ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რომელი პარაზიტები წარმოადგენენ გაცილებით დიდ საფრთხეს ცხოველებისთვის?
პასუხი: გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს აქტიურდებიან ექტოპარაზიტები – რწყილები და ტკიპები. ცხოველთა ექტოპარაზიტებიდან ძაღლისთვის ყველაზე მეტ საშიშროებას წარმოადგენენ იქსოდიდეს ტკიპები, რომლებიც ისეთი საშიში დაავადების გადამტანები არიან, როგორიცაა პიროპლაზმოზი. რომ დავიცვათ ძაღლი აღნიშნული ტკიპების კბენისაგან, საჭიროა, რეგულარულად დავამუშაოთ ის რეპელენტებით. აღნიშნული პროცედურის ქვეშ იგულისხმება ანტიპარაზიტული წვეთების რეგულარული გამოყენება. ის უნდა დავაწვეთოთ მინდაოზე, მისი ჯერადობა კი დამოკიდებულია მწარმოებელზე, რომელიც წარმოადგენს პროდუქციას. ასევე, ყოველი გასეირნების წინ, განსაკუთრებით სკვერებში, რეკომენდებულია, ცხოველს დავასხათ ინსექტოაკარაციდული სპრეი, თან, მუდმივად უნდა ეკეთოს სპეციალური ანტიპარაზიტული საყელო. აღნიშნული პროცედურები უნდა შესრულდეს კომპლექსში. ისინი ავსებენ ერთმანეთს და ასეთი საშუალებით იძლევიან უფრო მყარი დაცვის გარანტიას, ვიდრე მათი ცალ-ცალკე გამოყენებისას.
კითხვა: როგორ გამოვკვებოთ ძაღლი გაზაფხულის პერიოდში?
პასუხი: ძაღლის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს სწორი და სრულყოფილი რაციონი. ამას განსაკუთრებით გაზაფხულზე უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან, ამ დროს აღინიშნება ვიტამინების ნაკლებობა და, ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი კვება.
კითხვა: როგორც მითხრეს, ცხოველის კვება პირდაპირ დამოკიდებულებაშია მის ჯანმრთელობასთან. ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები უზრუნველყოფს ცხოველის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, იმუნური სისტემის ბრძოლის უნარიანობას, რაც დაავადებების მიმართ დამცველობით ფუნქციას გააძლიერებს და ორგანიზმს დაიცავს სხვადასხვა დაავადებისგან. იქნებ, კიდევ მომაწოდოთ კვებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია.
პასუხი: საკმაოდ კარგად ხართ ინფორმირებული. გეტყვით, რომ, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საკვებს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას. როგორც წესი, სხვადასხვა დაავადების დროს ინიშნება სპეციფიკური სახის სამკურნალო დიეტები. დიეტის სახე და ტიპები დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და ასევე, იმაზე, თუ რა სისტემის დაავადება და რა ორგანოს დაზიანებაა. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს, ცხოველის ორგანიზმის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის დიეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს საკვებიდან უნდა ამოიღოთ ნახშირწყლები და ცხიმები. საკვები უნდა დააბალანსოთ ვიტამინებითა და პროტეინებით. ღვიძლის დაზიანებისას, მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა, რადგან ამ დროს დაუშვებელია საკვებში ცხიმოვანი მჟავეების ისეთი შემცველობა იყოს, რაც ტოქსიკურად იმოქმედებს ღვიძლზე. ცილები უნდა მიიღოს ცხოველმა – უცხიმო ხაჭოსა და მაწონის სახით აუცილებელია, საკვებში ჩართოთ B ჯგუფის ვიტამინები. თირკმელების ანთებითი თუ სხვადახსვა სახის ფუნქციური პათოლოგიის დროს, მკურნალობაში წამყვანი როლი დიეტოთერაპიას ენიჭება. ამ დროს საკვებიდან ამოღებული უნდა იყოს ისეთი ინგრედიენტები, რაც თირკმელებისა და შარდის გამომტანი ორგანოების გაღიზიანებას იწვევს. კერძოდ, უნდა შეუზღუდოთ მარილიანი საკვები, ხოლო ცხოველს თუ მიდრეკილება აქვს შარდ-კენჭოვანი დაავადბების მიმართ, ასეთ შემთხვევაში, ცხოველს სპეციფიკური დიეტა ესაჭიროება.