უბიძგებს თუ არა რუსეთის მიერ ყირიმის ისტორიული მოტივით მიერთება თურქეთს აჭარის დასაკავებლად
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი, თანაც, ქართულ ენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამჯერად მის ეკონომიკურ ნაწილზე ვისაუბრებთ, კერძოდ, სავაჭრო რეჟიმზე. ხელშეკრულების მიხედვით, ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი მეორე მხარეში წარმოშობილ პროდუქციაზე. თუმცა იმოქმედებს შეზღუდვებიც: განსაზღვრულია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც საქართველოდან ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე უნდა იქნეს იმპორტირებული და იმ პროდუქტებისაც, რომლებიც ამ გადასახადს დაექვემდებარებიან. მათ შორისაა 30-მდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. რა პერსპექტივას უმზადებს ქართულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და არის თუ არა მზად ქართული ბაზარი ევროკავშირის ღია კარში შესასვლელად? თემას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია განგვიმარტავს.
– იმედი მაქვს, ასოცირებაზე ხელმოწერის აქტი შედგება. საბაჟო ტარიფი ნულდება, თუმცა 30-მდე პროდუქციაზე რჩება. როგორი სატარიფო რეჟიმი დამყარდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერის შემდეგ?
– უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში საკმაოდ დიდი ნაწილი არა მარტო სავაჭრო ბარიერებს ეთმობა, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება პროდუქციის შეფუთვას, წარმოებას, სხვადასხვა მიმართულებით ჰარმონიზაციას. ეს საკმაოდ რთული და ტევადი დოკუმენტია და, მინდა, გითხრათ, რომ არის საშიშროება, ხელმოწერამდე ვერ მოვასწროთ ყველა ამ მოთხოვნის შესრულება.
რაც შეეხება სატარიფო ბარიერს: ჩვენ ისედაც გვქონდა ევროკავშირთან შეღავათიანი ტარიფები და საკმაოდ დიდი ოდენობის საქონელი, 7 200-მდე, ნულოვანი ტარიფით შედიოდა ევროკავშირის ქვეყნებში, არასატარიფო ბარიერთან დაკავშირებით სწორედ ეს მუხლებია გადატანილი ასოცირების ხელშეკრულებაში. ვფიქრობ, ეს წაადგება ქართულ ბაზარს და ქართულ პროდუქციას, მაგრამ, აქ არის რამდენიმე „მაგრამ.” არც ის 30 დასახელების საქონელია პრობლემა, რომლებიც საბაჟო ტარიფით დაიბეგრება და არც ქართულ ბაზარს შეექმნება პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ თითქმის ღია გვქონდა ეს ბაზარი, ისევე, როგორც მათ. ევროპული საქონელი შემოდიოდა, რადგან ჩვენ ვაღიარებდით მათ მიერ გაცემულ სერტიფიკატებს. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რამდენად მოასწრებს ჩვენი სოფლის მეურნეობა და ბაზარი ევროპული ბაზრისთვის გადალაგებას. ევროპელებმა გააკეთეს ანონსი: სასწრაფოდ მოგვთხოვეთ ფული ამ საქმისთვის, პიარისთვის, სტანდარტების დანერგვისთვის, სოფლის მეურნეობის რეორგანიზაციისთვის.
– მოვითხოვეთ?
– სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ. და ეს არ არის კაბინეტებში რამდენიმე კაცის გასაკეთებელი საქმე. ამას სჭირდება არასამთავრობოების, ექსპერტების, სერიოზული კონსალტინგური ორგანიზაციების ჩართვა და ამას სჭირდება ფული. მით უმეტეს, ასეთი გამოცდილება არსებობს: ევროპა ამ გზაზე ფინანსურად დაეხმარა პოლონეთსა თუ ბალტიის ქვეყნებს. ჩვენ ჯერ სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ ფული, ამის შემდეგ მოვიწვიოთ ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტები და მათთან ერთად გავიაროთ თითოეული პუნქტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული დაკარგული დღე შეიძლება, ძვირად დაგვიჯდეს.
– როდესაც ამბობთ, ქართულ ბაზარს არ შეექმნება პრობლემაო, გულისხმობთ, რომ ევროკავშირიდან შემოსული პროდუქცია არ გაძვირდება? თუ, იმ შემთხვევაშიც არ შეიქმნება პრობლემა, თუკი ვერ მოესწრება ჩვენი პროდუქციის სათანადოდ მომზადება?
– არასატარიფო ბარიერებში ის პრობლემაა, რომ, შესაძლოა, ჩვენი საქონლის წარმოების, სერტიფიცირებისა და შეფუთვის პროცესი არ იყოს იმ დონის, რაც ამ ხელშეკრულებაშია.
– რას ითხოვს ისეთს?
– საკმაოდ დიდი ჩამონათვალია, დაწყებული ეკოლოგიიდან, მიწის პასპორტიზაცია, ჰაერის ანალიზი, ქიმიზაცია, ჯიშების კონტროლი და ასე შემდეგ. ისეთი დეტალებია, რასაც სპეციალისტის ყური სჭირდება.
– ქართულ სარეკლამო რგოლებში ხშირად იწონებენ მწარმოებლები თავს „აი სო სერტიფიკატით“. გამოადგებათ ეს სერტიფიკატი ევროკავშირის ბაზარზე?
– „აი სო სერტიფიკატი“ ბევრნაირია. არის მენეჯმენტის სერტიფიკატიც და ეს სულ სხვაა, არის კონკრეტული პროდუქციის სეტრიფიკატი და ეს საკმაოდ რთული რამაა. ავიღოთ თაფლი: 80-მდე პარამეტრია, რასაც ისინი, მინიმუმ, შეამოწმებენ. აი, ეს პროცესი უნდა გაიაროს ჩვენმა თაფლმა, რომ ევროპამ კარი გაუღოს და, შეიძლება, ის, რაც ჩვენ მოგვწონს, მათ არ მოეწონოთ და თქვან, თქვენი აკაციის თაფლი სურნელოვანია და კარგია გუდის ყველი, მაგრამ ესა და ეს ჩხირები და ბაქტერიები აქვსო.
– შესაძლებელია, რომ ხელი მოეწეროს შეთანხმებას ისე, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია არ იყოს მზად ევროკავშირის ბაზრისთვის?
– თავისუფალი ვაჭრობის დაწყების მომენტისთვის ეს ყველაფერი შესრულებული უნდა იყოს.
– თუ არ იქნა შესრულებული?
– არ ვიცი… შეიძლება, თვალი დახუჭონ, მაინც შეგვიყვანონ და დრო მოგვცენ ან სასწრაფოდ მოგვთხოვონ ამის გაკეთება. მოკლედ გეტყვით: თუ ევროპის ნაწილი ხარ, ისე უნდა გააკეთო, როგორც ევროპაშია მიღებული. არადა, როგორც ევროპაშია მიღებული, საქართველოს ეკონომიკისთვის ხელსაყრელი არ არის ამ მომენტში.
– უკრაინის თემას შემოვიტან: დიდი სპეციალისტობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რა მდგომარეობაში იქნება უკრაინის ეკონომიკა, თუმცა ასოცირების პოლიტიკურ ნაწილზე ხელმოწერა რეალურია.
– უკრაინაში კატასტროფული სიტუაციაა, ჩვენ და უკრაინას ერთი მტერი გვყავს, პირობითად ვთქვათ, ეს მტერი არის „სიმენსი“. გერმანიას რუსეთთან 100 მილიარდი ევროს ბრუნვა აქვს. ამ 100 მილიარდიდან 50 მილიარდი მოდის „სიმენსზე“. თქვენ წარმოიდგინეთ გერმანიის განწყობა რუსეთისადმი. გერმანია არც ერთ შემთხვევაში არ გააბრაზებს რუსეთს ამ ეტაპზე და არ დაუკარგავს 50-მილიარდიან ბიზნესს „სიმენსს“, რომელიც არის გერმანიის ეკონომიკის მოტორი. აი, ეს მონოპოლიებია ჩვენი მტერი. პოლიტიკურად ევროპელები აღშფოთებულები არიან რუსეთის ქმედებით. რა თქმა უნდა, მათაც მიაჩნიათ და სწორადაც მიაჩნიათ, რომ უსუსურია ის სანქციები, რომლებსაც ისინი რუსეთის მიმართ იყენებენ და, ფაქტობრივად, დაუკანონეს ყირიმის შეერთება. ამ ფაქტმა, შეიძლება, მთელი მსოფლიო შეცვალოს, მაგრამ აქ ერთვება ბიზნესის, ეკონომიკის მექანიზმები. გერმანია ვერ შეეგუება, დაკარგოს ასეთი უზარმაზარი პარტნიორი რუსეთის სახით. რუსეთმა იცის, რომ „სიმენსი“ არაფრის გამო არ დათმობს რუსეთის ბაზარს: „სიმენსს“ კი უზარმაზარი ძალა აქვს, ისევე, როგორც ყველა დიდ ტრანსნაციონალურ კომპანიას და ისინი ზემოქმედებენ. სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთის გაბრაზებას და „ნატოში“ ჩვენს ინტეგრაციას, ჩვენს ევროკავშირის წევრობას. იმიტომ რომ რუსეთისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესები გადაჯაჭვულია. დეტალურად რომ მივყვეთ, შეიძლება, ყველა ქვეყანას მოვუნახოთ უზარმაზარი ეკონომიკური დაინტერესება რესეთისადმი და, უბედურება ის არის, რომ მათ არაფრის მსხვერპლად მიტანა არ უნდათ რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი ამას გრძნობს და უხეშად მოქმედებს. უპრეცედენტო რამ მოხდა აფხაზეთის შემდეგ. მეტსაც გეტყვით, რამაც ძალიან შემაშფოთა, ის არის, რომ დასავლეთი უკვე ცდილობს, ამას მოუნახოს რაღაც სარჩული და ამბობს, ყირიმი ხომ სულ რუსეთის იყოო.
– არა, ჯერ მონღოლების იყო, მერე თურქეთის…
– 300 წელი ყირიმი თურქეთის იყო, თურქეთი – ბიზანტიის, ბათუმი – თურქეთის.
– უცნაური დამთხვევაა, დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში შეიერთა რუსეთის იმპერიამ ყირიმის სახანო და საქართველო. ამ ლოგიკით, ჩვენი ტერიტორიაც რუსეთის ისტორიული მიწა გამოდის.
– რუსეთს ბევრი სისხლი აქვს დაღვრილი, მაგრამ იმპერიის თვისებაა ბევრი სისხლის დაღვრა. მან ბევრად გვიან შეიერთა, მაგალითად, სამეგრელო და ჩეჩნეთი. იმის თქმა მინდა, რომ ეს ამით არ დამთავრდება. ოცდამეერთე საუკუნეში ამას ბოლო არ ექნება. საოცარი ის არის, რომ რუსეთმა უკრაინა არსებულ საზღვრებში აღიარა, ამერიკამ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა კი ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რითაც უკრაინის სუვერენიტეტის გარანტორები გახდნენ. მაგრამ ეს შეთანხმება დახიეს ორ წამში და კანალიზაციაში ჩაუშვეს, ახლა გამოსავალს ეძებენ – ყირიმი რუსეთის იყოო. უკრაინა მიატოვეს სრულიად უძლური, კორუფციით გაძარცული, უკაპიკო ბიუჯეტით და ახლა რუსეთი მიიერთებს ხარკოვს, დნეპროპეტროვსკს, ლუგანსკს. საშინელ მდგომარეობაშია უკრაინა, ფეხზე წამოდგომის შანსიც არ აქვს. ერთ დღეს, შეიძლება, კიევის რუსეთამდეც ჩავიდეთ და ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისის პირველი ეტაპი.
– სულ მცირეოდენი დისკომფორტის შესაქმნელადაც კი, რატომ არ აგდებენ ნავთობის ფასს?
– დიახ, ძალიან მარტივად წყდება ასეთი ამბები ნავთობზე ფასების დაგდებით, თუმცა ასეთ დროს გიგანტური ნავთობკომპანიები რამდენიმე მილიარდის წაგებას ნახულობენ. დასავლეთმა და ობამამ მშვენივრად იციან, როგორ უნდა განახორციელონ ეს, მაგრამ თავს არ იწუხებენ. ობამა არის პასიური და ამ წუთას მას უყურებს ყველა. ბუნებრივია, როდესაც ობამა არაფერს აკეთებს, გერმანია და ინგლისიც არაფერს გააკეთებენ. მით უმეტეს, მათ თავიანთი ეკონომიკური პრობლემები აქვთ. მათ ძალიან ცუდი როლი შეასრულეს 2008 წელსაც, როდესაც მკვეთრი რეაქცია არ ჰქონდათ და, დღესაც, რუსეთი რომ ყოველდღე მოჩოჩავს გორისკენ, ფაქტობრივად, რეაქცია არ აქვთ. რუსეთი გრძნობს, რომ ეს პოლიტიკური განცხადებები არის ბლეფი, რუსეთმა იგრძნო ძალა და მიხვდა, რომ მსოფლიო ტრანსნაციონალური კორპორაციები და მსოფლიო ბიზნესი მის მხარესაა, რომ მათ ძალა აქვთ ყველა ქვეყანაში. ყველა პოლიტიკოსი დასავლეთში, პირდაპირ თუ ირიბად, დამოკიდებულია მსოფლიოს ტრანსნაციონალური კორპორაციის ინტერესებზე და, აი, ამ შემთხვევაში, ზნეობა უკვე ფულთან იკვეთება.
– გამოდის, რომ უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არის ფარსი. ან, ვინ აწერს ხელს ამ შეთანხმებას – ჩვენ არ ვიცით, უკრაინის კიდევ რომელ რეგიონებს შეიერთებს რუსეთი?
– ევროპელები ერთს ბჭობენ და რუსეთი მეორეს აკეთებს. რუსეთი პირდაპირ ქმედებაზე გადადის და, ამდენად, ეს ხელმოწერა უკრაინას არაფერს მისცემს, იმიტომ რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, არ არსებობს. მე ასეთი კითხვაც მიჩნდება: თუ იცოდნენ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს შეერთებულ შტატებში 12 მილიარდი ჰქონდა, რატომ აქამდე არ ამოიღეს ხმა?! წაუყრუეს, იმიტომ რომ, რაღაც თამაშია, რომელსაც მავანი ჭადრაკის დაფას ეძახის, არადა, უბრალოდ, ორმაგი სტანდარტია. რუსეთი გაჩერდებოდა, მოვლენების სწორი ანალიზი რომ გაეკეთებინა დასავლეთს, მაგრამ მათ ყველგან წაუყრუეს. ახლა ყირიმს წაუყრუეს, ამიტომ რუსეთი სხვაგანაც იმავეს გააკეთებს. ის არ გაჩერდება, მას უნდა, ქვეყნის გარეთ გადაიტანოს ყურადღება.
– პუტინის შიდა იმიჯზე არაჩვეულებრივად იმუშავა ტერიტორიის უომრად შეერთებამ. ეს ახალი სისხლი იყო რუსული მენტალობისთვის, რომელიც ხედავს, რამდენად ჩამორჩება განვითარებით რუსეთი დასავლეთს.
– ეს არის იმპერიალისტური დერჟავა. სხვათა შორის, იმავეს ამბობს თურქეთი – ბათუმი ჩემიაო. დიდი შანსია, ერდოღანმაც მიიერთოს ბათუმი, მას პოლიტიკურად უტევენ, პრობლემები აქვს და, შეიძლება, განახორციელოს კიდეც ასეთი რეიდი. არადა, თავის დროზე ინგლისი პასიური რომ ყოფილიყო და სამხედრო ძალით არ დაპირისპირებოდა რუსეთს, სტამბული დღეს რუსეთის იქნებოდა. მაგრამ მაშინ სხვა ხელმძღვანელობა იყო და სხვაგვარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
– კომიკურად შეტრიალდა ჩვენი ინტერვიუ – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ვლაპარაკობთ, არადა, აგვისტომდე, შესაძლოა, თეორიულად, ჩვენი ტერიტორიები სულ სხვა სახელმწიფოში აღმოჩნდეს.
– ყირიმის შემდეგ ყველაფერს ველოდები. მე ვფიქრობ, ამის შემაჩერებელი ერთადერთი ძალა არის შტატები, მაგრამ ისინი დუმან.
– 5 მილიონი რუსი ცხოვრობს გერმანიაში, ადრე თუ გვიან, მათ რატომ არ შეიძლება, ჩაატარონ რეფერენდუმი და მოითხოვონ რუსეთთან შეერთება?
– უკრაინა სუსტი ეკონომიკის ქვეყანა იყო, მისი ხელისუფლება აბსოლუტურად კორუმპირებული და რუსული აგენტურით იყო სავსე. ამით ისარგებლეს და დააჩაჩანაკეს ქვეყანა. ერთადერთი, რაც დარჩენიათ უკრაინელებს, ეს არის პარტიზანული ომები. ტრაბახობენ კიდეც რუსები, ერთი ტყვიაც არ გაგვისვრიაო.
– ძალიან დამამცირებელი კონტექსტი ჰქონდა პუტინის ნათქვამს – დიდი მადლობა უკრიანელ სამხედროებს, რომ უბრძოლველად ჩაგვბარდნენო.
– ომის წარმოება უძვირესი ფინანსური აქციაა, ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ისეთი ქვეყნებიც კი დიდხანს ფიქრობენ, როგორიც შტატებია. პარტიზანული ომი მეტ-ნაკლებად მომგებიანია, თუ ამაზე წავა უკრაინის ხელისუფლება.
– ამ ფონზე, საერთოდ, აქვს აზრი ასოცირების შეთანხმების დეტალების განხილვას?
– მაინც აქვს. თუმცა, თან რომ საქართველოს ეუბნები, შემოდი „ნატოსა“ და ევროკავშირში და თან რუსეთს უწევ ანგარიშს, რომ არ გააბრაზო, – ასეთ თამაშს შედეგი არ მოაქვს და ამას რუსმა წერტილი დაუსვა უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში. მართალია, გამალებით იწყება რაკეტების განლაგება პოლონეთსა და ჩეხეთში, მაგრამ ვერ გავიგონე განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა დაჩქარებული წესით შევლენ „ნატოში“. არადა, ახლა ამ გადაწყვეტილების მისაღებად ყველაზე ხელსაყრელი მომენტია – რუსეთმა მისცა საბაბი და უნდა შეიყვანოს დასავლეთმა ეს ორი ქვეყანა, სანამ მათგან რამე დარჩენილა. ნუ მოსთხოვთ მათ ასოცირების ხელშეკრულების გამო ხუთოსნობას, მოუწერეთ ხელი. მით უფრო, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას ვჯობივართ მომსახურებით, ბიუროკრატიის ნაკლებობით თუ სხვა ასპექტებით.