ჭეშმარიტი სარწმუნოება
ამაოდმეტყველება და სულიერი საუბარი
მოხუცებულ კასიანეს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მარხულობდა, ერთ ბერთან სულიერი საუბარი ჰქონდა. რადგან მათი საუბარი საკმაო ხანს გაგრძელდა, ბერმა თვლემა დაიწყო. ღირსი კასიანე შეწუხდა ბერის დაუდევრობის გამო და მოისურვა, მის წინაშე მაცდური სულის ქმედება გაემჟღავნებინა. მან ისეთი საუბარი დაიწყო, რაც მხოლოდ მხიარულად დროის გატარებას შეეფერებოდა... უეცრად ბერმა გამოიღვიძა და ყურისგდება დაიწყო, რათა არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. მაშინ კასიანემ მძიმედ ამოიოხრა და ბერს უთხრა: „რა საბრალონი ვართ! სანამ ზეციურზე ვსაუბრობდით, ჩვენი ყურადღება თვლემამ გაფანტა; როგორც კი ბაგეებს მხიარული სიტყვა მოსწყდა, გამოვიღვიძეთ და ძილმაც გადაიარა“.
ამ შეგონებით გულის სიღრმემდე შეძრული ბერი, მას შემდეგ მუდამ ევედრებოდა უფალს, რათა აღარასოდეს ჩასძინებოდა სულიერი საუბრის დროს და მეყსეულად ღრმა ძილი მოევლინა მისთვის, როგორც კი ამაოდ მეტყველება შემოეპარებოდა, ანდა სხვა სახელის აუგად ხსენებას დაიწყებდა.
ჩვენც ამ დაუდევარი ბერის მსგავსად, ყველაფერს სიამოვნებით ვუსმენთ, ზნეობრივი განსწავლის ნაცვლად. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბერი გამოსწორდა, ჩვენ კი უმეტესწილად, როგორც ვცხოვრობთ, ისევე ვკვდებით.
უფალი მხოლოდ წმიდა გულითა და სუფთა ხელებით შეწირულ მსხვერპლს იღებს ჩვენგან
ქალაქ ელცის მოსახლეობაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა ღვაწლმოსილი მღვდელი, ქრისტეს ნამდვილი მსახური, მამა იოანე. სხვა მრავალ კეთილ საქმეთა გარდა, ის გამოირჩეოდა სრული უპოვარებითა და ღარიბებზე ზრუნვით.
ერთმა საკმაოდ მდიდარმა ვაჭარმა, რომელმაც ქონება მოტყუებით დააგროვა, დიდი ტაძარი ააშენა და მის სანახავად მამა იოანე მიიწვია. მოძღვარი დიდხანს არ თანხმდებოდა, ბოლოს კი დემორჩილა მის დაჟინებულ თხოვნას და მასთან ერთად ტაძრისკენ გაემართა.
თვითკმაყოფილი ვაჭარი დაწვრილებით მოუთხრობდა ბერს და ცდილობდა, მისი ყურადღება ტაძრის მოცულობისა და მდიდრული მორთულობისკენ მიეპყრო. მაგრამ, მისდა გასაოცრად, მამა იოანე მდუმარედ უსმენდა.
– შეხედე, მამაო,– უთხრა ბოლოს ვაჭარმა, – რა დიდი ფართობია, რამდენი ადამიანი დაეტევა მასში!
– მართლაც დიდი ფართობია, ვერაფერს იტყვი, უპასუხა მამა იოანემ, – მაგრამ ის მაინც ვერ დაიტევს შენგან განაწყენებულ ადამიანებს. შენ მიერ მოტყუებული ადამიანების ამ ტაძარში დასატევად, მას კიდევ საკმაოდ დიდი ფართობი უნდა მიემატოს! რა თქმა უნდა, კარგი საქმეა ტაძრის აშენება, მაგრამ იქნება კი ეს საკმარისი, რათა შენი უკანონობანი დაფაროს? ყველა წყენა, ოხვრა და ცრემლი ადამიანებისა, რომელთა წინაშეც შენ დამნაშავე ხარ?
გონივრული სიტყვაა! იმისთვის, რომ ჩვენ მიერ შეწირული მსხვერპლი ღმერთმა მიიღოს, ის წმიდა გულითა და სუფთა ხელებით უნდა შეიწიროს...