კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უბრალოდ, ჩავარდა

„ელამი“ ბარი პრემიუმ-კლასის ვაგონში უდარდელი, მილიონერი ფრანტივით დასეირნობდა და იქ მყოფ მგზავრებს დაკვირვებით ათვალიერებდა. ძვირფასი კოსტიუმი სოლიდურ იერს აძლევდა და საერთოდ არ ეტყობოდა, რომ მის სინდისზე ორი ადამიანის სიცოცხლე იყო. შეუბრალებელსა და ცივსისხლიანს, ხელი ოდნავაც არ აჰკანკალებია, ისე მოკლა ბანკის დარაჯი და მძიმედ დაჭრა პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ბარი საერთოდ არ ფიქრობდა ჩადენილ დანაშაულზე და, ბუნებრივია, არც სინდისი აწუხებდა. მისი პრობლემა ის იყო, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა – თითების ანაბეჭდები დატოვა – ეს ტაქტიკურად გაუმართლებელი იყო, რაც პოლიციელის სიკვდილმა დაამძიმა. მთავარი იყო, ბედს არ ემტყუნა და რაღაც კონკრეტულ მანძილზე მოშორებოდა იქაურობას... ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდად იყო. ბარი, ის იყო, თითქმის დაწყნარდა და მოეშვა, რომ უცებ ნიუიორკელი კერძო დეტექტივი ბენსონი დაინახა. ის ვაგონ-რესტორანში იჯდა და ყავას მიირთმევდა. მათი მზერა სულ ერთი წამით შეხვდა ერთმანეთს, მაგრამ, ბარი მიხვდა, რომ „დაიწვა“. ვაგონ-რესტორანი ღირსეული კაცის თავდაჯერებით გაიარა, მერე კი მოკურცხლა. ვაგონიდან ვაგონში სირბილით გადადიოდა, სანამ ბოლო ვაგონს არ მიაღწია. ერთადერთი გზა რჩებოდა: სანამ დეტექტივი გონს მოვიდოდა და მატარებლის მთელ დაცვას ფეხზე დააყენებდა, მატარებლიდან უნდა ჩამხტარიყო. ასეც მოიქცა... მატარებელი მთელი სისწრაფით მიჰროდა და ბარიმ ნახტომისას ჰაერში ნახევარბრუნი გააკეთა. იმან უშველა, რომ მიწა რბილი და ფხვიერი აღმოჩნდა. არაფერი სტკენია. ადვილად მოახერხა წამოდგომა და, როცა დარწმუნდა, რომ მისი რევოლვერიც ადგილზე იყო, შვებით ამოისუნთქა. თუმცა, დრო დასვენებისთვის არ ჰქონდა – რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორებოდა იქაურობას. რამდენიმე მეტრი რომ გაირბინა, ცხენი და მასზე ამხედრებული კაცი დაინახა. ბევრი არ უფიქრია: წინ გადაუხტა, აღვირზე ხელი უტაცა და რევოლვერი პირდაპირ სახეში დაუმიზნა.

– ცხენი მჭირდება. ახლავე ჩამოეთრიე და ხმა არ ამოიღო!

საშუალო ასაკის მამაკაცმა, რომელსაც სოლიდური იერი ჰქონდა, მოულოდნელობისა და შიშისგან ხმა ვერ ამოიღო. დამფრთხალი უყურებდა რევოლვერის ლულას, საიდანაც ყოველ წუთს შეიძლებოდა, ტყვია გამოვარდნილიყო...

– მომისმინეთ, მე ექიმი ვარ. აქვე ახლოს, რანჩოში, პატარა გოგონა სიცხისგან იწვის. დროზე თუ არ მივედი, შეიძლება, მერე გვიანიც იყოს... გამოიჩინეთ გულმოწყალება...

– ჩამოეთრიე და მადლობა მითხარი, რომ აქვე არ ჩაგაძაღლე! ტყვია მენანება და იმიტომ – არ ვიცი, როდის რამდენი ტყვია დამჭირდება და ვისთვის. მაგრამ, თუ ენას არ ჩაიგდებ, გადავიფიქრებ.

ბარიმ ექიმი ხეზე მაგრად მიაბა, ცხენს მოახტა და გააჭენა. ცხენზე პირველად იჯდა, მაგრამ, ეტყობა, ჭკვიანმა პირუტყვმა იგრძნო მხედრის ძალა და ადვილად დაემორჩილა. უნაგირზე წყლიანი მათარა, ბუტერბროდიანი პარკი და ექიმისთვის საჭირო ხელსაწყო-წამლებით სავსე ჩანთა აღმოაჩინა. უცებ ინანა, რომ ცოცხალი დატოვა – ის ხომ მოწმე იქნებოდა, მაგრამ, უკან მობრუნების დრო არ იყო. წინ ტრამალი მოჩანდა, რომლის ბოლოშიც გორაკებსა და მთებს ხედავდა. „ამ გზით თუ ვივლი, შეიძლება, შტატის საზღვრამდეც კი მივიდე. ფული ბევრი მაქვს. გამყოლი მჭირდება და აქაურობას თავს დავაღწევ“... ბარიმ იცოდა, რომ გამყოლის გარეშე გზას ვერ გაიგნებდა. ბანკიდან დიდი ფულის გამოტანა ვერ შეძლო, მაგრამ, ორმოცდაათი ათასი დოლარიც არ იყო პატარა თანხა. მან გარემოს სწრაფად მოავლო მზერა. მის გამჭრიახ თვალს არ გამოპარვია შორს, გორაკთან მდგარი პატარა ქოხი და იქითკენ გააჭენა...

***

პატარა, ნახევრად დანგრეულ მიწურში, ძველი ყუთების, ფიცრებისა და ტომრების გარემოცვაში, ძველმანებით მოვაჭრე ორი მაწანწალა იჯდა, ძველი მეგობრები – სემ სვიფტი და გაბი. სემი მოწყენილი და თავჩაქინდრული იჯდა. გაბი შუაცეცხლზე ირმის ხორცს წვავდა.

– კარგი, ცხვირ-პირი ნუ ჩამოგტირის, ყველაფერი კარგად იქნება.

– რა იქნება კარგად, გაბი, – ამოიოხრა სემმა, – ფული თითქმის არა გვაქვს. ამ სეზონზე ძალიან არ გაგვიმართლა. როგორ უნდა გადავიტანოთ გრძელი და ცივი ზამთარი?

– ნადირობით, სემ, ნადირობით... ჯერ კიდევ კარგად ვხედავ და თოფიც არ დამძველებია... კეთილი ადამიანებიც ისევ ცხოვრობენ ახლოს. ნუ ჯავრობ, ბებერო...

– ეჰ, გაბი... მე დიდხანს ვერც ვიცოცხლებ, სტენოკარდია მაქვს და გული მაწუხებს.

– სისულელეს ნუ ლაპარაკობ! რაც შენ სამედიცინო ჟურნალების წაკითხვა დაიწყე, იმის მერე ყველა დაავადება ერთად გაწუხებს. ეს სულ იმ ექიმის ბრალია, ვინც შენ ამ ჟურნალებს გაძლევს.

– მე კითხვა მიყვარს, გაბი, ამის გარეშე არ შემიძლია.

– ჰო, მაგრამ, სამედიცინო ჟურნალები აშკარად ზედმეტი იყო შენთვის... – უცებ გაბიმ ყურადღება დაძაბა და მიაყურადა, – მგონი, ცხენის ფეხის ხმა ისმის, ვიღაც გვესტუმრა...

მიწურის კარი გაიღო და ქოხში ბარი შევიდა.

– გამარჯობა... ამ მიწურში თქვენ ცხოვრობთ?

– ასე გამოდის, – მიუგო სემმა, – აქ ვიზამთრებთ ხოლმე მე და ჩემი მეგობარი... თქვენ რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ?

– ექიმი ვარ... შემატყობინეს, რომ შტატის საზღვართან, მთებში, ვიღაც ავად გამხდარა... მგონი, გზა დავკარგე... დახმარება მჭირდება. ერთ-ერთი უნდა გამომყვეთ და გზა მასწავლოთ...

გაბიმ და სემმა ერთმანეთს გადახედეს. რაღაც არ მოეწონათ დაუპატიჟებელი სტუმრის გამოხედვაში.

– ანუ, ცხენით ხართ?

– ჰო... რომელი გამომყვებით?

– ექიმო, – დაიწყო სემმა, – მე, ცოტა არ იყოს, ენდოკარდიტი მაქვს, რაც, შეიძლება, სასარგებლო არ აღმოჩნდეს თქვენთვის.

– ფეხებზე მკიდია ეგ შენი ენდოკარდიტი! თუ რამე ფასეულობას არ წარმოადგენს, არაფერში მჭირდება. ახლა ადექი, შემწვარი ხორცი პარკში ჩამიწყვე და გამომყევი. სწრაფად, თორემ, ძალიან ცუდი გაბრაზება ვიცი! – „ელამის“ ხმა სასტიკად და ცივად ჟღერდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, იარაღის ლულაც გამოაჩინა, მაგრამ, მისი ამოღება ვეღარ მოასწრო – გაბი ელვის სისწრაფით გადახტა, სანადირო თოფი აიღო და ბარის ორივე მუხლი გაუხვრიტა. ბანდიტმა არაადამიანურად იბღავლა და მიწაზე გაიშხლართა.

– შენი დედაც, ბებერო! ეს როგორ გააკეთე?..

– მე ძველი მონადირე ვარ, იდიოტო! შენნაირი ლაჩარი ბევრი მინახავს. თუ ჩემს მეგობარ ექიმს რამე დაუშავე, ცოცხალი ვერ გადამირჩები – ჩემი ხელით გაგიხვრეტ შუბლს და ტვინს გაგასხმევინებ, თუკი საერთოდ გაქვს ტვინი...

ბარიმ კიდევ შეიგინა და მიიღო კიდეც თოფის კონდახი ყბაში. სწორედ ამ დროს, ვიღაცამ კარი შემოგლიჯა და მიწურში შეიარაღებული პოლიციელები შემოცვივდნენ ადგილობრივ შერიფთან ერთად.

შერიფმა აღმუვლებულ ბარის ხელბორკილები დაადო და შვებით ამოისუნთქა:

– მადლობელი ვარ თქვენი, ბიჭებო... ძალიან დაგვეხმარეთ. როგორ მიხვდით, ვინ იყო?

სემმა ჩაიცინა:

– გვითხრა, ექიმი ვარო, არადა, რამდენიმე ისეთი ტექნიკური შეცდომა დაუშვა, დამწყებ მედიკოსსაც რომ არ ეკადრება. მართალია, გაბი ამბობს, რომ მე მედიცინისგან შორს ვარ, მაგრამ, უკვე დავამტკიცე, რომ სამედიცინო ჟურნალების კითხვა ძალიან სასარგებლო რამ არის.

შერიფმა ხმამაღლა გაიცინა.

– ჰო, მართლა, ბიჭებო... ჩვენი ექიმი კარგად არის, მივუსწარით. ამ ნაძირალას ხეზე მიუბამს, კოიოტების შესაჭმელად... ერთი ამბავიც უნდა გითხრათ: ამ არამზადის დაჭერაზე ჯილდო იყო დაწესებული – თხუთმეტი ათასი დოლარი. ბანკში დაბრუნებული თანხის პროცენტიც არ იქნება ცოტა. ასე რომ, ზამთარს, ალბათ, პარიზში გაატარებთ. გაბი, მგონი, შენ ყოველთვის გაინტერესებდა პარიზის ნახვა...

 

скачать dle 11.3