რის გაკეთებას აპირებდა გიორგი გურგულია სასაზღვრო ზონებში და რამდენჯერ ჰყავს მას „მოკლული“ ზურა ბეგალიშვილი
გიორგი გურგულია: ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ შვილიშვილი შემეძინა – ნინო გურგულია.
– გილოცავთ!
– გმადლობ. 20 იანვარს გაჩნდა ჩვენი პატარა. მე მყავს და – ნინო გურგულია. ჩემს შვილსაც ეზრდება გიორგი გურგულია, ის ახლა 10 წლისაა. გამოდის, და-ძმა – ნინო და გიორგი გურგულიები განმეორდნენ სხვა თაობაში.
– იმიჯი შეგიცვლიათ, წვერით დადიხართ...
– წვერი იმის გამო მოვუშვი, რომ ფილმში მიღებენ – მთელი თვეა, გაუპარსავი დავდივარ.
– რა ფილმია?
– ეს არის „კრიმინალები”. ქართული კრიმინალური კომედიაა. ალბათ, ამ გაზაფხულზე გამოვა.
– ვინ არის ამ ფილმში თქვენთან ერთად დაკავებული?
– ზურა ბეგალიშვილი – „ორმაგ სახეში” ხომ ვკლავ მას „კიპიტელნიკით”, მერე, რომელიღაც ფილმშიც ვკლავ თოფით და ახლა ამ ფილმში მესამედ ვკლავ. მე ვუთხარი, რომელ ფილმშიც გადაგეყარე, არც ერთში არ გაგახარე-მეთქი.
– როგორც ვხვდები, ამ ფილმშიც არ ღალატობთ თქვენს სამსახიობო იმიჯს.
– დიახ, ისევ ბანდიტები, კრიმინალები... აღარ დამთავრდა კრიმინალების ისტორიები ჩემს კინოში. იმედია, როდესმე შეყვარებულის როლსაც ვითამაშებ. სამწუხაროდ, კინო ეგრეა, რომელიმე ჟანრს თუ კარგად გაართვი თავი, მერე ყველას ჰგონია, მხოლოდ იმ ჟანრით უნდა დაგაკავოს. რუსეთშიც მთხოვენ დარჩენას. მათაც არა ჰყავთ ბანდიტების როლის შემსრულებლები.
– მით უმეტეს, კავკასიური გარეგნობით.
– ჰო. საერთოდ იშვიათია, ადამიანი კარგად იცნობდეს ქუჩას, იქაურ ქცევებს და თან, თეატრალურზე ჩააბაროს. ამიტომ, ჭირს კრიმინალური სახეების აღმოჩენა კინოსთვის. ამერიკაშიც ასეა, ალ პაჩინომ და ვიღაცეებმა, ვინც ცნობილი ბანდიტები ითამაშეს: „შრამიანი სახე,” „სკარლიტოს გზა”, დიდხანს იცხოვრეს სხვადასხვა კრიმინალის ცხოვრებით. თუმცა, ამერიკა ამერიკაა და იგივე ალ პაჩინომ დრამატული როლებიც შეასრულა რაღაც პერიოდის შემდეგ. ამერიკას ვერ შევედრებით. იქ წელიწადში 300 ფილმს მაინც იღებენ და ჩვენთან...
– რუსეთიდან რა შემოთავაზება გაქვთ?
– სერიალზეა საუბარი, მაგრამ ვარიდებ თავს. ვფიქრობ, იქ სერიოზული არეულობა დაიწყება, რადგან მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ასწავლოს ჭკუა რუსულ ოკუპაციას. უნდათ, რომ ფინანსები გაუყინონ. უცხოეთთან ფინანსური ურთიერთობა შეწყდება და რუსეთი დიდ კრიზისში მოვხდება, როგორც მე ვფიქრობ. ჯვარი წერია, მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყოს.
– თქვენ ბოლო წამოწყებაზე ვისაუბროთ...
– სიამოვნებით. დაახლოებით 10-15 წელია, რაც ამ პროექტზე ვფიქრობდი. ის 4 ნაწილისგან შედგება. როდესაც რუსეთმა დაიწყო მცოცავი ბარიერები და ჩვენს მიწაზე გადმოსვლა, ჩვენ დავგეგმეთ ერთი აქცია, რომლის განხორციელებასაც გიორგობას, 23 ნოემბერს ვაპირებდით. აქციაში რა იგულისხმება – გვინდოდა ტელეხიდის მოწყობა, რომელშიც რუსი და ქართველი მომღერლები და საერთოდ, ხელოვნების დარგის წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას. აქცია, ეგიდით: არა სიძულვილს და დაგვენგრია, პირობითად აშენებული, სიძულვილის კედელი.
– რატომ არ განხორციელდა პროექტის ეს ნაწილი?
– 23 ნოემბერს სამიტი ემთხვეოდა და პატრიარქმა თქვა, სხვანაირად არ გაიგონ ეს აქციაო. ამიტომ გადაიდო, თორემ თვითონ პროექტის ეს ნაწილი, ძალიან მოეწონა უწმინდესს, ისე როგორც მთელი პროექტი.
– რა ჰქვია ამ პროექტს?
– დავიწყებ იქიდან, რომ შევქმენით ფონდი, რომელსაც ჰქვია „სიყვარულის მატარებელი”. „მატარებელი” აქ ორივე გაგებით იგულისხმება. პროექტის ფარგლებში შედის, რომ მატარებელი მოიხატოს სიყვარულის სიმბოლიკებით: ამურებით, გულებით... საერთაშორისო პროექტია. ამერიკიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოკლედ, მსოფლიოს უამრავი კუთხიდან ჩამოსული ხალხი თავს იყრის ამ მატარებელში. ჩვენ მათ ვამოგზაურებთ მთელ საქართველოში სიყვარულის მატარებლით ქართველ ხელოვან მგზავრებთან ერთად. გზად ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია შემოგვიერთდეს. გვინდა, საქართველოს ყველა კუთხე მოვიაროთ: ზოგან ნაჩხუბარი მეზობლები შევარიგოთ, ზოგს ღობე შევუკეთოთ, დავეხმაროთ, ვუმღეროთ... აქ ფიზიკური თანადგომაც შედის და სულიერიც. იგრძნონ, რომ მიტოვებულ სოფელშიც ახსოვთ, სადაც შეიძლება, ცნობილმა პიროვნებამ კარი შეუღოს, წყაროდან წყალი მიუტანოს, სადილი მასთან ერთად გაამზადოს და ვახშმადაც მასთან მოილხინოს.
– სად არის სიყვარულის მატარებლის ბოლო გაჩერება?
– რა თქმა უნდა, „სიყვარულის სოფელში”. იქ იცხოვრებენ მოხუცი უსახლკარო ბებია-ბაბუები და ასევე უსახლკარო მოზარდები, რომელბიც იმ ასაკში არიან, როცა ყველაზე უფრო სჭირდებათ ყურადღება, სიყვარული და თანადგომა. მოგეხსენებათ ბავშვთა სახლებს 18 წლიდან უკვე ტოვებენ აღსაზრდელები და უცებ ქუჩაში აღმოჩნდებიან უდედმამო, უსახლკარო, ბევრი „უ-ებით.” ძნელია, ასეთ მომენტში ფეხი აუწყო ცხოვრებას... სწორედ ამიტომ, მივიღეთ სიყვარულის სოფლის დაარსების გადაწყვეტილება. საპატრიარქოც აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია. სასაზღვრო ზონებში, პირველი 10 ჰექტარი გამოიყო ამ სოფლისთვის. ორ შენობაში სახლდებიან მოხუცები და ბავშვები, მოზარდები, რომელთაც პირველი 6 თვის განმავლობაში ფსიქოლოგები აკვირდებიან. სწავლობენ მათ ფსიქოტიპებს: თუ როგორ შეეწყობიან ერთმანეთს, ვინ ვისთან შედის უკეთ კომუნიკაციაში, სამომავლოდ რა შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე და ასე შემდეგ. 6 თვის შემდეგ ამ ადამიანებს ასახლებენ კომლებად. არჩევენ ბებია-ბაბუას და რამდენიმე შვილიშვილს. აძლევენ ძროხას, ქათმებს, ბაღ-ბოსტანს გამოუყოფენ, პირველი ეტაპისთვის ამუშავებინებენ კიდეც. მოკლედ, პირველი ეტაპისთვის ყველანაირად ეხმარებიან, მერე უკვე მათზეა დამოკიდებული, როგორ გაუძღვებიან ამ ყველაფერს.
ასეთივე სოფლები გაშენდება სხვა სასაზღვრო ზონებშიც. ახლა ხომ ოსეთია ყველაზე რთული რეგიონი. ამ ზონაშიც გაშენება სიყვარულის სოფელი. როგორც მანამდე იყო შერეული ოჯახებით, ახლაც ასე გაგრძელდება.
– ძალიან საინტერესო პროექტია. მსგავსი არსებობს სადმე?
– არა.
– საიდან, როგორ მოგივიდათ ასეთი იდეა?
– დედაჩემს დაჰყავდა კომუნებში ნარკომანები უცხოეთში. იქ არსებობს კომუნები, სადაც ნარკომანები თვითონ შრომობენ, იკვებებიან, ხატავენ, ხეში ჭრიან და შემდეგ ამის რეალიზაციით საზრდოობენ. ამ კომუნაში დროთა განმავლობაში ოჯახებს ქმნიან, მრავლდებიან. იყო ასეთი პიროვნება – ენგელმაიერი, რომელიც მილიარდელი გახლდათ. მან ნარკომანებისთვის ორასამდე ასეთი კომუნა ააშენა. ეს კაცი, თავის დროზე ჰიპი იყო, ებრაელი. იქ თვითონაც იცხოვრა გარკვეული ხნის განმავლობაში ნარკომანის ცხოვრებით, შემდეგ შეძლო და მოერია ამ სენს და მომავალში უკვე სხვებს ეხმარებოდა თავისი მეთოდით ამ სენის დამარცხებაში. არსებობს უამრავი ფოტო, სადაც ენგელმაიერი გადარჩენილი თაობის შთამომავლობასთან, ათასამდე ბავშვთან ერთადაა დაფიქსირებული.
ამ პროექტმა მომცა მიმართულება სიყვარულის სოფლის შექმნისკენ. ნარკომანებზეც ვფიქრობდი და კარგი იქნებოდა, ჩვენთანაც განეხორციელებინათ ეს პროექტი. დედაჩემს 90-იან წლებში ჰყავდა ჩამოყვანილი ამ პროექტის ხელმძღვანელობა საქართველოში, მაგრამ არ მოხდა მათი ჩვენთან თანამშრომლობა.
– რა იყო ამის მიზეზი?
– როგორც მათ განმარტეს, ქვეყანაში, სადაც პოლიცია ნარკომანებს დასდევს, ესე იგი, თვითონ პოლიციაა დაინტერესებული ნარკოტიკების რეალიზაციით. ანუ, მაფიაა და ჩვენ მაფიასთან ვერ ვითანამშრომლებთო.
ენგელმაიერის პროექტის მაგალითზე, ჩემი პროექტით ორ თაობაში გავანაწილე სათნოებისა და თანადგომის სურვილი. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროექტში დასაქმებული ყველა ხელოვანი, რომელთა ჯარიც დგას, აქტიურადაა ჩართული სიყვარულის სოფლის მკვიდრთა ცხოვრებაში. ვიღაცა ადის იქ და მინანქრის მასტერ-კლასებს უტარებს, ვიღაც ხატვას ასწავლის, ვიღაც სიმღერას და ასე შემდეგ.
– ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ პროექტის ფარგლებში თქვენ გვერდით დგანან?
– თავიდან იყო ფონდი „კეთილსოფელი,” რომელიც ზაფხულში მე და გია ნიკოლაძემ დავაარსეთ. მერე ჩვენი განშტოება მოხდა, რადგან ფონდის წევრების ნაწილს სურდა, ინვალიდები და უსინათლოებიც ჩაერთო ამ პროექტში. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა, მაგრამ პირველ ეტაპზე განუხორციელებად მიმაჩნია. სიყვარულის სოფელში უსინათლოს ან ინვალიდს სოფლის მეურნეობაში, ან მესაქონლეობაში ვერ ჩართავ, გაუჭირდება... როდესაც მოვძლიერდებით, მერე უკვე შესაძლოა, ამ მიმართულებითაც დავიწყოთ მუშაობა. გია ნიკოლაძე ჩვენთანაც არის და იქითაც. მე და ერეკლე ბადურაშვილმა დავაარსეთ ფონდი „სიყვარულის მატარებელი”, მაგრამ გვინდოდა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ მასში ჩართულნი. თავიდან ჭაბუა ამირეჯიბთან მივედით. მან მოგვიწონა იდეა. შემდეგ ნანი ბრეგვაძე, გურამ დოჩანაშვილი, მამა-შვილი ჩარკვიანები... ჩვენ ამ უფროსი თაობისგან და მათი ხელოვნებიდან ვეზიარეთ სიყვარულსა და სათნოებას.
მოსაშვილის ქუჩაზე ვიზრდებოდი. ჩვენი მეზობლები იყვნენ: რეზო ლაღიძე, ინოლა – მამიდაჩემი, კვერნაძეები, შანიძეები... ასეთი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი ყოველდღიურად, რამაც უდაოდ დადებითი კვალი დაამჩნია ჩემს ცხოვრებას. რაც მათ გადმოგვცეს, სურვილი მაქვს, რომ ჩვენ მომავალ თაობას გადავცეთ.
– პროექტის მეოთხე ნაწილიც გაგვაცანით.
– გვინდა, გავაკეთოთ ფილმი, სადაც ასახული იქნება, თუ რა ხდება „სიყვარულის მატარებლში.” გარდა ამისა, ბავშვებმა არ იციან, ყოველდღიურად ესმით: ალაჰმა დაგლოცოს, ალაჰი გიშველის....
– ინშალა, ინშალა...
– სწორედ ამიტომ გვინდა, გავაკეთოთ ისტორიულ-შემეცნებითი ფილმების სერია. გვინდა, ქართველ ხალხს გავახსენოთ, რა ურთიერთობები გვქონდა, რა მიწები გვაქვს დაკარგული... ყველა სიკეთესთან ერთად, ეს ფილმი ტურიზმსაც განავითარებს საქართველოში.