ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 15 წლის. სისტემატურად შუადღისით და თითქმის მთელი დღე მეძინება. ექიმისგან მხოლოდ ერთი წამალი მაქვს გამოწერილი „ეუთიროქსი 50” და იმის ბრალი ხომ არ არის? ან რისი ბრალია და რა გავაკეთო, იქნებ მირჩიოთ?
პასუხი: რადგან ეუთიროქსს სვამთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰიპოთირეოზი გაქვთ. შეიძლება, ამას უკავშირდებოდეს თქვენი ჩივილები. საინტერესოა, იკონტროლებთ თუ არა წამლის სმასთან ერთად, პერიოდულად TSh ჰორმონს სისხლში. ასევე, უნდა გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და გამორიცხოთ ანემია. აკონტროლეთ არტერიული წნევაც.
კითხვა: 7 კვირის ვადაზე შემიწყდა ორსულობა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩამიტარეს მედიკამენტური აბორტი. მას შემდეგ, გავიდა ერთი თვე, მქონდა ციკლი. მაინტრესებს, შეიძლება თუ არა, უკვე ვიფიქრო შემდეგ ორსულობაზე? თუ მეტი დროა საჭირო, რომ ორგანიზმი გამოვიდეს მიღებული მედიკამენტების ზეგავლენისგან?
პასუხი: სასურველია რამდენიმე თვე მოიცადოთ, რომ საშვილოსნო მოემზადოს ახალი ორსულობისათვის.
კითხვა: რით განსხვავდება ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანისაგან ის, ვინც ადრეულ ბავშვობაში ბოტკინი გადაიტანა? არის თუ არა ის ახლა ჯანმრთელი ან რა საფრთხე ემუქრება?
პასუხი: არაფრით არ განსხვავდება. იგი პრაქტიკულად ჯანმრთელია. ბოტკინის დაავადება მწვავე ინფექციაა და როგორც წესი ქრონიკულ ფორმაში არასოდეს გადადის. პაციენტს არავითარი საფრთხე აღარ ემუქრება - წლების შემდეგ მით უმეტეს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, სიფილისის დადგენა ნაცხის ან სისხლის ანალიზით და როგორ?
პასუხი: სიფილისის დადგენა ხდება ნაჭდევის მიკროსკოპული დათვალიერებით, თუკი ის სახეზეა ანდა სისხლის ანალიზით.
კითხვა: ბებია 13 წლის მანძილზე სვამდა პრეპარატ „იმოვანს”. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ეს პრეპარატი ფსიქოტროპული მედიკამენტების ჯგუფს მიეკუთვნება, ვურჩიეთ, აღარ დაელია. 2-3 დღის შემდეგ დაეწყო ეგრეთ წოდებული „ლომკის” სიმპტომები. გარკვეული სიმპტომები მანამდეც ჰქონდა, უბრალოდ, ვერ დავუკავშირეთ ამ ყველაფერს. როგორ გვირჩევთ, შესაძლებელია თუ არა, ამ მედიკამენტის ზემოქმედებისგან გათავისუფლება დოზის თანდათანობითი შემცირებით. თუ საჭიროა, ნარკოლოგთან ვიზიტი ან კლინიკაში მკურნალობა? ვის შეიძლება მივმართოთ, ხომ ვერ გვირჩევთ?
პასუხი: ამ პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას უეცარი მოხსნის შემთხვევაში, ვითარდება ეგრეთ წოდებული მოხსნის სინდრომი. სასურველია, პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირება და გარკვეული დროის შემდეგ, მოხსნა. პაციენტმა უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ მას შეიძლება, მოხსნის სიმპტომები ჰქონდეს. თუ ამგვარი თანდათანობითი მოხსნის შემთხვევაშიც აღენიშნება მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, უნდა მიმართოთ ნევროლოგს და შესაძლოა, მოხსნის პერიოდში სხვა პრეპარატი დაგინიშნოთ.
კითხვა: ნორმალურია 13 წლიდან 9-დღიანი ციკლი – სამი დღე ნორმალურად და დანარჩენი დღეები მცირედი, მაგრამ, მაინც 9 დღე. არაფერი მაწუხებს სხვა. ვარ 24 წლის ქალიშვილი.
პასუხი: 9 დღე გამონადენი ცოტა გახანგრძლივებულია. კარგი იქნება გინეკოლოგთან ვიზიტი და ჰორმონული ბალანსის შემოწმება.