კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

შვილს დედა უნდა ზრდიდეს

ცოლი სიყვარულით შევირთე. ოთხოთახიან ბინაში (თანაც, თბილისის ცენტრში) ვცხოვრობდით მე, ჩემი ცოლი, დედაჩემი და მამაჩემი. მარიკას თავიდანვე უნდოდა ცალკე ცხოვრება, მაგრამ, დედისერთა ვარ და, მოგეხსენებათ, ჩემს მშობლებს რა დაემართებოდათ, სხვაგან რომ გადავსულიყავი. მით უფრო, რომ მეორე ბინის ყიდვის საშუალება არ გვქონდა და, ესე იგი, უნდა დამექირავებინა მინიმუმ ოროთახიანი, ოღონდ ყველანაირად კეთილმოწყობილი, თანაც, კარგ უბანში. ასეთი ბინა კი მინიმუმ 500 დოლარი ღირდა თვეში, ანუ, თითქმის მთელი ჩემი ხელფასი ქირაში უნდა გადამეხადა. მამაჩემმა მითხრა, თუ ცალკე გადახვალთ, ერთი კაპიკითაც არ დაგეხმარებითო. მარიკა ამაზე გაბრაზდა და უფრო მეტად დამიწყო „ჩხიკინი“ – გინდა თუ არა, ცალკე ვიცხოვროთო. ასე „ჭიდაობაში“ გავატარეთ ხუთი წელი. ამასობაში ორი შვილი შეგვეძინა – ქალ-ვაჟი. ჩემი ცოლი არ მუშაობდა, მაგრამ, დედაჩემი ისე ეხმარებოდა ბავშვების გაზრდაში, რომ მარიკას ყველგან წასვლის საშუალებას აძლევდა. სხვათა შორის, ამას არც უარყოფდა, ყველგან ამბობდა, შვილებს დედამთილი მიზრდისო, მაგრამ, მაინც ცალკე უნდოდა ცხოვრება. ერთხელ ისიც მითხრა, მეც დავიწყებ მუშაობას და როგორმე გავიტანთ თავსო. მერე ამ პატარა ბავშვებს ვის დაუტოვებ-მეთქი? ბაგა-ბაღში მივიყვან ან ძიძას ავიყვანთო. ბაღსაც და ძიძასაც ცალკე ხარჯები დასჭირდებოდა, მე კი ამის საშუალება არ მქონდა. ამიტომ, კატეგორიული უარი ვუთხარი. ბევრი ფიქრის შემდეგ ახალი „ვერსია“ შემომთავაზა: დედაშენი მოვიდეს ხოლმე და დილის 9 საათიდან საღამოს 7-მდე იყოს ბავშვებთანო. კი მაგრამ, დედაჩემს გაურბიხარ და, თუ ისევ მას უნდა დაუძახო, აქ არა გვყავს-მეთქი?! მოკლედ, ვერ გავიგე, რატომ ჰქონდა ასე ამოჩემებული ცალკე ცხოვრება. ერთ დღეს კი ყველაფერი ნათელი გახდა: ამას წინათ სამი დაქალი ესტუმრა. რა თქმა უნდა, ბავშვები დედაჩემმა გაიყვანა თავის ოთახში და რძალს საშუალება მისცა, სტუმრებისთვის მიეხედა. იმ მომენტში მეც სახლში ვიყავი და ცოტა ხანს გოგოებთან ჩამოვჯექი – მოვიკითხე, ვისაუბრეთ, ძველი ამბები გავიხსენეთ. მერე ჩვენმა სტუმრებმა თავიანთ შვილებზე მიამბეს სასაცილო ისტორიები და სწორედ ამ ისტორიების მოყოლის დროს გავიგე, რომ, თურმე, სამივე ცალკე ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად (ორი – ნაქირავებში, ერთი კი ნაგირავებ ბინაში). სამივეს ძიძა ჰყავს აყვანილი შვილებისთვის და სამივე მუშაობს 200 და 300-ლარიან ხელფასზე.

– შენი ხელფასი ძიძაზეც კი არ გყოფნის, ცალკე ქირაც გადასახდელი გაქვთ, თან, ბავშვი მთელი დღე დედის გარეშეა სახლში. ალბათ, სულ ენატრები. გიღირს ასეთი სამსახური? – ვკითხე ერთ-ერთს.

– იცი, რა, ჩემო კარგო? – მიპასუხა წარბის აწევით, – თქვენ, კაცები, ამას ვერ გაიგებთ.

– რა არის აქ გაუგებარი, პატარა ბავშვს დედა რომ უნდა ზრდიდეს? – ვუთხარი ირონიულად.

– მთავარია, ბავშვი უპატრონოდ არ დატოვო და, ვინ გაზრდის, მნიშვნელობა არ აქვს, – მითხრა ნიშნის მოგებით, – თქვენ, ქმრები, მთელი დღე დაგრიალებთ და სახლში მარტო დასაძინებლად მოდიხართ. ერთი წუთით მაინც თუ გიფიქრიათ, როგორი მოსაბეზრებელია, წლების განმავლობაში ყოველი დღე ზუსტად ერთნაირი რომ არის? ჩვენ რა, არ გვინდა ხალხთან ურთიერთობა, გართობა, ცხოვრების გახალისება?

– როგორ არ გინდათ, მაგრამ, შვილების ხარჯზე?! – გავბრაზდი მე.

– შენთან კამათს აზრი არ აქვს, შენც დანარჩენი კაცებივით ფიქრობ და მსჯელობ. ამიტომ, ჯობია, თემა შევცვალოთ, – ცივად მითხრა მარიკას დაქალმა და სიგარეტს მოუკიდა.

– ჯობია, გაგეცალოთ, თორემ, ჩხუბი მოგვივა, – ვუთხარი გოგოებს და ბავშვებთან გავედი.

იმ დღეს მივხვდი, რომ ჩემს ცოლსაც ისეთივე ცხოვრება უნდოდა – „თავისუფალი“ და „დამოუკიდებელი“, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არ დავუთმობ. ჯერ ერთი, ჩემს მშობლებს ვერ მივაყენებ ტკივილს და, რაც მთავარია, ბავშვების ხარჯზე არ გავაკეთებ ამას. თუ მარიკას უნდა, დაიწყოს მუშაობა, მაგრამ, ქირით ცხოვრება და ძიძის აყვანა გამორიცხულია – ამის არც ფუფუნება მაქვს და არც სურვილი.

ბადრი, 32 წლის.

 

მამამ ძალიან მაწყენინა

გაისად სკოლას ვამთავრებ. ძალიან მინდა, თეატრალურში ჩაბარება, რადგან, ვოცნებობ მსახიობობაზე. თან, როგორც ყველა გოგოს, მეც მაქვს დიდი სურვილი, გავხდე ცნობილი და პოპულარული. მაგრამ, ჩემს ოცნებას ოჯახის წევრები ირონიით უყურებენ, განსაკუთრებით – მამა. ამ თემაზე ძალიან ხშირად მოგვსვლია ჩხუბი. მამაჩემი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მსახიობი გამოვიდე. რაღაცნაირად მესმის მისი, რადგან, მისი პირველი ცოლი მსახიობი იყო და მთელი ის ხუთი წელი, რაც ერთად გაატარეს, სულ დაკა-დაკა ჰქონდათ – მამაჩემი ვერ ეგუებოდა ცოლის მუდმივად გადაღებებზე სირბილს, ათასგვარ ხალხთან ურთიერთობას, მოკლედ, მის ბოჰემურ ცხოვრებას, რადგან, თვითონ ძალიან სერიოზული და მკაცრი ადამიანია. თან, ყოველთვის სოლიდურ თანამდებობებზე მუშაობდა და, ცხადია, ასეთი კაცისთვის მიუღებელია, როცა მისი ცოლი ეკრანზე სხვა მამაკაცს ეხუტება, ეალერსება და ტუჩებში ჰკოცნის. ამ ყველაფერს კი მისი ნათესავები და ძმაკაცებიც უყურებენ, მაგრამ, იმ ქალსაც ვერ ვამტყუნებ. ეს არის მისი პროფესია, რომელიც უყვარს და მასზე უარს ვერ იტყვის. ამიტომ, ჩემი აზრით, მასთან მამაჩემი არ იყო მართალი, რადგან, როცა შეირთო, ის ქალი უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო. მას თურმე, თავიდანვე უთქვამს, არავის და არაფრის გამო, ჩემს პროფესიას თავს არ დავანებებო. მაგრამ, მამას ისე ჰყვარებია, ამ პირობაზე დათანხმებულა. თუმცა, დროთა განმავლობაში, მიმხვდარა, რომ ამას ვერ შეეგუებოდა და, რადგან თავისი ვერ გაიტანა, დიდი სკანდალით გაეყარა ცოლს. თან, იმ ქალს შვილის გაჩენაზეც უარი უთქვამს – სად შემიძლია, ბავშვის ჭყივილის გაძლებაო. მამას კი ძალიან ნდომებია ბევრი შვილი. მოკლედ, მტრებად დაშორდნენ ერთმანეთს და იმის მერე მსახიობებს ვეღარ იტანს.

ამას წინათ მე და მამამ ისევ ვიჩხუბეთ ამ თემაზე. მე რომ მაინც ჩემსას გავიძახოდი, პირდაპირ მომახალა – მსახიობი, თანაც ქალი, ლამაზი უნდა იყოს, შენ კი რას ჰგავხარ. რომც ჩააბარო, რეჟისორები მხოლოდ შეუხედავი პერსონაჟების როლებს შემოგთავაზებენ და, თუ ოდესმე ცნობილი გახდი, ხალხი გაგიცნობს, როგორც ყველაზე უშნო მსახიობს. თანაც, ყველაფერს ნიჭი სჭირდება, შენ კი ისეთი უნიჭო ხარ, მეათეხარისხოვან როლებზეც კი არავინ მიგიწვევსო.

ისე მეწყინა, მთელი ღამე ტირილში გავატარე. ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არავის მოუყენებია. ვიცი, რომ ზეთუნახავი არ ვარ, მაგრამ, არც ისეთი უშნო ვარ, ჩემს შეხედვაზე გული გაგისკდეს. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მაქვს რაღაც შარმი, თორემ, ჩემი კლასის ბიჭების უმრავლესობას არ ვეყვარებოდი. მართლა მახინჯიც რომ ვიყო, მამას ასე არ უნდა დავემცირებინე. ბოლოს და ბოლოს, მისი შვილი არ ვარ? რატომ მილახავს თავმოყვარეობას? თავის პირველ ცოლზე თუა გაბრაზებული, მე რა შუაში ვარ?

იმ დღის შემდეგ მამას აღარ ველაპარაკები. დედაჩემი მარწმუნებს, მართლა ასე კი არ ფიქრობს შენზე, უბრალოდ, სხვანაირად რომ ვერ გაგაგებინა, ასეთი უხეში და უტაქტო ფორმით იმიტომ გითხრაო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, დედა მართალი იყო, მაგრამ მამაჩემის საქციელს მაინც არ ვამართლებ. მიმაჩნია, რომ მამა შვილს ასე არ უნდა მოექცეს, მით უმეტეს – გოგოს და, თანაც მოზარდს. ხომ შეიძლება, ასე ბავშვი დაკომპლექსდეს და მთელი ცხოვრება აერიოს?!

თამთა, 16 წლის.

скачать dle 11.3