დათანხმდებოდა თუ არა ხელახლა ნუცა ქავთარაძე აჩიკო სოლოღაშვილზე გათხოვებას
მსახიობისა და რეჟისორის, გოგი ქავთარაძის შვილიშვილი, „იმედის” ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე და მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი სულ ორი წელია, რაც დაქორწინდნენ. საზოგადოებას ამ ლამაზი წყვილის ლამაზი ქორწილის დეტალები და ფოტოები პირველებმა სწორედ ჩვენ წარვუდგინეთ და „თბილისელების” „ფეისბუქ-გვერდზე” ბევრი მოწონებაც დაიმსახურა. მას შემდეგ ამ წყვილის შესახებ თითქმის არაფერი დაბეჭდილა. ალბათ, „თბილისელების” მკითხველებს აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ ისინი, შეეწყვნენ თუ არა ერთმანეთს, რა ახალი თვისებები აღმოაჩინეს ერთმანეთში და, საერთოდ, ისევ არიან ერთად თუ არა... ნუცა ქავთარაძეს ჟურნალებში გამოჩენა დიდად არ ხიბლავს, თუმცა, ჩვენ ხათრი არ გაგვიტეხა და ცოტა მაინც ვისაუბრეთ.
– ჯერ – ახალი ტელეწამყვანი, მერე, უცებ – შენ და აჩიკო სოლოღაშვილი ქორწინდებით... ხომ იცი, თბილისში ყველას ყველაფერი აინტერესებს.
– მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ასაკში ტელევიზიაში მუშაობის 7-წლიანი სტაჟი დამიგროვდა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ უამრავი რამ მაქვს წინ. ყველაფერი კი 16 წლის ასაკში დაიწყო – მაშინ სტუდია „დღეში” ვმუშაობდი, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” აკეთებდა გადაცემას – „ჩაალაგე ჩემოდანი.” მაშინდელი უფროსის დამსახურებაა, ჩემი და კამერის ხანგრძლივი ურთიერთობაა.
– გოგი ქავთარაძის შვილიშვილი ხარ. წესით, შენს მომავალ პროფესიაზე ამას გავლენა უნდა მოეხდინა, მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჟურნალისტიკაში წახვედი.
– მსახიობისა და რეჟისორის ოჯახში გაზრდამ გავლენა იმ მხრივ მოახდინა, რომ თეატრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და განსაკუთრებულად მიყვარს. სხვა მხრივ გავლენა არ მოუხდენია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ბავშვობაში ყველა სპექტაკლის შემდეგ ერთ გმირს ვირჩევდი, სარკესთან ვდგებოდი და ვცდილობდი, მას დავმსგავსებოდი, მისთვის მიმებაძა, სხვა საკითხია, რამდენად კარგად ვიზეპირებდი ამა თუ იმ გმირის ტექსტებს. თუმცა, ჩემს საბოლოო არჩევანზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ის, რაც ბავშვობიდან მინდოდა, ჟურნალისტობა იყო.
– ეკრანზე ძალიან სერიოზული, მშვიდი ჩანხარ, ცხოვრებაში როგორი ხარ?
– ჩემი გაბრაზება ძალიან ძნელია, თუმცა, ადვილია, მაწყენინო. ფიცხს საკუთარ თავს ნამდვლად ვერ ვუწოდებ, მაგრამ, თუ მდგომარეობიდან გამოვედი, არა მგონია, კარგი სანახავი ვიყო, თუმცა, ეს ძალიან იშვიათად ხდება. როდესაც ვხვდები, რომ ადამიანი ყველა ზღვარს გადადის, აი, მაშინ ძალიან ადვილად შემიძლია წერტილის დასმა, ვინც არ უნდა იყოს და რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს.
– შეცვალა გათხოვებამ შენი ცხოვრება? მით უმეტეს, მსახიობს გაჰყევი ცოლად და გაუგებრობებს ხომ არ ჰქონია ადგილი?
– გათხოვებას ჩემს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი, რადიკალური ცვლილება არ მოჰყოლია. შეიცვალა ის, რომ ცხოვრება ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად დავიწყე და ეს ყველაზე კარგი რამ მაქვს, რაც კი მომიპოვებია. არ მომწონს არაფერი, რაც გათხოვებამდე არ მომწონდა და მომწონს ყველაფერი, რაც გათხოვებამდე მომწონდა – ამ მხრივ აზრი, ფაქტობრივად, არაფერზე შემიცვლია. ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის.
– ძალიან ლამაზი ნეფე-პატარძალი იყავით, გამორჩეულად ლამაზ სამოსში გამოწყობილები. ქორწილმა და თაფლობის თვემ კარგა ხანია ჩაიარა. აჩიკო ის მამაკაცია, როგორ მეუღლეზეც ოცნებობდი?
– ქმარზე არასდროს მიოცნებია, მით უმეტეს, იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო ის. ალბათ, იმიტომ, რომ 21 წლის ასაკში გავთხოვდი, ეს კი ის ასაკია, როცა საოცნებო ბევრია, გარდა იმისა, რომ, იფიქრო, როგორ ქმარი გინდა.
– ზოგადად, ყველა გოგო ოცნებობს თეთრ კაბაზე, წარმოსახვაში ხატავს თავისთვის იდეალურ მამაკაცს, როგორი შეიძლება იყოს მისი მომავალი ქმარი არამხოლოდ ვიზუალურად. ამ დროს შეიძლება იყო 16 წლისაც, 20 წლისაც და 30 წლისაც – ასაკს, ალბათ, მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც გკითხე, ისეთი წარმოგედგინა მომავალი ქმარი, როგორიც აჩიკოა-მეთქი?
– აჩიკო სწორედ ის არის, ვინც ჩემს ქვეცნობიერს უნდოდა, რადგან, სხვა შემთხვევაში, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ნამდვილად სარისკოა, გადაწყვიტო და მთელი ცხოვრება ერთ ადამიანს დაუკავშირო, მაგრამ, თუ გაგიმართლა, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, ეს იქნება ყველაზე გემრიელი „შამპანური,” რაც კი ოდესმე დაგილევია. ძალიან მარტივია იდეალებზე ფიქრი და ოცნება სასურველ მამაკაცზე, მაგრამ, არარეალური მგონია მანამდე, სანამ რეალურად არ შეხვდები მას და არ მიხვდები, რომ ის „ის” არის.
– ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჰგონიათ, რომ სასურველი მეორე ნახევარი იპოვეს, მაგრამ, გადის პატარა პერიოდი და უკვე ნანობენ და, აღიარებენ, რომ სწორი გადაწყვეტილება არ მიიღეს, როცა ის ადამიანი აირჩიეს ცხოვრების მეგზურად.
– ცხოვრების უკან დაბრუნება და რაღაცის შეცვლა რომ შემეძლოს, აუცილებლად კიდევ ერთხელ გავხდებოდი აჩიკოს ცოლი. ეს ის ნაბიჯია, რომელიც არასდროს, არც ერთი წამით არ მინანია.
– შენი ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
– ზოგადად, გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ – ეს თვისება ბავშვობაშივე გამოვიმუშავე და, ვფიქრობ, ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვისმენ სხვის პოზიციასაც, განსაკუთრებით – ოჯახის წევრების აზრს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათი პოზიციები ჩემსას ემთხვევა. ჩემი გათხოვების შემთხვევაში, ოჯახის „ტრადიციულ მოდელთან” საქმე ნამდვილად არ გვქონია. ჩემი ოჯახის წევრებმა აჩიკო ისე მიიღეს, როგორც ოჯახის ახალი, კარგი მეგობარი. აჩოს არასოდეს უგრძნია მათი მხრიდან ოფიციალური დამოკიდებულება, ის თავისთავად, ძალიან ბუნებრივად გახდა ოჯახის წევრი და მათი მეგობარი. როცა ხედავ, როგორი ბედნიერია შენი შვილი, შენი შვილიშვილი, ალბათ, ეჭვი არ უნდა შეგეპაროს მისი გადაწყვეტილების სისწორეში.