შეცვალა თუ არა ქეთა თოფურია გათხოვებამ და რას შეაჩვია მან დედა 10 წლის განმავლობაში
უკვე 10 წელია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია რუსულ შოუ-ბიზნესში წარმატებით მოღვაწეობს. ის „ა სტუდიოში” გამოჩენისთანავე მაყურებლისა და კოლეგების ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველი მომღერალი არც რუსულ პრესას რჩება უყურადღებოდ. მასზე ბევრს წერენ და სხვადასხვა გადაცემაში რადიოსა თუ ტელევიზიაში დიდი სიამოვნებით იწვევენ. ქეთა ბავშვობიდან გამოირჩეოდა დახვეწილი გემოვნებით და მას უამრავი თინეიჯერი ბაძავდა. გავიდა წლები და მისი ჩაცმის სტული კვლავ აქტუალურია. არაერთხელ დაფიქსირებულა რეიტინგის სათავეში, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად. ჩვენი რესპონდენტი ქეთას დედა, ნატა თოფურია გახლავთ, რომელიც ასევე დიდი სიმპათიითა და სიყვარულით სარგებლობს როგორც ქართული, ასევე რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებში.
– ქეთას გათხოვების შემდეგ, მარტო ცხოვრობთ მოსკოვში?
– ქეთა და ლოვა ძირითადად ცალკე ცხოვრობენ, თუმცა ქეთა ხშირად მნახულობს. ამჟამად ლოვა 2 თვით შვეიცარიაშია წასული და ქეთა ჩემთან არის. ქეთაც მასთან ერთად იყო, მაგრამ მერე კონცერტების გამო ჩამოვიდა. მოკლედ, დადის აქეთ-იქით, რა ქნას. ასე რომ უყურადღებოდ არ ვარ, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს.
– ქეთასთვის დღემდე ძალიან კარგი მეგობარი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთას ხშირად ნახულობთ, ალბათ, მისი გათხოვების შემდეგ, მაინც ისე ახლოს ვეღარ ხართ ერთმანეთთან.
– ქეთა ჯგუფთან ერთად, უკვე წლებია, კონცერტებს მართავს. ხშირად უწევთ მოსკოვიდან სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში გადაფრენა. ასე რომ, ქეთას არყოფნას უკვე 10 წელია, შევეჩვიე. ჩემთვის ის მომენტი, რომ შვილი გათხოვების შემდეგ დავკარგე, ნამდვილად არ არსებობს. თან, როცა ქეთას სხვა ქალაქში აქვს კონცერტი, ლოვა მარტო არ მტოვებს და ხშირად მოდის ჩემ სანახავად.
– ყველა სიძე კი არ არის სიდედრის მიმართ ასეთი ყურადღებიანი. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ თქვენ ხართ კომფორტული და კარგი ადამიანი.
– ლოვა ჩამოყალიბებული ადამიანია, ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს. ალბათ ამან მოხიბლა ქეთაც. მე მასთან უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ქორწილამდეც, მთელი 3 წელი შეყვარებულები იყვნენ და ლოვასთან მეც მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ამიტომ, ქეთას გათხოვება და წასვლა, ვერ ვიგრძენი. მართალია, ქორწილში ცოტა დაბნეული ვიყავი და რა ხდებოდა, ნახევარი არ მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ მე არაფერი მეხებოდა, ყველაფერს ლოვა აგვარებდა. ქორწილამდე ერთი საათით ადრე მივედით მე და მისი მშობლები, სტუმრები რომ მიგვეღო. ნერვიულობით კი, ძალიან ვნერვიულობდი. თავიდან გვინდოდა, ქორწილი თბილისშიც გაკეთებულიყო, რაც არ გამოვიდა. ჩამოსვლით კი ყველა სტუმარი ვერ ჩამოვიდა, რადგან ვიზების საკითხი გართულებულია. ამის გამო, ჩემი მული ვერ ჩამოვიდა, რაზეც ძალიან დამწყდა გული. ალბათ, ბევრს დაწყდა გული, ისევე, როგორც ჩვენ. მაგრამ, ასე მოხდა. პრინციპში, ესენი ქორწილის გადახდას არც აპირებდნენ, მაგრამ შოუ-ბიზნესისთვის გაკეთდა და შოუ-ბიზნესმაც გაუკეთა თავის თავს.
– გათხოვების შემდეგ თუ დასერიოზულდა ქეთა?
– ქეთა ქორწინებამდე დასერიოზულდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნის შემდეგ სხვანაირად აზროვნებს და გაიზარდა. თუმცა, ამან ძალიან დაასერიოზულა-მეთქი, ვერ გეტყვი. ალბათ ტიპაჟია ასეთი და ყოველთვის ასე იქნება. თუმცა, რომ გაიზარდა, ამას ყველა ამჩნევს. პრინციპში, როცა ერთი ქალი ხარ და გასრტოლები და კონცერტები 7 მამაკაცთან ერთად გაქვს, ძალაუნებურად, მათ შეხედულებებს ეჩვევი. მით უმეტეს, არც ერთი არაა პატარა ბიჭი – გინდა, არ გინდა გაიზრდები. თუმცა, ქეთა ცდილობს, რომ თავისი ახალგაზრდული შემართება არ დაკარგოს.
– რა სიხშირით აქვს ქეთას კონცერტები?
– კონცერტი თითქმის ყოველდღე აქვთ. გადაღებებიც ასევე ძალიან ხშირად. კონცერტი ჰქონდათ გუშინ და დღესაც 2 კორპორატიული კონცერტი აქვთ და ასე შემდეგ.
– ალბათ, ორმაგად სასიამოვნოა, როცა ასეთ პოპულარობას უცხო ქვეყანაში აღწევ.
– ეს, რა თქმა უნდა, ჯგუფის დამსახურებაა უპირველესად, რადგან „ა სტუდიო” ძალიან უყვართ. თან, აქ ძალიან მადლიერი მაყურებელია – თუ შენს კონცერტზე მოვიდა მოსასმენად, ბოლომდე დაიხარჯება: არც „ბრავოს” ძახილით დაიღლება და არც ტაშის დაკვრით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც შემოვა დარბაზში შენს მოსასმენად. მართალია, ქართველები მუსიკალური ერი ვართ და ჩვენნაირი გემოვნება ყველას არ აქვს, მაგრამ მსმენელს თითქოს ზედმეტად ტაშის დაკვრის რცხვენია, ისევე როგორც ზედმეტი ემოციის გამოხატვა. აქ კი ემოციებს არ ფარავენ. ამით მომღერალიც ბოლომდე იხარჯება. ფონოგრამაზე არ მღერი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ხმაზე ხარ, არ ხარ, მოვიდა მაყურებელი? მაშინ უნდა იმუშაო ბოლომდე. აქ ყველა საქმე ფასდება, თუ მას კარგად აკეთებ. მეეზოვეც რომ იყო და შენს საქმეს კარგად აკეთებდე, ისიც დაგიფასდება.
– ქეთა ბავშვობიდან რომ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა, ამას ყველა აღიარებს. წლების მატებასთან ერთად, გემოვნებაც უფრო და უფრო დახვეწა. გასულ წელს შევიდა კიდევ რუსეთში ყველაზე გემოვნებიან ადამიანთა ჩამონათვალში.
– ეს მარტო გასულ წელს არ მომხდარა. ქეთა გემოვნების მხრივ ყოველთვის რეიტინგის სათავეშია. ათეულში შესვლა ამხელა ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა, მით უმეტეს, ქართველისთვის, როცა აქ არ ხარ დაბადებული. ყველას მოსწონს მისი ჩაცმის სტილი. რა თქმა უნდა, აქ ბევრს აქვს საშუალება ბრენდული ტანისამოსი ჩაიცვას, მაგრამ ქეთასი ისიც მოსწონთ, რომ ხშირად გულშემატკივრობს ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს და მათ სამოსს იცვამს. სხვათა შორის, მინდა გითხრა, რომ, რაც თბილისში იყო ადრე მოდაში, ახლა ის აქ არის აქტუალური, ხოლო რაც ადრე იყო აქ მოდაში, ამჟამად თბილისშია მოდური. ბარნოვის ქუჩაზე დავდიოდი, შავი სადა მაისური მინდოდა და ვერ ვიყიდე. მერე წავედი „კიდობანში” და იქ ვიყიდე. ამიტომ, როცა ჩამოვდივარ და რამის ყიდვა მინდა, პირდაპირ „კიდობანში” მივდივარ, სხვაგან სიარულს აზრი არ აქვს.
– ანუ, მოდამ გაცვალა ადგილი?
– კი ასეა, რუსეთში ძალიან დაიხვეწა ხალხი და გემოვნებიანად ჩაცმა ისწავლეს. სხვათა შორის, ბოლო დროს, თუ ვინმეს ქერა თმა აქვს, ის ან ჩამოსულია ან ნატურალურად ქერა თმა აქვს. ახალგაზრდებმა თმა გაიმუქეს.
– როდის გეგმავთ ჩამოსვლას?
– მაისში ჩამოვალ და თუ ყველაფერი კარგად იქნა, ერთი თვე მაინც დავრჩები.