როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბერეკაშვილი
გვარში ფუძეა საკუთარი სახელი ბერი. მისი ზოგადი მნიშვნელობაა – ვაჟი, ძე, ყმა. ბერისგან წარმოქმნილია ბევრი საკუთარი სახელი, რომლებიც მრავალ ქართულ გვარ-სახელშია ჩაქსოვილი.
გვარში არსებული გადმოცემის მიხედვით, ბერეკაშვილი და ბერიკაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.
ბერეკაშვილი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოიხსენიება.
ბერეკაშვილი – ხუცესი, 1697 წელს მიწის ნაკვეთზე ედავებოდა ვინმე ჯაბანა მაკუჭასძეს.
ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან იოვანე და ასლამაზა ბერეკაშვილები.
საქართველოში 815 ბერეკაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 323, ტყიბულში – 154, თბილისში – 86. არიან სხვაგანაც.
მწყერაძე
აზნაურ მწყერაძეთა გვარიდანაა გამოყოფილი ბერუკაშვილი. „აზნაურ მწყერაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსულნი, რომელნიც ესახლენ ლოსიათ ხევს, მწყერის ციხე ადგილსა წოდებულსა და ადგილისა გამო გაუგვარდათ მწყერაძეობა. არიან ესენიცა აზნაურნი და ცნობილნი ლუარსაბ მეფისა დროსა და მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა“ (იოანე ბატონიშვილი, „შემოკლებითი აღწერა“).
მწყერაძე მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში.
საქართველოში 79 მწყერაძე ცხოვრობს: თელავში – 26, თბილისში – 24, გორში – 9.
მაცაბერიძე
გვარის ფუძეა რთულად შედგენილი საკუთარი სახელი მაცაბერი. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი მაცი. ამ სახელისგან ნაწარმოები გვარებია: მაციშვილი, მაცაკიძე, მაციაშვილი, მაცუკიშვილი.
„ძლიერ ძველად ჩანან მაცაბერიძე, მაციშვილი და მისთანანი, რომელშიც მაც ძირია საგულვებელი.”
1941 წელს მაცაბერიძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარიდან ასურეთში გადასულან საცხოვრებლად და იქ დაფუძნებულან.
საქართველოში 797 მაცაბერიძე ცხოვრობს: თბილისში – 352, ამბროლაურში – 77, ზესტაფონში – 60. არიან სხვაგანაც.
მალიშავა
გვარის ფუძეა მეტსახელი მალიშა.
მალიშავას გვარის მეორე ვარიანტია მალიჩავა. მსგავსი შემთხვევა ბევრია ქართულ გვართა წარმოქმნის ისტორიაში. მალიჩავები ცხოვრობენ ალერტკასში, დიდ ნეძში, სენაკში. ტოპონიმებია: სამალიჩო – უბანი ყულიწყალსა და ოკულეს შორის.
გადმოცემის თანახმად, ილორიდან გამოქცეულა სამი ძმა მალიჩავა. ერთი ნეძში შეჩერებულა, მეორე – ხეციაში, მესამის ამბავი კი უცნობია. ცნობილია, რომ მალიჩავების „ჯინჯი ხატი” ილორი იყო და, ამიტომაც, ამ გვარიდან ილორის ეკლესიის მნათეებს ირჩევენ.
საქართველოში 235 მალიშავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 122, თბილისში – 31, ხობში – 13. არიან სხვაგანაც.
ხრიკაძე
ეს არის სიტყვა ხრიკიდან ნაწარმოები გვარი.
ხრიკი ნიშნავს ხერხს რამის მისაღწევად, ასევე, შესაკრავ კავს, დუგმას. ხრიკას კუთხურად ქვევრიდან ღვინის ამოსაღებ ჭურჭელსაც უძახიან.
ვარაუდით, ხრიკაძეთა წინაპრები ორშიმოს ხელოსნები იყვნენ და სწორედ ამის მიხედვით გაუგვარდათ სიტყვა ხრიკა. აღმოსავლეთ მთიანეთში ხრიკა ხშირად სახელადაც გვხვდება
ხრიკაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ჩანან თეთრი წყაროს რაიონში.
საქართველოში 283 ხრიკაძე ცხოვრობს: ბორჯომში – 105, თბილისში – 65, ახალციხეში – 24. არიან სხვაგანაც.
მირზიაშვილი
გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – მირზა, ხოლო თვით სახელი მირზა არაბულ-სპარსული სიტყვიდან – ამირზადე – „ამირის შვილი“. ამირა შუა აზიაში არაბთა მოსვლის დროიდან ეწოდებოდა მხედართმთავარს, მმართველს. ჩინგიზ ხანის შვილის, თემურის შვილებმა მიიღეს წოდება ამირ (ემირ) ზადე. აქედან, თავ-ბოლოს მოკვეცით, მიღებულია მირზა, რომელიც გვხვდება როგორც ტიტულად, ისე საკუთარ სახელად.
„ასანბეგიშვილი თაყა პაპუნა გოშსტაშაბიშვილს სოფელ ტბისში აძლევს მირზიაშვილს, მისი მამულითა და სასახლით“ (ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნი ასანბეგიშვილებისა პაპუნა გოსტაშაბიშვილისადმი, 1671 წელი).
„მირზიაშვილის ნაქონი ვენახი ტბისში თაყა ბარათაშვილმა მიჰყიდა პაპუნა გოსტაშაბიშვილს“.
საქართველოში 201 მირზიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 84, დუშეთში – 78, მცხეთაში – 2; არიან სხვაგანაც.
აბულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბულა.
აბულა მკერვალთუფროსი მოიხსენიება 1635 წელს. აბულაშვილი მოიხსენიება სოფელ ენაგეთში: ერთ-ერთი გუჯარის მიხედვით, ბატონ დავით აბაშიშვილს ის მაცხოვრის ხატისთვის შეუწირავს. 1721 წლის აღწერის მასალებში აბულაშვილები არიან ყმებიც და აზნაურებიც. აბულაშვილები მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ცხოვრობდნენ ფშავის სოფელ შუაფხოშიც.
საქართველოში 1 178 აბულაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 403, თბილისში – 286, ახმეტაში – 142. არიან სხვაგანაც.
არჩაია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არჩა, რომელიც კოლხეთში ფართოდ იყო გავრცელებული.
არჩა საკუთარი სახელის – არჩილის კნინობითი ფორმა უნდა იყოს. არჩილი კი ძველი ქართული საკუთარი სახელია.
მსგავსი ფუძით ნაწარმოები გვარებია: არჩავა, არჩვაძე, არჩვანიძე.
1637-1660 წლების ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ბაბუშარა არჩაია.
საქართველოში 634 არჩაია ცხოვრობს: სენაკში – 176, თბილისში – 60, ქუთაისში – 50. არიან სხვაგანაც.
ყელბერაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ყელბერა.
გადმოცემით, ეს სახელი შეურქმევიათ კაცისთვის, რომელსაც ყელზე ჩიყვის ამონაზარდი ჰქონია. მისი გვარი მაისურაძე ყოფილა.
1721 წელს ღოუბანში მოიხსენიება იასე სოლოღაშვილის ყმა – იესე ყელბერაშვილი.
„1818 წელს ღოუბნელი ბეჟანა ყელბერაშვილი ნათლავს ვაჟიშვილს, გლახას. მიმრქმელი იყო ნინია გერმანოზიშვილის მეუღლე – მარიამი“.
საქართველოში 345 ყელბერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 176, თეთრი წყაროში – 130, რუსთავში – 22. არიან სხვაგანაც.
ლარაძე
გვარის ფუძეა სიტყვა ლარი, რომელიც ქართულში სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება.
„ლარაძე – ციციშვილთა აზნაურიშვილი”.
აზნაურიშვილი ლარაძე მოიხსენიება საციციანოს ყმების ნუსხაში; ხვედურეთში მას ორი კომლი ყმა ჰყავდა, ლუოვისხევში – შვიდი, ბისში – სამი, თხილნარში – ოთხი, იფუნევში კი – ერთი.
1721 წლის აღწერით, პაატა ლარაძე იყო მებატონე. მას ყმები ჰყავდა ყარაბულაღში.
სწორედ პაატა ლარაძისგან მომდინარეობს გვარი პაატაშვილი, ზურაბ ლარაძისგან – ზურაბიშვილი, ბიძინა ლარაძისგან – ბიძინაშვილი.
საქართველოში 46 ლარაძე ცხოვრობს: თბილისში – 41, ყვარელში – 5.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით