რომელ დღეებში ნანახ სიზმრებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება
სიზმარი ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრია, ის სინამდვილის ანარეკლია და, ამიტომ, ნურასდროს ეცდებით სიზმრის აბსურდულობის მტკიცებას. ძილის პროცესს რეინკარნაციასაც უკავშირებენ. ძილის დროს პრაქტიკულად ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება, თითქოს ადამიანი ამ სამყაროს სცილდება და სხვა სამყაროში ხვდება. ამ დროს არარეალური სამყაროს სტუმრები ვართ, გამოღვიძებისთანავე კი რეალობას ვეჯახებით, ანუ, რეალურ სამყაროში ვბრუნდებით. სიზმარში მოდის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გადამუშავებაც ხდება და ამით ჩვენი ქვეცნობიერი იმართება.
ბევრს აინტერესებს, არის თუ არა სიზმარი სინამდვილის ანარეკლი, დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვა; აქვს თუ არა სიზმარს წინასწარმეტყველების უნარი, არის თუ არა ის ჩვენი განწყობის სტიმულატორი, შთაგონების წყარო და ასე შემდეგ. ყველას უნდა შეეძლოს მისი სწორად მართვა და ახსნა. სიზმარს, როგორც სხვა ყველაფერს სამყაროში, ორი ძალა მართავს: დადებითი და უარყოფითი. როგორ სიზმარსაც ხედავს ადამიანი, სწორედ ისეთი აურა აქვს მას, ანუ, ისეთი დადებითი ან უარყოფითი ძალის ზეწოლის ქვეშ იმყოფება რეალურ ცხოვრებაში. ხშირად ადამიანებს წინასწარმეტყველური სიზმრები ახალმთვარეობის დღეებში ესიზმრებათ. ამიტომ, ამ სიზმრებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოთ ისინი.
ყველაზე ხშირად სიზმრებს ხედავენ თევზების, კირჩხიბის, მორიელის, მერწყულისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ნათელხილული სიტუაციები კი ადამიანებს უფრო მეტად სავსე მთვარის დროს ესიზმრებათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვარე თევზებისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია. ასევე, ცხადდება ის სიზმარი, რომელსაც ადამიანი ახალმთვარეობიდან პირველ, მესამე, მერვე, მეცხრე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე, მეცხრამეტე, ოცდამეორე, ოცდამეხუთე, ოცდამეექვსე, ოცდამეშვიდე, ოცდამერვე, ოცდამეცხრე და ოცდამეათე დღეს ნახავს. ამიტომ, ამ დღეებში ნანახ სიზმარს მეტად მიაქციეთ ყურადღება.
წყლის სტიქიის ნიშნები – კირჩხიბი, მორიელი და თევზები – ღამეული ხილვების მეფეებად ითვლება. ისინი მრავალფეროვან სიზმრებს ხედავენ. ხშირად კი ამ ნიშნებით დაბადებული ადამიანები სწორედ სიზმრის სახით იღებენ მეტად საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, მათ სიზმარში მინიშნებაც მიიღონ.
ჰაერის სტიქიის ნიშნები – ტყუპები, სასწორი და მერწყული, სიზმარში იმას ხედავენ, რაზეც მეტად ფიქრობენ და რასაც განიცდიან რეალურ ცხოვრებაში. თუმცა, შესაძლოა, ღამით, ძილში მათ იმ პრობლემის გადაჭრის გზაც კი მიიღონ ინფორმაციის დონეზე, რის მოგვარებასაც მანამდე ვერ ახერხებდნენ.
ცეცხლის სტიქიის ნიშნები – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, სიზმარში დიდი ფანტაზიით გამოირჩევიან. ხშირად ხედავენ ფერად სიზმრებსაც. ამბიციური ბუნების გამო, ისინი ძილშიც კი მწვერვალებს იპყრობენ. თუმცა, სიზმარში მიღებულ გაფრთხილებას ყველაზე მეტად ეს ნიშნები უკეთებენ იგნორირებას, რაც ხშირად ცხადში მეტად ძვირად უჯდებათ.
მიწის სტიქიის ნიშნები – კურო, ქალწული და თხის რქა ძალიან პრაქტიკულ ადამიანებად მოიაზრებიან. ისინი სიზმარში პრობლემის პრაქტიკულად გადაჭრის გზას ხედავენ. ასევე, ხშირად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებსაც, თუმცა ამას ყურადღებას არ აქცევენ, რაც ხშირად ცხოვრებაში უკან სწევთ.
საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად დაიმახსოვროს სიზმრად ნანახი, გააანალიზოს – ხომ არ არის ეს მინიშნება და რეალურ ცხოვრებაში გაითვალისწინოს ღამით მოსული საჭირო ინფორმაცია.