კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გზა გაუხსნა რუსულმა „ვოისმა” ეთერ ბერიაშვილს და როდის უნდება მას თავის მოკვლა დიდ რუსეთში

ქართველი მომღერალი ეთერ ბერიაშვილი, ბავშვობიდან მღეროდა და არაერთ საერთაშორისო კონკურსზეც გამოსულა წარმატებით. თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ რუსულ „ვოისში” გამოსვლის შემდეგ შეამჩნია და შეიყვარა. მან თავისი ენერგიულობით, პოზიტიური მუხტითა და ქართული პოტენციალით, ისეთი ცეცხლი დაანთო ბრმა ქასთინგის სცენაზე, რომ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა. თუმცა, მან არჩევანი ლეონიდ აგუტინზე შეაჩერა და მისი გუნდის ფავორიტიც გახდა. ეთერს თავისი დამახასიათებელი სტილი და სიმღერის შესრულების ორიგინალური მეთოდი აქვს. ეს ის საიდუმლოა, რითიც ნებისმიერი მსმენელის მოხიბვლა შეუძლია. 

 

ეთერ ბერიაშვილი: სპეციალობით თერაპევტი ვარ. თუმცა, ყოველთვის მინდოდა, მუსიკალური კარიერის გაგრძელება პროფესიონალურ დონეზე და ასეც მოვიქეცი. თეთრი ხალათი კი მეცვა, მაგრამ, ყველა სტუდენტურ კონცერტზე ვმღეროდი და ვხვდებოდი, დიდი სცენა მიზიდავდა. მშობლებისგან ჩუმად ვიმეცადინე პედაგოგთან და ასე ჩავაბარე მოსკოვის გლისინის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, საესტრადო ფაკულტეტზე.

– თეთრ ხალათს დიდი სცენა რატომ არჩიე? ხომ შეიძლებოდა, ორივე საქმე პარალელურად გეკეთებინა და მომღერალი ექიმი ყოფილიყავი?

– ჩემი გული და სული სცენისკენ იხრებოდა. თან, თუ ექიმი ხარ, სულ ორიენტირებული უნდა იყო ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებზე. დედა მეუბნებოდა, თან პაციენტი გასინჯე და თან მუსიკაც გქონდეს ჩართული, უსმინე, რა პრობლემააო. მე კი ვპასუხობდი, არ შემიძლია ორივე საქმის ერთდროულად კეთება – თუ პაციენტს ვსინჯავ, მაქსიმალურად მისკენ ვარ მიმართული; თუ მუსიკას ვუსმენ, მას ვყვები და მისკენ ვიხრები. ასე რომ, ორივე საქმე ერთდროულად ვაკეთო – ჩემთვის ეს გამორიცხულია. ერთი წელი სამედიცინოს კათედრაზე ვმუშობდი და მივხვდი, ამ საქმისგან ძალიან შორს ვიყავი. ჩემი ექიმობა, მშობლების გარდა, არავის სჭირდებოდა. სიმღერით კი ბევრს მივაღწიე. დღეს ცნობილი სახე ვარ რუსეთში და ბევრ კონცერტზე მიწვევენ.

– რთული არ არის, ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც რუსეთია, სიმღერით საკუთარი სიტყვა თქვა და დიდ სცენაზე ადგილი დაიმკვიდრო?

– სიმღერ-სიმღერით არ გამჭირვებია დიდ რუსეთში ჩემი ადგილის პოვნა. მთავარია, ამ საქმეში ყველაფერი ჩადო – გული, სული, შრომა, დრო, ნერვები და ყველაფერი გამოვა. სხვათა შორის, ქართულ შემოქმედებას რუსეთში დიდ პატივს სცემენ და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მე აქ ჩემი ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. პატივისცემის გარდა, არაფერი მიგრძნია რუსებისგან. მოსკოვში ჩემი ტკივილია ის, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ როგორც სიმღერაში, ისე კრიმინალში. ეს კი ძალიან მიშლის ხელს და მტკივა. მთელი ჩვენი კულტურა ნულს უტოლდება, როცა კონცერტზე ტაშს მიკრავენ, შემდეგ კი კულისებში მხვდებიან ყვავილებით, მილოცავენ წარმატებულ გამოსვლას და თან მეუბნებიან: ბინა გაიქურდა და ამაში ქართველები იყვნენ გარეულიო. მინდა, ამ დროს თავი მოვიკლა. მე რუსეთში. ქართულ გვარს სიამაყით ვატარებ და მრცხვენია, როცა ჩვენზე ცუდს ამბობენ. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ვერიდებოდი ქართული სიმღერების შესრულებას რუსეთში. ვფიქრობდი, გაღიზიანება არ გამოვიწვიო-მეთქი და, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად პუბლიკა ითხოვდა ქართულ სიმღერებს. რუსები ამბობდნენ, რუსულ სიმღერებს ყველგან ვისმენთ, ჩვენ ქართულის მოსმენა გვინდაო. ხომ წარმოგიდგენიათ, მე ამ დროს რა ამაყი ვიყავი?! პოლიტიკა, ქართულ და რუსულ კულტურაზე არ მოქმედებს. 

– სიმღერის ნიჭი გენეტიკურად დაგყვა?

– ოჯახში სულ მღეროდნენ. დედის მხარე ძალიან კარგი ხმით და სმენით გამოირჩევა. ისეთ ხალხურ სიმღერებს მღერიან, არსად რომ არ მომისმენია. ჩვენს  სახლში სუფრა რომ იშლებოდა, მრავალხმიანი ხალხური სიმღერის შესრულება გარდაუვალი იყო. 

– დიდი ხანია, სცენაზე დგახარ. თუმცა, პოპულარობა, მაინც რუსულმა „ახალმა ხმამ” მოგიტანა. 

– აბსოლუტურად გეთანხმებით. რომ არ ყოფილიყო „ახალი ხმა”, უბრალოდ, მოსკოვის შიდა ჯაზ-კლუბებისა და საერთაშორისო ფესტივალების დონეზე ვიქნებოდი. ახლა კი, გზა ხსნილი მაქვს და ბევრმა გამიცნო – მაფასებენ, მიწვევენ კონცერტებზე. ვერ გეტყვით, რუსული შოუ-ბიზნესის ნომერი პირველი მომღერლების გვერდით ვდგავარ-მეთქი, მაგრამ არც ბოლო ადგილზე ვარ. მიმაჩნია, რომ ფართო მასებმა „ვოისის” მეშვეობით გამიცნეს და ამან საკმაოდ პოპულარული გამხადა. მიხარია, რომ გავრისკე და კონკურსში მონაწილეობა მივიღე. ამან წარმატება მომიტანა. უამრავი თაყვანისმცემელიც შევიძინე. 41 წლის ასაკში ასეთი პოპულარობის შეგრძნება, ძალიან მაგარია. თუმცა, ვხუმრობ ხოლმე, ოცი წლის გოგო რომ ვიყო, უფრო მეტი თაყვანისმცემელი  მეყოლებოდა-მეთქი (იცინის). 

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე მაქვს და ეტყობა, ამიტომაც არ ვარ სკანდალური მომღერალი (იცინის). არც ჭორაობა მიყვარს და სკანდალებსაც ვერიდები. მყავს მეუღლე, რომელიც სულ გვერდით მიდგას და ასევე, მყავს ორწლინახევრის შვილი. შოუ-ბიზნესი ხომ იცით როგორი სფეროა? ყველას აინტერესებს: ვინ ვის ჭორავს, ვინ ვის უწყობს სკანდალებს. მე კი არც ჭორაობა მიყვარს და არც „სკანდალისტი” ვარ. არც ჩემზე ვაძლევ მსგავსი რამეების საბაბს სხვებს. მეკითხებიან, რუსეთში რომ ხარ, არ იცი მელაძეს, რამდენი საყვარელი ჰყავსო?! გეფიცებით, არც ვიცი და არც მაინტერესებს, ვის რამდენი საყვარელი ჰყავს. ეს მათი პირადი საქმეა და რაში მაინტერესებს მელაძის საყვარლები? დამიჯერეთ, მე ვალერი და კონსტანტინე მელაძის სიმღერა, არანჟირება, კონცერტები და შემოქმედება მაინტერესებს და არა მათი საყვარლების სია. 

– დავიჯერო, საკუთარ თავზე ჭორიც კი არ გაგიგია?

– როგორ არა. გავიგე, თურმე დიდი ფული გადავიხადე რუსულ „ვოისში”. გამეცინა, მაგდენი ფული რომ მქონოდა, ოჯახის ვალებს გადავიხდიდი, რაღა ჟიურის წევრებს გავამდიდრებდი (იცინის). ბოლოს და ბოლოს ჩემ გარშემო უამრავ ადამიანს სჭირდება დახმარება და დავეხმარებოდი. რასაც მივაღწიე – ყველაფერს ჩემი შრომით. სხვათა შორის, სამედიცინოზეც რომ ჩავაბარე, მაშინაც ასე ამბობდნენ: მშობლებმა ფული „ჩაყარესო”. მართლა კარგად ვიყავი მომზადებული და ფულით მოწყობა, სულ არ მჭიდებოდა. ჩვენს გარშემო, უამრავი ადამიანია, რომელიც ინტერესდება ჩვენი ცხოვრებით და სამწუხაროდ, ის უფრო უხარიათ, როცა ნეგატივი ხდება. ვფიქრობ, მე ჩემი გზა მაქვს, ოცნებებიც ნელ-ნელა ამიხდა და ერთი დიდი ოცნება დამრჩა ასახდენი.

– და, ეს ოცნება რა არის, იქნებ გაგვიმხილო?

– მინდა, საქართველოში კონცერტი გავმართო და ჩემი ხალხისთვის გულით ვიმღერო. შარშან, ანდრეი მაკარევიჩთან ერთად ვიყავი თბილისში და ვიმღერე. თუმცა, მე, ჩემი სოლო კონცერტი მინდა ჩავატარო და სცენიდან გითხრათ, გაგრძნობინოთ ჩემს ქართველებს როგორ მიყვარხართ! ბედნიერი ქალი ვარ – ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, მყავს უთბილესი ოჯახი და უამრავი გეგმაც მაქვს, რომელთაც მალე განვახორციელებ.  ასევე, ვცდილობ, ყველა საქველმოქმედო კონცერტში მივიღო მონაწილეობა, სიმღერით შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი და ამით დავეხმარო, ვისაც ეს სჭირდება. მე დიდ რუსეთში პატარა, წარმატებული ქართველი ვარ და საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, რიგითი ექიმი ვიქნებოდი. ამბიციური ვარ და მინდა, უფრო მეტს მივაღწიო. იმედია, შევძლებ.

 

скачать dle 11.3