ფლორის სამყაროში
კითხვა: იქნებ ამიხსნათ, აუცილებელია თუ არა მცენარისთვის გადარგვა და დეტალურად, რა პროცედურები უნდა გავიაროთ მისი გადარგვისას?
პასუხი: გადარგვა მცენარეს ენერგიას ჰმატებს და ახალი, ჯანსაღი ფესვების ზრდას უწყობს ხელს. ახალი ქოთანი ძველზე მხოლოდ 2-3 სანტიმეტრით ფართო უნდა იყოს. იდეალურია მცენარის გადარგვა ზრდის პერიოდის დაწყებამდე. ზამთრობით, როცა მცენარე „იძინებს“, გადარგვას ერიდეთ, რადგან ამ დროს შეიძლება, ფესვები დაულპეს. ქოთნის ძირში 1-2 სანტიმეტრ სისქეზე ჩაყრილი კენჭები ან კერამიკის ნატეხები საჭირო სივრცეს ქმნის დრენაჟისთვის და ხელს უშლის ქოთანში წყლის შეგუბებას. ქოთანში იმდენი მიწა ჩაყარეთ, რომ მცენარის მიწისქვეშა ნაწილი ქოთნის კიდეზე 2-3 სანტიმეტრით დაბლა იყოს და მოსარწყავად საკმარისი ადგილი დარჩეს. ფრთხილად შემოაყარეთ მიწა, ოღონდ ზედმეტად ნუ დატკეპნით, თორემ ეს ხელს შეუშლის დრენაჟს და ჰაერს გამოდევნის. ქოთნის ზედაპირი შეგიძლიათ, დეკორატიული ფენით (კენჭები, ნიჟარები) გაალამაზოთ. ერთი მხრივ, ეს ამცირებს აორთქლებას, მაგრამ აძნელებს ნიადაგის ტენიანობის დადგენას. ძალიან დიდი ზომის მცენარის გადარგვა ხშირად შეუძლებელია. ამიტომ, მცენარის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ყოველ გაზაფხულზე მიწის ზედა ფენა განაახლეთ. მიწას ზედა, 2-3-სანტიმეტრიანი ფენა მოაშორეთ. წვრილი ფესვების დაზიანება ნუ შეგაშინებთ. მცენარეს ზემოდან სასუქშერეული, ტენიანი მიწის 2-3-სანტიმეტრიანი ფენა მოაყარეთ.
კითხვა: საჭიროა თუ არა მცენარისთვის ქოთნის ზუსტად შერჩევა და დამოკიდებულია თუ არა ეს მცენარის უკეთ გახარებაზე?
პასუხი: სწორად შერჩეული ქოთანი სილამაზეს მატებს მცენარეს. ჭურჭელი ძირითადად ორი სახისაა: ქოთანი, რომელშიც მცენარეს ჩარგავთ და კაშპო, რომელშიც მცენარეს ქოთნიანად ჩადგამთ. ქოთნის შერჩევისას გაითვალისწინეთ, მოყვავილე მცენარეებს ფერადდეტალებიანი ქოთნები უხდება, ხოლო მკვეთრი, კონსტრუქციული ფორმის მცენარეები, უბრალო, მარტივი ფორმის ქოთნებში უფრო ეფექტურია. დეკორატიული კაშპო, რომელიც პლასტმასის უღიმღამო ქოთანს მალავს, წყალგაუმტარი უნდა იყოს, რომ მორწყვის შემდეგ, ზედმეტი წყალი შიგ ჩაგროვდეს. ფსკერზე ნახვრეტიან ქოთანში მცენარე პირდაპირ უნდა ჩარგოთ. როგორც წესი, ასეთი ქოთანი ლამბაქთან ერთად იყიდება. ლამბაქი ავეჯს მორწყვის შემდეგ გაჟონილი წყლისგან იცავს.
კითხვა: ბინაში არ მაქვს მაღალი ტემპერატურა. მაინტერესებს, ლავანდას ხომ არ დააზიანებს?
პასუხი: ზამთარში, თუ ტემპერატურა დაბალია, მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს. ლავანდა ორპირ ნიავს იტანს, მაგრამ სინესტეს –ნაკლებად. ამ დროს ტემპერატურა მინიმუმ 2- 3 გრადუსი უნდა იყოს. მცენარე მზის მწველ სხივებსაც აიტანს და შეგიძლიათ, კაშკაშა სინათლეზე მოათავსოთ.
კითხვა: რამდენად გამძლე მცენარეა იზოლეპისი?
პასუხი: ძლიერი, კომპაქტური მცენარის გაზრდას კაშკაშა სინათლე სჭირდება. მცენარე სიგრილეში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე სიცხეში. დადგით ჰაერზე და მოარიდეთ სიცხეს. კარგია მინიმალისტური ინტერიერი. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, იზოლეპისი გამძლე გახდება.