რომელი საკვები უხდება მხედველობას
რომელი ვიტამინის დეფიციტი იწვევს ადამიანის ნერვული სისტემის დარღვევას
სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია, ორგანიზმი მომარაგებული იყოს რიბოფლავინის, ანუ, B2 და თიამინის, ანუ B1 ვიტამინების საჭირო რაოდენობით. რიბოფლავინი საჭიროა იმისთვის, რომ კანი ჯანმრთელი და გადატკეცილი იყოს. ეს ვიტამინი აუცილებელია კარგი მხედველობისთვისაც. თვალების ანთების დროს მიიღეთ 3 მილიგრამი რიბოფლავინი, დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ხშირად ადამიანი რიბოფლავინის შემცველ ბევრ პროდუქტს მოიხმარს, მაგრამ, მაინც განიცდის ამ ვიტამინის დეფიციტს. ეს ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, ეს ვიტამინი ძალიან მგრძნობიარეა სინათლის მიმართ. თუ რძეს ინახავთ შუშის ჭურჭელში, სინათლეზე ის კარგავს რიბოფლავინის მნიშვნელოვან რაოდენობას. ზოგჯერ B2 ვიტამინის უკმარისობა წარმოიქმნება იმის გამო, რომ ორგანიზმი არ შეითვისებს ან ცუდად შეითვისებს მის რომელიმე პროდუქტს.
რიბოფლავინის დეფიციტი იწვევს საჭმლის მონელებისა და ნერვული სისტემის აშლილობას, ქრონიკულ კოლიტსა და გასტრიტს, ასევე, სისუსტეს, კანის სხვადასხვა დაავადებას; აქვეითებს წინააღმდეგობის გაწევის უნარს დაავადების მიმართ. B2 ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: კომბოსტო, ახალი ბარდა, ვაშლი, ნუში, მწვანე ლობიო, პომიდორი, თალგამი, ხორბალი, ლუდის საფუარი, ღვიძლი, საქონლის ხორცი, რძე და რძის პროდუქტები.
თიამინი ანუ B1 ვიტამინი განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზმისთვის, როგორც რიბოფლავინის თანამგზავრი, რადგან, B ჯგუფის ყველა ვიტამინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ერთ-ერთი მათგანის მიღებით თქვენ ზრდით ორგანიზმის მოთხოვნილებას დანარჩენზე. თუ ორგანიზმს არ ჰყოფნის B ჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინი, კვების რაციონში ჩართეთ ლუდის საფუარი. თიამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს წარმოიქმნება ნერვული სისტემის აშლილობის სხვადასხვა ნიშანი, მაგალითად, პოლინევრიტი.
თუ გაწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, გაქვთ გაუვალობა, ეს არის B1 ვიტამინის არასაკმარისი შემცველობის სიმპტომი. მიირთვით დაცეხვილი ხორბლის პური ან დაუფქვავი ბურღულის ფაფები. ასევე, B1 ვიტამინის ძირითადი წყაროებია: ჭვავი, შვრია, ლობიო, სატაცური, კარტოფილი, ღვიძლი, ქატო.
ნახშირწყლებით ღარიბი საკვები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას
ისინი, ვინც ხანგრძლივად და ხშირად იცავენ ნახშირწყლებით ღარიბ დიეტას, სერიოზული დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგებიან. კვების რაციონში ნახშირწყლების მკვეთრმა დეფიციტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს თირკმელების მუშაობის სერიოზული დარღვევები.
ასეთი ტიპის დიეტა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების, დიაბეტის, ინსულტისა და კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარების რისკს. მას ხანმოკლე გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს, კერძოდ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა, თავის ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა საერთო სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება და ასე შემდეგ.
ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით შეიცავს: კარტოფილი, შაქარი, მაკარონი, ბურღულეული, პური, არაჟანი, ქიშმიში. ამიტომ, მათი მთლიანად გამორიცხვა მენიუდან ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.
მოამარაგეთ ორგანიზმი პოლივიტამინებით
ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ამიტომ, პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები ტვინის მოქმედებასაც გაააქტიურებს და ორგანიზმს სიმხნევესაც მიანიჭებს. ასევე, ამაღლებს ტონუსს, გუნება-განწყობაზე კი დადებითად აისახება.
ასკილისა და მოცხარის ნაყენი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს შავი მოცხარისა და ასკილის ნაყოფი. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით, თავდახურული. როცა ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, გადაწურეთ და თაფლით დაატკბეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი კარგია ინფექციური დაავადებების, გრიპისა და გაციების დროს.
გვირილის ნაყენი: 1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს, რომელიც აფთიაქში უნდა შეიძინოთ, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით ნახევარი საათით. შემდეგ დაატკბეთ თაფლით, დაუმატეთ ცოტა ნაღები და დალიეთ. ეს ნაყენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ის გამოგისწორებთ ძილსაც.
კუნელის ნაყენი: ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით ათი წუთით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თაფლთან ერთად.
ასკილისა და ქიშმიშის ნაყენი: ქიშმიში დანაყეთ, დაასხით ადუღებული წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაუმატეთ იმავე რაოდენობის ასკილის ნახარში. დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში რამდენჯერმე. ეს ნაყენი კარგია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ასკილიც და ქიშმიშიც გულის კუნთების გამაგრებას უწყობს ხელს.
მოცვის ნაყენი: ჭიქის ერთი მეოთხედი მოცვის დაქუცმაცებული ფოთლები ჩაყარეთ ჯამში და დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათი. სვით თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი პოლივიტამინების ნამდვილი საბადოა.
გრეიპფრუტი
სამკურნალო ხილია
გრეიპფრუტი შეიცავს ძვირფას ნივთიერებას – ნარინგინს, რომელიც უშუალოდ ნაყოფის კანის ქვეშ, წვნიან პარკებშია მოთავსებული. ის აუმჯობესებს საკვების ათვისებას და მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, წვავს ორგანიზმში დაგროვილ ზედმეტ ცხიმს. ეს ხილი კარგია შემდეგი დაავადებების დროს:
* ქოლესტერინის მომატებული რაოდენობის შემთხვევაში – გრეიპფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც სისხლში ქოლესტერინის დამწევი ყველაზე ეფექტური პრეპარატი. მისი მიღების დროს ქოლესტერინის დონე საგრძნობლად მცირდება. ამ ხილში შემავალი გლუკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს, ასევე, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიულ წნევას.
* სისხლჩაქცევების არსებობის დროს – სისხლძარღვების ელასტიკურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ბიოფლავინოიდების მაღალ შემცველობას. ეს ნივთიერებები აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას და აძლიერებს სუსტ და ნაზ კაპილარებს, ეს კი სისხლჩაქცევების გაჩენის რისკს საკმაოდ ამცირებს.
* სეზონური დეპრესია – ისევე, როგორც ბევრი სხვა ყვითელი და ნარინჯისფერი ნაყოფი, გრეიპფრუტიც აუმჯობესებს განწყობას. მას, ასევე, გამამხნევებელ-გამახალისებელი ეფექტიც აქვს, ამიტომ, მიირთვით საუზმეზე. გარდა ამისა, ის ამახვილებს სმენას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
* გადაღლა და ავიტამინოზი – გრეიპფრუტის ნაყოფი და ახალგამოწურული წვენი ორგანიზმზე მატონიზებელ ეფექტს ახდენს. განსაკუთრებით სასარგებლოა ავადმყოფობის შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში. გრეიპფრუტი ჯანმრთელ ადამიანებში სწრაფად ხსნის ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას.
* კუჭ-ნაწლავის დაავადებები – თუ გადაღლას ხშირად გრძნობთ, ესე იგი, თქვენი კუჭ-ნაწლავის იმუნური სისტემა მწყობრში ვერ არის. ამ პრობლემების დაძლევაში გრეიპფრუტის კურკები დაგეხმარებათ – მას ძლიერი ანტიბიოტიკური მოქმედება აქვს და, შეუძლია, დაახლოებით 800 სახის ბაქტერიას ებრძოლოს.
* ყაბზობა – გრეიპფრუტის თეთრი გარსი შეიცავს ბევრ ბალასტურ ნივთიერებას, რომლებიც ამცირებს ნაწლავებში საკვების დაყოვნების ხანგრძლოვობას და, ამგვარად, ხელს უშლის ყაბზობას, ანუ, კუჭის შეკრულობას.
აგრეთვე, გრეიპფრუტში შემავალი მჟავები, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
ხშირად ჭამეთ ბულგარული წიწაკა
ბულგარული ტკბილი წიწაკა 6 პროცენტ შაქარს შეიცავს. ამიტომ, ის ერთ-ერთი ყველაზე დიეტური საკვები ბოსტნეულია. დაბალკალორიული ნახშირწყლების დიეტის დროს მისი მიღება კარგ შედეგს იძლევა. ერთი ცალი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის სადღეღამისო ნორმას და ამ ვიტამინის შემცველობით ბევრ სხვა ბოსტნეულსაც უსწრებს. C ვიტამინით ორგანიზმის მომარაგება აუცილებელია, რათა ადვილად გაუმკლავდეთ ვირუსებსა და სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებას. ამიტომ, ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად ჭამოთ ბულგარული წიწაკა და შეივსოთ თქვენი ორგანიზმი C ვიტამინით.
სასურველია, ტკბილი წიწაკა მცენარეულ ცხიმთან ერთად მიიღოთ, რათა ორგანიზმმა მაქსიმალურად შეითვისოს მასში არსებული ვიტამინები. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მას მცენარეულ ზეთში მოშუშავთ და ისე მიირთმევთ.
ტკბილი წიწაკა ერთადერთი ბოსტნეულია, რომელიც კარგად ინარჩუნებს მასში შემავალ ვიტამინებს როგორც თერმული დამუშავებისას, ისე დაკონსერვების შემთხვევაშიც. ამიტომ, გირჩევთ, თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად შეიტანოთ ბულგარული წიწაკა.
რომელი საკვები უხდება მხედველობას
ფიზიკური გადაღლა, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა, ცუდ განათებაში კითხვა, ალკოჰოლი, სიგარეტი, უძილობა და ასე შემდეგ – ეს ყველაფერი აზიანებს თვალებს და მხედველობაზე ნეგატიურად აისახება. ამას ემატება მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმები და სხვა, რომლებიც ასევე ახდენს ზემოქმედებას მხედველობაზე.
ასაკის მატებასთან ერთად, მხედველობაც სუსტდება. თუ თქვენ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით – მტკივნეულად რეაგირებთ შუქზე, თვალები გეცრემლებათ, სწრაფად გეღლებათ, მაშინ, უნდა ივარაუდოთ, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც დარღვევაა, არ გყოფნით ვიტამინების მარაგი და მიკროელემენტები.
მხედველობის შესუსტებისას აუცილებლად უნდა შეიტანოთ კვებით რაციონში A, B1, B2, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. კომპლექსური, სწორი და ხარისხიანი კვების დროს არ არის აუცილებელი დამატებითი ვიტამინური პრეპარატების მიღება. უმჯობესია, ვიტამინები ნატურალური სახით მიაწოდოთ ორგანიზმს. მაგალითად:
ვიტამინ A-ს შეიცავს: ნესვი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფოთლები, მწვანე ბარდა, ხახვი, ხაჭო, ძროხის ღვიძლი, კარაქი, ნაღები, ყველი.
ვიტამინ B1-ს შეიცავს: ბარდა, სოკო, ღვიძლი, თირკმელები, ნიგოზი, ბულგარული წიწაკა, ნიორი, ქათმის ხორცი, რძის მჟავე პროდუქტები.
ვიტამინ B2-ს შეიცავს: რძე, ყველი, ხაჭო, კვერცხი, ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, თევზი, ბარდა, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი, მწვანე ხახვი, კამა.
C ვიტამინს შეიცავს: ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, მოცვი, ოხრახუში, კამა, კარტოფილი, ბულგარული წიწაკა, კომბოსტო, ციტრუსები.
E ვიტამინს შეიცავს: სოია, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შვრია, ჭვავი.
მხედველობის შესუსტების დროს, რაც შეიძლება ხშირად ჩართეთ საკვებ რაციონში ის პროდუქტები, რომლებიც ზემოთ არის ჩამოთვლილი.