რა ფერის ტანსაცმლით შევიმოსოთ, რომ ნაკლები შეცდომა დავუშვათ, გამოვიყურებოდეთ სექსუალურად და რომელ ფერთან თამაშია მარტივი
მოდის სახლ „ავთანდილში” შედგა ჩვენი შეხვედრა წარმატებულ ქართველ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძესთან. ის როგორც ყოველთვის, საქმიანი, კომპეტენტური და კომუნიკაბელურია. ფლობს ყველანაირ ინფორმაციას მოდის სამყაროში არსებული სიახლეებისა თუ ტენდენციების შესახებ. თუ არა მას, მაშ ვის უნდა დავეკითხოთ, თუ როგორ შევიმოსოთ, ან როგორი აქსესუარები ვატაროთ 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის.
– გამოზაფხულდა, ამინდი გამოვიდა და ყველა ქალბატონს უნდა, რომ კარგად, განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს.
– ზოგადად, ქალბატონებს ზამთარშიც უნდათ, კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ გაზაფხული, ეს ის პერიოდია, როცა მანდილოსნები აღარ არიან ისეთი შეფუთულები და ბევრ რამეს ვეღარ დამალავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იწყება თავის ტკივილი: რა ჩავიცვათ? როგორ ჩავიცვათ?.. მათ ამ სეზონზე თამამად შეუძლიათ, ატარონ პერანგი კაბები, კაბახალათები, რომელიც ზემოდან ჩვეულებრივი კლასიკური პერანგია, ოღონდ დაგრძელებული და ოდნავ თავისუფალი. ის ძალიან პრაქტიკულია და არასდროს ასეთ ჰიტად არ ქცეულა, როგორიც ახლაა. ასევე მოდაშია ძალიან დიდი და თავისუფალი მაისურები საკმაოდ გაშლილ ქვედაბოლოებთან – მუხლსქვემოთ სიგრძის და უფრო მოკლეც. ეს ყველაფერი ქალბატონებს შეუძლიათ, დაბალ ფეხსაცმელებთან ატარონ. ამ სილუეტს სთავაზობს გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები. ვისაც წონის პრობლემა აქვს, შეუძლიათ, თამამად ატარონ ეს თავისუფალი სამოსი, თუმცა დაფიქსირებული წელი და გამოყვანილი კაბა, ყოველთვის ყველაზე სექსუალური და სასურველია. მას განსაკუთრებული ტარება და ამავე დროს, იდეალური სხეული სჭირდება.
– რაც შეეხება ფერებს. რა ფერებია მოდაში?
– ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ქართველი მანდილოსანიც აითვისებს და აიტაცებს იმ ტონალობას, ფერთა გამას, რომელიც ყველაზე აქტუალურია გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში. ეს არის: ვარდისფერი, ჟოლოსფერი, კარგი, გემრიელი მწვანე, ასევე დიდი პრინტები, ყვავილების სინთეზი კოპლებთან. ვფიქრობ, ნელ-ნელა უკვე გაფერადდებიან ქართველი ქალბატონები, რაც ძალიან გამახარებს.
– ფეხსაცმელზეც შევჩერდეთ.
– აქტუალურია ფეხსაცმელი ქუსლზე, რომელიც საკმაოდ გამსხვილდა, ცხვირიც ნელ-ნელა უფრო წვეტიანი გახდა. ამავე დროს, არასდროს ასეთი პოპულარული არ ყოფილა ოთახის „ჩუსტის” ტიპის ფეხსაცმელები. ამ სეზონზე ის თითქმის ყველა წამყვანმა ბრენდმა შემოგვთავაზა. არ მგონია, რომ ასეთი პოპულარული გახდეს ეს ფეხსაცმელი საქართველოში, თუმცა, თამამად შეგვიძლია, დაბალი ფეხსაცმელები ვატაროთ გამოსასვლელ კაბებთან, ასევე ბოტასებიც, უკვე გამოსასვლელ კაბებთანაც. მოდის წამყვანი სახლები გვთავაზობენ ამ ტიპის ფეხსაცმელს, რაც უკვე ფაქტობრივად, ჰაი კლასის დონეზე გადავიდა და მისი ტარება თამამად შეიძლება. თუმცაღა არ არის საჭირო გავრისკოთ კარგ ქორწილში ამითი მისვლა, იმიტომ რომ მაინც ვერ გაიგებს საზოგადოება (იცინის), ჯობია ქუსლიანი ფეხსაცმლით შემოიფარგლოთ.
– მაკიაჟი, როგორი ვატაროთ?
– ძალიან ბუნებრივი და ნატურალური ტონალობაა მოდაში. პრინციპში, მე ყოველთვის ვურჩევ ქალბატონებს, არ არის საჭირო მკვეთრი მაკიაჟი, თუ ის არ სჭირდება სცენას და ან რაღაც სპეციალურ გადაღებას. მკვეთრი მაკიაჟი ასაკს ჰმატებს ქალბატონებს. ასე რომ, ნატურალური ტონალობა, ეს არის ოქროსფერის გრადაცია ყავისფერთან და ნატურალური რუჟი ძალიან აქტუალურია. ან კარგი წითელი პომადა საღამოს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გაიმუქოთ სახის სხვა ნაკვთები. ვგულისხმობ, „რუმიანას,” ან თვალის კონტურს, რომელიც არ არის სასურველი, ვულგარულობაში გადადის.
– რა დარიგებას მისცემთ მათ, ვისაც არ აქვს იდეალური სხეული?
– როცა ვთქვათ, ტორსი საკმაოდ დიდია და თავს იჩენს პრობლემატური ნაწილები, კავკასიური აღნაგობიდან გამომდინარე, ხშირია ასეთი შემთხვევა, ამას კარგად ფარავს გაშლილი ქვედაბოლო. ქართველი ქალბატონების უმრავლესობას წელი წვრილი აქვს და წელზე აქცენტის გაკეთება, ეგრეთ წოდებული „სოლნცე” კლიოშით, იდეალურად მალავს სხეულის ძალიან ბევრ ნიუანსს. ეს სილუეტი ძალიან მომგებიანია. ასევე, ზემოდან თავისუფალი სილუეტები ყოველთვის ახდუნებს ქალბატონებს და მისი გამოყენება ძალიან ხშირად შეიძლება. ზოგადად, თავისუფალი და დავარდნილი ქსოვილისგან შეკერილი კაბები ძალიან ბევრ ნაკლს ფარავს.
ძირითადად, ქართველი ქალბატონები ყოველთვის გამოირჩევიან განსაკუთრებული გემოვნებით და ჩაცმის კულტურით. ამიტომ, შეცდომებს ძალიან ნაკლებად უშვებენ. მე იშვიათად მხვდება უგემოვნოდ ჩაცმული ქალბატონი.
– მაგრამ ერთი, რაც თითქმის ყველა ქართველს ახასიათებს შავი ფერის სიყვარულია.
– ზოგადად, შავი ფერის სიყვარული, მგონი, მთელი მსოფლიოს სენია. მე მიმაჩნია, რომ ის ყველაზე კარგი და მდიდრული ფერია, გააჩნია, როგორ ატარებ შავს. რა თქმა უნდა, მთელი გარდერობი შავი არ უნდა გქონდეს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში ასეა და როცა ნაცრისფერი მაცვია, ვფიქრობ, ძალიან გაფერადებული ვარ. შავმა ფერმა შეჩვევაც იცის. ყველაზე მდიდრული ფერია და ყველაზე პრაქტიკული. მასთან თამაში ყველაზე მარტივია.
– თქვენი ოცნების ქალბატონს (რომელსაც ყველა ვიცნობთ), რა ფერში შემოსავდით?
– გააჩნია, რა ივენთისთვის ვამზადებ ამ ქალბატონს. თუმცა, ტონალობა ღია ვარდისფრიდან დაწყებული წითელით დამთავრებული, ყოველთვის მომგებიანია. თუ ნაზი გვინდა რომ იყოს, ძალიან კარგია ბეჟი ტონალობა ვარდისფრის ჩათვლით, ღია ცისფერიდან დაწყებული მწვანეთი დამთავრებული. თუ განსაკუთრებული ეფექტი უნდა მოვახდინოთ, თეთრი, წითელი და შავი ყველაზე მომგებიანი ფერებია იმისთვის, რომ თან, სექსუალურიც იყო და თან, ნაკლები შეცდომა დაუშვა.
– როგორი აქსესუარები გამოვიყენოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე?
– მე, მაგალითად, არ მიყვარს რამდენიმე აქცენტის გაკეთება. თუ ვთქვათ, დიდი ზომის ბეჭედი გიკეთიათ, აღარაა საჭირო დიდი ყელსაბამი და საყურე.
ამ სეზონზე მასიური ბეჭდები და საყურეებია მოდაში, რომელიც უბრალო სილუეტებს – პერანგ-კაბებსა და კაბახალათებს ახალისებს, განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მათ.
– გამოზაფხულებასთან ერთად, სუსტი სქესის ბევრი წარმომადგენელი დადის ვარდიანი აბადოკით.
– ვერ ვიტყვი, რომ ეს აქსესუარი ყველაზე მომწონს, თუმცაღა მიმაჩნია, რომ ლამაზია, თუ ქალბატონს ის უხდება.
– თითქოს, ასაკს ითხოვს, ან წონას.
– არაფერს არ ითხოვს, სახის ფორმაზეა დამოკიდებული. თუ მანდილოსანს დიდი და მასიური სახე აქვს, რა თქმა უნდა, მან მასიური ნივთები არ უნდა ატაროს. ვარდიანი აბადოკი ძალიან უხდება პატარა გოგონას, თუ ჯინსის ქურთუკით, დაძენძილი შარვლითა და მაისურითაა შემოსილი. თუმცა, ამ აქსესუარს ხშირ შემთხვევაში, საღამოს კაბაზეც იყენებენ და თუ ამას მოითხოვს სილუეტი და მომგებიანია, ამ შემთხვევაშიც გამართლებულია.
– თქვენი კომპანიის გეგმებზეც მიამბეთ?
– ჩვენი კომპანია ძალიან ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყანასთან. გვაქვს დიდი და სერიოზული შოუ-რუმი მილანში. ასევე პარიზში გამოფენებში ვმონაწილეობთ. ახლა გაკეთდა სერიოზული ვიტრინა და გამოფენა პარიზის ყველაზე სერიოზულ მაღაზია „ლე სვითში”. ჩემთვის ძალიან პრესტიჟული იყო. ფაქტობრივად, მთელ ვიტრინაში გაკეთდა ჩემი კოლექციის პრეზენტაცია და უკვე ერთი თვეა, ეს ვიტრინა არსებობს. ჩვენ უკვე საკმაოდ სერიოზულად გავედით სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე. რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. ალბათ, ქართველებისთვისაც.
– ძალიან აქტიურად თანამშრომლობდით უკრაინასთან.
– ახლა საკმაოდ სერიოზული პრობლემებია უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენი მაღაზია მდებარეობს მეიდანთან ძალიან ახლოს, რის გამოც ფაქტობრივად, თვე-ნახევარია, მაღაზია ვერ ფუნქციონირებს. თუმცა, ამას ყველანი გაგებით ვეკიდებით, მხარში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ვემზადებით. თვის ბოლოს გავარკვევთ, მილანში რა მაღაზიები დაგვემატა შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის და როგორც კი იქიდან ჩამოვალთ, დავიწყებთ მზადებას თბილისის მოდის კვირეულისთვის. აუცილებლად გავახარებ ქართველ საზოგადოებას ჩემი დიდი და გრანდიოზული ჩვენებით.