კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბერის გამოცდა

ძველად მეუდაბნოე მამებს თავიანთი ნაკეთობები სავაჭროზე გაჰქონდათ, ყიდდნენ და საარსებო პურს ამით შოულობდნენ. ისინი წნავდნენ კალათებს, თიხისგან ამზადებდნენ ჭურჭელს და მოგებული თანხით პურსა და ბოსტნეულს ყიდულობდნენ.

ერთხელ ამბა აგათონი მის მიერ დამზადებული თიხის ჭურჭლის გასაყიდად ქალაქში წავიდა. ზურგზე ტომარა ჩამოიკიდა, რომელშიც სამი ქოთანი ჩადო. უდაბნოში ისე საშინლად ცხელოდა, რომ ქვეწარმავლებიც კი სოროებში დამალულიყვნენ. ამიტომ, ბერს ძალიან გაუკვირდა, როცა გზის პირას მჯდარი კეთროვანი შენიშნა.

– საით გაგიწევია, ამბა? – ჰკითხა კეთროვანმა, თან დამახინჯებულ სახეზე ხელი აიფარა. კეთროვანს ისეთი უხეში ხმა ჰქონდა, ველური მხეცის ღმუილს მოგაგონებდათ.

– ქალაქში მივდივარ, ქოთნები მიმაქვს გასაყიდად, – უპასუხა ამბამ.

– სიკეთე მიყავ, ქალაქში მეც წამიყვანე, შეევედრა სნეული.

კეთრი – გადამდები, უკურნებელი სენია. იგი ძველ დროში იყო გავრცელებული. კანონით ამ დაავადებით სნეული ადამიანები დაბა-ქალაქებიდან განიდევნებოდნენ და უდაბურ ადგილებში ერთად სახლობდნენ. მათ უფლება არ ჰქონდათ, დასახლებულ რაიონებში შესულიყვნენ და ადამიანებს გაჰკარებოდნენ. მაგრამ, ამბას შეეცოდა საბრალო სნეული, ზურგზე წამოიკიდა და ქალაქისკენ გაეშურა. „იქნებ როგორ უნდა ამ უბედურს სიკვდილის წინ თავისი ახლობლებისა და მეგობრების მონახულება“, – ფიქრობდა ამბა. როცა ქალაქის კარიბჭეს მიუახლოვდნენ, კეთროვანმა ტომარა შემოიხვია, რომ ქალაქის მცველებს ეფიქრათ, თითქოს მეუდაბნოე ბერს რაღაც ტვირთი მიჰქონდა. როცა ქალაქში შევიდნენ, კეთროვანმა უთხრა:

– მეც ბაზარში წამიყვანე და იქ დამსვი, სადაც ჭურჭლის გაყიდვას აპირებ.

ამბა აგათონმა იგი ბაზარში მიიყვანა და ფრთხილად ჩამოსვა. ბერები თავის ჭურჭელს ისე ჰყიდნენ, არავის ევაჭრებოდნენ, – რასაც შეაძლევდა მყიდველი, თანხმდებოდნენ.

როცა ამბამ პირველი ქოთანი გაყიდა, კეთროვანმა ჰკითხა:

– რამდენად გაყიდე შენი ქოთანი?

– ერთ მონეტად, – მიუგო ბერმა.

– მაგ ფულით ტკბილი ნამცხვარი მიყიდე, – სთხოვა სნეულმა.

ამბამ კეთროვანს ნამცხვარი მიართვა და მალევე მეორე ქოთანი სარფიანად გაყიდა.

– ამბა, რამდენად გაიყიდა შენი მეორე ქოთანი? – მაშინვე ჰკითხა ტომარას ამოფარებულმა კეთროვანმა.

– ორ მონეტად, – მიუგო ამბამ.

მაგ ფულით კიდევ ერთი ნამცხვარი მიყიდე, თორემ შიმშილისგან ვკვდები, – კვლავ ამოიღმუვლა კეთროვანმა. ბერმა მორჩილად აღუსრულა ეს სათხოვარიც. როგორც კი კეთროვანმა ნამცხვარი აიღო, უტიფრად გადაიხარხარა:

– არ გაგიმართლა, ამბა, რომ გზაზე შემოგხვდი. ამ თანხით შენ ბევრი ორცხობილის ყიდვა შეგეძლო, ახლა კი შენს სენაკში ისევ მშიერი დარჩები.

– არა უშავს, – მშვიდად უპასუხა ბერმა, – მთელი ჩემი ცხოვრება სულ ვშრომობ, პურის ფული რომ ვიშოვო, მაგრამ უფალი რომ არ მასაზრდოებდეს, ვერ შევძლებდი ლუკმაპურის მოპოვებას.

ბოლოს ბერმა უკანასკნელი ქოთანიც გაყიდა და კეთროვანმა კვლავ შესთხოვა.

– კიდევ ერთი ტკბილი ნამცხვარი მიყიდე, შემდეგ ისევ უკან, უდაბნოში მიმაბრუნე და იმ ადგილას დამსვი, სადაც შემოგხვდი, – ჩემი ქალაქში დარჩენა არ შეიძლება.

ამბა აგათონმა ყოველივე მორჩილად აღასრულა. კეთროვანი უდაბნოში გზის პირას ჩამოსვა და როგორც კი სენაკისკენ წასვლა დააპირა, ზურგს უკან ენით აღუწერელი მშვენიერი ხმა შემოესმა.

– კურთხეულ ხარ, შენ, აგათონ, უფლისაგან ორთავ სოფელში.

ამბა მიბრუნდა და იხილა, როგორ ამაღლდა ზეცად ბრწყინვალე ფრთების მქონე უფლის ანგელოზი, რომელიც მას კეთროვანის სახით მოევლინა, რათა ბერის უდიდესი მორჩილება გამოეცადა.

скачать dle 11.3