კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

რისთვის გვჭირდება?

 

დიახ, რისთვის გვჭირდება ქალებს, მაგალითად, მამაკაცი?! სერიოზული და საკმაოდ რთული კითხვაა. სულ ტყუილუბრალოდ გეღიმებათ. თუ ამ შეკითხვას შესაფერის პასუხს მოუძებნით, მაშინ სქესთა შორის ჰარმონიასაც მიაღწევთ. მოულოდნელი არ იქნება, თუ გეტყვით მთავარს: მამაკაცი ქალს სჭირდება იმისთვის, რომ უყვარდეს, ზრუნავდეს მასზე, ეფერებოდეს და საჩუქრებით ანებივრებდეს... არც ერთმა ქალმა არ თქვას, რომ ამ ყველაფრის გარეშეც სასურველია მისთვის მამაკაცი. გასაგებია, რომ ზოგს სიმარტოვე აწუხებს და კაცი სიცარიელის შესავსებად სჭირდება, ზოგსაც – შვილის გასაჩენად, თორემ, სახლში ლურსმანს ყველა მივაჭედებთ და, თუ გაჭირდა, ონკანსაც კი შევაკეთებთ. ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს – რისთვის გჭირდებათ ის კონკრეტული მამაკაცი, რომელიც ახლა გვერდით გყავთ, ხოლო, თუ არ გყავთ, მაშინ, რისთვის დაგჭირდებათ მომავალში?

პასუხი ამ შეკითხვაზე აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს, რათა ჯერ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გაერკვიოთ; ჩამოაყალიბოთ, რა გინდათ რეალურად, მერე კი მამაკაცსაც გაუგოთ. სამწუხაროდ, ქალებისა და გოგონების უმრავლესობა საჭიროდ არ მიიჩნევს ამის გაკეთებას, რადგან, არც იციან, რომ აუცილებელია, გასცე პასუხი შეკითხვაზე: მართლაცდა, რისთვის მჭირდება მამაკაცი?

 

რატომ – ასე?!

 

მამაკაცი –  ეს რთული თემაა! ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობ, რომ ის საერთოდაც სხვა პლანეტიდან არის, არც ენა ესმის ჩვენი და, საერთოდაც, ძალიან არაადეკვატური და უცნაური არსებაა...

ჩვეულებრივი ამბავია ისიც, რომ ქალი ხშირად გაოგნებული რჩება მამაკაცის ქმედებებითა და ფრაზებით; არც უსამართლობის განცდაა უცხო, თუმცა, აღშფოთებას აზრი მაინც არ აქვს, რადგან, საქმე შეიძლება გართულდეს და სერიოზულ ჩხუბამდეც მივიდეს. გაცილებით ჯობია, გავარკვიოთ, რაშია საქმე და რა გვაწუხებს ყველაზე მეტად:

1. „მეუღლე არ ლაპარაკობს ჩემთან საკუთარ პრობლემებზე. არც ჩემი საქმეები აინტერესებს...“ – ზოგადად, მამაკაცებს არ უყვართ საკუთარ პრობლემებსა და სურვილებზე ხმამაღლა ლაპარაკი. საკუთარ თავში ჩაკეტილობა მათ ბუნებაში დევს. ქალები კი პირიქით არიან მოწყობილები – მათ ურჩევნიათ, დაიცალონ სათქმელისგან და სხვების დახმარებით მოძებნონ გამოსავალი. გასაგებია, რომ, თუკი გეტყვით გასაჭირის შესახებ, გვერდშიც დაუდგებით, მაგრამ, დუმს, როგორც პარტიზანი და, რა გინდა, ქნა?! აჯობებს, საერთოდ დაანებოთ თავი და დაელოდოთ, სანამ თვითონ არ აიხსნის ენიდან კლიტეს. ზედმეტი შეკითხვებით უფრო გააღიზიანებთ  და, გამორიცხული არ არის, სხვაზე გაბრაზებულმა, ჯავრი თქვენზე იყაროს.

2. „თვითონ ვერ ახერხებს ამიხსნას, რა უნდა და ჩემზე ბრაზობს...“ – ესეც მამაკაცური ბუნების ბრალია. მათ დეტალებზე კონცენტრაცია უჭირთ. მით უმეტეს, საერთოდ არ ესმით ნართაულები და  ვერც მინიშნებას გაიგებენ. ამიტომ, სათქმელი ყოველთვის მოკლედ და ძალიან კონკრეტულად უნდა უთხრათ – ეს ერთადერთი გამოსავალია. რაც შეეხება იუმორს, შეეგუეთ იმას, რომ კაცს უხეში და მძიმე იუმორი აქვს, თან, ზოგჯერ არცთუ სასიამოვნო.

 

სცადეთ, მოეწონება!

 

მამაკაცს მოსწონს, როცა მის გარეგნობასა და ჩაცმულობაზე საყვარელი ქალი ზრუნავს. ეხმარება სტილის შერჩევაში, მერე კი კომპლიმენტებს არ იშურებს. თუ არ დაიზარებთ და მეუღლის მხარდამჭერი გახდებით, ამით მხოლოდ მოიგებთ – გაიგებთ მისი სურვილების, გემოვნებისა და ოცნებების შესახებ და, თანაც უფრო დაუახლოვდებით – მამაკაცები ხომ ბოლომდე მოზრდილ ბიჭუნებად რჩებიან. ბავშვობაში მათ გარდერობზე დედა ზრუნავდა. არც ახლა იქნებიან წინააღმდეგნი, თუკი დედის ფუნქციას საყვარელი მეუღლე შეასრულებს. ნურასოდეს ეტყვით უარს, როცა რჩევისთვის მოგმართავთ და რამდენიმე პერანგს გაჩვენებთ – არ დაგეზაროთ, ყურადღებით შეათვალიერეთ და არჩევნის გაკეთებაში გულწრფელად დაეხმარეთ – ხომ გინდათ, თქვენი მეუღლე საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს და წარმატებასაც მიაღწიოს?! სხვათა შორის, დიდი მნიშვნელობა აქვს პერანგის ფერს და, გარდა ამისა, ქალის მსგავსად, მამაკაცსაც სჭირდება, იყოს დარწმუნებული იმაში, რომ კარგად აცვია, კარგად გამოიყურება და საზოგადოებისთვის მისაღებია, მით უფრო, თუ ის საქმიანია და აქტიური. თქვენ ხომ გაქვთ სურვილი, მეუღლეს მოსწონდეთ, უყურადღებოდ არ რჩებოდეს ის სიახლეები, რაც თქვენს ჩაცმულობაში შეიტანეთ? ზუსტად იგივე უნდა მამაკაცსაც. ამიტომ, შეეცადეთ, ამ დროს იყოთ გულწრფელი და ღიმილიანი.

დააკვირდი და მიხვდები!

 

გაგება იმისა, ცრუობს თუ არა მამაკაცი, საკმაოდ იოლია. ქალების უმრავლესობა მყისიერად შიფრავს ტყუილს. თუკი ეს თავად უნდა და სჭირდება. დიახ, ნამდვილად არის მომენტები და სიტუაცია, როცა ქალისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს მამაკაცის სიცრუეში გამოჭერა. ანუ, როცა ქალი „ვერ ხედავს“, რომ კაცი მას ატყუებს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგნებულად იტყუებს თავს. სამწუხაროდ, ასეთი ურთიერთობა ხანგრძლივი არ არის.

დააკვირდი და მიხვდები, რომ საკმარისად ბედნიერი ხარ. მთავარია, მიხვდე, რომ ბედნიერება ის არის, რაც ახლა გაქვს, რაც შენთან და შენ გვერდით არის. არ უნდა იცხოვრო რაღაც ჯადოსნურის და არაჩვეულებრივის მოლოდინში.

კიდევ, უნდა დააკვირდე იმ ადამიანს, რომელიც გვერდით გყავს... ხშირად და კარგად უნდა დააკვირდე. გაგახსენდება, რა მოგწონდა და რას აფასებდი მასში. დაინახავ ყველა იმ დადებით თვისებას, რისთვისაც შეიყვარე და მაშინ აღარ გაგიჭირდება, გახდე უფრო დამთმობი და მიმტევებელი. აღარ გამოეკიდო წვრილმანებს და უფრო ხშირად შეინარჩუნე სიმშვიდე. არ შეიძლება, დაგავიწყდეს ის, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ის შენ არ გგავს და არც უნდა გგავდეს. ნუ მოახვევ მას თავზე შენს განუხორციელებელ ოცნებებს და ნუ შეაწუხებ წუწუნით. მას ნამდვილად აქვს უფლება, საკუთარი ოცნებები ჰქონდეს. როცა ამას ჯეროვნად გააცნობიერებ, ურთიერთობა ბევრად გამარტივდება და კონფლიქტებიც გაცილებით ნაკლები გექნებათ.

скачать dle 11.3