კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

დუმდა მზიაც, მაგრამ, პროფესორისგან განსხვავებით, ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები და კალთა უსველდებოდა. ის გრძნობდა, როგორ გაორდა მისი პიროვნება – როგორ იქცა  ერთი მზია ორ მზიად: ერთს კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა ეს საშინელი კაცი, მეორე კი მასში ნამდვილ მონსტრს ხედავდა და სიკვდილივით ეშინოდა მისი. ისიც კი აღარ იცოდა, დარჩებოდა თუ არა მის მოსავლელად და მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად.

დუმილი თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა. ამასობაში დიმიტრიმ სული მოითქვა, გამბედაობა მოიკრიბა და მზიას მიმართა:

– ხომ გითხარი, მონსტრი ვარ-მეთქი.

ხმამაღლა რომ არ აბღავლებულიყო, მზია წამოხტა და სამზარეულოში გაიქცა. ირაკლი  ქებაძე და მისი პაციენტი, მარტო დარჩნენ პირისპირ და ვერც ერთი ვერ იღებდა ხმას. ბოლოს ისევ დიმიტრიმ დაარღვია დუმილი:

– ბატონო ირაკლი, უფლება გაქვთ, უარი თქვათ ჩემს მკურნალობაზე და ჩემი თავი სხვა ექიმს გადააბაროთ. გეფიცებით, არ მეწყინება. ცხადია, იმ ექიმსაც არ მოვუყვები ჩემი არაკაცობის შესახებ. შესაბამისად, არ გაუჭირდება ჩემი მკურნალობა და ჩემთან, როგორც პაციენტთან ურთიერთობა.

ქებაძე ისევ დუმდა. უნდოდა, რამე ეთქვა, მაგრამ, თავს ვერ უყრიდა სათქმელს. ამიტომ, სიცოცხლეში პირველად, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ისევ დიმიტრიმ გამოიყვანა მდგომარეობიდან:

– ბატონო ირაკლი, ბოდიშს გიხდით, ასე რომ შეგაწუხეთ. ვიცი, რომ ახლა ძალიან გძულვართ…

– არა, არ მძულხართ, – უცბად შეაწყვეტინა სიტყვა პროფესორმა, – უბრალოდ, პატივს აღარ გცემთ როგორც მამაკაცი მამაკაცს. მკურნალობას, ცხადია, განვაგრძობ.

– მადლობელი ვარ, ბატონო პროფესორო, – მაინც გაუხარდა დიმიტრის.

– სამადლობელი არაფერია. ეს ჩემი კარგი ადამიანობიდან არ მომდინარეობს, მე ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და ვალდებული ვარ, პირად მტერსაც კი ვუმკურნალო.

– მარტო მაგიტომ არ გიხდით მადლობას, ბატონო ირაკლი. იმის გამოც ვარ მადლობელი, ჩემთვის დრო რომ გააცდინეთ, მომისმინეთ და ამით ასეთი ქვა მომხსენით გულიდან. ვერც კი წარმოიდგენთ, ახლა რამდენად უკეთ ვგრძნობ თავს. რომ იცოდეთ, როგორ ვიტანჯებოდი ამ ყველაფრის გამო მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში მოვხვდი. ალბათ, უფრო ლმობიერი იქნებოდით ჩემ მიმართ, თუმცა, რა უფლება მაქვს, ლმობიერება მოვითხოვო.

– იცით, ბატონო დიმიტრი, მიუხედავად ჩემი ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილებისა, მაინც დრო მჭირდება, რომ ეს ყველაფერი გადავხარშო. ვერ მოგატყუებთ, რადიკალურად უარყოფითად შეიცვალა ჩემი განწყობა თქვენ მიმართ, მაგრამ, ამ თქვენს საქციელს, უფრო სწორად, თქვენს პიროვნებას, აქვს ერთადერთი დადებითი მომენტი – ყველა თქვენს საქციელს გულწრფელად ინანიებთ. სწორედ ეს მიტოვებს იმედის პატარა ნამცეცს, რომ ყველაფერი არაა დაკარგული.

– ანუ, თქვენ გჯერათ ჩემი?

– მჯერა თქვენი გულწრფელობის და, სწორედ ამიტომ, გირჩევთ, მოძღვართან მოინანიოთ ცოდვები.

– მოძღვარი არ მყავს და, საერთოდაც, ეკლესიური არასდროს ვყოფილვარ. 

– არა უშავს, ეს არასდროს არ არის გვიან. თუ  გნებავთ, მე გამოგიგზავნით სულიერ მამას – ჩემი კარის მეზობელია; თუ არა და, თქვენ თვითონ მიდით ეკლესიაში, როცა გარეთ გასვლის უფლებას მოგცემთ.

– ვიფიქრებ ამაზე, ბატონო ირაკლი. ახლა კი უნდა ვითავხედო და ერთი კითხვა დაგისვათ. ოღონდ, თქვენგანაც გულწრფელი პასუხი მინდა.

– ბრძანეთ.

– დამეხმარებით?

– რაში?

– რაღაცეების გარკვევაში.

– კერძოდ?

– კერძოდ, ვინ მომწერა ის წერილი და არის თუ არა თორნიკე ჩემი შვილი.

– ბატონო დიმიტრი, თქვენ მეტისმეტს ითხოვთ ჩემგან. ჩათვალეთ, რომ არც კი გამიგია, რაც მითხარით. მე არც პატარა ბიჭი ვარ, არც გამომძიებლობაზე მიოცნებია ოდესმე და არც ღირსების საქმედ მიმაჩნია სხვისი ცხოვრების ბნელი კუნჭულების ჩხრეკა, თუნდაც ამის გაკეთება ვინმემ მთხოვოს. ერთადერთი, რა პირობის მოცემაც შემიძლია, ის არის, რომ ხელს არ შეგიშლით.

– ბოდიშს გიხდით, ბატონო ირაკლი, იმ ყველაფერს კიდევ ერთი უტაქტო და თავხედური თხოვნა დავამატე.

– დაწყნარდით. მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარით. ახლა კი მზიას ახალ მითითებებს დავუწერ და წავალ. მეც დავრეკავ ხოლმე და მზია თვითონაც დამეკონტაქტება. კარგად ბრძანდებოდეთ.

– ნახვამდის. 

ირაკლი ქებაძე სამზარეულოდან გამოსულმა თვალებდასიებულმა მზიამ კარამდე მიაცილა, დიმიტრის ოთახში დაბრუნდა და ფანჯარასთან დადგა ხმისამოუღებლად. დიმიტრის მისკენ არც გაუხედავს, ისე ჰკითხა:

– გეზიზღები?

– არა, – ჩუმად უპასუხა გოგომ და საწოლს მიუახლოვდა, – გინდა, რამე დასალევი მოგიტანო?

დიმიტრის სულაც არ სწყუროდა, მაგრამ, მზიას შემოთავაზება შერიგებად მიიღო და გახარებულმა უპასუხა:

– ბორჯომში ლიმონი ჩამიწურე და ისე მომიტანე. ცოტა მჟავეს თუ გამიკეთებ, კარგი იქნება…

***

დიმიტრიმ მოახერხა მზიას შერიგება. გოგო ისევ ისე ერთგულად უვლიდა, მაგრამ, თავისდაუნებურად, ერთგვარ დისტანციას იჭერდა მასთან – ძველებურად შინაურულად და შეთამამებულად აღარ ესაუბრებოდა, თითქოს ეშინოდა, რომ ისევ რამე საწყენი და გულსატკენი არ ეთქვა მოულოდნელად ნერვებაშლილ პაციენტს. დიმიტრი გრძნობდა მზიას სიფრთხილეს და განსაკუთრებით თბილად ექცეოდა. ჯერ ერთი, მართლაც განიცდიდა, რომ აწყენინა ერთადერთ ერთგულ ადამიანს (დიმიტრის ამაში ეჭვი არ ეპარებოდა), თანაც, ძალიან სჭირდებოდა მზიას დახმარება – სხვანაირად ის ვერ გაარკვევდა სიმართლეს. ამიტომ, მორჩილ და მოსიყვარულე ბავშვად იქცა: ყველაფერს უჯერებდა, უსიტყვოდ ემორჩილებოდა და თვალებში შეჰყურებდა. თავისი აღსარების მეორე დილით კი, პროცედურების ჩატარების შემდეგ, დიმიტრიმ პირდაპირ უთხრა მზიას, შენ თუ არ დამეხმარე, იცოდე, დარდი საფლავში წამყვებაო. მზია შინაგანად მზად იყო, რომ დიმიტრი საკმაოდ რთულ საქმეს დაავალებდა, მაგრამ, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია უარის თქმა, რადგან, ჯერ ერთი, გრძნობდა, რომ თვითონ იყო თავისი პაციენტის ერთადერთი გულშემატკივარი – ასე რომ არ ყოფილიყო, დიმიტრი მას, სულ ცოტა ხნის წინ გაცნობილ ექთანს, არ გაუმხელდა მამაკაცისთვის ყველაზე მტკივნეულ საიდუმლოს და, მით უმეტეს, არ ჩარევდა თავის პირად საქმეებში; მეორეც, მზიას ქალური ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა, გაეგო, რა ხდებოდა იმ მამაკაცის ცხოვრებაში, რომელიც მას ლამის დანახვისთანავე შეუყვარდა.

– მზია, მოაჩოჩე სავარძელი საწოლთან, დაჯექი და ყურადღებით მომისმინე. დღეს მე გნიშნავ ჩემს პირად შერლოკ ჰოლმსად, მეგრედ თუ პუაროდ, მოკლედ, პირად დეტექტივად.

– მის მარპლი ვიქნები.

– კი ბატონო, მარპლი იყავი, ჩემთვის უკეთესია – მარპლი ქალური ალღოთი უჯოკრავდა დანარჩენებს, – გაეცინა დიმიტრის.

– შენ ვინ იქნები, უოტსონი? თუმცა, რა შუაშია უოტსონი მარპლთან...

– არა, მე ვიქნები ერთ-ერთი კლიენტი, მაგრამ, თუ გინდა, შიგადაშიგ უოტსონობასაც გაგიწევ, თუ საჭირო გახდება.

– გისმენთ, მისტერ უოტსონ, – ღიმილით უთხრა მზიამ და საბანი გაუსწორა.

– მოკლედ, თავიდან, სანამ გამოძიებას დავიწყებთ, უნდა მიხვიდე ჩემს ოფისში. მდივანი გაფრთხილებული მეყოლება და ჩემი კაბინეტის კარს გაგიღებს. იქ აუცილებლად უნდა იყოს ის წერილი, რომელიც ავარიის წინ მივიღე. როგორც უკვე გითხარი, დამლაგებელი არ გადააგდებდა.

– სავარაუდოდ, სად უნდა ვეძებო?

– რომ წავიკითხე, მაგიდაზე მოვისროლე. მოკლედ, მაგიდიდან დაიწყე. თუ იქ არ დაგხვდა, უფლებას გაძლევ, გადაქექო ყველა უჯრა, ყველა თარო, ანუ, მოქმედების სრული თავისუფლება გაქვს. არ არის გამორიცხული, რომ ფურცელი მაგიდიდან გადაფრიალდა და რაღაცის ქვეშ შევარდა. მოკლედ, შენი მობილიზებულობის იმედი მაქვს.

– მდივანი თავზე უნდა მადგეს?

– არა, ვეტყვი, რომ ოთახში მარტო დაგტოვოს.

– გასაგებია. რომ მოვკვდე, მაინც ვიპოვი და მოგიტან. მერე რა უნდა ვქნა?

– მერე, დედუქციის მეთოდით უნდა გავიგოთ, ვინ არის წერილის ავტორი – ესაა ყველაზე მთავარი. ეს თუ დავადგინეთ, მერე უკვე ადვილად გაირკვევა, სიმართლეა თუ არა ის, რაც იმ წერილში წერია.

– ბატონო დიმიტრი, არ გეწყინოს, ამას რომ გეკითხები, მაგრამ, თუნდაც ერთი პროცენტით მაინც უშვებ, რომ, შეიძლება, სიმართლე იყოს?

დიმიტრიმ იუხერხულა პასუხის გაცემა – ეს ძალიან ინტიმური თემა იყო, მაგრამ, რადგანაც სწორედ მზიას უნდა გემოეძიებინა ეს ჩახლართული საქმე, გადაწყვიტა, ბოლომდე გულახდილი ყოფილიყო.

– იცი, რაშია საქმე? – თქვა და საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განაგრძო: – თუ ფაქტებს დავეყრდნობი, ეს სიმართლე არ უნდა იყოს.

– რა ფაქტებს? – ვერ მიხვდა ექთანი.

– რა გჭირს, გოგო, ყველაფერი სიტყვასიტყვით უნდა მათქმევინო? – ხუმრობით შეუწყრა დიმიტრი.

– ცხადია, ყველაფერი უნდა გათქმევინო, შენც და დანარჩენებსაც, – სერიოზულად უპასუხა „მარპლმა“, – აბა, როგორ მივაგნო სიმართლეს?

– ვინ დანარჩენებს? უკვე იცი, რომ ისინი ბევრნი არიან? – „ფაქტების” თემას გადაუხვია დიმიტრიმ.

– რა გჭირს, ბატონო დიმიტრი? – იმავე სიტყვებით და ისეთივე ხუმრობის ტონით შეუბრუნა კითხვა მზიამ, – სანამ იმ ერთს მივაგნებ, რამდენიმე კაცის გაცნობა და მათთან გასაუბრება მომიწევს.

– რა იცი, რომ კაცები არიან? – დაიძაბა ავადმყოფი.

– მართლა რა გჭირს, ბატონო დიმიტრი, ასეთი მიუხვედრელი როდიდან გახდი? თანაც, სიტყვაზე მეკიდები. რამდენიმე კაცი-მეთქი, რომ ვთქვი, რამდენიმე ადამიანი ვიგულისხმე და, საერთოდაც, ნუ ხარ ასეთი დაძაბული, ცოტა მოეშვი, თორემ, შენ თუ ცუდად გახდი, ვეღარ დამეხმარები, მარტო კი ვერაფერს მოვახერხებ. გაიგე, რასაც გეუბნები? – ხმა დაირბილა მზიამ და დიმიტრის ხელზე მოეფერა.

ავადმყოფს ესიამოვნა ეს მზრუნველი ტონიც და მოფერებაც, თვალები დახუჭა და გაიტრუნა. მზიამ აცადა. ორიოდე წუთის შემდეგ კი დიმიტრიმ თვალი გაახილა და უკვე სრულიად დამშვიდებულმა უთხრა:

– გავიგე. უკვე ვაკონტროლებ საკუთარ თავს. ხომ ხედავ, რა დამჯერი ბიჭი ვარ.

 ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა კი მითხარი, როდის წავიდე.

– დღეს, ახლავე. გადადება აღარ ღირს.

მზია ჩაფიქრდა. ეშინოდა ავადმყოფის მარტოდ დატოვება, მით უმეტეს, რომ, არ იცოდა, რამდენი ხანი დასჭირდებოდა წერილის მოძებნას.

– რა იყო, ხომ არ გადაიფიქრე? – ჰკითხა შეშინებულმა დიმიტრიმ, – რატომ გაჩუმდი?

– რას ამბობ, გადავიფიქრე კი არა, ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები ჩემს პირველ საგამოძიებო საქმეს, – ნახევრად ხუმრობით უპასუხა გოგომ, – მაგრამ, მეშინია შენი მარტო დატოვება. რამე რომ გაგიჭირდეს, ვინ მოგხედავს?

– პირველი კი არა, მეორე გამოდის. შენ არ თქვი, მეგობარს ბებიასეული ბეჭედი დაეკარგა და ქურდს მივაგენიო? თანაც, რა უნდა მომივიდეს ერთ-ორ საათში? ამაზე მეტი დრო მაინც არ დაგჭირდება.

– ჰო, იმას თუ ჩავთვლით, მეორე გამოდის, მაგრამ, იმ საქმის გამოძიება არავის დაუვალებია, მე თვითონ მოვინდომე, ახლა კი პირველად ვიღებ დაკვეთას, – ამაყად თქვა მზიამ და უცებ სხვა თემაზე გადავიდა: – ჰო, შენს ძმას ხომ არ დავურეკო და ვთხოვო ჩემს მოსვლამდე დარჩენა?

– არა. ჯერ ერთი, ის ასე ადვილად ვერ მიატოვებს სამსახურს, თანაც, მინდა, საღამოს რომ მოვა, წერილი უკვე ხელში გვეჭიროს. აი, მერე კი მასთან ერთად განვიხილოთ ყველაფერი. ჭკვიანი კაცია და, შეიძლება, რამე გონივრული რჩევა მოგვცეს.

– მაინც მეშინია... – ჩაილაპარაკა მზიამ.

– რისი გეშინია, გოგო, – გაეცინა დიმიტრის, – ნაჭამი ვარ, ნასვამი ვარ, დილის ყველა წამალი დავლიე, ყველა პროცედურა ჩატარებული მაქვს და ვივარჯიშე კიდეც. შუადღემდე მაინც ასე უნდა ვიწვე და იმ ორ საათს როგორმე გავძლებ შენთან დალაპარაკების გარეშე.

– კარგი, ახლავე წავალ. აქვე, საწოლთან დაგიწყობ ყველაფერს და, თუ რამე მოგინდა, თვითონ აიღე, – „დანებდა“ მზია, მერე პაწაწინა ლამბაქზე ორი ვარდისფერი აბი დადო და უთხრა: – ახლა თორმეტი ხდება. თუ ორ საათამდე არ მოვედი, ეს აბები დალიე.

– რომელ საათზე უნდა დავლიო?

– ზუსტად ორზე. მაგრამ, მე მგონი, მოგისწრებ, – მზია ადგა და თავის ოთახში გავიდა, რომ წასასვლელად მომზადებულიყო. დაახლოებით  თხუთმეტი წუთის შემდეგ დიმიტრის საწოლს ვიღაც უცხო ქალი მიუახლოვდა და თავზე დაადგა.

ავადმყოფს თვალები დახუჭული ჰქონდა და მისი მოახლოება არ დაუნახავს, მხოლოდ ფეხის ხმა გაიგონა, თვალი კი მაშინ გაახილა, როცა მის საწოლთან გაჩერებული ადამიანის სუნთქვა გაიგონა და ძალიან სასიამოვნო სურნელი იგრძნო.

– ვინ ხართ? – წამოიყვირა შემკრთალმა და შიშით შეათვალიერა უცნაურად გამოწყობილი ქალი: კეფაზე დახვეული თმა, გრძელი „ჩოლკა“, მუქი შინდისფერი პომადა, ლოყებზე საკმაოდ მკვეთრად წასმული რუჟი და უზარმაზარი შავი სათვალე საერთოდ არ უხდებოდა ბიჭურ ქურთუკს, საკმაოდ განიერ შარვალსა და ბოტასებს.

ქალი ღიმილით დასცქეროდა ავადმყოფს და ხმას არ იღებდა.

– ვინ ხართ? – გაიმეორა დიმიტრიმ შეკითხვა, ოღონდ, ამჯერად უფრო მშვიდად, რადგან, ეს ქალი რაღაცით ეცნობოდა, – აქ ვინ შემოგიშვათ? – მაგრამ, პასუხი რომ ვერ მიიღო, რამდენადაც შეეძლო, მშვიდად გასძახა ექთანს: – მზია, მგონი, შენთან სტუმარია, ერთი წუთით გამოდი!

– აქ ვარ, ბატონო დიმიტრი, – გაეცინა მზიას, სათვალე მოიხსნა და მუქი „ჩრდილებით“ ჩაშავებული თვალები გამოაჩინა.

– შეენ?! – გაოცდა დიმიტრი, – რამ გადაგრია, გოგო, ინფარქტი გინდა, დამმართო? რა ფუფალასავით გამოწყობილხარ?!

– არა, სადგურის კახპასავით, – დააზუსტა მზიამ, მერე ჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო, ჩაიხედა და ერთხელ კიდევ გადაისვა პომადა, – ეს ჩემი მასკიროვკაა.

„მართალს ამბობს, ხომ იცი“, – გაიფიქრა დიმიტრიმ, ხმამაღლა კი სულ სხვა რამ უთხრა:

– ჩემს სამსახურში რაში გჭირდება „მასკიროვკა“?

– იმისთვის, რომ... მოკლედ, შენ ამას მაინც ვერ მიხვდები. ასეა საჭირო და მორჩა! ნება მიბოძეთ, ბატონო დიმიტრი, ისე ჩავატარო გამოძიება, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ.

– კარგი, ბატონო, რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ, მე ნუღარ გამიხეთქავ გულს, – გაეცინა დიმიტრის, – მაგრამ, ნუღარ აყოვნებ, დროულად წადი და დროულად დაბრუნდი.

– შენს მდივანს დაურეკე?

– სანამ შენ იკაზმებოდი, ველაპარაკე და გელოდება.

– მაშ, ჩაო, ჩემო ძვირფასო! – გაპრანჭული ხმით უთხრა მზიამ და კარისკენ ტანის რხევით გაემართა.

– ჩაო, – უთხრა დიმიტრიმაც და, მზიას საქციელით გამხიარულებულმა, ხმამაღლა გაიცინა.

***

დიმიტრის მდივანი ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიური და დახვეწილი ქალი იყო. როდესაც შეფმა დაურეკა და გააფრთხილა, ჩემი მომვლელი ექთანი მოვა შენთან და კაბინეტში შეუშვიო, რატომღაც, ელოდა, რომ მოვიდოდა პუტკუნა, თეთრ ხალათში გამოწყობილი, ძალიან უბრალო გარეგნობის, 40-45 წლის ქალი, ამიტომ, ამ უცნაური არსების დანახვამ ისე დააბნია, უცებ ვერც კი მოისაზრა, რა უნდა გაეკეთებინა.

– მდივანი თქვენ ხართ, გენაცვალე? – კევის ღეჭვით ჰკითხა მზიამ და, თან, „ლ“ სპეციალურად „ჩაარბილა“.

– დიახ, – მექანიკურად უთხრა მდივანმა.

– თქვენი სახელი გვაჩუქეთ, ლამაზო.

– სალომე, – თავისდაუნებურად დაემორჩილა მდივანი.

– სალომე... კარგი სახელია, მაგრამ, უკვე ნახევარ საქართველოს ჰქვია და აღარ არის აქტუალური, – ისევ რბილი ლ-ების კორიანტელი დააყენა მზიამ, მერე ხელისგული გაუშვირა და ღეჭვა-ღეჭვით უთხრა: – გასაღები მომეცი, ჭირიმე, კაბინეტში მაქვს საქმე. ხომ გაგაფრთხილეს?

– დიახ... აი, ინებეთ. თუმცა, არა, მე თვითონ გაგიღებთ, – მდივანი დაბნეული მივარდა კარს, ძლივს გააღო და შიგნით შეუძღვა, – შემობრძანდით.

– მადლობა, გენაცვალე. ახლა აქ მარტო დამტოვეთ. საქმეს რომ მოვრჩები, მე თვითონ დაგიძახებთ, – უთხრა მზიამ და გაშტერებული მდივანი ხელკავით გაიყვანა დიმიტრის კაბინეტიდან.

სალომე მხოლოდ მას შემდეგ გაბრაზდა საკუთარ თავზე, რაც კაბინეტის კარგში გასაღების გადატრიალების ხმა გაიგონა. მაშინვე მოვიდა გონს და ტელეფონს ეცა. დიმიტრიმ მეორე ზარზევე უპასუხა.

– რა მოხდა, სალომე, ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა შეშინებულმა.

– ეს ვინ გამოგზავნეთ, ბატონო დიმიტრი? ექთნები დაილია თბილისში, რომ ამ უჟასს არ უყუროთ ყოველდღე, დილიდან საღამომდე?

– რა გინდა, რას ერჩი? მართალია, უბრალო გოგოა, მაგრამ, თავისი საქმე ძალიან კარგად იცის.

– მე არ ვიცი, რა იცის კარგად, მაგრამ, ამ საფრთხობელას საზოგადოებაში ყოფნა ნამდვილი გმირობაა! – აღშფოთებას ვერ მალავდა მდივანი.

 არადა, ძალიან კარგი ექთანი და ძალიან კარგი ადამიანია. მაინც რა ქნა ისეთი, ასე რომ გაგაგიჟა?

– რომ დაბრუნდება, თვითონ მას ჰკითხეთ. მაინტერესებს, იქნება თუ არა გულწრფელი ეგ თქვენი „კარგი ექთანი“! ნახვამდის, ბატონო დიმიტრი, მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, – სალომემ ტელეფონი გათიშა და ერთი ჭიქა ცივი წყალი სულმოუთქმელად დალია.

***

კაბინეტში შესულმა მზიამ ჩანთა ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელზე დადო, სათვალე მოიხსნა და გულდაგულ დაიწყო წერილის ძებნა. ჯერ მაგიდის ზედაპირს მოავლო თვალი, მერე მის ქვეშ შეიხედა და ვერაფერი რომ ვერ ნახა, უჯრებს მიადგა. პირველივე უჯრაში იდო კონვერტი, რომელსაც ეძებდა, მაგრამ ის ცარიელი ამოჩნდა. კონვერტი მაინც აიღო, სავარძელზე, ჩანთის გვერდით დადო და ძებნა განაგრძო. ყველა ფურცელი სათითაოდ ნახა, მაგრამ წერილი არსად ჩანდა. მერე თაროებიც გადაქექა და კედელში ჩადგმული პატარა კარადაც, წერილი კი მაინც ვერ ნახა. ორიოდე წუთი დაისვენა და ყველაფერს ხელმეორედ ჩამოუარა, თუმცა, ამაოდ. ბოლოს ფანჯარაც გამოაღო და შიდა ეზოში გადაიხედა – იქ ხომ არ გადავარდაო, მაგრამ, ეზოში ქაღალდის პაწაწინა ნაკუწიც კი არ ეგდო, ისე იყო გაწკრიალებული. იმედგაცრუებულმა მზიამ ფანჯარა მიხურა და, სწორედ ამ დროს, გარედან შემოქროლილმა ნიავმა სავარძელზე დადებული კონვერტი გადააფრიალა და მეორე სავარძლის ქვეშ შეაგდო. გოგო იძულებული გახდა, მარტოს გაეჩოჩებინა ეს უზარმაზარი რბილი სავარძელი, რომ თავისი ერთადერთი მონაპოვარი მაინც წაეღო დიმიტრისთან. ქშენა-ქშენით გააჩოჩა დაახლოებით ნახევარ მეტრზე და კონვერტის გვერდით შუაზე გაკეცილი დამტვერილი ქაღალდი დაინახა. მზია გახარებული ეცა ფურცელს, გადაშალა და...

– ვიპოვე! ღმერთო ჩემო, ვიპოვე! – ისე იყვირა გახარებულმა, რომ კარზე მდივანმა მიუკაკუნა და შეშინებულმა ჰკითხა, ხომ მშვიდობააო. მზიას არც კი გაუცია პასუხი, კონვერტსა და ფურცელს ჯერ სულის შებერვით, შემდეგ კი ხელით მოაშორა მტვერი, მერე ჩანთაში ჩადო ორივე, ეცა კარს, გააღო და მეტეორივით გავარდა კაბინეტიდან.

– კარის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს! – მიაძახა გაოგნებულ მდივანს და მის თვალწინ მოჩვენებასავით გაუჩინარდა.

ორს აკლდა ათი წუთი, მზია სახლში რომ მივიდა. დიმიტრიმ მისი აციმციმებული თვალები და გაბადრული სახე რომ დაინახა, მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და უსაყვედურა:

– რატომ მაშინვე არ დამირეკე, ხომ იცოდი, როგორ ველოდი შედეგს?

– რომ დამერეკა, ისეთი ეფექტი აღარ ექნებოდა, – უპასუხა გოგომ და თეთრი კონვერტი ცხვირწინ აუფრიალა: – ჩათვალე, რომ საქმე დაიძრა! აჰა, გამომართვი!

დიმიტრიმ ჯერ დააპირა გამორთმევა, შემდეგ კი დამდუღრულივით უკან გასწია ხელი:

– არ მინდა, მომაშორე თავიდან!

– რას ჰქვია, მოგაშორო, კინაღამ შევეწირე ამის მოძებნას! – ემოციურად შეეპასუხა მზია, მერე წამალი დაალევინა, საწოლთან მდგარ სავარძელში მოკალათდა და კონვერტი მუხლებზე დაიდო.

– ხომ არ მოგშივდა? თუ გინდა, ჯერ გასადილებ და მერე დავიწყოთ.

– არა, არ მშია. რაც დამიტოვე თეფშზე, შენს მოლოდინში სულ შევჭამე ნერვიულობისგან. ახლა რა უნდა ვქნათ? მეგონა, წერილის ხელში აღებისთანავე დავიწყებდი გამოკვლევას, ახლა კი, არც ვიცი, როგორ მოვიქცე. მგონი, დავიბენი, ხომ იცი... – თქვა უმწეოდ დიმიტრიმ.

– რამ დაგაბნია, გამოცოცხლდი! ახლა რა უნდა ვქნათ და, კონვერტი და ფურცელი ცალ-ცალკე უნდა გამოვიკვლიოთ – ასე მაქვს წაკითხული. დავიწყოთ კონვერტით: ჩვეულებრივი კონვერტია, საკანცელარიო მაღაზიებში 10 თუ 15 თეთრი ღირს... გარედან მხოლოდ შენი სახელი და გვარი აწერია, არავითარი მისამართი... ეტყობა, შენს ოფისამდე თვითონ მოიტანა ან ვინმეს დაავალა მოტანა, მაგრამ, ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, ასეთ წერილს სხვას ვერ გამოატანდა – ხომ შეიძლება, ის ვიღაც ზედმეტად ცნობისმოყვარე აღმოჩენილიყო და წერილი წაეკითხა?! გამორიცხული არაფერია, ამიტომ, ასეთ რისკზე არ წავიდოდა...

დიმიტრი ყურადღებით უსმენდა მზიას და გაოცებული იყო ამ სიცოცხლით სავსე გოგოს ლოგიკური აზროვნებით.

მზიამ პაუზა გააკეთა და დიმიტრის ჰკითხა:

– რატომ არაფერს მეუბნები, რამეს არასწორად ვამბობ?

– პირიქით, ისე ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვები მაგ წერილის ავტორს, რომ, მგონი, რამდენიმე წუთში კარზეც მივადგებით, დავუკაკუნებთ და ვიკითხავთ: „უკაცრავად, გუგა სახლშია?“

– ვინ გუგა? – უცებ ვერ მიხვდა მზია.

– ჩემი ყოფილი ცოლის ყოფილი საქმრო.

– შენ გგონია, რომ ეს წერილი გუგამ გამოგიგზავნა?

– აბა, სხვა ვინ მოიგონებდა ასეთ შურისმაძიებლურ ტექსტს? თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გუგა იყო.

– მოიცა, ნუ ჩქარობ. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, მაგრამ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.

– გეუბნები, ეგ იქნება, სხვა არავინ. ეგ გადამეკიდა მტრად მას მერე, რაც ნანიტა წავართვი.

– ისე, ბატონო დიმიტრი, არ გეწყინოს, მაგრამ, არც ისე პატარა მიზეზია გადასაკიდებლად, მაგრამ, დავიჯერო, მეტი მტერი არავინ გყავს?

– მტრების მეტი რა მყავს, ცვენაზე არიან, შენ მოკეთე თქვი თორემ... – ჩაილაპარაკა დიმიტრიმ.

– ჰოდა, მაცადე, მივიდე ბოლომდე.

– კარგი, ბატონო, ყურადღებით გისმენ. წეღან მისაყვედურე, რატომ არაფერს მეუბნებიო, ახლა – მაცალეო... ვეღარ გავიგე, რა ვქნა, – გაიბუტასავით დიმიტრი, მაგრამ მერე ისევ სძლია ინტერესმა და მზია თვითონვე დააჩქარა: – მიდი, რაღას გაჩერდი, სული დამელია შენს ლოდინში. მე მგონი, სწორი გზით მიდიხარ. სად შეჩერდი?

მზიას ესიამოვნა შექება და უფრო ენერგიულად განაგრძო:

– შევჩერდი იქ, რომ წერილს სხვას არ გამოატანდა. ანუ, გამოდის, რომ თვითონ მოიტანა, მაგრამ... – და გოგომ მრავალმნიშვნელოვნად აზიდა წარბები.

– მაგრამ?! – ვერ მოითმინა დიმიტრიმ.

– თქვენი ოფისის შესასვლელში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი? – იკითხა უცებ „მის მარპლმა“.

– რა თქმა უნდა!

– ეს ყველამ იცის?

– თავისთვაად ცხადია.

– ანუ, სავარაუდოდ, წერილის ავტორსაც ეცოდინებოდა.

– გუგა თვითონ მუშაობდა იქ და, ეცოდინებოდა, აბა რა! – ვერ მოითმინა დიმიტრიმ.

– ბატონო დიმიტრი, მოიცადე, გუგამდეც მივალთ, თუ საჭირო გახდა. შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, ვინც თქვენთან არ მუშაოდა, არ იცოდა ვიდეოთვალის არსებობა?

– როგორ არა, ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ოფისს შესასვლელშიც და სხვაგანაც აქვს ვიდეოთვალი, მერე რა?

– მერე ის, რომ, წერილის ავტორმა, შეიძლება, ოფისის კარამდე თვითონ მიიტანა კონვერტი ისე, რომ „თვალს“ არ დაეფიქსირებინა, იქ კი ვინმეს სთხოვა, შენი კაბინეტის კარის წინ დაედო.

– ვის, თანამშრომელს?! ხომ მაშინვე გაიშიფრებოდა და დაცვა აიყვანდა?

– არა, რატომ – თანამშრომელს? იქ ხომ უამრავი ხალხი შედი-გამოდის.

– ჰო, მაგრამ, ჩემს კართან კონვერტის შეუმჩნევლად დადგება გამორიცხულია... მოიცა, გამახსენდა! მდივანმა ის კონვერტი რომ შემომიტანა, მითხრა, კურიერმა იპოვა გარეთა კართან და, რადგან თქვენი სახელი და გვარი ეწერა, მე დამიტოვაო.

– გასაგებია... – ჩაილაპარაკა მზიამ, – ახლა უნდა დაურეკო შენი დაცვის სამსახურს და ვიდეოთვალის იმ დღის ჩანაწერი უნდა მოატანინო.

– აქ? – გაუკვირდა დიმიტრის.

– აქ, აბა სად? შენთვის ჯერ არ შეიძლება ასეთ მანძილზე წასვლა-წამოსვლა და დიდხანს ფეხზე დგომა. ნუ გეშინია, მოვახერხებ, რომ აქ ვნახოთ ის ჩანაწერი. კონვერტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ამოიწურა. ახლა წერილზე გადავიდეთ.

– გუგას დაწერილია-მეთქი! – ისევ წამოიყვირა დიმიტრიმ.

მზიამ ყურადღება აღარ მიაქცია თავისი პაციენტის გამოხტომებს და წერილის კვლევა დაიწყო: ჯერ გულდასმით დაათვალიერა ორივე მხრიდან, მერე კი რამდენჯერმე წაიკითხა ტექსტი, ოღონდ, ჩუმად, თავისთვის, რომ ავადმყოფი არ გაენერვიულებინა, შემდეგ კი ხმამაღლა გამოაცხადა:

– თუ გინდა, დაგენიძლავები, რომ ამ წერილის ავტორი ქალია! თანაც, მართლწერასთან მწყრალად არ უნდა იყოს – საერთოდ არ აქვს შეცდომები.

– საიდან მიხვდი, რომ ქალია? – დაეჭვდა დიმიტრი, – ხელით ნაწერი რომ იყოს, კიდევ შეიძლებოდა, მეფიქრა, რომ კალიგრაფიით გამოიცანი, მაგრამ, მანდ ხომ კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტია?

– მართალი ხარ, ბატონო დიმიტრი, მაგრამ, შრიფტს შეხედე – მსხვილი და მრგვალია; კაცი კი წვრილ შრიფტს აირჩევდა. თანაც, ეს ფურცელი პატარა კონვერტში იყო ჩადებული. კაცი უფრო დიდ კონვერტს იყიდდა. გარდა ამისა, მუქარაც ქალურია, კაცი სულ სხვა რამეს დაწერდა, უფრო უხეშსა და უზრდელს. მაგრამ, ქალია ამ წერილის დამწერი თუ კაცი, მისი ავტორი შენს უახლოეს წრეში უნდა ვეძებოთ.

– სადღა მყავს უახლოესი წრე, ყველა გავაქციე, – ჩაილაპარაკა დიმიტრიმ და ხელი ჩაიქნია.

– უახლოეს წრეში ვგულისხმობ შენს ყოფილ ცოლს, შვილებს, იმ ვიღაც გუგას, ბოლოდროინდელ საყვარლებს და შენს პარტნიორებს.

– საიდან დავიწყოთ?

– რადგან შენ ასე ამოიჩემე, გუგათი დავიწყებ, მაგრამ, არ ვიცი, შემიშვებენ თუ არა მასთან პაემანზე, თუმცა, ამის „ჩაწყობა“ ირაკლი ქებაძეს შეუძლია.

– რანაირად?

– ხომ გითხარი, გუგას დაკითხვებს გამომძიებლის თხოვნით ესწრებოდა-მეთქი, არა მგონია, ასეთ პატარა რამეზე იმ გამომძიებელმა უარი უთხრას.

– ეს არც ისეთი პატარა რამეა. მგონი, კანონით, მარტო ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს აქვთ პაემანზე შესვლის უფლება.

– არა მგონია, გამონაკლისები არ არსებობდეს.

– ეგ აღარ ვიცი, მაგრამ, ამ ყველაფრის გარდა, ეჭვი მეპარება, რომ ქებაძე რამეში დაგვეხმაროს. ხომ გახსოვს, იმ დღეს როგორ ცივად და უხეშად მითხრა, რომ არა ექიმის პროფესიაო... – გაიხსენა დიმიტრიმ.

– ჰო, მახსოვს, მაგრამ, ძალიან კეთილი კაცია, უკვე დაავიწყდებოდა მაშინდელი ემოცია. თუმცა, შენ მაშინ ისეთები მოგვიყევი, ბატონო დიმიტრი, ირაკლი კი არა, მეც კინაღამ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი.

– ჰოდა, აქედან გამომდინარე, არაფერიც არ დაავიწყდებოდა...

– მე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეთ და, არა მგონია, ვცდებოდე, – წამოიძახა მზიამ.

– როგორ? – გამოცოცხლდა დიმიტრი.

– როგორ და, ბატონი გიორგი მივუგზავნოთ ირაკლი ექიმს, მას ვათხოვნინოთ და უარს ვერ ეტყვის – ძალიან დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს.

– მგონი, მართალი ხარ, ხომ იცი, – გაუხარდა დიმიტრის.

– ვის რა უნდა ვთხოვო, ჩემო კარგებო? – გიორგი ისე მოულოდნელად დაადგა თავზე ძმასა და მის მომვლელს, რომ ორივე შეკრთა და შეშინებული მიაჩერდა მოღიმარ სახლის პატრონს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3