საგაზაფხულო დიეტა
მართალია, ჯერ კიდევ არ დამთბარა, მაგრამ გაზაფხული თანდათან იკრებს ძალებს და შორი აღარ არის ის დრო, როცა პალტოებსა და ქურთუკებს გვერდზე გადავდებთ და საზაფხულო სამოსით შევიმოსებით. მაგრამ, ვართ კი მზად ამისთვის? ზამთრის განმავლობაში დაგროვილი თუნდაც რამდენიმე კილოგრამმა, შესაძლოა, ისეთი დისკომფორტი შეგვიქმნას, ლამაზად ჩაცმის ხალისიც კი დაგვიკარგოს. ამიტომ, დევიზად უნდა ვაქციოთ სიტყვები – „გახდი საგაზაფხულოდ!“ – და, თან, საქმესაც შევუდგეთ.
„ვახშამი დაუთმე მტერს!“ – ეს ცნობილი გამოთქმაა. დიდი ხანია, დიეტოლოგებს შორის მიმდინარეობს დავა იმის შესახებ, საღამოს რომელი საათის შემდეგ უნდა „დაივიწყოთ“ გზა სამზარეულოსკენ, უფრო სწორად, რომელი საათის შემდეგ აღარ უნდა გამოაღოთ მაცივარი. ზოგი ამტკიცებს, რომ ჭამა შუაღამითაც შეიძლება, თუკი ვახშმობიდან 3-4 საათის შემდეგ დაწვებით დასაძინებლად; ზოგი კი დარწმუნებულია, რომ საღამოს 6 საათი დღის განმავლობაში ბოლო კვების დროა, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, ოჯახური ვახშამი ან საღამოს წვეულება, შესაძლოა, წამებად გექცეთ. ამიტომ, სასურველია, დაუჯეროთ ჭკვიანი კაცის სიტყვებს (რა თქმა უნდა, „მტერი“ პირდაპირი გაგებით არ უნდა იგულისხმოთ) და, თუ სავახშმოდ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად მიუჯექით სუფრას (თუ მათ გახდომის პრობლემა არ აწუხებთ), წინასწარ მოიმარაგეთ თქვენთვის 1 ჩაის ჭიქა კეფირი ან უცხიმო მაწონი, ერთი ცალი ვაშლი ან ბანანი და აუცილებლად – წყალი (შეგიძლიათ, წვრილად დაჭრილი ვაშლი და ბანანი კეფირში ან მაწონში შეურიოთ და ისე მიირთვათ). თუ ასე მოიქცევით, სუფრასთან ზედმეტად აღარ იგრძნობთ თავს და, თანაც, დაგროვილი ცხიმების წვას დააჩქარებთ.
დალიე და გახდი! – ეს ცარიელი სიტყვები არ გეგონოთ; არც ფორმალური მოწოდებაა, რომელიც მხოლოდ მოწოდებად რჩება.
მათთვის, ვისაც უჭირს „გემრიელობებთან“ გამოთხოვება, არსებობს გახდომის კიდევ ერთი მეთოდი: წყლის დიეტა. მთავარი, რაც ამ დროს მოგეთხოვებათ, არის თვითდისციპლინა, რომელიც ჩვენ მიერ შემოთავაზებული უბრალო წესების დასაცავად დაგჭირდებათ:
* აუცილებლად მიდით კონსულტაციაზე ექიმთან და დაადგინეთ, შეიძლება თუ არა თქვენთვის წყლის დიეტის დაცვა;
* თუ ექიმმა ნება დაგრთოთ, ყოველ დილით, უზმოზე, ყლუპ-ყლუპად დალიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი (ოთახის ტემპერატურის) – ეს მთელი დღის განმავლობაში დააჩქარებს ორგანიზში ნივთიერებათა ცვლას.
* ყოველი კვების წინ, 20 წუთით ადრე, ისევ ყლუპ-ყლუპად დალიეთ 1 ჭიქა წყალი – ის შეავსებს თქვენს კუჭს, შეამცირებს შიმშილის გრძნობას და გაცილებით ნაკლები რაოდენობის კერძი დაგანაყრებთ.
* ჭამის პროცესში წყალი არ დალიოთ, არც ჭამის დამთავრებისთანავე დააყოლოთ – წყალი ანეიტრალებს კუჭის წვენს, რითაც ხელი შეეშლება საკვების მონელების ნორმალურ პროცესს.
* ყოველდღე სვით 1,5-2 ლიტრი წყალი (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს უნდა გააკეთოთ ექიმის კონსულტაციის შემდეგ).
მაგრამ, არ გეგონოთ, რომ წყლის დიეტის დაცვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, რაც გნებავთ და რამდენიც გნებავთ, მიირთვათ. ცხადია, საუზმეც, სადილიც, სამხარიც და ვახშამიც უნდა შედგებოდეს მსუბუქი, ნაკლებად კალორიული და ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გაჯერებული პროდუქტებისგან. როგორც წესი, აქცენტი გააკეთეთ ხილზე, ბოსტნეულზე, რძემჟავა პროდუქტებზე და ბურღულეულზე, თევზი და ხორცეული (უცხიმო) მიირთვით მხოლოდ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული. თითოეული კერძის რაოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 250 გრამს (წყლის გარდა).
და, კიდევ ერთი: შეეცადეთ, მკაცრად დაიცვათ კვების საათები (ოთხჯერადი კვება აუცილებელია) – ეს რეჟიმში აყენებს ორგანიზმს და აჩქარებს ცხიმის წვას.
წარმატებებს გისურვებთ!