როგორ აღმოჩნდა 15 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტები მთავრობის სახლის ერთ-ერთ ჭაღში
პუბლიკაციის ყველა მთავარი მონაწილის ვინაობა და მოქმედების ზოგიერთი ადგილი შეცვლილია. სავარაუდოდ, ყველა მათგანი დღესაც ცოცხალია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ფანტასტიკური დანაკარგი
1977 წლის 2 ივლისს, სევერო ურალსკის დაბა ¹5-ში განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა. ეგრეთ წოდებული პირველი დონის სეიფიდან 45 ცალი ალმასი დაიკარგა, რომელთა საერთო წონა სამას კარატს შეადგენდა და იმდროინდელი კურსით თორმეტი მილიონი მანეთი ან თხუთმეტი მილიონი დოლარი ღირდა. მაშინდელი ოფიციალური კურსით, მანეთი დოლარზე მეტად ფასობდა. დაბა ¹5 კი არც ერთ ხელმისაწვდომ რუკაზე არ იყო აღნიშნული, რადგან იქ უძვირფასეს ალმასებს მოიპოვებდნენ და სტრატეგიულ, საიდუმლო ობიექტს წარმოადგენდა. დაბა ¹5-ს უმაღლეს დონეზე იცავდნენ და მას „კაგებეს“ გამოცდილი კადრები აკონტროლებდნენ. ალმასის კარიერი სულ რაღაც 900 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა და 300 X 300 მეტრზე ადგილი გაუვალ მავთულხლართებით იყო შემოფარგლული. მთელ პერიმეტრზე კბილებამდე შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი დაცვა მოძრაობდა ძაღლებით. კარიერის უფროსი, „კაგებეს“ გენერალ-ლეიტენანტი პავლე ზენკინი პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე, რაც იქ ხდებოდა. კარიერის დაცვაზე პასუხს აგებდა „კაგებეს“ პოლკოვნიკი იური სუხანოვი. ხოლო პირველი დონის სეიფი კი „კაგებეს“ პოლკოვნიკ ევგენი სალტიკოვს ებარა. მხოლოდ მისი თანდასწრებით შეიძლებოდა სეიფის გახსნაც და დახურვაც. ალმასების მოპოვებაზე სიკვდილმისჯილი პატიმრები მუშაობდნენ და მათი ზედამხედველი კაგებეს პოლკოვნიკი მერაბ ხუცურაული იყო.
ალმასების დაკარგვა სწორედ ევგენი სალტიკოვმა აღმოაჩინა და დაუყოვნებლივ პავლე ზენკინს შეატყობინა. მან ეს მოსკოვს აცნობა და სულ რაღაც რვა საათის შემდეგ ¹5 დაბაში უშიშროების კომიტეტის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩავიდა, რომელსაც ყველაფრის ადგილზე გარკვევა ევალებოდა. გამომძიებლებმა კარიერზე მომუშავე ყველა ადამიანი პასუხისგებაში მისცეს, თითოეულს სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ესენი იყვნენ: კარიერის უფროსი – გენერალ-ლეიტენანტი პავლე ზენკინი, დაცვის უფროსი – პოლკოვნიკი იური სუხანოვი, სეიფის უფროსი – პოლკოვნიკი ევგენი სალტიკოვი და კაპიტანი ოლეგ სმირნოვი, რომელიც 2 ივლისს სეიფთან მორიგეობდა. სმირნოვის დაკითხვა განსაკუთრებული მეთოდით ჩატარდა, ანუ ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ. სწორედ ამან გადაარჩინა სიკვდილს, რადგან გამომძიებლები მის უდანაშაულობაში დარწმუნდნენ. კაპიტან სმირნოვს თავის კაბინეტში ეძინა და გამოტყდა, რომ იმ ღამეს არაყი დალია. არყის ბოთლის გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მასში ძლიერმოქმედი საძილე საშუალება იყო გარეული. გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ და როგორ ჩაუყარა სმირნოვს არაყში ძილის წამალი. ოთხივე ბრალდებული სპეციალურ საპყრობილეში განათავსეს. კარიერის მთელი მომსახურე პერსონალი შეცვალეს, მათ შორის პოლკოვნიკი მერაბ ხუცურაულიც. კარიერზე მხოლოდ პატიმრები დატოვეს სამუშაოდ და ალმასების მოსაპოვებლად. თუმცა, ორი თვის შემდეგ, კარიერზე უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთ გვირაბში, სადაც ალმასებს ეძებდნენ, ლოდები ჩამოცვივდა და სიკვდილმისჯილი პატიმარი, კოტე ღუდუშაური დაიკარგა... კარიერის ახალმა შემადგენლობამ მხოლოდ სამი კვირის მერე შესძლო გვირაბის ლოდებისგან გაწმენდა... ღუდუშაური იქ ვერ იპოვეს და ივარაუდეს, რომ მისი ცხედარი წყალქვეშა მდინარემ წაიღო. ლოდების ჩამონგრევა სწორედ წყალქვეშა მდინარის ადიდებამ გამოიწვია, მდინარე კი ხშირმა წვიმებმა აადიდა...
15 წლის შემდეგ
1992 წლის 6 იანვარს, როდესაც მთავრობის სასახლე ოპოზიციის ამბოხებულმა ძალებმა აიღეს, მათ სასახლის ერთ-ერთი დამცველი, მერაბ ხუცურაული დააპატიმრეს და დახვრეტას უპირებდნენ. ეს ის პოლკოვნიკი ხუცურაული იყო, რომელიც ¹5 დაბაში მომხდარი განსაკუთრებული შემთხვევის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხუცურაულმა ერთ-ერთი ამბოხებული ოფიცერი გვერდზე გაიხმო და უთხრა:
– თუ არ დამხვრეტთ, გაგამდიდრებთ.
ოფიცერს უკვე ნაბრძანები ჰქონდა ზვიადისტი ტყვეების გაშვება და არავის დახვრეტას არ აპირებდა, მაგრამ ხუცურაულის წინადადებამ დააინტერესა და მიუგო:
– თუ გამამდიდრებთ, მაშინ არ დაგხვრეტთ. აბა, თქვით, რას მთავაზობთ?!
– მე აქ ორი კვირა სულ სხვა მიზნით ვიმყოფებოდი. ომს საერთოდ არ ვაპირებდი და მოხალისედ იმიტომ ჩავეწერე, რომ ჩემს სიმდიდრესთან ახლოს ვყოფილიყავი.
– რა სიმდიდრესთან? – გაუკვირდა ოპოზიციონერ ოფიცერს და ხუცურაულს გაოცებით შეხედა, – განაგრძეთ, გისმენთ.
– ერთ-ერთ ჭაღში ორმოცდახუთი ცალი ბრილიანტია და თუკი არ მომკლავთ, შუაზე გავიყოთ. უფრო სწორად, თქვენ ოცდასამი ცალი გქონდეთ, მე კი ოცდაორიც მეყოფა.
– რას ბოდავთ, რა ბრილიანტები, – ოფიცერმა პისტოლეტი მიუშვირა ხუცურაულს შესაშინებლად. მან კი უპასუხა:
– არ მესროლოთ, სიმართლეს ვამბობ. თხუთმეტი წლის წინ რუსეთში, ურალში ერთ სიკვდილმისჯილ პატიმარს კარიერის სეიფიდან ორმოცდახუთი ცალი ალმასი მოვაპარინე. მერე კარიერზე აღმოჩენილი გვირაბით გავატანე სანდო კაცს და ორი თვის მერე ის პატიმარიც გამოიპარა. მანამდე კი უბედური შემთხვევა გავითამაშეთ. ჩემმა კაცმა ეს ალმასები ერთ იუველირს მიუტანა. მან ისინი ბრილიანტებად აქცია და საიმედოდ დამალული და ადვილად სანახავი რომ ყოფილიყო, მთავრობის სახლის ერთ-ერთ ჭაღში ჩაამონტაჟა. მე მხოლოდ იმ ჭაღის ნომერი ვიცი, ხოლო თავად ჭაღი სად კიდია – არა. იმიტომ, ვიმყოფებოდი აქ, რომ ბრილიანტებიანი ჭაღი მომეძებნა. ჭაღის ნომერია 102 და ეს ნომერი ჭაღს სარტყელი რკინის ქვეშ აქვს ამოშტამპული.
ხუცურაული მართალს ამბობდა. მან პატიმარ ღუდუშაურის დოსიე კარგად იცოდა და ისიც უწყოდა, რომ ღუდუშაური მედვეჟატნიკი იყო. დახვრეტა კი ღუდუშაურს ცოლისა და მისი დედის მკვლელობისთვის მიუსაჯეს, რადგან ორივე დედა-შვილი მეძავობდა. ღუდუშაური კარიერის გვირაბიდან გაიპარა, რომელიც მისივე აღმოჩენილი იყო შემთხვევით. ამ საქმეში ხუცურაულისა და ღუდუშაურის გარდა, კიდევ ორი მეწილე იყო. ხუცურაულის ძმისშვილი აჩიკო ხუცურაული, რომელმაც თბილისში ალმასები ჩამოიტანა და იუველირი ნოდარ სანიკიძე. სწორედ სანიკიძემ დამალა ბრილიანტები მთვარობის სასახლის ჭაღში, რადგან 1977 წელს იქ ახალი ჭაღები ჩამოკიდეს და მათ ნოდარ სანიკიძე ამონტაჟებდა. 1992 წლისთვის იუველირი სანიკიძე უკვე გარდაცვლილი იყო, მედვეჟატნიკი ღუდუშაური 1980 წელს უცხოეთში გაიქცა და მას მერე არ ჩანდა. მერაბის ძმისშვილი აჩიკო კი 1991 წელს ჰოლანდიაში გაემგზავრა.
ამბოხებულმა ოფიცერმა მერებ ხუცურაულის მონათხრობი არ დაიჯერა, მაგრამ მთავრობის სასახლის ყველა გადარჩენილი ჭაღები მაინც შეამოწმეს. მათ შორის 102-ე ნომერი არ აღმოჩნდა. მერაბი გაუშვეს. 1993 წელს კი გერმანიაში, საბაჟოზე აჩიკო ხუცურაული დააკავეს, რომელსაც ჯიბეში არადეკლარირებული, ექვსი ცალი ბრილიანტი აღმოაჩნდა, თითოეული 2-2- კარატიანი იყო. აჩიკო ხუცურაული მოსკოვში აპირებდა გაფრენას. ის უკან დააბრუნეს, მისი პიროვნება გადაამოწმეს და რომ გაიგეს, ჰოლანდიის მოქალაქე იყო, ბრილიანტები უკან დაუბრუნეს. თუმცა, ბაჟის ფული გადაახდევინეს...
P. S. არსებობს ვერსია, რომ მთავრობის სასახლის ბრილიანტებიანი ჭაღი 1991 წლის 20 დეკემბერს სწორედ აჩიკო ხუცურაულმა ჩამოხსნა, ბრილიანტები ამოიღო და ჰოლანდიაში გაიტანა. მით უმეტეს, რომ სწორედ იმ დღეებში იმყოფებოდა მთავრობის სასახლეში და ელექტრიკოსის სტატუსით ელექტროგაყვანილობას ამოწმებდა.