 20 პროცენტზე მეტი „კაგებემ“ მიითვისა, ხოლო ხელსწრაფიას კი პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს და დღემდე ცოცხალია... არსებობს ასევე ვერსია, რომ ესკობარის აფეთქებაც ტყუილია. ის რუსეთის დაზვერვამ დადგა, სინამდვილეში კი ესკობარიც ცოცხალია, მასაც პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული და... რუსეთში ცხოვრობს.
რომელი ვერსიაა სწორი, ძნელი სათქმელია, მაგრამ სიმონ რამიშვილი, იგივე ხელსწრაფია, დღემდე ძებნილია – მას „ფებეერი“ და „ფეესბე“ ეძებს...