როდის დაბრუნდება სამშობლოში ზურა დოიჯაშვილი და სად „გააჯაზა“ მან თავისი 50 წლის იუბილეზე
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი დიდი ხანია, არსად ჩანს. ისიც კი გავიგე, საქართველო დატოვა და უცხოეთში ბიზნესი წამოიწყოო. ზოგი ამბობს, სასიმღერო კარიერას თავი დაანება და სახლში ჩაიკეტაო. ასეა თუ ისე, თბილისი პატარა ქალაქია და ათას ამბავს თხზავენ. სად დაიკარგა სინამდვილეში ზურა დოიჯაშვილი, რატომ დატოვა მან თავისი საყვარელი თბილისი და სად აგრძელებს თავის შემოქმედებას, ამას თავად მოგვიყვება.
ზურა დოიჯაშვილი: უკვე ორი წელია, რუსეთში, კერძოდ მოსკოვში ვარ. აქ ვმუშაობ, რესტორანში ვმღერი. ქართული „კაფე ხინკალნაიას” ქსელია მოსკოვში და საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მეც აქ ვარ და სხვათა შორის, ბედს არ ვუჩივი. ხომ იცით, ოჯახს რჩენა უნდა, საქართველოში კი ამას ვერ ვახერხებდი. ამიტომაც გადავწყვიტე, აქ გადმოსახლება, რასაკვირველია, დროებით. რომ არა გაჭირვება, მე ჩემს საყვარელ ქალაქს, თბილისს, როგორ შეველეოდი? კონცერტი მქონდა ორი წლის წინ და მაშინ გადავწყვიტე, დავრჩები და ცოტა ხნით წავიმუშავებ-მეთქი. გაჭირვებამ ჩამომიყვანა დიდ რუსეთში, თორემ ბევრი რამ მენატრება თბილისში.
– მაინც, რა გენატრება სამშობლოში?
– ყველაფერი მენატრება: მეგობრები, ოჯახი, ნაცნობები, თბილისის სუნი, ქუჩები, ბაღები... თბილისში დავიბადე, გავიზარდე და ერთ თვეზე მეტი ვერსად ვძლებდი. ფაქტია, გაჭირვებამ გამაძლებინა ორი წელი რუსეთში. იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება ჩემს ქვეყანაში და მეც ჩამოვალ. მანდ სიმღერას რა ჯობია? ამ ორ წელიწადში, ორჯერ ვიყავი თბილისში 3-4 დღით, ვიზის გასაგრძლებლად და ვერ მოვასწარი მოსიყვარულება. იმედია, მალე დავბრუნდები.
– მოსკოვში, სად ცხოვრობ და ვისთან ერთად?
– ბინა მაქვს ნაქირავები და მეგობარ ქართველებთან ერთად ვცხოვრობ. რომ მეგონა, აქ ჩამოსულს ალმაცერად შემომხედავდნენ, პირიქით – რუსებს რომ ქართველები უყვართ და პატივს სცემენ, ეს ფაქტია. პოლიტიკოებმა კი იციან გადაჭარბება, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ქართველი ისევ ქართველად რჩება. ჩვენ მიმართ, მართლაც კარგი დამოკიდებულება აქვთ და ჩვენი ხელოვნება ძალიან მოსწონთ. ვცდილობ, „დაძმობილების ხიდად” ვიქცე ამ ორ ერს შორის, როგორ გამომდის, არ ვიცი. დამიჯერეთ, ორი წელია აქ ვარ და პოლიტიკაზე არავისთან მისაუბრია. ამათ ჩემი სიმღერა აინტერესებთ და არა პოლიტიკოსობა (იცინის). რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, ლაპარაკი ლაპარაკად რჩება. ამიტომ, მირჩევნია, რუსეთში ჩემი საქმე ვაკეთო. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს და ცხოვრობს დღეს მოსკოვში და ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. როცა დრო გამოგვიჩნდება, ვიკრიბებით და „ვაჯაზებთ” ქართულად (იცინის). თან, ახალ სიმღერებს ვიწერ და მინდა, სოლო კონცერტი, მომავალში თბილისში ჩავატარო.
– ზურა, 50 წლის იუბილე სად აღნიშნე?
– ჩემი ნახევარი საუკუნის იუბილე მოსკოვში აღვნიშნე – ჯერ რესტორანში მეგობრებთან ერთად წავუქეიფე, მიმღერეს მეგობრებმა და მერე, „ლიტერატორების სახლში”, საიუბილეო-შემოქმედებითი საღამო მოვაწყვე. მეკითხებიან ხოლმე, რა მოგართვეს საჩუქრადო, მეც ვპასუხობ, ძირითადად, ალკოჰოლური სასმელი-მეთქი და მეცინება (იცინის). ეტყობა, ასეთი ტემბრის ხმა რომ მაქვს, ჰგონიათ, ლოთი ვარ და სულ ვსვამ.
– აღიარე, ხომ გიყვარს დალევა?
– დალევა როგორ არ მიყვარს. მეგობრებთან ერთად ქეიფს და სადღეგრძელოებს, რა ჯობია! მაგრამ, ის, რომ ჩახლეჩილი ხმა მაქვს და ლოთი ვარ, ტყუილია! ასე რომ, ნახევრად პროფესიონალი მსმელი ვარ და არა „ლუბიტელი” (იცინის). ხანდახან, რომ დავფიქრდები, ვგიჟდები, ისე მალე გაირბინა წლებმა. თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, იგივე გზას გავივლიდი ალბათ, არაფერს შევცვლიდი. მალე „გაიფრინა” წლებმა და ეს ცოტა მენანება.
– ზურა, რუსეთში ქართველი მამაკაცის ტემპერამენტი ისევ ჭრის თუ ეს მითი საბჭოთა კავშირივით დაიმსხვრა?
– რა თქმა უნდა, ჭრის! ამით ვამაყობთ ჩვენ, ქართველი მამაკაცები. სხვათა შორის, ყველა რუს ქალბატონს უნდა და უხარია, ქართველ კაცთან დამეგობრება. ალბათ, მანდილოსნის მიმართ ჯენტლმენური მოქცევა გვაქვს და ამის გამოც. მე, ერთი ქალი მიყვარს, ეს არის ჩემი მეუღლე და ვფიქრობ, ქართველ ქალზე ლამაზი არ არსებობს.
– მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურები. დავიჯერო თაყვანისმცემლები არ განებივრებენ ყურადღებით?
– რა თქმა უნდა, ჩემი ჩახლეჩილი ხმის გამო, მეც მყავს თაყვანისმცემლები, მოდიან, მისმენენ და მოსწონთ ქართული სიმღერა. ბევრი ახალი სიმღერაც მაქვს, რომელიც ქართველ მსმენელს არ მოუსმენია, რუსეთში კი მოსწონთ და უყვართ. ამიტომ, მინდა, სოლო კონცერტი ჩავატარო საქართველოში და ამით მოგეფეროთ ყველას, ვინც ძალიან მენატრებით. ბედისწერის მჯერა და ვიცი, ეს ოცნება მალე ამიხდება. ხანდახან ვამბობ, ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ასეთი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები მყავს, საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ჯანმრთელი ვარ, ვსუნთქავ და მეგობრების მხარდაჭერა არ მაკლია-მეთქი. აი, ცოტა მატერიალური ბედნიერებაც რომ დაემატოს, ამ ყველაფერს, მთლად უკეთესი იქნება (იცინის).
– მეგობრების მხარდაჭერაზე გამახსენდა, გავიგე, თითქოს, იმიტომ წახვედი რუსეთში, რომ ახლო მეგობარმა, რომელსაც ბიზნესები აქვს მოსკოვში, წაგიყვანა და რაღაც წილიც კი გადმოგიფორმა. ამაზე რას მეტყვი?
– ეს ტყუილია, თუმცა, ასე რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, მაგარი იქნებოდა (იცინის). შეძლებული მეგობრები კი მყავს რუსეთში, მაგრამ არც მილიონები აქვთ, არც მათ ბიზნესწილში ვარ და არც არავის მიწვევით ჩამოვსულვარ აქ. მე, ჩემი პატიოსანი შრომით ვშოულობ ფულს და რესტორანში ვმღერი. აი, მილიონი რომ მქონდეს, ყველას დავეხმარებოდი და ჩემ გარშემო გაჭირვებული არ იქნებოდა.
– ყველა ასე ამბობს, სანამ მილიონერი გახდება. თუმცა, როგორც მივხვდი, შენ ერთი მილიონი არ გეყოფა. არა?
– ჰო, მართალი ხარ, მეორე მილიონის შოვნაც მომიწევს, თორემ ერთი მილიონი რას მეყოფა ამდენის გასასტუმრებლად და საკუთარი ცხოვრების ასაწყობად (იცინის). ბევრი მეუბნება, რატომ წახვედი მოსკოვში, თბილისში უამრავი მეგობარი გყავს და დაგასაქმებდნენო. ისე, საქართველოში მართლაც ბევრი მეგობარი მყავს, ვისაც ბიზნესი აქვს, მაგრამ ეტყობა, ბიზნესში მე ცოტა „წავუკოჭლებ”. არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება. მე ჩემი თავის იმედი მაქვს. ისე არ წავალ ამ ცხოვრებიდან, ჩემი სათქმელი ბოლომდე არ ვთქვა. ამისთვის, კიდევ ერთი ორმოცდაათი წელი დამჭიდება, თუმცა, როგორც უფალი ინებებს, ისე იქნება.
– ვინც რუსეთში წავიდა, ყველა ამბობს, ჩვენი ადგილი ვიპოვეთ დიდ რუსეთშიო. შენც ასე ფიქრობ?
– ორი წელი რომ დავრჩი მოსკოვში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ არც მე მიმიღო დიდმა რუსეთმა ცუდად. თუმცა, საკუთარი ადგილი აქ კი არა დედამიწაზე ვერ ვიპოვე (იცინის). ჩემი ადგილი საქართველოშია და ამიტომ, არ მაქვს უფლება, სხვაგან ვეძებო და ვიპოვო. მე დროებით ვარ აქ და საკუთარი ადგილის პოვნას არ დავიწყებ. მალე ჩამოვალ და ვიცი, თბილისი ყველაზე თბილად ჩამიკრავს გულში. დამიჯერეთ, ძმობაში და მეგობრობაში, ჩემს თბილისს ვერც ერთი ქალაქი ვერ შეედრება.