როგორ უბიძგა ციცინო კობიაშვილმა უკრაინელ მსახიობებს შრომის კოდექსის დარღვევისკენ და როგორი გამოვიდა მათი პოლტავური „ხანუმა“
რას მერჩოდი ციცინო კობიაშვილო-მეთქი, ვთქვი თვალებაწყლიანებულმა, როდესაც youtube-ზე დადებული მასალები ვნახე, უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში მის მიერ დადგმული „ხანუმადან”. გარწმუნებთ, იმ ასაკამდე ჯერ ბევრი მიკლია, ყველა ემოციას ცრემლებით რომ გამოხატავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლტავაში ქართველი რეჟისორის წარმატება, მართლაც ამაღელვებელი და აღსანიშნავი იყო. დღეს, რეჟისორი ციცინო კობიაშვილი „თბილისელების” რესპონდენტია.ვიდა მათი პოლტავური „ხანუმა“
ციცინო კობიაშვილი: სრულიად შემთხვევით მოხდა ჩემი პოლტავაში მიწვევა. ერთ-ერთი სპექტაკლის მსვლელობისას, შემოვიდა დაცვა და მითხრა, ვიღაც მამაკაცი გკითხულობსო. ეს „ვიღაც მამაკაცი” აღმოჩნდა გურამ კოზირევი. საქართველოში დაბადებული, გაზრდილი, ფაქტობრივად, ქართველი, რომელიც უკანასკნელი 30 წელია, უკრაინაში ცხოვრობს. ის ძალიან ენერგიული მამაკაცია და ძალზე მიღებული იქაურ ელიტაში. სხვათა შორის, ჯუღაშვილი ჰყავს ცოლი. გურამი მეგობრობდა პოლტავის დრამატულ-მუსიკალური აკადემიური თეატრის დირექტორთან. როგორც აღმოჩნდა, ამ თეატრს ჰქონდა ოცნება, რომ მათთან „ხანუმა” დადგმულიყო. რომ მითხრა ორკესტრი ჰყავთო, კინაღამ გადავირიე. მე მუსიკოსი ვარ პირველი სპეციალობით. ორკესტრთან ერთად სპექტაკლზე არ მიმუშავია. ეგ ბედნიერება არ მქონია, თუმცა კი დამიკრავს ორკესტრთან ერთად. პირველი მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული – საფორტეპიანო კლასი. დიდ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გადავუხვიე გზიდან, ჩუმად გამოვიტანე საბუთები და თეატრალურში შევიტანე. იმდენი ინერვიულა ამაზე დედაჩემმა...
– რატომ, არ უნდოდა არტისტი შვილი?
– არ უნდოდა არტისტი შვილი. ძალიან ბევრი ვიწვალე ჩაბარებაზეც, მაგრამ მერე, ორჯერ დავამთავრე – ჯერ სამსახიობო და დიდი ხნის შემდეგ, სარეჟისორო ქალბატონ ლილი იოსელიანთან.
მოკლედ, გურამმა შემომთავაზა უკრაინაში „ხანუმას” დადგმა და ჩავედი ოქტომბრის ბოლოს.
– იქ ჩასვლის შემდეგ რა მოხდა?
– ძალიან იოლად შევედით ერთმანეთთან კონტაქტში. დამახვედრეს არაჩვეულებრივი სახლი, ყველანაირი კომფორტით, თეატრის გვერდით 200 ნაბიჯში. თეატრში რომ მივედი, გავოცდი – ან რა დარბაზი, ან რა... 560-კაციანი დარბაზია, ძვირფასი, დიდი საორკესტრო ორმოთი, ტექნიკურად აღჭურვილია უმაღლეს დონეზე. როლების განაწილებაში ვთხოვე, არავინ ჩარეულიყო. ვუთხარი, ვნახავ სხვა სპექტაკლებს და ავარჩევ, რადგან ეს ისეთი სპეციფიკური ნაწარმოებია, ქერა და კურნოსა არ მინდოდა. დედას ვფიცავარ, ისეთი „მიკიჩა” და „აკოფა” მყავს, მარტო იმათი ნახვა ღირს ერთ რამედ, რომ არაფერი ვთქვა: ისეთი თავადი მყავს – ფანტიაშვილი...
თვითონ თეატრს ძალიან ძლიერი სპექტაკლები ჰქონდა, სულ მათ ფოლკლორსა და კლასიკაზე დაფუძნებული.
– ამ ყველაფრის შემდეგ „ხანუმა” სრული ეგზოტიკაა.
– დირექტორს ჰქონდა ოცნება, რომ „ხანუმა” დაედგათ. პირველი რეპეტიცია რომ დამთავრდა, უკვე მივხვდი, რომ სახლში ვარ. ასე ვიზამ, ეს მსახიობები აქეთ გადავარდებიან, ისე ვიზამ – იქით. ერთი კვირის შემდეგ უკვე სასწაული ხდებოდა. მათთვის კანონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – იცავენ ზედმიწევნით. რეპეტიცია 3 საათზე თუ უნდა დამთავრდეს, ერთ წუთს არ გადააცილებენ. ორშაბათი კანონით დასვენების დღეა და გამორიცხულია, იმუშაონ. ეს შრომის კოდექსის დარღვევაა და რაღაც სისულელეებს გეუბნებიან. მაგრამ, ნეტა, გენახათ, რა ხდებოდა სცენაზე – რომელი შრომის კოდექსი, რა ორშაბათი... დაავიწყდათ ყველაფერი, სახლში არ მიდიოდნენ ცოცხალი თავით. ვუყვებოდი ათას რამეს – კინტო, ყარაჩოხელი რა არის. ყველაფერი აინტერესებდათ. ჯერ ხომ აბოდებთ, ისე უნდათ, თბილისში ჩამოსვლა და დათვალიერება – „ავლაბარ” მათი ოცნებაა. „ხანუმაში“ ხომ ყველაფერი ავლაბარში ხდება. ერთი მეუბნება: „გოსპოდი, ია უვიჟუ კოგდა ნებუდ „აბლაბარ”? მე ვუთხარი, „უვიდიშ“ აუცილებლად (იცინის). სპექტაკლში ისე კოლორიტულად არის აღწერილი, რომ მოგინდება, ავლაბარში ცხოვრობდე.
როდესაც პიანისტები შემოგვიერთდნენ და დავიწყეთ პარტიების განაწილება – ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ყანჩელის მუსიკაზე ვიმუშავეთ. შეშლილები იყვნენ, აბოდებდათ, ისე მოსწონდათ. მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მაგრამ, პიანისტი რომ დაჯდა და დაუკრა: დედა, რას უკრავ, არ გადამრიო-მეთქი, – ვუთხარი. ყველაფერს სწორად უკრავადა, მაგრამ რა გამოსდიოდა, სონატინა იყო, თუ რაღაცა, არ ვიცი, რა. მერე მე დავჯექი, კიდეც დავუკარი, კიდეც ვუმღერე და ხასიათიც ვაპოვნინე, როგორც იქნა. მეუბნებიან, ჩამოდი და ერთი სეზონი ჩვენთან იმუშავეო.
– 2 თვე რომ დატოვეთ ოჯახი, ახლა ერთი სეზონი მოგთხოვეს?
– მეც ვერ გავჩერდები დიდხანს, მაგრამ წასვლით და დადგმით, კიდევ სიამოვნებით ვიმუშავებ მათთან. უყვართ, გიჟდებიან ქართველებზე.
ტექსტი და რაღაც პროცესები რომ გავიარეთ, მოვიდა დრო, რომ სცენაზე უნდა გადავიდეთ და ორკესტრი შემოგვიერთდეს. ძალიან ველოდი ამ დღეს. იმათ თავის ცხოვრება აქვთ. მოვლენ, ჩაჯდებიან ორმოში, დაიდებენ იმ თავის პიუპიტრებს და ხერხავენ, საერთოდ არ გიყურებენ – რაც უდევთ, იმას უკრავენ. მე ვთხოვე, ამობრძანდით, 1-2 დღე უყურეთ, რა ხდება სცენაზე და მერე გადავიდეთ შესრულებაზე-მეთქი. ვერ გამიწიეს წინააღმდეგობა. ამოვიდნენ და სცენიდან ზურგით დასხდნენ, ვერ მიხვდნენ, როგორც სპექტაკლის მსხვლელობისას სხედან თავის ორმოში, ისევ ისე დასხდნენ. არ მოეწონათ, მაგრამ ვერაფერი მითხრეს. ცოტა ხანში დაუბერა – სცენაზე ასე ხდება, იქ კიდევ თბილად არიან თავის ორმოში. წამოხტა ერთ-ერთი ახალგაზრდა და ასე, ჩემი შრომის კოდექსის კანონები ირღვევა. მე აქ მიბერავს, ორპირია. მე მუსიკოსი კაცი ვარ, ჩემი გაციება როგორ შეიძლებაო. სასწრაფოდ ფარდა დავახურინე და ისინიც ცოტა ჩათბნენ. ისხდნენ, მაგრამ ჩემს ზურგს უკან სულ პუტუ-პუტუ გაუდიოდათ, მჭორავდენ (იცინის). მეორე დღეს ცივად შევხვდი: ჩაბრძანდით თქვენს ორმოში და იმუშავეთ ჩვეულებისამებრ-მეთქი. უკვე რომ დავდგით და გავმართეთ სცენები, რა ხდებოდა, უნდა გენახათ. ამ ორმოში სკამებზე იდგნენ და ისე უკრავდნენ გაწელილები, რომ როგორმე თვალი მოეკრათ სცენაზე რა ხდებოდა. „ხორუმი” ვაცეკვე ხანუმას ბიჭები რომ ეხმარებიან დაზვერვებზე. „ხორუმის” დაკვრა უკრაინელისთვის ძალიან რთულია. მოვიტანე ჩანაწერი, თავიდან გაუჭირდა და უნდა გენახათ, დანარჩენი მუსიკოსები როგორ გულშემატკივრობდნენ: „დავაი, რას, დვა, ტრი...” ლამის ამომხტარიყვნენ იმ ორმოდან. თვითონ ამოდიოდნენ უკვე და ვეხვეწებოდი, ჩაბრძანდით-მეთქი. ისეთი ერთსულოვნება იყო ბოლოს.
– პრემიერამ როგორ ჩაიარა?
– პრემიერის წინ შიშმა ამიტანა, ნეტავ, როგორ მიიღებს ამ ყველაფერს მაყურებელი, ხომ მაინც ქართულია-მეთქი. მაგრამ, კლასიკური ნაწარმოები ყველა დროში კლასიკური და ყველასთვის გასაგებია. ფაბულა იმდენად მარტივია: ყველაფერი იყიდება ქვეყანაზე და სიყვარულიც იყიდება, კაცო?! არ იყიდება ეს სიყვარული, ასე გამოდის. მთლიანობაში ძალიან ლამაზი გამოვიდა და რაც მთავარია, ქართველი წავიყვანე ქორეოგრაფი. 2 კვირით ჩამოვიდა ბაქარ ხინთიბიძე, უნიჭიერესი ბიჭი. რომ შეხედავ, ტიპური ქართველია. ჩოხაში რომ დაინახავ, იტყვი, ზუსტად ასეთი წარმომედგინა ქართველიო. დაინახეს და „ბაკარი, ბაკარი” – შეიშალა მთელი თეატრი ჭკუაზე. გაშალა „ბაკარიმ” მკლავები და ... ისინი ცეკვავენ, „კანკანს,” ესპანურს, რასაც გინდა, მაგრამ „ბაღდადურს?!.” ბაქარმა 2 კვირაში ქართულადაც ააცეკვა. ერთ-ერთი ცეკვის დროს, ფიალაში ცეცხლის ანთება მოვითხოვე და გაგიჟდნენ – რას ლაპარაკობთ, როგორ შეიძლება სცენაზე ცეცხლი, ნათურებს დაგიყენებთო. ამაზე მე გავგიჟდი. ათგზის დაცვა გაუკეთეს, რომ ამის უფლება მოეცათ.
მართლა კარგი სპექტაკლი გამოვიდა. ისე მიიღეს, მსხიობები იცდიდნენ, რომ ტაში ჩამცხრალიყო და თამაში გაეგრძელებინათ სცენიდან სცენამდე. პრემიერაზე ისეთი ამბავი იყო – ჩამოვიდა საელჩო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღემდე ანშლაგებით მიდის და ბილეთები 2 თვით ადრე იყიდება. ძალიან მელოდებიან, მაგრამ... ღვთის წყალობით, ეგება ჩაწყნარდეს სიტუაცია და ყველანაირად ვეცდები, აქაც ჩამოვიყვანო და „აბლაბარი” ვაჩვენო (იცინის).