კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

– მე აქ არცთუ ისე ცოტა შემიძლია, მაგრამ მართლაც დიდი საშიშროების წინაშე დგახარ. შენი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. პატიმრებს შორის თუ არა, კოლონიის თანამშრომლებში მაინც იპოვიან შემსრულებელს და მოგკლავენ. ამიტომ, შენი დიდხანს აქ გაჩერება არ შეიძლება.

– ასეც ვიცოდი და ტყუილად არ მეშინოდა, – მითხრა ვანომ და მკითხა, – აქედან სად წავალ?

– უნდა გაიქცე და დაიმალო.

– როგორ? სად? – ხელი ჩაიქნია ვანომ და აცრემლებული მზერა მომაპყრო.

– გაქცევაში მე დაგეხმარები და დასამალ ადგილზეც გაგიშვებ, მაგრამ როდემდე დაიმალები?

– აბა, რა უნდა ვქნა?

– უცხოეთში გაიქეცი და შენი წამალი დააპატენტე, რაც მილიონრად გაქცევს, – ვუთხარი ვანოს და თვალი ჩავუკარი, – იქ შენ ფეხებს ვერავინ მოგჭამს. პირიქით, ხელის გულზე დაგისვამენ.

ვანო ისე იყო შეშინებული, ბოლომდე არ მენდობოდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. მე კი, ყველაზე საიმედო პატიმრებს გავანდე ვანოს ამბავი და ის მათ ზონიდან გააქციეს. გენიოსი ექიმი-ალერგოლოგი მატარებლით გავიდა კოლონიიდან, რომელსაც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში პატიმრების მიერ დამზადებული კარადები მიჰქონდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ კარადაში იჯდა ვანო. გაქცევის წინ მას მოსკოვის ერთ-ერთი კონსპირაციული ბინის მისამართი მივეცი და ვუთხარი:

– ჩემი სახელით მიხვალ, ეტყვი, რომ პაბეგში ხარ და ყველაფერში დაგეხმარებიან. აბა, ღმერთი გფარავდეს, ბედნიერად!

ვანო გადამეხვია და აცრემლებულმა მითხრა:

– შენი დიდი მადლობელი ვარ, კობრა და ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ. სიცოცხლის ბოლომდე შენი მევალე ვარ და ამ სიკეთეს ვერასდროს გადაგიხდი.

ვანომ მშვიდობიანად ჩააღწია მოსკოვში. შემდეგ კი იქიდან ფინეთში გადავიდა, ოკეანე გადასერა და ამჟამად ამერიკის კონტინენტზე მოღვაწეობს. როგორც ვვარაუდობდი, ამჟამად ის მილიონერი, საყოველთაოდ ცნობილი ექიმია და რაც მთავარია, თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს. სანამ ექიმობით გაითქვამდა სახელს, ვანომ თავისი საბჭოური ცხოვრების შესახებ წიგნი დაწერა, რომელიც ბესტსელერად იქცა და დიდი ტირაჟით გაიყიდა. ეს წიგნი მეც წაკითხული მაქვს. მეც ვარ მოხსენიებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა სახელითა და სტატუსით, რომ არ გავშიფრულიყავი. ვანომ, რამდენჯერმე დიდი გრევი გამიკეთა როგორც ზონაში, ასევე სვაბოდაზე. ერთი სიტყვით, სიკეთე მას არ დავიწყებია. თუმცა, სამშობლოში ჩამოსვლა შავი ჭირივით არ უნდა და ღმერთმა უწყის, მოუნდება თუ არა ოდესმე ამის გაკეთება.

რაც ვანოს შეემთხვა, მსგავსი ისტორია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ხდება და განაწყენებული მასა თითქმის ყოველთვის ბლოკს უკრავს გამორჩეულ ინდივიდს, მის ჩაძირვას ცდილობს, რასაც, არცთუ იშვიათად, ახერხებს კიდეც. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ქურდული სამყაროა და ჩემს კოლეგებსაც არაერთხელ შეუკრავთ ბლოკი, ჩვენი საძმოს რომელიმე წევრისთვის. ჯერ კიდევ გაგანია კომუნისტური წყობის დროს, ჩვენმა ახალგაზრდა ძმამ და კოლეგამ გივი დოჩიამ, მეტსახელად „ქერამ“ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა საქართველოს კრიმინალურ სამყაროში, რაც ზოგიერთ მის კოლეგას არ ეპიტნავა და გივის გაფუჭება გადაწყვიტეს. თუმცა, ქერა ძალიან პატიოსანი და ჭკვიანი პიროვნება იყო და მისი კომპრომეტირება რთულ საქმეს წარმოადგენდა. გივი არც ხარბი იყო, არც მექალთანე და არც ნარკომანი. ის ყოველთვის ზუსტად იცავდა ნეპმანულ ქურდულ ტრადიციებს და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „გამჭვირვალედ“ მოქმედებდა, რა თქმა უნდა, ჩვენს წრეში. ანუ, ქურდულმა სხოდკამ ყოველთვის ზუსტად იცოდა, სად და როგორ მიდიოდა მის მიერ ნაშოვნი თითოეული კაპიკი. ასეთ გამჭვირვალობას, თან ერთი მინუსიც ახლავს – ინფორმაციის გაჟონვის დიდი ალბათობა არსებობს. მაგრამ, ქერა სუფთად მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ მილიციას არაერთხელ დაუკავებია, ყოველთვის უშვებდნენ, რადგან დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ. აშკარა იყო, რომ ჩვენს წრეში ჩამშვები მოქმედებდა, მაგრამ მისი აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა. პირადად ვერავის დაადებდი ხელს, რადგან ამას დამამტკიცებელი საბუთები სჭირდებოდა. ვარაუდის დონეზე ლაპარაკი კი ჩვენში არ მოსულა. შეიძლება, ვარაუდი მართალიც კი იყოს, მაგრამ ვინც ამ ვარაუდს უტყუარ ფაქტს არ მოაყოლებდა, აუცილებლად წააგებდა თავს.

ერთხელ ქერამ და მისმა პაძელნიკმა, პირობითად მას კაკო ვუწოდოთ, ქუთაისში ერთი ფაშისტის სახლი გაქურდეს და ტავარი კაკომ წაიღო ბარიგასთან სოჭში. თუმცა ის გაუჩინარდა და ერთი კვირის მერე მტკვარში იპოვეს. კაკო გაგუდული იყო და ორგანიზმში ალკოჰოლის დიდი დოზა აღმოუჩინეს. ნაქურდალი საქონელი არსად ჩანდა. სოჭელმა ბარიგამ თქვა, რომ კაკო მასთან არ ყოფილა. აშკარა იყო, რომ კაკო ჯერ დაათვრეს და შემდეგ მოკლეს, ხოლო ნაქურდალი საქონელი გაიტაცეს. მილიციამ მკვლელობის მუხლით საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. მალე ქერა აიყვანეს და პაძელნიკის მკვლელობაში დასდეს ბრალი. გივი დოჩიას სასაცილოდაც კი არ ჰყოფნიდა ეს ბრალდება და მართალია, ქურდობაში მონაწილეობის ფაქტს აღიარებდა, მაგრამ მეგობრის მკვლელობას კატეგორიულად უარყოფდა.

– დოჩია, შენ ხომ ქურდი ხარ და არა მკვლელი. რატომ მოკალი კაკო, რა ვერ გაიყავით, –  ეუბნებოდა გამომძიებელი ქერას, ის კი პასუხობდა:

– ქურდობაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოვტყდი, რომ მკვლელობაში ჩემი  მონაწილეობის აბსურდულობა დაგენახათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემგან ამ აღიარებას ვერ მიიღებდით.

– მე კი ვფიქრობ, რომ ამ აღიარებით შენ უფრო დიდი დანაშაულიდან გინდა თავის დაძვრენა და კაკო შენი მოკლულია, – იმეორებდა გამომძიებელი.

– მაშინ, დამიმტკიცეთ!

– დაგიმტკიცებთ კიდეც, მაგის დროც მალე მოვა, – ამბობდა გამომძიებელი და ერთ მშვენიერ დღეს ქერას ეზოში მდებარე სარდაფიდან, რომელიც დოჩიებს ეკუთვნოდა, ქუთაისში მოპარული ნივთები ამოიღეს. მხოლოდ რამდენიმე ძვირფასი სამკაული აკლდა და ისინიც ორი დღის შემდეგ, ერთი ქალის ბინაში იპოვეს, რომელიც ქერას საყვარელი იყო. ქალი ამბობდა, რომ ეს ნივთები მას გივი დოჩიამ აჩუქა. დაპირისპირებაზე ქალმა ეს სიტყვები გაიმეორა და ის ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე, სახლში გაუშვეს. ქერა, რა თქმა უნდა, ყველაფერს კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, ეს ყველაფერი მოწყობილია. ჩემი საყვარელი კი დააშინეს და ჩვენება მუქარის შედეგად მიაცემინესო. თუმცა, კრიმინალურ სამყაროში მას რეპუტაცია შეურყიეს და ქურდების უმრავლესობა სხოდკის მოწვევას და ქერასთვის ტიტულის აყრას მოითხოვდა. ერთი კვირის შემდეგ, ამ საქმის ერთადერთი მოწმე, დოჩიას საყვარელი მოკლეს. ამას მოჰყვა ჭორები, რომ ეს მკვლელობა ქერას ორგანიზებული იყო ბრალდებიდან თავის დასაძვრენადო. ამით მისი რეპუტაცია კიდევ უფრო შეირყა და თითქმის ყველა ქურდი აუმხედრდა. მე და ბერძენას არ გვჯეროდა ქერას დანაშაულის და ყოველ ღონეს ვხმარობდი მის გასამართლებლად.

– ბერძენ, ძმაო, რამე უნდა ვიღონოთ, თორემ ქერას ტყუილად გააფუჭებენ. ამით კი ძაღლები და ზოგიერთი ნაბოზარი ჩვენი ძმა იხეირებს, –  ვუთხარი ბერძენას, მან კი მკითხა:

– მაინც, ვისზე გაქვს ეჭვი?

– ტაბულაზე, – ვუთხარი ბერძენას, მას კი გაეცინა:

– მეც მასე ვფიქრობ. ჩემი აზრით, ტაბულა ნასედკაა, ძაღლებთანაა შეკრული და მათ გაუჩალიჩეს ქერას. თანაც, ყველაზე პასიური ქერას ლანძღვაში ისაა. ეს კი ძალიან საეჭვოა.

– ათიანში მოარტყი, მეც ზუსტად მასე ვფიქრობ, მაგრამ, როგორ  გინდა, ეს ყველაფერი დაამტკიცო?

– არ ვიცი, – თავი გააქნია ბერძენამ.

– მე ვიცი.

– როგორ?

– როგორ და ქურდული სამართალი რომ აღვასრულოთ, ამ შემთხვევაში, ქურდულ კანონს უნდა გადავუხვიოთ.

ბერძენა წმინდა წყლის ნეპმანელი იყო და ქურდული კანონებიდან მილიმეტრით გადახვევაც კი საშინელ ცოდვად მიაჩნდა. თუმცა ქერას უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყო. ის ორ ცეცხლს შუა იდგა და არჩევნის გაკეთება უჭირდა. კარგა ხნის პაუზის მერე, მკითხა:

– რის გაკეთებას ფიქრობ?

– მარტივი და ეფექტური რამის. ტაბულა უნდა დავითრიოთ და ძალით ვათქმევინოთ ყველაფერი.

– რას ამბობ, კობრა, ეგ როგორ შეიძლება?

– აბა, სხვაგვარად ქერა დაიღუპება.

– ტაბულა რომ უდანაშაულო იყოს, მაშინ?

– დამნაშავეა ეგ ბოზი, დარწმუნებული ვარ.

– და მაინც, რომ არ იყოს?

– იქნება, იქნება, ბერძენ! ხოლო თუ ტაბულა მართლა უდანაშაულო აღმოჩნდა, მაშინ თავს მოვიკლავ. რას იტყვი, მომყვები?

– მოგყვები, – მტკიცედ მითხრა ბერძენამ.

ტაბულა მე და ბერძენამ თავისსავე სახლის სადარბაზოში დავითრიეთ და ერთ სარდაფში ჩავათრიეთ. ძელზე ფეხით დავკიდეთ და ვუთხარი:

– აბა, ტაბულ, შე ბოზო, თუ არ გინდა, რომ დაგბრიდო, თქვი, ქერას როგორ გაუჩალიჩეთ.

– კობრა, შე თავად ბოზო, რას მერჩი, რა ნახალკას მტენი, – უკან არ დაიხია ტაბულამ, რაც მოსალოდნელიც იყო. მაგრამ, უკან არც მე დამიხევია და პირქვედაკიდებულ ტაბულას ჯერ რამდენჯერმე ნეკნებში მოვდე კომბალი, შემდეგ კი ვკითხე:

– გეყოფა და ყველაფერს იტყვი, თუ უფრო მაგრად დაგცხო?

– შენ რა, გაგიჟდი? რას მტენი, ბიჭო, რა ძაღლივით მექცევი?

ტაბულას ცემა განვაახლე და მანამდე არ გავჩერებულვარ, სანამ თვითონ არ დამიწყო ხვეწნა და ატირდა:

– გეყოფა, გეყოფა, კობრა, ყველაფერს გეტყვი, ოღონდ აღარ მცემო.

 მე კომბალი დავუშვი და ტაბულას ვუთხარი:

– აბა, მიდი, გისმენ!

– კობრა, ძმაო, ნამდვილად არ მინდოდა ასეთი რამის გაკეთება და მაიძულეს. ძაღლებმა მაიძულეს.

– როგორ გაიძულეს.

– ზაქროს ცოლთან გამომიჭირეს და ამით შემაშინეს.

ზაქრო ჩვენი კოლეგა იყო, რომელიც ციმბირში იხდიდა სროკს და ნამდვილად არ მეგონა, თუ მისი ცოლი ბოზობდა. ამიტომ, ორმაგად გავმწარდი, ტაბულას ნეკნებში მაგრად მოვდე და ვუთხარი:

– შე ტრაკო, შე ნაბოზარო! ეგ როგორ იკადრე? ჩქარა გააგრძელე!

ტაბულამ ერთხანს იყმუვლა და ბოლოს თქვა:

– ქუთაისის ბაითის ამბავი კაკოსგან ვიცოდი. ეს ყველაფერი ძაღლებს მოვუყევი და კომბინაციაც მათ დაალაგეს. კაკო მე დავათვრე და გავგუდე. შემდეგ კი ძაღლების დახმარებით მტკვარში გადავაგდე. მოპარული ტავარი დოჩიასთან და მის საყვარელთან ძაღლებმა ჩადეს და ქალიც მათ დაბრიდეს.

– კიდევ, კიდევ რას იტყვი? – ვღრიალებდი  და ტაბულას ნეკნებში ვურტყამდი კომბალს. ბერძენამ კი ერთი წიხლი ამოსცხო თავში ტაბულას, მე მხარზე ხელი მომხვია და მითხრა:

– მეტი რაღა უნდა თქვას. თავისი დანაშაული აღიარა და ძაღლების გვარებიც დაასახელა. არ შემოგვაკვდეს. წავედით, საქმეს მივხედოთ, თან ეს მძორიც წავიყვანოთ. რაც მთავარია, კასეტაც წამოიღე, რომ შემდეგ ამ ნაბოზარმა თავისი ნათქვამი არ გადათქვას.

მე და ბერძენამ ტაბულა სხოდკაზე მივათრიეთ, ჩვენს კოლეგებს ბოდიში მოვუხადეთ და ჩანაწერი მოვასმენინეთ, ბოლოს კი ვთქვი:

– მართალია, ქურდულ კანონს გადავუხვიეთ, მაგრამ სხვაგვარად სიმართლეს ვერ გავარკვევდით და უდანაშაულო ჩვენი ძმა დაიღუპებოდა.

– სწორად მოიქეცით და არანაირი კანონი არ დაგირღვევიათ, – გვითხრა ერთმა ძალიან ავტორიტეტულმა ქურდმა, რომელიც დღესაც ცოცხალია და მას სხვებიც დაეთანხმნენ.

ტაბულას სხოდკამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი. სიკვდილით დაისაჯნენ კაკოსა და ქერას საყვარლის მკვლელობაში გარეული მილიციელებიც, ქერამ კი მხოლოდ ქურდობისთვის მოიხადა სროკი. ხუთ წელიწადში გათავისუფლდა, მაგრამ ჩვენთან აღარ დაბრუნებულა. მან ნებაყოფლობით თქვა უარი ქურდობაზე, ბერად აღიკვეცა და სასულიერო მოღვაწეობას შეუდგა. სხვათა შორის, ქერას ცოტა ხნის წინ შევხვდი. ერთ საღამოს სახლში ჯდომა მომბეზრდა, თანაც ეკლესიაში წასვლა მომინდა. რადგან პაბეგში ვიყავი, ქუდი დავიხურე, მუქი სათვალე გავიკეთე და სამების ტაძარში ავედი. იმ დღეს სამებაში მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ იყო. სამი სანთელი დავანთე და უკვე ტაძრიდან გამოსვლას ვაპირებდი, როდესაც ჩემთან მორჩილი მოვიდა და მკითხა:

– თქვენი გვარი გველესიანია?

მიუხედავად იმისა, რომ არალეგალურ მდგომარეობაზე ვიმყოფებოდი და ვიმალებოდი, მორჩილს მივუგე:

– დიახ. გველესიანი ვარ.

– გოგია გქვიათ?

– დიახ.

– წამომყევით. მამა პეტრე გიხმობთ.

მორჩილს მორჩილად გავყევი. მან პატარა ოთახში შემიყვანა, თვითონ კი წავიდა.

შუა ოთახში სასულიერო სამოსში გამოწყობილი მამაკაცი იდგა, რომელმაც ჯვარი გადამსახა და მითხრა:

– მშვიდობა შენს მობრძანებას.

– ქერა? – აღმომხდა მე, მაგრამ იქვე დავამატე, – ბოდიში, მამა პეტრე.

მამა პეტრე ჩემკენ წამოვიდა, გადამეხვია და მითხრა:

– როგორ ხარ, გიორგი. რამდენი ხანია, ერთმანეთს არ შევხვედრივართ.

– შენ როგორ ხარ, მამაო. მართლაც ძალიან დიდი დრო გავიდა.

– რა მიშავს. უფალს ვემსახურები. შენ?

– მე პაბეგში ვარ, მამაო... „სოდი“ მეძებს.

– ეგ ცუდია. ალბათ, ისევ ქურდი ხარ.

– სწორედ რომ, ქურდობის გამო მეძებენ. პატიმრობიდან რომ გავთავისუფლდი, სახლში „სოდი“ დამადგა და პროვოკაციული კითხვა დამისვეს, ქურდი ვიყავი თუ არა. მე, რა თქმა უნდა, უარი არ ვთქვი ჩემს სტატუსზე და ციხეში შებრუნება დამიპირეს, მაგრამ გაქცევა მოვახერხე.

– მერე და როდემდე აპირებ სირბილს ამხელა კაცი?

– ეგ არ ვიცი, მამაო. ასეთ დღეში პირველად არ ვარ და მაინცდამაინც არ მიჭირს.

– იქნებ ახალი ცხოვრება დაიწყო?

– კონკრეტულად?

– ქურდობაზე რომ უარი თქვა? – მითხრა მამა პეტრემ, – მაშინ თავს დაგანებებენ და ახალი ცხოვრების დაწყებას შეძლებ.

– არა, მამაო. ასეთი რამ ჩემთვის უკვე გვიანაა და შეცდომა იქნება.

– ესე იგი, მე შევცდი, როდესაც ქურდობა დავთმე?

– ეგ სხვა იყო. შენ დროზე გააკეთე არჩევანი. ჩემი მხრიდან კი ახლა მასეთი საქციელი არასწორი იქნება.

– ჩვენთან მოდი, ეკლესიაში და ყოველმხრივ ხელს შეგიწყობ.

– არა, მამაო, არ გამოვა. სანამ ვიქნები, ქურდი ვიქნები და ქურდად მოვკვდები.

მე და მამა პეტრემ სალაპარაკო თემა შევცვალეთ. მასთან კიდევ ნახევარი საათი დავყავი, გამოვემშვიდობე და წამოვედი.

– გიორგი, იფიქრე მაინც და თუ გადაწყვეტილებას შეცვლი, მოდი და დაგეხმარები, – მითხრა მამა პეტრემ და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.

სახლში რომ დავბრუნდი, მამა პეტრეს წინადადება ყოველმხრივ ავწონ-დავწონე, მაგრამ ჩემს აზრზე დავრჩი და ვთქვი, – ღვთისმსახურება კარგია, მაგრამ მე ეს არ შემიძლია. ქურდი ვარ და ქურდად მოვკვდები-მეთქი...

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვკეკლუცობ და ვითომდა „იდეურს ვაწვები“, სინამდვილეში, მზად ვარ პოზიციები დავთმო, როგორც ეს ბევრმა ჩემმა კოლეგამ გააკეთა. არა! არც ვკეკლუცობ, არც პოზიციებს დავთმობ და ჩემი სიტყვების დასტური დღევანდელი, ძებნილის სტატუსია. არაერთხელ მომიყოლია, სარფიან შემოთავაზებებზე და ერთსაც დავამატებ. მხოლოდ ჩემი მონათხრობის გმირთა სახელებს შევცვლი, რადგან თითქმის ყველა მათგანს უმაღლესი პოლიტიკური და ბიზნესთანამდებობები უკავიათ დღესდღეობით.

უკვე საკმაოდ ავტორიტეტულ ქურდს მთელ საბჭოეთში მიცნობდნენ, იმ პერიოდში სვაბოდაზე ვიყავი და თბილისში ვიმყოფებოდი. ერთ საღამოს ტელეფონმა დარეკა და რომ ვუპასუხე, ჩემმა ძველმა ნაცნობმა, მთაწმინდელმა ბორისმა (ბორისი, რა თქმა უნდა, პირობითი სახელია) მითხრა:

– კობრა, ძვირფასო, როგორ ხარ?

ბორისი ხმაზე ვიცანი და მივუგე:

 – ქურდულად ვარ, ბორის, ქურდულად. შენ როგორ გიკითხო?

– ვაა, ვაა, როგორ მიცანი, კობრა-ჯან?

– როგორ და ხმით.

– მაგრად გამიხარდა, რომ გახსოვარ. ახლა რას აკეთებ, გცალია, რომ რესტორანში მოვსხდეთ სკუჩნად?

– თუ საქმე გაქვს, ჯობია, ჩემთან სახლში მოხვიდე.

– კობრა-ჯან, მარტო არ ვარ. ერთი კაცი მახლავს თან.

– მოდით. გელოდებით, – მოკლედ მოვუჭერი, რადგან ვიცოდი, ტყუილად არ დამპატიჟებდა რესტორანში.

– ნახევარ საათში შენთან ვართ, – მიპასუხა ბორისმა და ყურმილი დაკიდა.

ბორისის თანამგზავრი სერგო იყო. დღეს ის საყოველთაოდ ცნობილი პიროვნებაა, მაშინ კი დამწყები მოჩალიჩე ცეხავიკი იყო და ფულის შოვნას იწყებდა. ბორისი შინაურივით იქცეოდა და მივხვდი, თავის თანამგზავრს აწონებდა თავს – აქაოდა, ასეთ სახელოვან ადამიანს ვიცნობო. სერგო, რა თქმა უნდა, მოკრძალებულად იყო და მივხვდი, მაკვირდებოდა. უჭკუო და ქარაფშუტა არც ბორისი გახლდათ, მაგრამ სერგოს აშკარად ეტყობოდა, რომ პრაქტიკული გონება ჰქონდა და ძალიან ეშმაკიც იყო. ასეთი ადამიანები ტყუილად არავის არაფერს უკეთებენ. ყველასა და ყველაფერს პრაქტიკული კუთხით აფასებენ, დესპოტები არიან და ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებულად ამბიციურებიც. სერგო წუთში გავშიფრე და თითქმის ზუსტად ამოვიცანი მათი ვიზიტის მიზანი. ცოტა რომ დავლიეთ და წავიზაკუსკეთ, ბორისმა მითხრა:

– კობრა-ჯან, სერგო ჩვენიანია და შენთან ამიტომ მოვიყვანე. საქმე აქვს და მოუსმინე.

– თქვი, ძმაო, გისმენ, – ვუთხარი სერგოს და სიგარეტი გავაბოლე. სერგომ მკაცრი საქმიანი იერი მიიღო და მითხრა:

– კობრა, ბორისი ჩემი ნდობით აღჭურვილი პირია, მის სიტყვას ვენდობი და მჯერა. სწორედ ამიტომ მოვედი შენთან. თან, ჩემმა დაკვირვებებმაც ცხადყო, რომ ბორისმა სწორი რჩევა მომცა და მისამართი არ შემშლია. პირდაპირ გეტყვი, ძალიან დიდი საქმის თანაბარ წილს გთავაზობ და გარწმუნებ, რომ ეს საქმე მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება, შესაბამისად, შენი წილიც გაიზრდება. შენ კი შენი კუთხით მჭირდები საქმეში და პრისტუპნი მირს უნდა მიხედო. ჩვენი საქმე ტყავ-გალანტერეის ცეხებია და ორიგინალური ბიჟუტერიის დამზადება, რომელიც მთელს სოიუზში იყიდება. დღესდღეობით ტყავის ექვსი ცეხი მაქვს, ცხრა კი – ბიჟუტერიის. ამას წინათ ერთი კაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა:

– მე „გრელკა“ ვარ.

– მე კი სერგო, – არ დავამთავრებინე სიტყვა ახალმოსულს. ხელი ლამის ძალით ჩამოვართვი და ვუთხარი, – გისმენ, ჩემო გრელკა, რაშია საქმე?

– სერგო, ქურდებს პატივს სცემ? – მკითხა გრელკამ, რაზეც ვუპასუხე:

– ყველას თავისი გზით გაუმარჯოს. ქურდებთან შეხება არასდროს მქონია, ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ და რას ვერჩი. ისე კი, პატივისცემამდე საქმე არ მისულა და თუ საჭირო იქნა, არც ამაზე დავიხევ უკან.

გრელკამ ხელები გაშალა და მითხრა:

– გეტყობა, რომ გაგებული კაცი ხარ და ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება. ქურდებს ფული გვჭირდება და მათი სახელით მოვედი შენთან. რას იტყვი, ყოველთვიურად რომ ათი ათასი მანეთი გადაგვიხადო? სამაგიეროდ, არავინ შეგაწუხებს და ყოველმხრივ ხელშეუხებელი იქნებიო...

ჩემო კობრა, ქურდულის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ქურდმა დაუფიქრებელი სიტყვა არ უნდა თქვას. გრელკამ კი მითხრა, ყოველმხრივ ხელშეუხებელი იქნებიო და ვკითხე:

– არც მილიცია, უფრო სწორად კი ობეხეესი (დღევანდელი საგადასახადო) შემაწუხებს?

– მე კაი ხალხზე მაქვს ბაზარი, თორემ ბოზები რა მოსატანია. ისინი შენ თვითონ უნდა გაისტუმრო.

– მაშინ, არ მაწყობს, – მშვიდად ვუთხარი გრელკას, – ძალიან ძვირი დამიჯდება.

– ქურდების უარით გასტუმრება, ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდება. ამდენ პატიოსან კაცს რომ ხაზს გადაგვისვამ, გგონია, გეპატიება?

– მემუქრები?

– კი არ გემუქრები, სიმართლეს გეუბნები. სვაბოდაზე კიდევ შეინახავ თავს, მაგრამ ციხეში რომ მოხვდე, რას იზამ?

– თავის შენახვა არც იქ გამიჭირდება. ნებისმიერი შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ციხეში ჩაჯდომას არ ვაპირებ და ჩათვალე, რომ ეს თითქმის გამორიცხულია.

– შენი უარი რად ჩავთვალო, ქურდების სირზე დაკიდებად?

– არავითარ შემთხვევაში. ასეთი რამ მე ფიქრშიაც არ გამივლია.

– თუ არ გაგივლია, ფულზე უარს რატომ გვეუბნები?

– ფული ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივცემ. შენ მე დიდ წილს მთხოვ იმ საქმიდან, რომლის აწყობაშიც არანაირი წვლილი არ შეგიტანია და უარსაც ამის გამო ვამბობ.

– ესე იგი, საბოლოოდ უარს ამბობ ფულის გამოსვლაზე?

– უარს ვამბობ.

– წავედი, ნახვამდის.

– მშვიდობით, – მივუგე გრელკას და კარამდეც კი არ მიმიცილებია.

მის ლაპარაკში საინტერესო ის იყო, რომ ის, ზოგადად, ქურდების სახელით ლაპარაკობდა. მართალია, ნეტავ, თუ გრელკამ სხვა ქურდების სახელი თავისი მიზნებისთვის გამოიყენა, ხომ არ იცი, ჩემო კობრა?

– ეს საქმე უჩემოდ არ გადაწყდებოდა, – მოკლედ მივუგე სერგოს. გულში კი ცეცხლი მეკიდა, რადგან გრელკას უღირსი საქციელი ჩირქს სცხებდა მთელ ჩვენს პატიოსან საძმოს და შესაბამის რეაგირებას მოითხოვდა.

– გასაგებია, – მშვიდად მითხრა სერგომ, – მშიშარა კაცი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ წინ ვიყურები. დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან დიდი საქმეების კეთება მომიწევს და შენისთანა ავტორიტეტული და პატიოსანი კაცის გვერდით დაყენება აუცილებელია. დამეხმარები?

– ქურდი ვარ და ქურდულ ჩარჩოებს ვერაფრის გამო ვერ გავცდები, – თავი გავაქნიე და გავაგრძელე, – საქმოსნობა და ცეხავიკობა ჩემი პროფილი არაა. ამიტომ, მეც ისევე გეუბნები უარს, როგორც შენ უთხარი უარი გრელკას და სავსებით სამართლიანადაც. ქურდი უნდა იპარავდეს და მისი წილიც ესაა. სხვა წილი მას არ ეკუთვნის და თუ კი ვინმე რამეს გამოვა, ეს – გრევია. გრევი კი ნებაყოფლობითია. ციხეში ყომარიდან მოსული წილიც გრევია და ქურდს არანაირი უფლება არ აქვს, მოგებული მაყუთიდან წილი მოითხოვოს.

– გასაგებია, ძმაო, – მითხრა სერგომ, შემდეგ ბორისს გადახედა, კვლავ მე მომიბრუნდა, წასვლის წინ მაგიდაზე ქაღალდის ხვეული დატოვა და დაამატა, – აი, ეს ჩემი პირადი გრევია შენთვის და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს.

სერგო და ბორისი რომ წავიდნენ, ხვეული გავხსენი, შიგ ათი ათასი მანეთი იდო. შემდეგ ჩემს მეზობელს დავურეკე, რომელიც ჩემი სახლის მესამე სართულზე ცხოვრობდა და ჩემთან ვიხმე. 19 წლის ვახო რომ მოვიდა, ვკითხე:

– თეონა როგორაა?

– ისევ ისე, კობრა. ფულს ველოდებით.

თეონა მეზობლის შვიდი წლის ბავშვი იყო – ვახოს და. თირკმლის გადასანერგავად ცხრა ათასი მანეთი სჭირდებოდა და გერმანიაში უნდა გადაეფრინათ, ფული კი არ იყო.

– აი, ვახო, ათი ათასი მანეთი. გამომართვი და საქმეს მიხედეთ. თეონას ვჩუქნი ამ ფულს.

– რას ამბობ, კობრა? ასეთი ძვირფასი საჩუქარი... – ათრთოლებული ხმით დაიწყო ვახომ, მე კი სიტყვა გავაწყვეტინე:.

– ბოდიალს მოეშვი და ფული წაიღე. სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია ამქვეყნად. დავაი, საქმეს მიხედეთ.

ვახო გადამეხვია, ატირდა და მითხრა:

– შენი ვალიდან ვერასოდეს ამოვალ. შენი ჭირიმე, კობრა. შენ თეონა გადაარჩინე.

– წადი. ნუ აგვიანებ. თეონას აკოცე და ჩემგან მოიკითხე, – ვუთხარი ვახოს და გავისტუმრე.

თეონას საოპერაციო ფულის შოვნას ისედაც ვაპირებდი, ვინმესგან უნდა მესესხა. შემეძლო, საქმეზე წავსულიყავი და ფული ამგვარად მეშოვა, მაგრამ ორი რამ მაკავებდა. პირველი ის, რომ ფული ბავშვისთვის იყო საჭირო და მოპარული ფულით ბავშვის მკურნალობა, ცოტა არ იყოს, სახიფათოდ მივიჩნიე. მეორე კი ის, რომ შემთხვევით მილიცია თუ ამიყვანდა, ფულს ვერ ვიშოვიდი და ესეც ბავშვის საწინააღმდეგოდ იმუშავებდა, ფული კი სასწრაფოდ საშოვნელი იყო. ამიტომ, ავირჩიე უხიფათო გზა – სესხება. სერგოს გრევი კი სწორედ რომ ღმერთის საჩუქარი იყო და თეონას საქმე უპრობლემოდ მოგვარდა. სერგოს რომ ეთქვა, ეს გრევი ყველა ქურდის არისო, მაშინ მე ჩემს კოლეგებს შევეკითხებოდი და მხოლოდ მას მერე ვაჩუქებდი თეონას. ერთი სიტყვით, ყველაფერი სამართლიანად დალაგდა. თეონა გერმანიაში გადააფრინეს, თირკმელი გადაუნერგეს და ყველაფერმა იმაზე უკეთესად ჩაიარა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ერთი წლის მერე თეონა სრულიად გამოჯანმრთელდა და მე მოვნათლე. დღეს თეონა ქალია, ქმარ-შვილი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობს. რაც შეეხება გრელკას, თავდაპირველად, მისთვის კოლექტიური პრეტენზიის წაყენება მინდოდა, მაგრამ თეონას გამო, გადავიფიქრე. სწორედ გრელკას არასწორმა საქციელმა მოიყვანა ჩემთან სერგო და ათი ათასი მანეთი მაჩუქა, რამაც პატარა გოგონა გადაარჩინა. ამიტომ, კოლეგა ჩემთან ვიხმე და სახლში რომ მეწვია, ვუთხარი:

– გრელკა-ჯან, როგორ ხარ?

– ვარ, რა, – მხრები აიჩეჩა გრელკამ, – ხომ მშვიდობაა, კობრა, რატომ დამიძახე?

– გრელკა, ძმაო, ქურდი ხარ, აფერისტი, თუ აფერისტი ქურდი?

– ვერაფერს ვხვდები. რატომ მეკითხები?

– სერგოს გაწეწვა რომ მოინდომე ჩვენი სახელით, – ვუპასუხე გრელკას, მან კი კოპები შეიკრა და მითხრა:

– ოფიციალურ პრეტენზიას მიყენებ?

– ოფიციალურ პრეტენზიას სხოდკაზე წაგიყენებდი, მაგრამ, რადგან აქ გეუბნები შენს არასწორ საქციელს ოფიციალურ მსვლელობას არ ვაძლევ.

– მიკვირს, რატომ? შენ ხომ ზაკონნიკი ხარ და ქურდულ კანონს რის გამო არღვევ, ყურებით გინდა დამიჭირო?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3