რა კავშირი აქვს დავით საგანელიძის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ბოჭორმის ქუჩაზე სამშენებლო აფერასთან
2007 წელს საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, ახალი საცხოვრებელი ბინის შეძენის მოტივით, იურიდიული კომპანი სამართლებრივი დახმარების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ნაყოფიამ, მოეწონა რა ამხანაგობა „ქვაკუთხედის“ პირობები, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებლის მშენებლობას დათანხმდა. მიწა, რომლის განკარგვაც მინდობილი ჰქონდა „ქვაკუთხედს“ შპს „ვეტპრეპარატს“ ეკუთვნოდა. მისი დამფუძნებლები: გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე და ძმები საგანელიძეები იყვნენ, რამაც, როგორც აწ უკვე დაზარალებულები აცხადებენ, ამხანაგობა „ქვაკუთხედისადმი“ ნდობის გაჩენაზე მეტად დადებითად იმოქმედა. ასე იყო თუ ისე, „ქვაკუთხედის“ თავმჯდომარე ამხანაგობის წევრების მიერ გადახდილ თანხებთან ერთად გაუჩინარდა, მას დაუსწრებლად მიუსაჯა ქართულმა სასამართლომ 15 წელი, თუმცა ამით დაზარალებულთა ბედი არ შემსუბუქებულა: მშენებლობა არც კი დაწყებულა, მათი თანხები კი – დაიკარგა. ვახტანგ ნაყოფია, იმას გარდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებულია, ამ საქმეში დაზარალებულთა ინეტერესებსაც იცავს. ის ამ ერთი კლასიკური აფერის შესახებ თავად გვიამბობს, რაც იმის დადგენაშიც დაგვეხმარება, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ ვიქცეთ ძველი თუ ახალგამომცხვარი სამშენებლო კომპანიების მსხვერპლად.ფთ
–როგორ დაიწყო ეს ამბავი, გადაწყვიტეთ, რომ ახალი ბინა აგეშენებინათ...
–2007 წელს გადავწყვიტე, მეყიდა ბინა, მართალია, უკვე აშენებულ კორპუსში ვეძებდი, მაგრამ, რატომღაც, ამხანაგობა „ქვაკუთხედზე“ შევჩერდით. საკმაოდ მიმზიდველი ფასები ჰქონდათ. იყო ასეთი მომენტიც: პირად საუბრებში თანამდებობის პირებმაც გვირჩიეს, რომ სწორედ „ქვაკუთხედში“ შეგვეძინა ბინა. ამხანაგობას ვაკეში ჰქონდათ ოფისი, იმავე სართულზე, სადაც დავით საგანელიძე ცხოვრობდა. კომპანიაში გვაჩვენეს მინდობილობა მიწაზე. კერძოდ, მათ ბოჭორმის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთზე ჰქონდათ მინდობილობა, რომ მოეპოვებინათ დაფინანსება, ჩაეტარებინათ მოსამზადებელი სამუშაოები. ეს არ არის კონტრაქტი, მაგრამ სავსებით საკმარისი საბუთია მყიდველისთვის.
–მიწა ვისი საკუთრება იყო?
–შპს „ვეტპრეპარატის“, რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ თოფაძე, ტყემალაძე და ძმები საგანელიძეები. შემდეგ ეს კომპანია გაიყო, ძმებმა წამოიღეს თავიანთი წილი, დარჩათ მიწის ნაკვეთი ბოჭორმის ქუჩაზე და გავიდნენ ცალკე.
–სწორედ მათ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენებულიყო თქვენი ბინა?
–დიახ, 9 თუ 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა და ამიტომ ვერ ვამბობ ზუსტად. ჩვენ ვიცოდით, რომ მიწის მესაკუთრეებს „ქვაკუთხედი“ მიწის გამოყენების სანაცვლოდ აძლევდა გარკვეულ თანხას და ფართს აშენების შემდეგ. ეს მას შემდეგ გავიგეთ, რაც ურემი გადაბრუნდა. მხოლოდ ჩვენს ობიექტზე 35 ადამიანი ვართ დაზარალებული. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, ეს იყო სუფთა წყლის თაღლითობა. მათ ის დოკუმენტები მოიპოვეს იმ ეტაპზე, რომლებიც საჭირო იყო ფულის მოსაზიდად, თორემ სხვა არანაირი ნაბიჯი არ გადუდგამთ. თუმცა „ქვაკუთხედის“ დამფუძნებლები აცხადებენ, რომ 600 000 გადაუხადეს დავით საგანელიძეს.
–ასე მე შემიძლია, ნებისმიერი რამ ვთქვა, თუნდაც, თქვენზე. თანხის გადაცემის საბუთი არსებობს?
–ჩვენ შევხვდით რამდენჯერმე ძმებ საგანელიძეებს, ვკითხეთ თანხის შესახებ. დავით საგანელიძეს არ უთქვამს უარი. მან გვითხრა, მე თქვენთან არ ვილაპარვკებ თანხაზე, ვილაპარაკებ მასთან, ვისთანაც მქონდა საქმიანი ურთიერთობაო. არადა, ამხანაგობა „ქვაკუთხედის“ თავმჯდომარე ორჯონიკიძე გაქცეულია.
–რა თანხა მიითვისა ამხანაგობის თავჯდომარემ, საერთო ჯამში?
–ფასი იცვლებოდა, თავიდან საკმაოდ იაფი იყო: კვადრატული მეტრი 450-500 დოლარი, შემედგ 600 ევრო გახდა, თუ მაშინვე იხდიდი სრულ თანხას, უფრო ნაკლები გამოგდიოდა, თუ განაწილებით, ცოტა მეტი. ადამიანებმა სხვადასხვ აოდენობის თანხა გადაიხადეს:15 000, 80 000, 100 000 ლარიც კი. საერთო ჯამში, 3-4- მილიონი დოლარი უნდა იყოს. როდესაც მოგვიანებით დოკუმენტაცია ამოვიღეთ, „ქვაკუთხედი“ თანხების მიღებას მაშინაც კი აგრძელებდა, როდესაც სხვები ითხოვდნენ, ჩვენი თანხა დაგვიბრუნეთო.
–მშენებლობა საერთოდ არ დაწყებულა?
–არა. არც 2007-ში, არც 2008-ში
–თქვენ როდის მიხვდით, რომ არავინ არაფრის აშენებას არ აპირებდა?
–2008 წლის ომის შემდეგ მივხვდი, რომ არაფრის აშენების იმედი არ უნდა მქონოდა, მივწერე კიდეც, ფული დამიბრუნეთ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიბრუნებდა?! როგორც გითხარით, ადამიანებს 2009 წელსაც აქვთ გაკეთებული შენატანები. „ქვაკუთხედი“ არა მხოლოდ ბოჭრომის ქუჩაზე აშენებდა სახლებს, მეორე ობიექტი ჰქონდათ „ტოიოტას“ ცენტრის უკან. სხვათა შორის, ის მიწა ახლაც „ქვაკუთხედის“ სახელზეა. იმავე დამფუძნებლებს სხვა ამხანაგებობებიც ჰქონდათ, მაგრამ, როდესაც ჩვენი საქმე გასკდა, ყველამ გარიცხა და ხელი დაიბანა.
–ძმები საგანელიძეების მონაწილეობა როგორია ამ საქმეში?
–ჩვენთან მიმართებაში სტატიკური. როდესაც ჩვენს მომავალ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით პრობელმა შეიქმნა, ამხანაგობის თავმჯდომარე ორჯონიკიძე გაიქცა 2009 წლის დასაწყისში, დავით საგანელიძემ ჩვენთან შეხვედრისას თქვა, მეც თქვენსავით მოვტყუვდიო.
–რაში მოტყუვდა, რა დაკარგა?
–როგორც თვითონ ამბობს, მიწის იმ ნაკვეთზე გარაჟის ტიპის შენობები ჰქონდა, რმოლებიც დაანგრიეს, არადა მათი გაქირავებით შემოსავალს ვიღებდიო. ამხანაგობის თავმჯდომარ ორჯონიკიძის გაქცევის შემდეგ ძიება დაიწყო და მას დაუსწრებლად მიუსაჯეს 15 წელი. პარადოქსი ის იყო, რომ ამხელა დავალიანების მქონე ადამიანს სახელმწიფომაც დააკისრა 50 000-ლარიანი ჯარიმა. ბუნებრივია, მას არც ის ჯარიმა გადაუხდია და არც ის იცის არავინ, თუ სად არის.
–რა დაადგინა სასამართლომ, რამდენი თანხა მოიპარა ორჯონიკიძემ?
–სასამართლოს ზარალი არ დაუთვლია, ჩვენი სასამართლო სისტემა ასეთ პრაქტიკას არ იცნობს.
–აბა, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს და ჰქონდა, მას დაიჭერდნენ თუ არა?
–ეს სამოქალაქო დავაა, თუ დაზარალებული ხარ, უნდა აღძრა საქმე, მაგრამ, თუ მას არაფერი აქვს, ვერაფერს დააკისრებ. მაგალითად, იმავე ამხანაგობის მეორე დამფუძნებელი ალფაიძე ხუთი წლით ჩასვეს ბაგებთან ასაშენებელი სახლის გამო. ახლახან გამოვიდა. ორჯონიკიძე სულ უცხოეთში იყო, ჩამოდიოდა კვარტალში ერთხელ, მოაწყობდა კრებას და ენთუზიაზმით ყვებოდა გეგმების შესახებ. გამობრძმედილი ორატორი იყო, თუ ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაშინვე თავს დაესხმებოდა ხოლმე. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ყველამ იხიერა.
–დავით საგანელიძემ რა იხეირა?
–მე იურისტი ვარ და არ შემიძლია, ვილაპარაკო ჭორებზე დაყრდნობით. მე ვამბობ იმას, რაც საკუთარი თვალით ვნახე: დავით საგანელიძემ დაადასტურა, ფაქტობრივად, რომ თანხა მიცემულ აქვთ, მაგრამ თანხის ოდენობას არ გეტყვითო.
–თანხა რაში მიიღო?
–როდესაც მე თქვენს მიწაზე ვაშენებ სახლს, მე თქვენ გეუბნებით, რომ სანაცვლოდ მოგცემთ თანხას და ფართს, როდესაც მშენებლობას დავასრულებ. ყველაფერი ეგრეთ წოდებულ „პოსლეზე“ ხომ არ იქნება?! სხვათა შორის, დავაპირისპირეთ და ალფაიძემ პირდაპირ უთხრა დავით საგანელიძეს, ფული მოგეცითო. ეს გამომძიებელთანაც ვთქვი, მაგრამ გამოძიება ამ კუთხით არ წასულა. არადა, ხომ შეიძლებოდა, ეკითხათ, მართლაც მისცეს თუ არა ფული?! იმ ეტაპზე გამომძიებლებმა, ზემდგომების მითითებით, არ მიიჩნიეს საჭიროდ დავით საგანელიძისთვის ამ კითხვების დასმა.
–რომელ წელს მიმდინარეობდა გამოძიება?
–2010 წელს.
–იმას ამბობთ, რომ 2010 წელს გამოძიების ზემდგომებმა არ მიიჩნიეს საჭიროდ შეკითხვების დასმა ბატონი საგანელიძისთვის?
–მეც უცნაურად მომეჩვენა და ახლაც უცნაურად მეჩვენება. არადა, იყო ძალიან მარტივი სქემა: ალფაიძეები ამბობენ, რომ საგანელიძის მიწას ბოჭორმის ქუჩაზე, რომელზეც ჩვენთვის უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლი „ქვაკუთხედს“, ბანკის დიდი ვალი ჰქონდა და, როდესაც ჩვენ მას ჩავურიცხეთ 600 000 დოლარი, ბანკმა წაიღო ვალის ნაწილში და დარჩენილ ვალზე ახალი სესხი გაუფორმა. ბანკში ხდება ასეთი რამ: თუ გაქვთ მილიონიანი ვალი და ბანკს უხდით 600 000-ს, ამ სესხს გიუქმებთ და დარჩენილ 400 000-ზე გაძლევთ ახალ სესხს, რაც კლიენტისთვისაც მომგებიანია და ბანკისთვისაც. ალფაიძეები ამბობენ, რომ მათ მიერ მიცემული თანხით დავით საგანელიძე იხდიდა ბანკის ვალს. გამომძიებელს ვუთხარი, შეემოწმებინათ დავით სააგნელიძის და მისი ძმის ანგარიშები, რომ გვენახა, მართლაც დაფარა თუ არა 600 000 დოლარად ვალი და გვეკითხა მათთვის, საიდან ჰქონდაფ ის თანხა. მაშინ, როდესაც იმ 35 ადამიანის ზარალი, რომლებსაც მე წარმოვადგენ, სულ 900 000-დოლარია მხოლოდ იმ მიწაზე, ბოჭორმის ქუჩაზე, რვც დავით საგანელიძის საკუთრებაა. მაგრამ არავინ არაფერი გამოიძია. თავდაპირველად გამომძიებელი იმუქრებოდა, ასე და ასე ვიზამო, თუმცა შემდეგ გამოტყდა, რომ ზემოდან უარი უთხრეს. ყველანი ძალიან შეხმატკბილებურად მუშაობდნენ. „ქვაკუთხედის“ ოფისი იყო ორგანიზებული, ორი იურისტი ჰყავდათ, არქიტექტორები, ოფის-მენეჯერი, სულ ფუსფუსი იყო, ტელეფონები რეკავდა, ხალხი მიდი-მოდიოდა.
–საქმიანი ატმოსფეროს ილუზია იქმნებოდა.
–დიახ, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთადერთი ხელჩასაჭიდი, თუ დადგინდება, მიიღო თუ არა დავით საგანელიძემ „ქვაკუთხედისგან“ თანხა. მეორე – ალფაიძეები ამბობენ, რომ მაინც ააშენებენ და ჩვენც გვთავაზობენ სახლის აშენებას „ტოიოტას“ ცენტრის უკან, თუ უარს ვიტყვით ბოჭორმის ქუჩაზე მშენებლობაზე და ვისაც შესატანი აქვს თანხა, ბოლომდე დაფარავს დავალიანებას. როდესაც ვეკითხებით, მათ რა მოგება ექნებათ აქედან, გვეუბნებიან, რომ დავით საგანელიძე ეუბნება მათ, რომ ჩაუთვლის 600 000-ს გადახდილად. თუმცა ეს ყველაფერი სიტყვიერ დონეზეა. სამართლებრივად ვერ მოედავები, ჩვენ ახლა თითქოს ვჭორაობთ.
–ერთია, რომ ჩვენ თითქოს ვჭორაობთ და მეორე, რომ თქვენ და არა მხოლოდ თქვენ ნამდვილად დაკარგეთ საკმაოდ დიდი თანხა.
–თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ დავით საგანელიძეს ის თანხა გადაუხადეს. ათასი ეჭვია, სად დაიკარგა ორჯონიკიძე ან ვის არ აძლევს ხელს მისი გამოჩენა?! ასე რომ, პირდაპირი კავშირი არ არის საგანელიძეებთან, მაგრამ ასეც შეიძლება, იყოს და ისეც: მტკიცებულებები არ არსებობს.
–სამართლებრივად ვერ ედავებით?
–ვერანაირად. აბსოლუტურად არანაირი ბმა არ არსებობს. ფულის აღებას ვერ ვამტკიცებთ, მინდობილობა ვადიანი იყო და გაუვიდა ვადა, მაგრამ, როგორც კი პრობლემა შეიქმნა მიწის იმ ნაკვეთზე, დავით საგანელიძემ ის ცოლის სახელზე გადააფორმა.
–ახალი შემომთავაზებელიც რომ გაიქცეს, რა გარანტია გაქვთ?
–არ არის ცუდი, რასაც გვთავაზობს: მაგრამ ნდობის საკითხია, მას, ვისაც ფული აქვს შემოსატანი, აღარ აქვს მოტივაცია.
–ბევრია ასეთი შემთხვევა, ანუ დაზარალებული?
–რასაც ირგვლივ გაჩერებული მშენებლობას ხედავთ, ყველა ასეთი შემთხვევაა. თუმცა ზოგან შენობის ჩონჩხი მაინც დგას. ჩვენ მიწაც კი აღარ გვაქვს, დავით საგანელიძეს თავისი მიწა დარჩა. სამართლებრივად „ტოიოტას“ ცენტრის უკან არსებული მიწის ნაკვეთი ჩვენიცაა, რადგან „ქვაკუთხების“ სახელზეა.
–სხვა ქვეყანებში თუ არის მშენებლობის ასეთი პრაქტიკა ამხანაგობებით?
–მეეჭვება, სადმე ამხანაგობები არსებობდეს, როგორც ჩვენთანაა. სარჩელსაც კი ვერ შეიტან ამხანაგობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სამართალწარმოების სუბიექტი არ არის. თუ სასამართლოში ჩივილი გინდა, უნდა უჩივლო დამფუძნებლებს, თუ 30 ჰყავს, 30-ვეს უნდა უჩივლო. ამხანაგობები გაკეთდა იმისთვის, რომ მარტივი იყო ფულისა და მოგების დამალვა, ადამიანების მოტყუება. ამხანაგობაში წევრს მარტივად მიიღებდი, რელურად, ის სრულუფლებიანი სუბიექტი იყო, მაგრამ პრობლემა რომ გაჩნდებოდა, მაშინ ირკვეოდა, რომ ამხანაგობას ვერაფერს მოსთხოვდი.
–ახლაც ასეა სამართლებრივად?
–ახლაც ასეა, უბრალოდ საგადასახადო კუთხით ცოტა უფრო დაიხვეწა, რადგან საგადასახადო ადმინისტრირება გამკაცრდა.
–ყოველი შემთხვევისთვის, ვურჩიოთ ჩვენს მკითხველებს, რომ მხოლოდ აშენებულ კორპუსებში შეიძინონ ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს.