კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაიყიდა ლევან მოსიაშვილის ქართული პერიოდის ნამუშევარი 15 ათას ევროდ

არაჩვეულებრივი პროფესია მაქვს, მუდამ სიახლეებითა და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებით მანებივრებს. მორიგი „ნებივრობის” საათები განვიცადე საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის ინტერვიუს ჩაწერისას. მისი ნამუშევრები ისეთივე ღრმა, მრავალფეროვანი, მრავლისმთქმელი და საინტერესოა, როგორც თავად შემსრულებელი.

 

ლევან მოსიაშვილი: ოდესღაც მეც ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე, რაღაცით შევძელი კიდეც ამ ოცნების ახდენა, მე ხომ ნახატით მომაქვს სათქმელი, ფერებით გესაუბრებით და გიყვებით, რა ხდება ჩემს სულში, ჩემს საქართველოში. იცი, სანამ დავხატავ, ჯერ ვფიქრობ, რად მინდა ისედაც ხომ ჩემში ზის ეს ყველაფერი-მეთქი, მაგრამ, ალბათ, არასწორი იქნებოდა, თქვენთვის არ მომეყოლა, არ გამენდო ნაფიქრალი, ტკივილი თუ სიხარული. უცნაური ხალხი ვართ ქართველები, რაღაცით ამაყები, რაღაცნაირად ბედნიერები, ყველანაირად ლამაზები და დიდი სიყვარულის მატარებლები. თუმცა კი, მაქსიმალისტები!

– გეთანხმებით. ეს ჩვენი კარგი მხარეა. 

– ეტყობა, ჩემში იმდენად ზის ქართველი თავისი ისტორიით, ტრადიციით, სულიერებითა და ღირებულებებით, რომ ეს ყველაფერი თავისთავად გადადის ტილოზე. დღეს ვქმნი აბსტრაქციებს, მაგრამ ისინიც რაღაცნაირად ქართულია, ღრმა და ფერადოვანია, ჩვენს ულამაზეს პეიზაჟებს მოგაგონებთ. მეუბნებიან, ლევან, შენ ისევ იქ ხარ, შენს საქართველოში – სტილი შეიცვალე და სული კი ვერაო. მსიამოვნებს, თუ ეს ასეა. ყველა ყველას ჰგავს – ბაძავს, თუ თავისით ემსგავსება. მე კი, არასოდეს მრცხვენია გითხრათ სათქმელი – ხანდახან შელამაზებული, ხანდახან პრიმიტიული ანუ ნაივი, მაგრამ ევროპას ეს ესმის. ეტყობა, ზეგანვითარდა მატერიალიზმში და პიროვნულ, სულიერ ფასეულობებში კი უჭირს.

– ვფიქრობ, ეს ყველაფერი სულიერების დეფიციტში გადაიზრდება. თქვენ გამოფენებზეც სულიერების ძიებაში მოდიან და მიდიან სულიერად გამდიდრებულები. შემოქმედებით სიახლეებზე რას მიამბობთ?

– ამჟამად ვაგრძელებ აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას საფრანგეთში. სულ ორი დღეა, გავხსენით გამოფენა ქალაქ გრენადაში ისტორიულ, შუასაუკუნეების პერიოდის დარბაზში, რომელიც გრენადის მერიას, კერძოდ ტურიზმის ოფისს ეკუთვნის. ასევე იხსნება პერსონალური გამოფენა ქალაქ ოტერივში. ქალაქის ადმინისტრაციამ ასევე ისტორიული დარბაზი დამითმო, როგორც ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულს, ერთი თვით მიმასპინძლებენ და მოთხოვნა ჰქონდათ, ქართული სული, იმ პერიოდის ნახატები გვაჩვენე, საქართველოს რომ ეფერებიო. 

მეცინება, მგონი, არც ახლა აკლია ჩემი მხრიდან ყურადღება საქართველოს, მალე კვლავ გესტუმრებით გამოფენით და უკვე საფრანგეთში შექმნილ ქართულ ნოსტალგიას წარმოგიდგენთ, აბსტრაქციაში გარდასახულ ჩემს იდეებს. ნახავთ ქართველს ევროპული ტექნიკით, მანერით.

ასევე, ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში, ახლახან მივიღე მონაწილეობა კასტელმორუს მეექვსე საერთაშორისო სალონში. ასევე, მიმაქვს ნახატები მონბერონის ჯგუფურ გამოფენაზე, ტულუზასთან ახლოსაა ეს ქალაქები, სამხრეთია. აქ უკვე გაზაფხულდა და უამრავი დამთვალიერებელი მოდის გამოფენებზე.

– მგონი, ევროპაში უფრო მეტი ადამიანი იცნობს მხატვარ ლევან მოსიაშვილს, ვიდრე საქართველოში. იმას ვგულისხმობ, რომ ევროპელები უფრო განებივრებული გყავთ გამოფენებით.

–  მესმის თქვენი. ალბათ, ეს რეალობაა...

– მეორე მხრივ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ საქართველოში მხოლოდ სულიერ სიამოვნებას მიიღებდით თქვენი საქმით... ასე არაა?

– ჩვენს სამშობლოში ყველაფერზე წინ, სამწუხაროდ, პოლიტიკას თუ პოლიტიკანობას აყენებენ. ამ დროს კი, ცხოვრება სხვა სფეროებშიც ჩქეფს.

– ჩქეფს და მერე როგორ...

– რთულია, მანდ დაივიწყონ საკუთარი მე და სხვასაც დაუთმონ ასპარეზი. ეს ყველა სფეროს ეხება. აქ კი ყველა თანასწორია მეტ-ნაკლებად და კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე გარემოა. თუ ივარგებ, მიგიღებენ, თუ არა – ამასაც გეტყვიან. ისტორიულად, ეს სისტემა დასავლეთში დიდი ხანია, მუშაობს. ჩვენ ახლა ვიდგამთ ფეხს საქართველოში, სულ რაღაც 20 წელია. თუმცა, ეს ერთი თაობაა და ვწუხვარ, გითხრათ, დაკარგულია ეს წლები და ალბათ თაობაც. უნდა ვისწავლოთ შრომის დაფასება და ნიჭის აღიარება. ფასეულობები გვაქვს, მიმართულება კი დავკარგეთ და კიდევ მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, მატერიალურად არანაირად არ კომპენსირდება საქართველოში ინტელექტუალური შრომა. როდემდე შეიძლება, ველოდოთ გმირებს, მითითებებს, დონორებს... ხომ შეიძლება, შეიქმნას ისეთი სწორი გარემო და კომპენსირება, რომ ქართველები არ ცდილობდნენ, სხვაგან ამტკიცონ ნიჭიერება, სიკარგე, სულიერება. მოკლედ, მინდა გითხრათ, უცხოეთში მინიმუმით რომაა ადამიანი უზრუნველყოფილი, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ამიტომაც, ავტომატურად ფიქრობ მერე, განვითარებაზე. საკუთარი თავის თვითრეალიზაცია შეუძლებელია, თუ ყოფითი არ გაქვს მოგვარებული. ასე რომ, ბევრი რამაა საკეთებელი თავიდან ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში.

– თქვენ ბევრი იშრომეთ. აღიარებაც ამის შედეგად გხვდათ წილად. 

– რაც შეეხება აღიარებას, ჩემთვის ეს დიპლომები თუ თასები, მატერიალურად ვგულისხმობ, იმდენად დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს, როგორც შინაარსი, სტიმული, რეალობა იმისა, რომ ერთ ქართველ კაცს გასაქანს აძლევენ, აღიარებენ, ხელს უწყობენ, აკეთოს თავისი საქმე. მინდა გითხრათ, ყველგან, ყველა დოკუმენტში ფიგურირებს, რომ ესა თუ ის ჯილდო გადაეცა ქართველ მხატვარს. ჩემთვის ქართველობა უფრო დიდი ჯილდოა, ვიდრე ეს ყველაფერი, რაც მაქვს. ახლახან გავიმარჯვე ტულუზის საერთაშიორისო სამხატვრო კონკურსში და ქალაქ ვენერკის მერიის თასი გადმომეცა. პლუს ერთთვიანი გამოფენა ამ ქალაქის მერიაში. ბოლო მიღწევაზე ვამბობ, თორემ ამ 16 წელიწადში უამრავი საინტერესო აღიარება მქონდა. მე რეალისტი ვარ. თან, ალბათ, ეს არაა მთავარი და მნიშვნელოვანი – სად, როდის, რა მოიპოვე. ჩვენ ქვეყანას უნდა ემსახურო და მას გაუთქვა სახელი, თორემ ქაღალდებზე, თასებზე, ჯილდოებზე საუბარი და ჩამონათვალი, შორს წაგვიყვანს. გეტყვით, რომ ვარ მარსელის, ლიონის, ტულუზის, ნიცისა და პარიზის რეგიონებსა და ამ ქალაქებში ჩატარებული კონკურსების პრიზიორი, ლაურეატი. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, ეს არაა მთავარი – ყველგან ვცდილობ, საქართველო კარგი მხრით ვანახო, ისე, თითქოსდა ყველაფერი კარგად გვაქვს. ალბათ, ასე ჯობია, საკუთარ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ. ევროპელები, მხოლოდ კარგს უკრავენ ტაშს და ცუდს, თითქოს იგნორს უკეთებენ.

– მიწვევებზეც მომიყვებით?

– მიწვევები და შემოთავაზებები მაქვს, რომ წარვადგინო ნამუშევრები: გერმანიაში, იტალიაში, მალაიზიაში. მიმდინარეობს მოლაპარაკება სამხრეთ აფრიკასთან, რომ ჩვენი, ქართული საელჩოს პატრონაჟით, წარვდგე მათ წინაშე.

– როგორც ვიცი, ჩვენი ჟურნალი პირველია, ვინც იუწყება, რომ აპრილში თბილისელ დამთვალიერებელსაც გაახარებთ თქვენი გამოფენით. ასეა?

– ასეა, რადგანაც უდიდეს პატივს ვცემ თქვენს ჟურნალს, მის შინაარს. ჩემთვის თბილესელობა ისევე საამაყოა, როგორც ტულუზელობა. ანუ, დღეს უკვე ორი სამშობლო მაქვს, მაგრამ ორ ღმერთზე ვერ ილოცებ. მე ჩემს თბილისს წინ ვაყენებ. სრულიად ექსკლუზივია და შეგიძლიათ აუწყოთ მკითხველს, რომ თქვენი მონა-მორჩილი, ქართველი მხატვარი მალე გესტუმრებით ჩემი ფრანგული კოლექციითა და ქართული სულით. მინდა, დიდი მოკითხვა გადავცე ყველას და გითხრათ, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ, მიუხედავად მანძილის სიშორისა, ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით, ჩემო კეთილო და ყველაზე თბილო ადამიანებო, ჩემო ქართველებო!

– რას ჩამოიტანთ და კიდევ რა თანხად გაიყიდა თქვენი ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი?

– არის ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც არ გავასხვისებ. მინდა, ისინი საქართველოს საკუთრებად დარჩეს. ამ ნამუშევრების ნაწილს წარმოგიდგენთ სულ მალე, აპრილში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ასე ვთქვათ, ერთგვარი რეტროსპექტივა იქნება განვლილი 20 წლისა. გამოფენაზე წარმოვადგენ ჩემი 5 პერიოდის ნამუშევრებს. განსაკუთრებით ვუფრთხილდები ქართული პერიოდის, ანუ მანდ შექმნილ ტილოებს. უკვე ძნელად ველევი მათ, თუმცა თანხებს არცთუ მცირეს მთავაზობენ მათ სანაცვლოდ. ახლახან მაუწყეს, რომ პეტერბურგის ერთ-ერთ გალერეაში 15 000 ევროდ გაუყიდიათ ჩემი ქართული პერიოდის ნამუშევარი. ასე რომ, ეს ერთგვარი სტიმულიცაა ჩემთვის, რომ ქართულ ხელოვნებას ასე აფასებენ. იცით, რით ვარ ბედნიერი, მადლობა უფალს, რომ ჩემს სიცოცხლეშივე ვხედავ და ვესწრები ამ ყველაფერს. მსოფლიო ბუმბერაზი მხატვრების უმრავლესობა მშიერი დადიოდა. მართალია, მე ჯერ შორი გზა მაქვს გასავლელი, იდეები არის, მთავარია, კარგი მესმოდეს და კარგზე ვიფიქრო... როცა მანდ გცივათ, მეც – მცივა, როცა – გტკივათ, ათჯერ მეტად მტკივა... ვერ ვქმნი. ასე რომ, მოდი, უკეთესად ვიყოთ, ვეცადოთ, ერთმანეთისთვის ვიცხოვროთ. განა რამდენი ვართ ეს ქართველები?!

 

скачать dle 11.3