კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან იოსებ სტალინსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს

იოსებ სტალინი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეზე 12 წლით უმცროსი იყო. კალიტრატე ცინცაძემ კიევის სასულიერო აკადემია 1892 წელს დაამთავრდა, იოსებ ჯუღაშვილი კი, ორი წლის შემდეგ, 1894 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მღვდელი ცინცაძე დიდუბის ეკლესიაში მოღვაწეობის პარალელურად, ერთი პერიოდი, თბილისის სასულიერო სემინარიაშიც ასწავლიდა. სწორედ აქ შეხვდნენ ერთმანეთს პირველად მომავალი ზესახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული მბრძანებელი, იოსებ სტალინი და საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, კალისტრატე ცინცაძე. ამ ორი პიროვნების ურთიერთობებზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერისტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.

დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან მასწავლებელსა და მოსწავლეს. სამაგიეროდ, დადასტურებულია, რომ 1922 წლიდან დევნილ, ხოლო შემდეგ პატიმრობაში მყოფ მღვდელ კალისტრატე ცინცაძეს, სტალინი არ დახმარებია. ცხადია, სტალინს ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასთან ერთად, მსჯავრებული მღვდელი კალისტრატე ცინცაძეც იყო. მაგრამ, იმხანად სტალინს არ შეეძლო, სხვა მსჯავრდებულებისგან გამოერჩია საკუთარი მასწავლებელი და პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. ეს, ალბათ კარგად უწყოდა კალისტრატე ცინცაძემაც  და ამიტომაც არ შეაწუხა თხოვნით სტალინი. 

ბოლშევიკური სიმკაცრის მიუხედავად, კალისტრატე ცინცაძე პირნათლად ასრულებდა ჯერ ქაშუეთის წმიდა გიორგის წინამძღვრის, ხოლო შემდეგ მღვდელმთავრის მოვალეობას. კალისტრატე ცინცაძემ შეურიგებელი პოზიცია დაიკავა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია, ისევე როგორც ყველა სხვა მოქმედი თუ დახურული ეკლესია, მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, შენობა, წმიდა წიგნები და სხვა ნივთები. საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში ედავებოდა კალისტრატე ცინცაძეს ქაშუეთის ეკლესიაში დაცული განძეულობის გადამალვას. ქაშუეთის წინამძღვრის მტკიცე პოზიცია, ცხადია, აღიზიანებდა საბჭოთა ხელისუფლების მესვეურთ. თუ გავიხსენებთ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ავბედით ეპოქას, დიდ გაბედულებად უნდა ჩაითვალოს მეუფე კალისტრატეს მიერ 1938 წლის 31 აგვისტოს ლავრენტი ბერიასთვის მიწერილი წერილი. კალისტრატე წერდა, რომ საქართველოს სიძველეთა კომიტეტის მიერ ქაშუეთის ეკლესია აყვანილი იყო აღრიცხვაზე. ამასთან დაკავშირებით, მეუფე კალისტრატე საკმაოდ გაბედული და სახიფათო თხოვნით მიმართავდა ბერიას: „კადნიერად მივაქცევ რა თქვენს განათლებულ ყურადღებას ზემოაღნიშნულზედ, პატივისცემით გთხოვთ განკარგულებას, ქვაშვეთის სამრევლოს განკარგულებაში დატოვებისთვის”. მოულოდნელად, ლავრენტი ბერიამ უკან დაიხია და კალისტრატე ცინცაძის თხოვნას ასეთი რეზოლუცია დაადო: „გთხოვთ, გვაცნობოთ, არსებობს თუ არა რაიმე ოფიციალური წყარო ქვაშვეთის ეკლესიის დახურვის შესახებ”. ამის შემდეგ მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ ქაშუეთის ეკლესიას საქართველოს საპატრიარქოს ჩამოართმევდნენ და დაანგრევდნენ, შეწყდა. ძნელი სათქმელია, ასეთი გაბედული ნაბიჯების გადადგმისას, საბჭოთა ხელისუფლებასთან მუდმივი დაპირისპირებისას, ჰქონდა თუ არა კალისტრატე ცინცაძეს იოსებ სტალინის მფარველობის იმედი. ყოველ შემთხვევაში, კალისტრატე ცინცაძე, ჯერ როგორც დეკანოზი, ხოლო შემდეგ, როგორც მეუფე, ძალზე გაბედულად და შეუპოვრად მოქმედებდა.

უფრო მეტი მასალაა სტალინისა და კალისტრატე ცინცაძის ურთიერთობის შესახებ საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის პერიოდიდან. 1917-1943 წლებში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ ცნობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ომის წლებში სტალინის ნებით და ინიციატივით, ცვლილება განიცადა საბჭოთა ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკამ. ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთის ეკლესიის მეუფეებთან შეხვედრისას, სტალინმა რუსეთში პატრიარქობის აღდგენის იდეა წამოაყენა. მართლაც, 1943 წლის სექტემბერში რუსეთში აღდგა პატრიარქობა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩიეს მიტროპოლიტი სერგი (სტრაგოროდსკი). კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და დაიწყო ნიადაგის მოსინჯვა, რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის მიზნით. ცხადია, კალისტრატე ცინცაძემ კარგად იცოდა, რომ პატრიარქი სერგი ამ საკითხს ვერ გადაწყვეტდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ეს სტალინის გვერდის ავლით ვერ მოგვარდებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პირდაპირ სტალინს არ მიმართა. 1943 წლის 14 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ოფიციალური წერილით მიულოცა სერგი სტრაგოროდსკის პატრიარქად არჩევა და გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ურთიერთობა აღდგებოდა. პატრიარქმა სერგიმ საპასუხო წერილში გამოთქვა მზადყოფნა ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ. ცხადია, მოსკოვში მოლაპარაკების მიზანი და მისი შედეგიც წინასწარ იქნებოდა განსაზღვრული. ანუ, უკვე მიღებული იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას ვერც პატრიარქი სერგი და ვერც რუსეთის ეკლესიის სინოდი ვერ მიიღებდნენ, გადაწყვეტილება იოსებ სტალინს უნდა მიეღო. 1943 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსი – ანტონი. მოლაპარაკების შემდეგ, 31 ოქტომბერს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატეს თანამწირველი იყო, რუსი მთავარეპისკოპოსი ანტონი. ეს კი ნიშნავდა, რომ ორ ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირი აღდგა.

1944 წელს გარდაიცვალა რუსეთის პატრიარქი სერგი. 1945 წლის იანვარ-თებერვალში მიმდინარეობდა რუსეთის საეკლესიო კრება ახალი პატრიარქის არჩევის მიზნით. რუს მღვდელმთავრებთან ერთად, მას ესწრებოდა ორი მართლმადიდებელი პატრიარქი: ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი ქრისტეფორე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე. კალისტრატე ცინცაძე მონაწილეობდა რუსეთის ახალი პატრიარქის ინტრონიზაციაში, რომელიც 1945 წლის 4 თებერვალს შედგა. არსებობს ვერსია, რომ 1945 წლის იანვარ-თებერვალში, მოსკოვში ყოფნის პერიოდში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე, ცინცაძე შეხვდა იოსებ სტალინს. შეხვედრაზე კალისტრატე ცინცაძე სამოქალაქო ტანსაცმელში (ფრაკში) გამოწყობილი მისულა. ამ ვერსიის მიხედვით, საუბრისას სტალინს კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკითხავს: „კალისტრატე, ღმერთის უფრო გეშინია, თუ ჩემი?” კალისტრატე ცინცაძეს უპასუხია: „რა, თქმა უნდა, ღმერთის!” სტალინს ირონიულად გაუღიმია და უთქვამს: შენ რომ ღმერთის უფრო გეშინოდეს, ჩემთან პატრიარქის შესამოსელით მოხვიდოდიო. როგორც გაირკვა, ყოველივე ეს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან, 1948 წელს იოსებ სტალინისადმი გაგზავნილ წერილში კალისტრატე ცინცაძე აღნიშნავს, რომ მოსკოვში ყოფნისას (1945) მას სტალინის ნახვა უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

რუსეთში პატრიარქობის აღდგენის შემდეგ, ეკლესიაზე ზედამხედველობის მიზნით, შეიქმნა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან (მინისტრთა საბჭოსთან) არსებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც იყო გიორგი კარპოვი. მართალია, ეს საბჭო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებს განაგებდა, მაგრამ არსებობდა არა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოსთან, არამედ საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან და, რადგან საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, საქართველოს ეკლესიაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს უნდა დაქვემდებარებოდა. ცხადია, ასეთი ეშმაკური გადაწყვეტილება სტალინთან შეთანხმების გარეშე ვერ იქნებოდა მიღებული. ეს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემაც კარგად იცოდა, მაგრამ არ შედრკა და 1945 წლის 6 იანვარს წერილით მიმართა იოსებ სტალინს. კალისტრატე ცინცაძე ითხოვდა, რომ საბჭოსთვის სახელი გამოეცვალათ და ეწოდებინათ ასე: საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭო. ამრიგად, კალისტრატე ცინცაძემ მოითხოვა ორგანიზაციის დასახელებიდან სიტყვა „რუსეთის” ამოგდება და ყოველივე ამას, საკმაოდ გაბედული არგუმენტაციით ასაბუთებდა. ის აღნიშნავდა, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია არის ავტოკეფალიური, ანუ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თანასწორი და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს იურისდიქცია ჰქონდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. მოწაფემ მასწავლებლის წინაშე უკან დაიხია. სტალინმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად მიუღებელი იყო რუსეთის პატრიარქისა და საეკლესიო იერარქებისთვის და ცხადია, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვისაც. ახლად შექმნილი ორგანიზაციის სახელწოდება კალისტრატე ცინცაძის მოთხოვნით შეიცვალა.

 ანრი შავლაძე

скачать dle 11.3