როგორ უნდა მივხვდეთ სად ვუშვებთ შეცდომას და სად ვბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას
ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს კოსმოსიდან დადებით ან უარყოფით ენერგიას და თავად გამოიმუშავებს სწორ აზრ-ფორმირებას, რაც მისსავე წარმატება-წარუმატებლობაზე აგებს პასუხს.
მათზე, ვისაც ხშირად უმართლებს, ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო, თუმცა, თითოეული ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის „გვიწერს”, თუ რა ბედი გველის.
არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და, ასევე, ფიქრისა და სიტყვების მეშვეობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას.
ქაოსური და უმისამართო ფიქრი ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. შესაძლოა, ბევრს ჰგონია, რომ მიზანმიმართული ფიქრი თუნდაც მატერიალურ ფორმირებაზე, არასწორია. ძალიანაც ცდებიან, რადგან, უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. კერძოდ, ამ დროს ჩამოყალიბდება აზრ-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის მიმოქცევის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის. ვინც ამბობს, ბედნიერები არ ვართო, მიიღონ მოვლენები, სიტუაციები და ადამიანები ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და მიხვდებიან, სად უშვებენ შეცდომას და სად ბლოკავენ საკუთარ ბედნიერებას.
ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს, ნუ ეცდებით კოსმიური ენერგიების დაბლოკვას და ნუ აღუდგებით მას წინ სხვადასხვა აზრებით, სიტყვებითა და სიტუაციებით. გირჩევთ, ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორიც არის და არა ისე, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს. არ ეცადოთ საკუთარი აზრის დაცვას და ვინმეს დარწმუნებას. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობის გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არც ერთ მათგანს. როგორც იტყვიან, ყველას აზრი გაითვალისწინეთ, მაგრამ, არ დაიჯეროთ.
სურვილების ახდენა ყველას შეუძლია, მთავარია, მას სწორი გზა მივცეთ. კერძოდ, არსებობს განზრახვისა და სურვილის კანონი: ჩამოწერეთ ფურცელზე თქვენი სურვილების სია, ამ სურვილების ასრულება მიანდეთ კოსმიურ ძალებს და, დარწმუნებული იყავით, რომ ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. ეს ფურცელი ყოველთვის თან ატარეთ – ჩანთით ან ჯიბით, მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და დროდადრო ხშირად გადაიკითხეთ, თან, იფიქრეთ, რომ სამყაროში შეუძლებელი არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. არ დაემორჩილოთ სხვის ნებას და არ გაფანტოთ ყურადღება, მიიღეთ აწმყო მორჩილად და სურვილების ასრულების იმედი არასდროს დაკარგოთ. კოსმიური ბუნების კანონები ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ფურცელზე დაწერითა და თან ტარებით კი თქვენს სურვილს სწორ გეზს მისცემთ სამყაროში.
თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ბედის ვარსკვლავი აქვს. ის ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება, იწყებს კაშკაშს, მისი სიკვდილის მომენტში კი სწყდება ცის კაბადონს და ქრება. ვარსკვლავის მოწყვეტა და მისი ჩაქრობა ერთბაშად არ ხდება. როცა კონკრეტული ადამიანის სიკვდილის დრო ახლოვდება, ვარსკვლავი ნელ-ნელა იწყებს ჩაქრობას, სიკვდილის მომენტში კი ცას სწყდება. ხოლო იმაზე, თუ როგორ ანათებს ვარსკვლავი, დამოკიდებულია ადამიანის ბედ-იღბალი: თუ ის საკმაოდ კაშკაშაა, მაშინ ადამიანს უმართლებს ბედში, მაგრამ, თუ შედარებით მკრთალია, მაშინ უბედოა ან არ უმართლებს. ის ჩვენს განზომილებაში არ ჩანს და ჩვენს გადაადგილებასთან ერთად უხილავად მოძრაობს. თუ კაცი ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, უკაცრიელ კუნძულზეც რომ მოხვდეს, არ გაიწირება. ამიტომ, როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ შია და სწყურია, არ უნდა იწუწუნოს ბედზე და ამით საკუთარი ბედ-იღბლის ვარსკვლავი არ უნდა გაანაწყენოს. თუ კარგად დააკვირდებით, თავადვე მიხვდებით, რომ ყოველი ჩვენგანი სამყაროზე ვართ დამოკიდებული, სამყაროში კი არაფერი იკარგება უმიზნოდ, მით უმეტეს, ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი, შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ, ვურჩევ ყველას, რომ მეტად დაკვირვებულები იყვნენ, ნუ ისვრიან სიტყვებს უმიზნოდ და დაუფიქრებლად, ყურადღება მიაქციონ ყოველ წვრილმანს და ამით დაიცვან საკუთარი სიცოცხლე შესაძლო საფრთხისგან. რასაც თქვენ საკუთარ თავს დაუშავებთ, იმდენს სხვა ვერას დაგაკლებთ. ელემენტარული ასტროლოგიური ცოდნა კი მოგაწვდით ინფორმაციას, რითაც, შესაძლოა, თქვენი პრობლემების გადაჭრის გზებიც ადვილად მოიძიოთ. სწორედ ამიტომაა საჭირო, ცხოვრებაში გაითვალისწინოთ ის, რასაც ამ სფეროში ჩახედული ადამიანები გირჩევენ.