მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ოჯახის წევრთან ქონების გაყოფასთან დაკავშირებით გამირთულდა ურთიერთობა. ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და ასეთი ცხოვრება ძალიან მიმძიმს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: არ არსებობს საერო საკითხი, სახარებისეული სიბრძნე რომ არ ესადაგებოდეს. სახარების მიხედვით კი, უფალი ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლის, სიყვარულის უნარი ნებისმიერ ქონებაზე მეტია. ოჯახის წევრებს შორის ქონებისთვის ასე გართულებული ურთიერთობები ბოროტი ძალისგან არის შთაგონებული. ილოცეთ თქვენი ოჯახისთვის და უფალი შეგეწევათ.
კითხვა: მშობლები ათეული წლის წინ გარდამეცვალა. ბოლო დროს ძალიან ხშირად მეცხადება მათი სახეები, თუმცა არაფერს ამბობენ. როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: მათ სახელზე მღვდელმსახურს გადაახდევინეთ პანაშვიდი, მოიხსენიეთ პირად ლოცვებში და წირვის დროს – პროსკომიდიაში. ისინი თქვენგან ლოცვასა და შეწევნას მოითხოვენ.
კითხვა: გთხოვთ გვიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა ეკლესიური წესით, ერთი ბავშვი მონათლოს ცოლ-ქმარმა?
პასუხი: რადგან ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინება აკრძალულია, ცოლ-ქმარიც ვერ მონათლავს ერთ ბავშვს. როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, ცოლ-ქმარი „ერთ სულ და ერთ ხორც არს“. თუმცა, ცოლ-ქმარი ვალდებულია, იზრუნოს ერთმანეთის ნათლულებზე.
კითხვა: რა ძალები გვეღობებიან სასუფევლის გზაზე?
პასუხი: სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე სამი უმთავრესი მტერი ჰყავს ადამიანს. პირველი – ხორციელი ზრახვებით, ცოდვით ვნებული ჩვენი ბუნება; მეორე – ურწმუნო, ცოდვით დაცემული ადამიანები და მესამე – ეშმაკი. ეს ყველაფერი გვიბიძგებს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, მათ ნებას დავექვემდებაროთ და დავკარგოთ ცათა სასუფეველი.