როგორ გაყიდა გოკა გაბაშვილმა 5 000 ლარად ღირებული ფერწერული ტილო 40 000 დოლარად
აწ უკვე ორი მოწვევის პარლამენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ არათუ რიგითი წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გოკა გაბაშვილი 1973 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო და გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. თუმცა მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ, როდესაც 1990-1995 წლებში თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტზე სწავლობდა, იმავდროულად, 1991-1994 წლებში საარბრიუკენის უნივერსიტეტის სტუდენტადაც ირიცხებოდა. ოღონდ მისი შრომითი საქმიანობა 1997 წელს იწყება: განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსობით. 1998 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ გადავიდა, სადაც 2002 წლამდე მედიის, გამომცემლობათა, მთარგმნელობითი და განათლების პროგრამების კოორდინატორად იმუშავა. 2002 წლის განმავლობაში TBC-TV-ის ტელეგადაცემა „აზრის“ ავტორი და წამყვანიც იყო. 2002 წელს მის ცხოვრებაში პოლიტიკაც შემოიჭრა და 2004 წლამდე პოლიტიკური გაერთიანება „გაერთიანებული დემოკრატების“ გენერალურ მდივნადაც იმუშავა. 2004 წელს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე 2008 წლამდე იმუშავა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ გადაიყვანდნენ. 2008 წლის ივნისში ხალხის რჩეულიც გახდა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტში და იგივე საქმიანობა 2012 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტშიც გააგრძელა.
ბ-ნმა გაბაშვილმა თავისი პირველი დეკლარაცია 2004 წელს შეავსო კულტურის მინისტრის რანგში და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – 1976 წელს დაბადებული ირინე კლდიაშვილი და ქალიშვილი – თინათინი. დეკლარაციის თანახმად, ბ-ნი გაბაშვილის საკუთრება იყო ბინა თბილისში (45 000 ლარი) და ჯერ არაშენებული ბინის ორდერი (20 000 ლარი): ასევე, 5 000 ლარად ღირებული ფერწერული ტილო; ირინა კლდიაშვილის კუთვნილი უძრავი ქონებიდან ყველაზე ფასეული 5 000 ლარად ღირებული კარადა გახლდათ. ხოლო უძრავი ქონების სახით ფლობდა საცხოვრებელ ფართს დაბა ბაკურიანში (20 000 ლარი). ამას გარდა, მას ბანკში, ანაბარზე, 13 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა. აგრეთვე, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა – იყო შპს „კასაბელას“ დამფუძნებელი და პარტნიორი. ოჯახის მიერ 2003 წელს მიღებული შემოსავლები კი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ბ-ნმა გაბაშვილმა, როგორც გენმდივანმა, 2 500 ლარი აიღო, როგორც მინისტრის მოადგილემ (თვე-ნახევარში 1 800 აშშ დოლარი); ირინე კლდიაშვილმა, როგორც თსუ-ის ლექტორმა, 800 ლარი მიიღო, ამდენივე, როგორც ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტის ლექტორმა, როგორც GTC-ის კურსების მასწავლებელმა კი, 800 ევრო.
2005 წელს ქ-ნ კლდიაშვილს 7 500 ლარად ავტომანქანა შეუძენია. რაც შეეხება შემოსავლებს: გოკა გაბაშვილმა, როგორც მინისტრმა, 2004 წლის განმავლობაში მიიღო 6 054 ლარი და 12 600 აშშ დოლარი, ხოლო მის მეუღლეს სალექტორო მუშაობამ, საერთო ჯამში, 1 332 ლარი და 800 ევრო მოუტანა. ქ-ნ კლდიაშვილს 2006 წელსაც ახალი ავტომობილი ჰყავს – ამჯერად, 18 000-ლარიანი „ჰიუნდაი გეთსი“, თუმცა ანაბარზე 4 000 აშშ დოლარიღა აქვს დარჩენილი და ლექტორობისთვის 21-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეობაც შეუთავსებია. გოკა გაბაშვილის სამინისტრო ხელფასს 2005 წლის განმავლობაში 41 786 ლარი შეუდგენია, ირინე კლდიაშვილისთვის კი ლექტორობასა და დირექტორის მოადგილეობას, სულ რაღაც, 2 430 ლარი მოუტანია. 2007 წლის განმავლობაში ბ-ნი გაბაშვილის სამინისტრო შემოსავალმა 42 000 ლარი შეადგინა, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც 21-ე სკოლის დირეტორის მოადგილემ, 9 600 ლარი აიღო. 2008 წლის განმავლობაში მათ ქონებას არაფერი შეჰმატებია, არც დაკჰლებია. ბ-ნმა გაბაშვილმა, საერთო ჯამში, ხელფასის სახით, 42 ათასამდე ლარი აიღო, მისმა მეუღლემ – 5 520.
2010 წლის დეკლარაციაში ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება შემდეგნაირია: გოკა გაბაშვილის საკუთრებაა ბინა წყნეთის ქუჩაზე, ასევე, მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვაზე და ავტომანქანა. ირინა კლდიაშვილს კი ეკუთვნის აგარაკი ბაკურიანში. 2009 წლის განმავლობაში პარლამენტარმა გაბაშვილმა 56 836 ლარი აიღო, დირექტორის მოადგილემ და პედაგოგმა კლდიაშვილმა 7 200 ლარი. 2010 წელს გიორგი გაბაშვილმა ავტომანქანა გამოცვალა – მას ახლა 2011 წლის „hunday tuscon” ჰყავს და აქვს ბინა ყიფშიძის ქუჩაზე, დაუმთავრებელ სახლში. ქ-ნი კლდიაშვილის შემოსავალი კვლავაც 7 200 ლარია, ხოლო: ბ-ნი გაბაშვილის სადეპუტატო შემოსავალს მოუმატია და 67 272 ლარი გამხდარა. 2011 წელს გიორგი გაბაშვილმა თავისი კუთვნილი ფერწერული ტილო 40 000 აშშ დოლარად გაყიდა. 21 900 აშშ დოლარი საბანკო სესხების მომსახურებაში გადაიხადა, ხოლო სადეპუტატო შემოსავლმა 69 009 ლარი შეადგინა. მისმა მეუღლემ, როგორც პედაგოგმა, 7 888 ლარი აიღო, ხოლო, როგორც საქართველოს სამარიტელთა კავშირის დირექტორმა, 11 384 ლარი. 2012 წლის განმავლობაში გოკა გაბაშვილის სადეპუტატო წლიურმა ხელფასმა 70 495 ლარი შეადგინა, მისმა მეუღლემ, როგორც საჯარო სკოლის პედაგოგმა, 7 888 ლარი აიღო, ხოლო, სამარიტელთა კავშირიდან – 17 440 ლარი. 6 600 აშშ დოლარი საბანკო სესხების მომსახურება დაუჯდათ, ხოლო 10 005 ლარი – შპს „ედელვაისის“ ქირავნობა.