როგორ მუშაობს საკუთარ თავზე „ვიცე-მის საქართველო“ თიკა ჯაბანაშვილი და რაში უნდა თავის გამოცდა მომავალ პროკურორს
20 წლის „მეორე ვიცე-მის საქართველო 2013“ – თიკა ჯაბანაშვილი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, მესამე კურსზეა და სამომავლოდ, პროკურორობას აპირებს. გარდა ამისა, თიკა ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ მოცეკვავეა, თუმცა „იმიჯ-ცენტრის“ მიერ ჩატარებული „მის საქართველოს“ შემდეგ, უკვე მოდელობაც დაიწყო.
თიკა ჯაბანაშვილი: დაახლოებით 15 წელია, რაც ვცეკვავ, ანუ მას შემდეგ, როცა მივხვდი, რომ მიწაზე მყარად მიდგას ფეხი. „სუხიშვილებში“ დაახლოებით 6 წელია, რაც ვცეკვავ, გასტროლებზეც დავდივარ. მაგრამ, რადგან ვსწავლობ, ამიტომ, თუ გამოცდებს არ ემთხვევა, მაშინ მივდივარ. ქალბატონი ნინო მიწყობს ხელს.
– როგორც ვიცი, მომავალში პროკურორობას აპირებ.
– ჩემი პროკურორობის ამბავი განხილვისა და კრიტიკის საგანი გახდა. რადგან ვცეკვავ, მოდელი ვარ, ამიტომ ფიქრობენ, სწავლას ვერ დავუთმობ საჭირო დროს. მოდელი და პროკურორი – როგორ შეიძლება?! მინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. როცა რაღაც გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ, მიუხედავად კრიტიკისა, ბარიერებისა, დროის უქონლობისა. დროის სწორად გადანაწილება ადამიანს ყველაფერში ეხმარება. ამიტომ, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ. ვცდილობ: სწავლას მეტი ყურადღება დავუთმო. ცეკვა და მოდელობა ისეთი პროფესიებია, მომავალში მხოლოდ ამაზე ვერ იქნები დამოკიდებული. ამიტომ, ჩემთვის უფრო პრიორიტეტული პროკურორობაა. ზოგადად, ეს სფერო ძალიან საინტერესოა, კარგი პროფესიაა. თან, ოჯახში იურისტები მყავს: დედა ვაკე-საბურთალოს დეტექტივ-გამომძიებელია, მამა „სოდში“ მუშაობდა.
– საინტერესოა, დეტექტივ-გამომძიებელი როგორი დედაა?
– გამომძიებელი დედა სულ დაკავებულია. ერთი პერიოდი საერთოდ ვერ ვხედავდი, დილით ჩემზე ადრე გადიოდა და საღამოს ძალიან გვიან მოდიოდა. ანდა, თუ საქმე იყო გამოსაძიებელი, დანაშაული მოხდებოდა, მაშინ, შეიძლება, არც მოსულიყო სახლში, მთელი დღე მოწმეებთან იყო დაკითხვაზე.
– ხომ არ გიჩნდებოდა ამის გამო პროტესტის გრძნობა?
– ძლიერი ქალის მიმართ არასდროს მიჩნდება პროტესტი. დედა ჩემთვის მისაბაძი ადამიანია – ჩემი საუკეთესო მეგობარი, ყველაფერს ვეუბნები. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თან, ასაკიც უწყობს ხელს, არ არის დიდი. დედა ძალიან მტკიცე ხასიათის, მშვიდი, გაწონასწორებული და უპირველეს ყოვლისა, ძალიან ადამიანური, ჰუმანურია – ყველას უგებს, ყველასი ესმის.
– შენი აზრით, გაქვს მომავალი პროკურორისთვის აუცილებელი თვისებები?
– პროკურორი უნდა იყოს სამართლიანი – ეს არის მისი მთავარი თვისება. ასევე, უნდა იყოს გაწონასწორებული, უცებ არ გამოდიოდეს წყობიდან. ყველას უნდა უგებდეს და გაითვალისწინოს ყველა პირობა, ფსიქოლოგიას კარგად უნდა იცნობდეს და ადამიანების მიმართ ჰუმანური იყოს. ცოტა რთულია, საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა ერთი რამ შემიძლია, აღვნიშნო: სამართლიანი ნამდვილად ვარ, გარდა ამისა, ზედმეტად ჰუმანურიც. ადვილად მოსატყუებელიც ვარ, მეცოდებიან ხოლმე ადამიანები. მაგრამ, როცა პროკურორი ვიქნები, შევეცდები, ყველაფერი კარგად შევისწავლო – გადავხედო ფაქტებს, ყველა პირობას, მასალას, სამართლიანად გამოვიძიო საქმე და ისე წავუყენო ბრალი.
– რატომ გადაწყვიტე „მის საქართველოზე“ გამოსვლა და ახლა უკვე მოდელობა?
– არასდროს მიფიქრია მოდელობაზე. უბრალოდ, კონკურსზე გამოვედი. ძალიან მიყვარს სიახლეები და მინდა, ყველა სფეროში გამოვცადო თავი. ეს კონკურსიც ჩემთვის დამაინტრიგებელი, საინტერესო იყო. ამიტომ, ბედი ვცადე. ახლობლებმაც მირჩიეს: სცადე, რას კარგავო. საბოლოოდ, სამეულში შევედი, რასაც ნამდვილად არ ველოდებოდი. „მეორე ვიცე-მის საქართველოს“ ტიტულზე მეტად გამიხარდა, „მის მეგობრობის“ ნომინაციაში რომ გავიმარჯვე. 28 გოგონამ ფარული კენჭისყრით ამოირჩია ამ ნომინაციაში გამარჯვებული. ყველა ძალიან კარგი, განსხვავებული ადამიანია, მათთან დღემდე ვმეგობრობ. როცა დღეს ამ ლენტს ვუყურებ, მათ სითბოს, სიყვარულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. რამე წარმატებას რომ მივაღწიო, ვფიქრობ, მათაც გაუხარდებათ და იამაყებენ ჩემით. „მის ტალანტის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვისაც ვიბრძოდი, ვიცეკვე, მაგრამ დარო მურუსიძემ გაიმარჯვა, რომელიც საქსოფონზე უკრავდა. დამსახურებულად მოიგო, რადგან უნიჭიერესი ადამიანია. უცხოეთში რომ წავალ კონკურსზე, იქაც აუცილებლად ბოლომდე დავიხარჯები.
– აპირებ უცხოეთში სამოდელი კარიერის გაგრძელებას?
– სწავლასთან შეთანხმებით გავაკეთებ ყველაფერს, რადგან სწავლა ყოველთვის პრიორიტეტულია. გოგონა მხოლოდ გარეგნულად არ უნდა გამოირჩეოდეს, სულ ცოტა, ინტელექტი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარსდგეს და არა, როგორც თოჯინა. ამიტომ, ამ კუთხით ვმუშაობ საკუთარ თავზე. უცხოეთიდან თუ იქნება სამოდელო სფეროში შემოთავაზებები, ძალიან გამიხარდება, რადგან კიდევ ერთხელ მომეცემა შანსი, თავი სხვა სფეროში გამოვცადო.
– ახლა, გარკვეულწილად, უკვე გცნობს ხალხი, ზოგს მოსწონხარ, ზოგს არა, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი – ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. შესაბამისად, ალბათ, ცდილობ, გარკვეულწილად, საზოგადოებაში შენს ქცევებს, ჩაცმულობას, საუბარს უფრო მეტი ყურადღება მიაქციო.
– უკვე დაკვირვების ობიექტები გავხდით. გვაკვირდებიან და ცდილობენ, ჩვენში უფრო მეტი ცუდი დაინახონ და რაიმეში გამოგვიჭირონ, ვიდრე კარგი იპოვონ. არასდროს ვიქცეოდი ცუდად, არასწორად, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვაკონტროლებ თავს. ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, მოუწესრიგებელი არ გამოვიდე სახლიდან. საუბრის მანერას, ქცევებს, ეტიკეტს, ჩაცმის სტილს, მოკლედ, ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას, რომ არ გავხდე გასაკრიტიკებელი, დასაცინი. ამას სიამოვნებით ვაკეთებ და ეს არ არის ჩემთვის შეზღუდვა, რადგან განსაკუთრებული არაფერი შემიცვლია. ზოგადად, ჯანსაღი კრიტიკა ძალიან კარგია, რადგან ცდილობ, გაითვალისწინო, საკუთარ თავში რაღაცეები შეცვალო. მაგრამ, არაჯანსაღ კრიტიკაზე ცუდად ვრეაგირებ – გულსატკენია.
– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, თუ გყავს შეყვარებული, ან როგორი ბიჭები მოგწონს?
– არ მყავს შეყვარებული. გარეგნობა არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. მთავარია, პიროვნულად იყოს ჩამოყალიბებული და არ ეშინოდეს იმის, რომ გვერდით ეყოლება ძლიერი, აქტიური ადამიანი, რომელიც ცდილობს, წარმატებას მიაღწიოს. თვითონაც ასეთი უნდა იყოს: პერსპექტიული, ისწრაფოდეს იმისკენ, რომ რაღაცას მიაღწიოს, წინ წაიწიოს ცხოვრებაში. როცა ძლიერი ადამიანი გყავს გვერდით, თავს ჩამოყალიბებულ პიროვნებად გაგრძნობინებს და თვითონაც ასეთია, ამ დროს მისი გარეგნობა მეორეხარისხოვანია – ის შენთვის მაინც საუკეთესო და ყველაზე სიმპათიური იქნება. რაც მთავარია, უნდა ვუყვარდე. მაგრამ, არ შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში ვეუბნებოდე: აქ ვარ, იქ ვარ. თუმცა, ყველა ქალს სიამოვნებს ყურადღება და ამ მხრივ განებივრებაზეც არ ვიტყვი უარს. უნდა ვგრძნობდე, რომ მისთვის ერთადერთი ვარ და როცა ამას გულით მეტყვის, ეს ჩემთვის უკვე საკმარისი იქნება. თუმცა, სიყვარული უნდა დამიმტკიცოს და ამას როგორ გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია. დაუფიქრებლად არ გადავდგამ ამ ნაბიჯს, რადგან მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად უნდა გავატარო. ამიტომ, ეს საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია.