ყველა კაცი ერთნაირია
სიურპრიზი
თიკომ თვალები მოისრისა... არა, ნამდვილად არ ეჩვენებოდა – მის წინ... მის საწერ მაგიდაზე, არც მეტი, არც ნაკლები, ბროლის ფეხსაცმელი იდო... ნამდვილი – დიახ! ზუსტად ისეთი, კონკიას რომ ეცვა მეჯლისზე; აი, იმ მეჯლისზე, უფლისწული რომ გაიცნო... თიკომ ყურადღებით მიიხედ-მოიხედა ცოტათი დაეჭვებულმა, მაგრამ, ოფისის ჰოლი ცარიელი იყო. პრინციპში, კარი ხომ თვითონ გააღო გასაღებით. კიდევ ერთი წუთი და, ჯადოსნური სიზმარი დასრულდა – ვიღაცამ მხარზე მოჰკიდა ხელი და მაგრად შეანჯღრია:
– გოგო, რამ დაგაძინა ამ უთენია, სახლში ვერ გამოიძინე? თიკო, შენ გელაპარაკები, რას გაშტერებულხარ? ახლა რომ ვახო შემოსულიყო, რას აპირებდი?! – გიგის მოულოდნელად სიცილი აუტყდა. თიკომ უხეშად ჰკრა ხელი და შეუყვირა:
– მერჩივნა, ვახო შემოსულიყო, ვიდრე შენი იდიოტური სიფათი დამენახა... არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მეძინა, – ამოიოხრა გოგომ, – როგორი საზიზღარი და აუტანელი ხარ, თანაც ყოველთვის. რისთვის მოეთრიე?
– უცნაური შეკითხვაა. რას ნიშნავს, გოგო, რისთვის მოვეთრიე?! სამუშაო დღე დაიწყო, – გიგიმ საათზე დაიხედა, – ხუთ წუთში დაიწყება. მალე ყველა მოვა. ასე რომ, მადლიერი უნდა იყო ჩემი – სირცხვილს გადაგარჩინე, შენ კი მაინც ილანძღები...
თიკომ უკმაყოფილოდ აუქნია ხელი. გიგიმ გაიცინა:
– მართლა არ გეგონა, რომ გეძინა, ტო?! დედას გაფიცებ, არ გეგონა?
– აუ, თავიდან მომწყდი, რა... შენი დანახვაც არ მინდა...
– მდაა... ეტყობა, მაგარ სიზმარს ხედავდი და გაგიტყდა, რომ გაგაღვიძე.
– გამოიცანი, – მკვახედ მიუგო თიკომ.
– საინტერესოა, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ბიჭმა, – ღრმად საინტერესო...
– რა არის საინტერესო? – გამოაჯავრა თიკომ, – შედი, რა, შენს ოთახში და ნუღარ მაღიზიანებ...
– სახლში რატომ ვერ გამოიძინე? აუ, მივხვდი – გვეშველა და კაცი გაიჩინე, ანუ, საპატიო მიზეზი გქონია. ღამეს გაათენებდი, აბა, რა! მიხარია. არ ვხუმრობ, გულწრფელი ვარ...
– გიგი! – იყვირა თიკომ, – თავიდან მომწყდი, ჭკუიდან არ შემშალო!
– კარგი, რამ გაგაცოფა, უკვე მივდივარ. აი, მიყურე, – გიგიმ ფეხაკრეფით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და შემინული კარი მძიმედ შეაღო.
თიკომ სახეზე აიფარა ხელები და ასლუკუნდა.
– ღმერთო, რა დაგიშავე... რა კარგად ვიყავი და, უცებ... – თიკომ ცრემლიანი თვალები მუჭით მოისრისა, – ღრუბლებიდან ეგრევე მიწაზე დავენარცხე, თანაც ისე, რომ გვერდები მწარედ დამეჟეჟა. სიზმარი ყოფილა... კი მაგრამ, ასე უცნაურად როგორ ჩამეძინა? ეს რაღაცას ნიშნავს... მოიცა, როგორ იყო?! ჰო, ყველაფერი იქ, იმ ოფისში ხდებოდა... ფეხსაცმელიც თითქოს ნამდვილი და რეალური ჩანდა. ვაიმე, მერე ვინ გამაღვიძა?.. გიგიმ! თუ ეს რამეს ნიშნავს, დავღუპულვარ და ის არის... – თიკო სერიოზულად ანერვიულდა.
– რა მოგივიდა, თიკუნ? – შუბლშეჭმუხნილსა და მოღუშულს ლაშა წამოადგა თავზე, – მოვიდა შეფობა?
– რომელი შეფობა? – უხალისოდ და სლუკუნით ჩაილაპარაკა თიკომ, – თუ ვახო გაინტერესებს, ჯერ არ მოსულა. გიგი თავის ოთახში ბრძანდება. მოსვლაც მოასწრო და ჩემთვის გუნების მოშხამვაც. ნამდვილი ურჩხულია. გამიხეთქა გული და ახლა, ალბათ, ბედნიერია.
ლაშამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– რატომ ვერ თანხმდებით? ასეთი რა გჭირთ, რომ ძაღლი და კატასავით კაწრავთ და უყეფთ ერთმანეთს?
– არ ვიცი. ეგ, მგონი, იმიტომ დაიბადა, რომ მე გამიმწაროს სიცოცხლე, – ისევ ასლუკუნდა თიკო, – რა უბედური ვარ... მთელი დღეა, აქ ვზივარ და არავინ მყავს გულშემატკივარი. ვახომაც ერთი ქალი როგორ ვეღარ მიიღო სამსახურში, რომ თქვენ წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდამჭერი მყოლოდა...
– კარგი რა, თიკუნა, აბა, მე როდის გებრძვი? საერთოდ არ გაწუხებ, – მოლბა ლაშა და გულაჩუყებულმა მხარზე დაადო ხელი.
– აუ, მომშორდი რა, მარტო დამტოვე... მაცადე, საკუთარი თავი და უიღბლობა გამოვიტირო.
ლაშამ ამოიოხრა და ოთახში შევიდა. გიგი ღია ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. კარის ხმაზე შემობრუნდა.
– მოხვედი? მოდი ერთი აქ და იქით გაიხედე – ეს ქალები გამაგიჟებენ... სანამ არ მოკლავს ქმარი, არ მოისვენებს – კიდევ ახალი ჰყავს.
– მოცლილი ხარ? მეტი საქმე არ გაქვს? რას უთვლი საყვარლებს, რა შენი საქმეა? რაც უნდა და მოსწონს, ის უკეთებია, შენ რა განაღვლებს?
– ფსიქოლოგიური ტრაქტატი უნდა დავწერო ქალებსა და მათ უცნაურობებზე. ზოგი ისეთი ორიგინალური შეგხვდება, გაოგნდები.
– შენ არ ამტკიცებდი, ყველა ქალი ერთნაირიაო?
გიგიმ თავი გააქნია.
– უკვე ეჭვი მეპარება და ჩემს ადრინდელ მოსაზრებებს უნდა გადავხედო – გუშინ ერთმა ქალმა სერიოზულად შეარყია ისინი.
ლაშამ ეჭვით შეხედა მოღიმარ გიგის.
– ახალი გყავს ვინმე? მოკლედ, დროს არ კარგავ, მაგარი ხარ!
– არა, ტო, არავინაც არ მყავს. ნინის მერე სერიოზული არავისთან არაფერი მქონია და მე თვითონ მიკვირს... რაღაცნაირად, ინტერესი გამიქრა.
– ვერ ყოფილა შენი საქმე კარგად. დრო ხომ არ არის, ექიმს მიმართო? – დასცინა ლაშამ.
– სულაც არ არის სასაცილო და, რაც შენ იგულისხმე, ეგ საერთოდ არაფერ შუაშია... უბრალოდ, დაფიქრებისა და ღირებულებების გადაფასების პერიოდი მაქვს... თუმცა, რას გიხსნი, საერთოდ არ გაინტერესებს.
– უბრალოდ, შენგან მიკვირს ასეთი აზრები.
– რატომ? არც ისეთი ქარაფშუტა ვარ, როგორც ეს სხვებს ჰქონიათ.
– რა ვიცი, ისე იქცევი, რომ... – მხრები აიჩეჩა ლაშამ.
– როგორ ვიქცევი?
– როგორ და... ახლავე გეტყვი – უპასუხისმგებლოდ, თუნდაც თიკოსთან დამოკიდებულებაში. დიაუთენია რომ აატირე ის გოგო, რას ერჩოდი? წავა ეგ აქედან და პასუხს ვახოსთან შენ აგებ, იცოდე.
– სად წავა, რატომ წავა, რა დავუშავე საერთოდ და რატომ მართავს სპექტაკლებს? არაფერი დამიშავებია, მართლა.
– გადი და ნახე, რა დღეშია. სერიოზულად გეუბნები, თუ ვახოც ცუდ გუნებაზე, ანუ მარცხენა ფეხზე ამდგარი მოვიდა, სერიოზული ჩხუბი იქნება.
გიგიმ ამოიოხრა და ფანჯარა დახურა:
– არადა, როგორ მაინტერესებდა, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. მოუსწრებდა თუ არა ქმარი და როგორ დაიძვრენდა თავს ქალბატონი...
– ჩვენს ქალბატონს მიხედე აქ, ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია, დამიჯერე.
– ვაა, რას მერჩის, რა უნდა, ეძინა და გავაღვიძე, სულ ეს იყო და კიდევ ეგ ტირის? ის ჯობდა, ვახოს ენახა მაგიდასთან ჩაძინებული? ვა, გადამრევს ეს ხალხი...
– ვის ეძინა მაგიდასთან, თიკოს? – გაუკვირდა ლაშას, – შეუძლებელია!
– ვითომ რატომ არის შეუძლებელი? ძილი არ ეკარება მის ლამაზ თვალებს თუ მე ვარ ქრონიკული და პათოლოგიური მატყუარა? – გაცხარდა გიგი.
– უბრალოდ, ვერ წარმოვიდგინე, – მხრები აიჩეჩა ლაშამ, – ჩემს შემთხვევაში უფრო რეალური იქნებოდა ეგ ამბავი. ბავშვს კბილები ამოსდის და ლამის ყოველ ღამეს გვათენებინებს. დაგვქანცა მეც და დედამისიც...
კარი გაიღო და ოთახში ზუკა შემოვიდა:
– გამარჯობა! რა ხდება, რა გჭირთ ყველას?
– პრობლემები გაგვიმწვავდა, – ხელები გაშალა გიგიმ, – ლაშას ბავშვი არ აძინებს, თიკოს ვინ არ აძინებს, ეგ უკვე აღარ ვიცი და, საერთოდაც, გამოუძინებლობის ნიადაგზე გაჩენილ დეპრესიაზე საშინელი არაფერი არ არის... შენ, რაღაც კარგ გუნებაზე ჩანხარ.
– ჰო, არა მიშავს. თქვენგან განსხვავებით, კარგად მეძინა, – გაიცინა ზუკამ, – რა იყო?
– სალაპარაკო მაქვს შენთან.
– რაზე? – დაეჭვდა ზუკა.
– შეკვეთაზე, – გიგიმ მკლავზე მოჰკიდა ხელი მეგობარს და ოთახიდან თითქმის ძალით გაათრია.
– რა გინდა, სად მექაჩები? – გააპროტესტა ზუკამ, – თიკო არ გეყო და ახლა მეც უნდა მომიშალო ნერვები?
– ოჰ, შემოგჩივლა უკვე?
– არაფერიც არ შემოუჩივლია. ძალიან მარტივი ამოცანა ამოვხსენი. ამჯერად რას ერჩოდი?
– არაფერს. მართლა არაფერს და ნუ მომაყოლებ ახლა თავიდან.
– შენი ამბავი რომ ვიცი, ერთ სიტყვას ეტყოდი იმისთანას...
– დაანებე თიკოს თავი და შენზე ვილაპარაკოთ, – ერთბაშად დასერიოზულდა გიგი, – ბიჭო, გუშინ ლიზა ვნახე...
ლიზას ხსენება საკმარისი აღმოჩნდა, რომ ზუკას ფეხები აჰკანკალებოდა და ფერი წასვლოდა...
– მატყუებ! – წამოიყვირა და ფანჯრის რაფას მოებღაუჭა.
– არა. რატომ უნდა მოგატყუო? შენც ხომ იცი, ვისი ცოლია, ჰოდა, შევხვდი, რომ შეკვეთის დეტალებზე გვესაუბრა.
ზუკა ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე კი იფეთქა:
– უსინდისო ხარ! უსინდისო კიდევ რბილად ნათქვამია, საზიზღარი არსება! არც კი ვიცი, რა გიწოდო. ყველას ამწარებ და სიცოცხლეს ჯოჯოხეთად უქცევ. მითხარი, რა უთხარი ჩემს ლიზას?
– ნუ გიჟდები და ისტერიული ქალივით ნუ წივი, ადამიანურად ვილაპარაკოთ.
– შენთან ვილაპარაკო ადამიანურად? გიგი, რა გინდა ჩემგან? რამე დაგიშავე? ასეთი ბოროტი რატომ ხარ?
– არ ვარ ბოროტი... რა ჩემი ბრალია, რომ ვახომ მე გამგზავნა? საქმე არ გამეკეთებინა? ჰოდა, იქ ლიზაც იყო.
– რატომ?
– რას ნიშნავს – რატომ? იმიტომ, რომ ეგ ბიზნესი მისი და მისი ქმრისაა. ლიზა ძალიან აქტიურად არის ამ ყველაფერში ჩართული და, მინდა გითხრა, რომ საკმაოდ ჭკვიანია.
– ეგ არ მაინტერესებს, – გააწყვეტინა ზუკამ.
– აბა, რა გაინტერესებს?
– ჩემზე ილაპარაკეთ?
– ვილაპარაკეთ, – ამოიოხრა გიგიმ, – შეგიძლია, მშვიდად მომისმინო?
– არ ვიცი, ვერ შეგპირდები.
– მაშინ, საერთოდ გავჩუმდები.
– ამ შანტაჟს მოეშვი და ყველაფერი მითხარი, რაც ლიზამ ჩემზე თქვა. ერთი სიტყვა არ გამოგრჩეს, იცოდე...
– შანტაჟის დიდოსტატი შენ ყოფილხარ. მე მაგდენს ვერ გავქაჩავ, – ჩაიცინა გიგიმ, – ლიზას შენ არ სჭირდები.
– თვითონ გითხრა?
– ჰო. გარდა ამისა, ძალიან არ უნდა, რომ წვეულებაზე წამოხვიდე.
ზუკას ტუჩები აუკანკალდა:
– იდიოტი ხარ.
– მე რატომ, ტო, მე რას მერჩი? – გაოცებით გაშალა ხელები გიგიმ.
– იმიტომ, რომ ფეხებზე გკიდივარ. დარწმუნებული ვარ, ლიზას შენ ურჩიე ეს სისულელე.
– რა სისულელე, რას ამბობ?
– რომ მე იქ არ მივიდე.
გიგიმ ამოიოხრა:
– ასეც რომ იყოს, რა არის ამაში ცუდი ან არასწორი?
– არაფერი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მოღალატე ხარ.
– რატომ, გამაგებინე, რატომ? სკანდალის მომხრე რომ არ ვარ, იმიტომ?
– დიახ. თანაც, არ მესმის, რა სკანდალზე ლაპარაკობ.
– რომ არ გესმის, ეგაა უბედურება და მთავარი პრობლემა. სხვათა შორის, მე ლიზასი კარგად მესმის.
– ჰო?! ხომ არ შეგიყვარდა კიდეც? უკვე დაეჩალიჩე?
– ნუ ხარ, ბიჭო, იდიოტი. რას ნიშნავს „დავეჩალიჩე“, სულ გააფრინე? ქმარი ჰყავს იმ ქალს და ბავშვს ელოდება. ასეთი უზნეოც კი არ ვარ!
– დიდი ხანია, მორალსა და მაღალ ზნეობას ქადაგებ? როდის აქეთ გახდა ქმარი შენთვის დაბრკოლება?
გიგიმ შეურაცხყოფილი კაცის გამომეტყველება მიიღო:
– ერთი კარგად გაიხსენე, ჰო, გაიხსენე, როდისმე მქონია გათხოვილ ქალთან რომანი? შენ რომ ლიზას დაუახლოვდი, თავიდანვე არ გეუბნებოდი, ეგ ამბავი ცუდად დამთავრდება-მეთქი? შეიძლება, მე ნინისთან ერთგულება ვერ გავქაჩე, მაგრამ, ქმრიან ქალს არ ავტორღიალებივარ.
– მე ვეტორღიალები ლიზას? ამის თქმა გინდა? – გაცხარდა ზუკა, – ამის მერე კიდევ იტყვი, რომ უსინდისო არა ხარ?
– ბიჭო, შენ ლიზა გიყვარს? – ბოლო საშუალებას მიმართა გიგიმ.
– მერე?
– არა, ასე არა. მიპასუხე, მართლა გიყვარს?
– ძალიან მიყვარს, ძალიან... ეჭვი გეპარება ამაში?
გიგიმ მხრები აიჩეჩა:
– რა ვიცი... მე რომ ადამიანი მიყვარს, მისთვის დისკომფორტის შექმნას არ ვცდილობ. საყვარელი ქალი ჩემი ეგოიზმის გამო რატომ უნდა ვანერვიულო?
– ნინი არ იყო შენი საყვარელი ქალი? რაც შენ ეგ ანერვიულე...
– ჰოდა, ვნანობ. მაგის მერე ჭკუა ვისწავლე და არ მინდა, შენც გაიმეორო ჩემი შეცდომა.
– რას მთხოვ? პირდაპირ მითხარი.
– ან არ წამოხვიდე იმ წვეულებაზე, ან ისე მოიქეცი, ლიზას პრობლემა არ შეექმნას.
– ახლა იმის ბანაკში გადაბარგდი?
– ზუკა, სულ ნუ აურიე. შენს ბანაკში რომ ვარ, იმიტომ დავღალე ენა ამდენი ლაპარაკით. და, კიდევ ერთს გეტყვი: ის კაცი იმსახურებს პატივისცემას!
– ვისზე ამბობ?
– ლიზას ქმარზე, იმ ლევანზე. ღისრეული ადამიანია. ოღონდ, არ მითხრა ახლა რომ ღირსეულ კაცებს ცოლები არ ღალატობენ. მეც ასე ვფიქრებდი, მაგრამ, ლევანის გაცნობის შემდეგ აზრი მთლიანად შევიცვალე. თავისი ცოლიც ძალიან უყვარს. მართლა უყვარს, უანგაროდ და ქალღმერთივით. ასე რომ, დამშვიდდი და აზრზე მოდი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში