შეყვარებულის შეურაცხყოფის გამო 32 წლის მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი დანით დაჩეხა
ალექსანდრე ხ-მ უახლოესი მეგობარი და მეზობელი სასიკვდილოდ გაიმეტა. როგორც ირკვევა, მეგობარი მან შეყვარებულის შეურაცხყოფის გამო მოკლა, უფრო ზუსტად, შეყვარებული ღალატში ამხილა. 32 წლის ალექსანდრე ამჟამად 14-წლიან სასჯელს იხდის, მაგრამ სასჯელის მოხდის შემდეგ, სავარაუდოდ, საკუთარ სახლში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს – მკვლელობის შემდეგ მისი ოჯახი იძულებული გახდა სახლ-კარი დაეტოვებინა და სხვაგან გახიზნულიყო.
საქმის მასალების მიხედვით, განსასჯელსა და დაზარალებულს, რომლებიც თანატოლები და ერთად გაზრდილები იყვნენ, წარსულში დავა და კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. ისინი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და, როგორც ყველა დაკითხული მოწმე ამბობს, ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მეტიც, წვეულებებზეც ერთად დადიოდნენ, რადგან ორივე კარგად მღეროდა. იმ საბედისწერო დღესაც ალექსანდრე (იგივე ლექსო) და გიორგი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე იყვნენ. ბიჭები სახლში ერთად დაბრუნდნენ, მაგრამ, ვინაიდან შინ მარტო იყო, ალექსანდრემ გიორგის ცოლი სახლში გააშვებინა და სთხოვა, ქეიფი ჩემს სახლში გავაგრძელოთო. დაბადების დღეზე ნაქეიფარმა მეგობრებმა სუფრა გაშალეს და ღვინით დაწყებული ქეიფი არყით განაგრძეს.
დაახლოებით ნახევარ საათში, ლექსოს ტელეფონზე შეყვარებულმა, მაიკო კ-მ დაურეკა და კარგა ხანს ესაუბრა. ნასვამი გიორგი, რომელიც მათ საუბარს უსმენდა, მეგობარს ცინიკურად შეჰყურებდა. ლექსომ კი, მას შემდეგ, რაც ტელეფონზე საუბარი დაასრულა, მეგობარს სთხოვა, სახლში წასულიყო, რადგან მისი შეყვარებულის მშობლები სახლში არ იყვნენ და მასთან აპირებდა წასვლას. როგორც ირკვევა, გიორგის ძმაკაცის საქციელი არ მოეწონა და მისი შეყვარებული ცუდად მოიხსენია, თანაც, ურჩია, რომ ჯობდა, მასთან კავშირი საერთოდ გაეწყვიტა. სწორედ ეს ფაქტი გახდა მათ შორის დაწყებული კამათის მიზეზი, მაგრამ გიორგი არ ეშვებოდა, მეგობარს უმტკიცებდა, რომ მისი შეყვარებული სხვებსაც ხვდებოდა და მასთანაც ისე გამომწვევად იქცეოდა ხოლმე, რომ თავს უხერხულად გრძნობდა. როგორც ლექსო ჩვენებაში მიუთითებს, ამის გამო იგი ძალიან გაბრაზდა. გიორგის ჯერ მშვიდად უთხრა, გაჩუმებულიყო, მაგრამ გიორგი თავისას განაგრძობდა – იმ „ბოზს” კი არ უყვარხარ, შენი ფული ხიბლავს, შენგან მეტი არაფერი აინტერესებსო. მთვრალი ბიჭების შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. სახლში არავინ იყო, რომ გაეშველებინა და ინციდენტი მკვლელობით დასრულდა – გაღიზიანებულმა ლექსომ მაგიდიდან პურის დანა აიღო და ძმაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გიორგი კ. ადგილზე გარდაიცვალა...
როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, განსასჯელმა სახლიდან წასვლა ვერ გაბედა. ტელეფონს ეცა, რომ სასწრაფო გამოეძახებინა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, ვინაიდან დაჭრილი უკვე მკვდარი იყო, გადაიფიქრა. ამის შემდეგ ის კარგა ხანს დადიოდა ოთახებში და ფიქრობდა, რომ თვითონაც მოეკლა თავი, მაგრამ ბოლოს სახლიდან წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, ამ დროს მის სახლს მეზობელი მოადგა, რომელმაც დააკაკუნა, მაგრამ ალექსანდრემ კარი არ გაუღო.
როგორც ირკვევა, მეზობელი ლექსოსთან იმ მიზეზით მივიდა, რომ სახლიდან ხმაური, შემდეგ კი ბრაგვანის ხმა შემოესმა. თუმცა, ვინაიდან კარი არავინ გაუღო, ფაქტი საეჭვოდ მიიჩნია და, რადგან თავად დაინახა, თუ როგორ შევიდნენ ბიჭები ლექსოს სახლში, იფიქრა, რომ სახლში ქურდები იყვნენ და ლექსოს მოსაძებნად იქვე ახლოს მდებარე გიორგის სახლში წავიდა. როგორც მეზობელმა ჩვენებაში განაცხადა, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ლექსომ გიორგი სახლამდე მიაცილა და მასთან შევიდა. თუმცა, ბიჭები არც იქ იყვნენ, გიორგის მეუღლის ნათქვამით დარწმუნდა, რომ გიორგი ნამდვილად ლექსოსთან იყო.
სიტუაციის გასარკვევად მეზობელიც და გიორგის მეუღლეც უკან დაბრუნდნენ, მაგრამ კარს ამჯერადაც არავინ აღებდა. ამასობაში სხვა მეზობლებიც მოგროვდნენ და სახლში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. სახლში შესულებს საშინელი სურათი დახვდათ – გარშემო სისხლის გუბე იდგა, გიორგის სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. მეორე ოთახში კი ლექსო დანით ხელში იჯდა იატაკზე... მიცვალებული პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნით, მოკლულს დანით ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული: ორი გულმკერდის არეში, სამი – მუცელში.
ალექსანდრე ხ-ს ჩვენებიდან: „ჩვენ ერთად გავიზარდეთ, არა მარტო მეზობლები, ძალიან ახლო მეგობრებიც ვიყავით. ალბათ, ვერ იპოვით ადამიანს, ვინც დაგიდასტურებთ, რომ ოდესმე გვეჩხუბოს. გასაყოფი არასდროს არაფერი გვქონია. გიორგის სიმთვრალე ჰქონდა ცუდი, რის გამოც სიფხიზლეში შემდეგ ბოდიშებს იხდიდა ხოლმე. იმ დღეს დაბადების დღიდან დავბრუნდით და ვთხოვე, ქეიფი ჩემთან გაგვეგრძელებინა. ცოტა ხანში ტელეფონზე შეყვარებულმა დამირეკა. მართალია, მაიკო განათხოვარი იყო და შვილიც ჰყავდა, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მის ცოლად მოყვანას მაინც ვაპირებდი. საუბრის ბოლოს შევთანხმდით, რომ გიორგის სახლში გავუშვებდი და მე ღამით მასთან დავრჩებოდი. ეს რომ ვუთხარი, გიორგიმ მაიკოს შეურაცხყოფა მიაყენა: რას ელაპარაკები ამდენს, რით ვერ გაიგე, რომ ბოზია, მაინცდამაინც შენი თვალით უნდა ნახო, ვის უჯდება მანქანაში და სად მიჰყავთო? ვუთხარი, რომ, თუ ასე იყო, დაემტკიცებინა, მაგრამ, ამის ნაცვლად, ჩემს გასაღიზიანებლად უკვე ჩემს ნათესავ გოგოზე მითხრა, თითქოს მასაც საყვარელი ჰყავდა. ამ სიტყვებმა ძალიან გამაღიზიანა, გიორგი კი, არათუ ჩუმდებოდა, ორივეს ლანძღვას განაგრძობდა და მათ უწესო ცხოვრებას მიმტკიცებდა. მისი მოკვლა აზრადაც არ მომსვლია, ჯერ ხელით შევეხე და გაჩუმება ვთხოვე, მაგრამ ამ დროს სასქესო ორგანოსთან ძლიერად ამომარტყა ფეხი და იქვე ჩავიკეცე. შემდეგ მართლა არაფერი მახსოვს, არც ის ვიცი, ჩემს ხელში დანა როგორ აღმოჩნდა და ვერც იმას ვიხსენებ, რამდენი ჭრილობა მივაყენე. ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, რაც მოხდა, აფექტში ჩავიდინე. აზრზე რომ მოვედი, ის ცოცხალი აღარ იყო და მე ხელში სისხლიანი დანა მეჭირა. როცა მის წინ ჩავიკეცე, აღარ სუნთქავდა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ვერავისთან დარეკვა ვერ გავბედე. მალე კარზე ბრახუნიც მომესმა, მაგრამ ვერ გავაღე. გამოსავალს ვერ ვპოულობდი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. გაქცევა არც მიცდია. მერწმუნეთ, მისი მოკვლა მართლა არ მინდოდა. ძალიან განვიცდი რაც მოხდა. მთელი გულით ვინანიებ, რაც ჩავიდინე და არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ რას მომისჯით”.
განსასჯელისა და მისი ადვოკატის პოზიცია – რომ მკვლელობა აფექტში მოხდა – სასამართლომ არ გაიზიარა. მან მიიჩნია, რომ დანაშაული დადასტურებული იყო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის მეგობრის მკვლელს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც ყველა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.