ხვდება თუ არა მამაკაცი, როცა მას ცოლი ღალატობს
ღალატის პატიება შეუძლიათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებსაც. თუმცა, ქალის მიერ ღალატზე თვალის დახუჭვა გაცილებით ბუნებრივ და ნაკლებად საინტერესო მოვლენად აღიქმება – მერე რა მოხდა, თუ ცოლმა ქმარს ღალატი აპატია, რა არის ამაში განსაკუთრებული?! მაგრამ, როცა პირიქით ხდება, საზოგადოება გაოცებული და გაოგნებულია: როგორ მოხდა, რომ კაცმა ქალს აპატია ორგულობა? უფრო მეტიც – შეძლო, დაევიწყებინა ეს სამარცხვინო ფაქტი და „ასეთი“ ქალი ოჯახში დაიბრუნა?! ისიც ხომ ფაქტია, რომ კაცები არ ლაპარაკობენ და ამჯობინებენ, ჩუმად იყვნენ. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობენ...
სოსო (35 წლის): გიკვირთ, რომ ხმამაღლა დავიწყე ამაზე ლაპარაკი? სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი, მაგრამ, გარშემო მარტო ის მესმის, რომ კაცები ყველანი ერთნაირად მოღალატეები ვართ, ქალები კი ანგელოზები არიან და ამ ანგელოზებს ჩვენ ვჩაგრავთ. ეს სტერეოტიპი ისეა ფესვგადგმული, რომ, როცა ქალი ღალატობს ქმარს, მაინც მას იცოდებენ და არა კაცს. გამაოგნებელი ამბავია. არ ვარ მართალი? საერთოდ არავის აინტერესებს კაცის ემოცია და განცდები... ერთხელ მაინც გაგიგიათ, ვინმეს ეთქვას, ქალს რომ ქმარმა უღალატა, ისევ ქალის ბრალი იყოო? მაგრამ, როცა ცოლია მოღალატე, იქ ერთმნიშვნელოვნად ქმარია დამნაშავე. ხომ არის ეს უსამართლობა?
– არ ვიცი. შეიძლება, მართლაც არის უსამართლობა.
– არა, ეს პასუხი ნიშნავს: არ არის უსამართლობა. თქვენც და საზოგადოების უმრავლესობაც, დარწმუნებულები ხართ, რომ ქალი მსხვერპლია, კაცი კი ყოველთვის მიხედავს და დაიძვრენს თავის „ოხერ“ თავს.
– რა გინდათ, კაცებს ყველაფერში კარტ-ბლანში გაქვთ. თუ მოღალატე კაცს ცოლი საყვარელთან სირბილს არ აპატიებს, მეგობრები და ახლობლები მას აუცილებლად გაკიცხავენ: სულელია, ოჯახი ასეთი წვრილმანისთვის როგორ უნდა დაანგრიოო. ამაზე რას იტყვით?
– რა უნდა ვთქვა? პატიება ყველას შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ერთხელ მაინც. შანსი ყველას უნდა მისცე, უპირველესად კი – საკუთარ თავს. ერთ შანსს ყველანი ვიმსახურებთ, მით უფრო, როცა საქმეში სიყვარულიც ერევა.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ კაცსაც შეუძლია, ცოლი ისე უყვარდეს, რომ აპატიოს ღალატი და ყველა საშუალებით ეცადოს მის დაბრუნებას. ვიცი, ბევრი კაცი ამას ვერ გაიგებს, ზუსტად ისევე, როგორც ქალები ვერ უგებენ ხოლმე ქალს, რომელმაც ქმრის ღალატზე თვალი დახუჭა.
– მთლად ასეც არ არის. ზოგჯერ გასაგებია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სიყვარულია. თქვენც, ალბათ, გიყვართ ცოლი...
– ჩემი მომავალი ცოლი საკმაოდ ადრეულ ასაკში გავიცანი. ერთბაშად არ მოსულა სიყვარული, არ დამტაკებია და არ გადავურევივარ. სტაბილურად და მშვიდად ვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა. თითქოს ძალიან კარგად გავიცანი. ვერ გეტყვით, როდის მივხვდი, რომ ის უნდა გამხდარიყო ჩემი ცოლი. თუმცა, სანამ ჩემი სტაბილური შემოსავალი არ გამიჩნდა, ანუ, სანამ ვერ შევძლებდი ოჯახის სრულად უზრუნველყოფას, არ შემითავაზებია, ცოლად გამომყევი-მეთქი. მაგრამ, უკვე იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა. ნიშნობაზე მანქანა ვაჩუქე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვაყვედრი ან ვტრაბახობ, რა სისულელეა!.. მე მიხაროდა ის, რომ მას სიხარულს ვანიჭებდი. ისე მოხდა, რომ, როცა დავქორწინდით, ჩემი საყვარელი ქალი ფეხმძიმედ იყო და ხუთ თვეში შვილიც შეგვეძინა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. არავინ თქვას, რომ მამაკაცებს ნაკლებად სჭირდებათ მყუდრო ოჯახი და გვერდით ერთგული ქალი – ეს ტყუილია და ვიღაც სულელის მიერ მოგონილი მითი, რომელიც არავის სჭირდება. ჩემი ცოლი ნამდვილი „ჟანგბადის ბალიში“ იყო ჩემთვის: მისით ვსუნთქავდი და ვსაზრდოობდი; ვცდილობდი, მაქსიმალური კომფორტი შემექმნა მისთვის – ჩემი წარმატებული და მზარდი ბიზნესი ამის საშუალებას მაძლევდა. არ ვტრაბახობ, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ, იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი მივეცი, რისი მიცემაც შემეძლო. კომფორტული და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა და მეც ამით ბედნიერი ვიყავი...
– ანუ, ოქროს გალიაში ჩასვით საყვარელი ჩიტუნია და კმაყოფილი უყრიდით საკენკს, მან კი, უცებ, ამ გალიიდან თავის დახსნა მოინდომა?
– არ ყოფილა ასე, არანაირ გალიაში არ ჩამისვამს. თავისუფალი იყო, არ ვუშლიდი და არ ვუკრძალავდი არაფერს. არც ვეჭვიანობდი, ყველაფერს გეფიცებით. არც ვაკონტროლებდი...
– „არ ვეჭვიანობდიში” რას გულისხმობთ?
– იმას, რომ არ ვუძვრებოდი ტელეფონში და სოციალურ ქსელებში. არასდროს მითქვამს, რატომ იცვამ დეკოლტეს ან მოკლე კაბას-მეთქი. პირიქით, მომწონდა და მიხაროდა, როცა ჩემი ცოლი ეფექტურად გამოიყურებოდა.
– ალბათ, ყველა მამაკაცი ასეა.
– არაფერიც, ყველა მამაკაცი ასეთი არ გახლავთ. უმრავლესობას, მე ვამბობ – უმრავლესობას, ურჩევნია, ცოლი სახლში ჰყავდეს გამოკეტილი და სხვა მამაკაცების ყურადღებას არ იქცევდეს.
რვა წლის განმავლობაში ჩემი მეუღლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მქონია. ახლა უკვე ძნელია იმისი თქმა, როდის გაჩნდა ჩვენს ურთიერთობაში პირველი ბზარი. ჩემი ცოლი ერთგული რომ აღარ იყო, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. მართალი ყოფილა, კაცი ცოლის ღალატს ყველაზე ბოლოს იგებს. იცით, როგორი სანიმუშო ცოლი იყო? სამსახურში ისე არ გამიშვებდა, კართან რომ არ ეკოცნა. თუ დამავიწყდებოდა, ბრაზობდა. საერთოდ არ მეკამათებოდა, არ ჭირვეულობდა და არ ჩხუბობდა.
– ყოველთვის ასე არ იყო?
– მერე რომ დავფიქრდი, არ იყო ასე. როცა უკვე თვალები ამეხილა, ბევრი ისეთი ნიუანსი შევამჩნიე, რომ საკუთარ თავზე გავბრაზდი – ასეთი ბრმა როგორ ვიყავი-მეთქი. როცა ჩემი ეჭვები ყველაზე ახლობელ მეგობარს გავუმხილე, უცნაურად შემომხედა და მითხრა: რადგან ასეა, გეტყვი – დიდი ხანია, შენს ცოლს მეც ვამჩნევ რაღაცას. რამდენჯერმე ერთ ადგილას ვნახე, სადაც, წესით, არ უნდა ყოფილიყო. რა ვიცი, მაინც მიაქციე ყურადღებაო. მეც მივაქციე და ერთ საღამოს, სამსახურიდან მოსვლა რომ დააგვიანა, დაკითხვა მოვუწყვე. დარწმუნებული ვიყავი, რომ თავის დაძვრენას შეეცდებოდა, მაგრამ, უცებ პირდაპირ მითხრა – უკვე სამი თვეა, სხვა მამაკაცს ვხვდები. კარგია, რომ შენ თვითონ დაიწყე ამაზე ლაპარაკი. მინდოდა თქმა, მაგრამ, ვერ ვდგამდი პირველ ნაბიჯსო. მეხი რომ დამცემოდა, უფრო მშვიდად გადავიტანდი. მეგონა, სხვის თავს ხდებოდა ეს ამბავი. გაგიჟდი-მეთქი? – ესღა ვუთხარი. არა. შემიყვარდა. იმასთან უფრო კარგად ვარ. ამიტომ, გადავწყვიტე, წავიდე შენგან. ბავშვსაც წავიყვან, მაგრამ, შენ არ ინერვიულო, მასთან ურთიერთობას არ დაგიშლიო. ანუ, თავისი ჭკუით, ლმობიერადაც მექცეოდა. ჩემი რეაქცია ჯერ არაადეკვატური იყო: ვემუდარებოდი, სისულელეებს მოეშვი და შვილზე, ოჯახზე იფიქრე-მეთქი. მერე უკვე ყვირილსა და მუქარაზე გადავედი.
– რით ემუქრებოდით?
– ყველაფრით, მოკვლითაც კი. ისეთი გაცოფებული ვიყავი, არ ვიცი, რამ გამაჩერა. ალბათ, უფრო იმან, რომ ჩემი შვილის უდედოდ დატოვება არ მინდოდა. საშინელება ყოფილა კაცისთვის ასეთი ფაქტის წინაშე დადგომა. რთულია, თავს მოერიო და გამოუსწორებელი საქციელი არ ჩაიდინო. გეუბნებით, იმ მომენტში მხოლოდ და მხოლოდ ჩემმა შვილმა შემაკავა. ის უნდა ვნახო და დაველაპარაკო-მეთქი. ჩემმა ცოლმა მხრები აიჩეჩა – რაც გინდა, ის ქენი, თუმცა, ვერ ვხვდები, იმისგან რა გინდა, მე გავაკეთე არჩევანიო...
– პრინციპში, ალბათ, ასეც იყო...
– როგორ, ის კაცი საერთოდ არაფერ შუაში ყოფილა?! ჩემს ცოლს რომ ხვეწნა დაეწყო და ეთქვა, არ ნახო, მე მას აღარ შევხვდები, მაპატიე და შენთან დავრჩებიო, ალბათ, უფრო გავმწარდებოდი. შეხვედრა მეტოქესთან საშინელი იყო. მე ვფიქრობდი, რომ საქმე მუშტი-კრივით დასრულდებოდა, მაგრამ, საკმაოდ მშვიდად დავილაპარაკეთ. რომ შევხედე, ვიტყვი სიმართლეს, ბოღმით ავივსე – ჩემზე ბევრად კარგი გარეგნობაც ჰქონდა და უფრო ახალგაზრდაც იყო. სწორედ მაშინ გადავწყვიტე – ამას ცოლს არ დავუთმობ-მეთქი.
– ანუ, ბოღმა და არა სიყვარული?
– თქვენ რაც გინდათ, ის დაარქვით. მაგრამ, გადაწვყვიტე, არ მიმეცა ცოლისთვის იმასთან წასვლის საშუალება. ვუთხარი, რომ ის ვერ შეძლებდა იმ პირობების შექმნას, რომელშიც ის იყო მიჩვეული ცხოვრებას. მეტოქისა და მისი შემოსავლების შესახებ ყველაფერი გავარკვიე და ჩემს ცოლს თავისი მომავალი ცხოვრების ნათელი სურათი დავუხატე. ისიც ვუთხარი, რომ, თუ წავიდოდა, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა, მე კი ყველაფერს გავაკეთებდი, მისთვის სიცოცხლე რომ გამემწარებინა, მისთვისაც და იმ ვაჟბატონისთვისაც და ამ მუქარას აუცილებლად შევასრულებდი. კარი ფართოდ გავუღე – წადი-მეთქი... მაგრამ ერთ ცხვირსახოცსაც კი ვერ წაიღებ აქედან. ყველაფერი ჩემი ნაყიდია და თუკი იმას უნდიხარ, თავიდან შეგმოსოს და გამოგაწყოს. ვალდებული არ ვარ, სხვის სიყვარულზე ვიზრუნო-მეთქი. ბუნებრივია, არც მანქანას მივცემდი და, სამსახურიდანაც, სადაც ჩემი ხათრით და კავშირებით მოეწყო – გამოვაგდებინებდი. ეს ყველაფერი რომ გაიაზრა, მიხვდა, რომ არც ისე ძლიერად ჰყვარებია ის ტიპი.
– დარჩა თქვენთან და ეს გიხარიათ?
– რა გითხრათ, იცით? მაინც ჩემი ცოლია, ჩემი შვილის დედა და, მგონი, კარგი გაკვეთილი მიიღო. არ ვარ ის კაცი, რომელიც ეძებს და ყოველდღე იცვლის ქალებს. არ შემიძლია ოჯახის გარეშე. ერთი შანსი მივეცი ჩემს ცოლს და ახლა ვნახავ, როგორ გამოიყენებს. გაყრას ყოველთვის მოვასწრებ.