პროვოკაცია კალათბურთის მატჩის დროს და „ხვანჭკარა“ ტკაჩენკოს ცოლისთვის
სად წამიხვალ, ტკაჩენკო?!
1980-იანი წლებია. თბილისში „მეტოქეთა რისხვა“, კიევის „სტროიტელი“ ჩამოვიდა ჩვენს „დინამოსთან“ სათამაშოდ.
– თავი მოიკალი და როგორც გინდა, ტკაჩენკო „გათიშე“! – მივიღე ლევან მოსეშვილის დავალება.
გათიშე კაია... მთელი „სტროიტელი“ ტკაჩენკოზე დგას. ეს, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ნიჭიერი კალათბურთელი, მოწინააღმდეგის დაცვას შიშის ზარს სცემდა.
მოკლედ, დაიწყო თამაში. პირველ ტაიმს ვაგებთ მინიმალური ანგარიშით. ტკაჩენკოს ვერაფერს ვუხერხებ, მხოლოდ რამდენიმე პერსონალური „ავკიდე“, მაგრამ ეს „სპილოსთვის პონჩიკია“. რა მოვახერხო?!
დაიწყო მეორე ნახევარი, გაიხსნება ტკაჩენკო, დაიძვრება გრიგალივით და დააკავე, თუ ბიჭი ხარ. არადა, იგებს კიევი. ესე იგი, იგებს ტკაჩენკო. გვიგებს ეს კაცი მთელ გუნდს. მოსეშვილი ავისმომასწავებელი მზერით მიყურებს. რაღაცა თუ არ მოვიმოქმედე – ვიძირებით. ვცდილობ, „სპორტული პროვოკაციული“ ტრიუკის ჩატარებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
მატჩის არბიტრიც რომ ძალიან მონდომებულია! ვერაფერს გამოაპარებ. ვერცხლისწყალივით დაუდეგარია, პირდაპირ დაფრინავს მოედანზე. წამში რომ აქაა, მეორე წამში უკვე გვერდიდან გვიყურებს ისევ და ისევ. ახლა მთავარია, ისეთი მომენტი უნდა შევარჩიო, მე, ტკაჩენკო და მსაჯი ერთ ხაზზე აღმოვჩნდით. მარტივად რომ ვთქვა, მე ტკაჩენკო უნდა მფარავდეს მსაჯის თვალისგან.
როგორც იქნა, ნანატრი წამიც დადგა. ტკაჩენკო ბურთით მოიწევს ჩვენი კალათისკენ, წავედი შესახვედრად. მეტოქე რაღაც მომენტში შეტრიალდა და ზურგითაა ჩემკენ. დავლანდე, რომ არბიტრი ვერ მხედავს, არც ვაციე, არც ვაცხელე და ტკაჩენკოს ისეთი ძალით ვუჩქმიტე საჯდომზე, რომ თითები მეტკინა.
გამწარებულმა გაიქნია ამხელა იდაყვი. იდაყვი პირდაპირ სახეში მომხვდა და გადავტრიალდი, წავიქეცი. ზოგი ჩემს ადგილზე ამით დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ ორი სალტო დამატებით გავაკეთე, რითაც ხაზი გავუსვი მის უხეშობას.
მსაჯმა ბოლომდე მაინც „არ ჭამა“ და ორივე გაგვაძევა მოედნიდან სპორტული ხულიგნობის „მუხლით“.
მაგას დავეძებდი?! ამოცანა შესრულდა – ტკაჩენკო მოედანზე აღარ იყო. ის მატჩი დამაჯერებლად მოვუგეთ „სტროიტელს“.
სადაა ჩემი „ბაჩები“?
მართალია, ტკაჩენკო მაშინ მოვიმდურე, მაგრამ სპორტსმენების მტრობა ვის გაუგონია. სპორტი სპორტია და მე და ტკაჩენკო მაგრად ჩავძმაკაცდით. ახლაც ახლო ურთიერთობა გვაქვს და ასეც გაგრძელდება. მაგრამ, რადგან მისით დავიწყე ამბების თხრობა, ბარემ ერთ ინციდენტსაც გავიხსენებ:
„სტროიტელი“ კვლავ გვეწვია თბილისში.
კიეველები სასტუმრო „აჭარაში“ დაბანაკდნენ.
მატჩისწინა, ადრიანი დილაა და ტკაჩენკო სახლში მირეკავს.
– კოლია, ხვალ მაგისთვის არ გვეცლება, მატჩია და ერთი რამ უნდა გთხოვო.
– „ვალიაი”... – ვუთხარი ძმაკაცურად (რა უნდა მთხოვოს თბილისში სტუმარმა კოლეგამ, რომ ვერ შევუსრულო).
– ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს ქართული შავი ღვინო.
– „ვსო იასნა!” – ვუთხარი. გავვარდი მაშინვე „საჭაშნიკეში“, ერთი ყუთი სპეციალურად გაფორმებულ-შეფუთული „ხვანჭკარა“ გამოვიტანე და ავუტანე ნომერში.
შევედი და... კაცს ფერი არ ადევს.
– მოხდა რამე? – ვეკითხები არანაკლებ ფერწასული.
– ბოტასი, ბოტასი „უკრალი”.
– „კაკ უკრალი”?
– „ა-ტაკ! უკრალი“ (ვაი, შენს კოლიას, მოგვეჭრა თავი).
არადა, მგონი 52 ზომის ბოტასებს იცვამს. მეტი არც აქვს და ფეხშიშველა ხომ არ გამოვა ხვალ სათამაშოდ?
– აბა, მილიცია, აბა, პოლიცია... ძაღლიც მოიყვანეს...
– სად „ეყენა“ თქვენი ბოტასებიო, – ეკითხებიან.
– „პად კრავატ... ვო ზდეს ვალიალის”...
სულ დაშმონეს იქაურობა... ვერც ძაღლმა აიღო გეში, მგონი, მშიერი იყო და რესტორნიდან რომ გემრიელი ჩაშუშულის სუნი ამოდიოდა – იქით იქაჩებოდა.
დავანებოთ ყველაფერს თავი, მაგრამ ხვალ... ხვალ რა ეშველება ამ კაცს? ამის სარგო ბოტასი საქართველოში არაა... თავის მოჭრაა პირდაპირ. უმტკიცე ახლა, რომ მე არ ჩავუტარე ჩქმეტისმაგვარი პროვოკაცია.
ისევ ჩვენმა ორგანოებმა ივაჟკაცეს და როგორღაც, პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისით, კიევიდან ჩამოუტანეს ბოტასები თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
დღემდე არაა ცნობილი იმ ბოტასების ადგილსამყოფელი. ალბათ, რომელიღაც „მანიაკ“ გულშემატკივარს უდევს პიანინოს თავზე „სუვენირად“. ისე კი, გულშემატკივრობასაც თავისი წესი და პეწი აქვს... ყველაფერი კი არ უნდა იკადრო!
ნიკოლოზ დერიუგინის ნაამბობის მიხედვით