რა ცდუნებებს უძლებს ირმა გიგანი და რაში აიყოლია მან ბიზნესმენი მამა
აპლოდისმენტები და სიყვარული ძალიან ადრეულ ასაკში ერგო. 12 წელია, სცენაზეა, და მსმენელს კვლავ აოცებს კლასიკური მუსიკის საოცარი შესრულებით. ირმა გიგანის „მუზები” მუსიკის ამოუწურავ სამყაროში, მას ისეთ ბედნიერებას და სიამოვნებას ანიჭებს, რისი გაგებაც ბევრისთვის, ალბათ, ძალიან რთულია. თავად ფიქრობს, რომ არაფრით არ არის განსხვავებული, თუმცა 17 წლის ნიჭიერი პიანისტის სამყაროში, ბევრი საინტერესო და იდუმალი რამ ხდება და ეს ცხადზე ცხადია.
ირმა გიგანი: წელს აბიტურიენტი ვარ. შესაბამისად, უფრო მეტად დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ. წინ ცხელი ზაფხული მელის. თუმცა აქტიური შემოქმედებითი პერიოდი მაქვს. სულ ახლახან მქონდა კონცერტი, რომელიც ჯანსუღ კახიძის ხსოვნას მიეძღვნა. შევასრულე რახმანინოვის მეორე კონცერტი. პირველად მომეცა საშუალება, დამეკრა ბატონ ვატო კახიძესთან ერთად. მასთან მუშაობა იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის. ის ფანტასტიკური დირიჟორია. კონცერტზე სრული ანშლაგი იყო. ერთი კვირით ადრე გაიყიდა ყველა ბილეთი, მსურველთათვის სკამებიც კი ჩადგეს. ეს ძალიან მიხაროდა, რადგან მიყვარს, როცა კონცერტზე ბევრი ხალხია. შენს ქვეყანაში რომ უკრავ, განსხვავებული განცდა გაქვს. გრძნობ, რომ სახლში ხარ, თბილად. თუმცა, საბედნიეროდ, ყველგან, სადაც კი დამიკრავს, ძალიან დიდი სითბო მიმიღია მსმენელისგან. როცა უკრავ და მასში დიდ სიყვარულს დებ, ის აუცილებლად უკან გიბრუნდება.
– უკვე 12 წელია, რაც სცენაზე ხარ. როცა უკრავ, ემოციები ისევ ისეთი მძაფრია, როგორც ადრე?
– რა თქმა უნდა. არ არსებობს, ეს ემოციები ოდესმე გაცვდეს. პირიქით, ჩემთვის უფრო და უფრო ემოციური ხდება ეს პროცესი. ის, რაც საინტერესოა შენთვის, ძალიან გიყვარს და ეს გრძნობა უფრო და უფრო გიმძაფრდება. უსიყვარულოდ ვერც ერთ საქმეს ვერ გააკეთებ, მით უფრო, შემოქმედი ადამიანი. მე ყველა კონცერტის წინ ვღელავ, ისე როგორც ადრე ვღელავდი, მაგრამ, მომემატა პასუხისმგებლობა. ეს ერთგვარად, კარგიც კია. ღელვას სცენაზე ისე ვანაწილებ, რომ ეს მხოლოდ ემოციაში გადადის, რაც კონცერტს პირიქით უხდება კიდეც. მე დამიკრავს კონცერტზე, სადაც როიალი არ ყოფილა ისეთი სტანდარტის, როგორიც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ესეც კი არ ქმნის დისკომფორტს – სცენაზე მარტო მუსიკაზე ვფიქრობ, სხვა არაფერი „მესმის”.
– ცნობილი ოჯახის შთამომავალი ხარ. ეს დაგეხმარა პროფესიულ წარმატებაში?
– არ ვიცი, სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მაგრამ ის, რომ შემოქმედებითი ნიჭი მაქვს, რა თქმა უნდა, გენეტიკის წყალობაა. შესაძლოა, სხვა რამეში მქონოდა ეს ნიჭი, მაგრამ ეს სხვა რამ რა უნდა ყოფილიყო, ვერც კი წარმომიდგენია (იცინის). ჩემი ოჯახი, რა თქმა უნდა, დამეხმარა. შესაძლოა, მქონოდა ნიჭი, მაგრამ მისი განვითარება არ მომხდარიყო, ვერ წასულიყო სწორ გზაზე – რომელი მასტერკლასი უნდა გამევლო, რომელ პედაგოგთან უნდა მესწავლა. დედა ხუთი გასტროლიდან მიშვებდა ერთ გასტროლზე, რომ ჩემი პროფესიული განვითარება სწორად წარემართა, ექსპლუატაციას არ მიწევდა (იცინის). ძალიან გამიმართლა, რომ ჩემიანებისთვის ჩემი გაგება ძალიან იოლი იყო, მით უფრო, დედაჩემისთვის, რომელიც თვითონ არის ნიჭიერი. მე მათთვის გასაოცარს არაფერს ვაკეთებდი, ეს ყველაფერი მუსიკას ეხებოდა, ჩვენს ოჯახში კი, ეს არავისთვის იყო უცხო.
– ერთადერთი, ამ სფეროსგან შორს, ალბათ, შენი ბიზნესმენი მამაა. მისი გენეტიკიდან რა „გამოგყვა”.
– როგორც დედა ამბობს, ხასიათით მამას ვგავარ – ჯიუტი ვარ და „ნაზად სვანი” (იცინის). ჩემს სწრაფ რეაქციებსაც სვანურ გენეტიკას აბრალებენ. სვანეთში სულ ერთხელ ვარ ნამყოფი, ძალიან ამაყი და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი იქიდან. ჩვენი ოჯახის წყალობით, ისე მოხდა, რომ საბოლოო ჯამში, მამაჩემისგან ძალიან კარგი მსმენელი მივიღეთ. მამა ხუმრობს ხოლმე, 17 წელია, მეცოს მასმენინებთ, თან საუკეთესო ინტერპრეტაციითო (იცინის). მამა ისეა ჩართული კლასიკურ მუსიკაში, ხანდახან მეორე ოთახიდან გამოგვძახებს, ჩქარა გამოდით, ესა და ეს უკრავს, ან საინტერესო დოკუმენტური ფილმია პიანისტებზეო (იცინის).
– თუმცა შენი „მთავარი პროდიუსერის” როლს, დღემდე დედა ირგებს.
– რა თქმა უნდა, დედა ყველა კონცერტზე ჩემ გვერდითაა. დარბაზში არ ჯდება. მიყვარს, როცა კულისებიდან მიყურებს, მისმენს. ეს ძალიან კარგ ემოციას მაძლევს.
– თილისმაა შენი?
– ასე გამოდის. მე ვერ დავუკარგავ თავის დიდ წვლილს ჩემს წარმატებაში კომპოზიტორს, ბატონ ბორის თბილელს, რომელიც ჩემი პროდიუსერი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის. მან შემთხვევით მოისმინა ჩემი შესრულებული შუმანის ჩანაწერი, როდესაც 5 წლის ვიყავი. ეს ჩანაწერი მიაწოდა მოსკოვის კონსერვატორიის პროფესურას, სადაც ძალიან გაუკვირდათ, რომ ეს ხუთი წლის ბავშვის ჩანაწერი იყო. იქიდან დაიწყო ყველაფერი. მთავარი ტექნიკური საკითხები მაინც დედაზე გადადის.
– ის, რომ ასეთ პატარა ასაკში გახდი წარმატებული, ცხოვრების განსხვავებულ წესებს არ გიყალიბებს?
– პირიქით, შეიძლება ითქვას, არსებულ წესებს სცდება. მუსიკა ჩემთვის სწრაფვაა თავისუფლებისკენ. ეს არის ის, რაც მაძლევს საშუალებას მივიღო დიდი თავისუფლება. არ ვფიქრობ, იმის გამო, რომ წარმატებული ვარ, ვინმესგან ბევრი რამით განვსხვავდები. არასდროსაა რთული, გაუძლო ასეთ „ცდუნებას”. მე არასდროს მქონია „ვარსკვლავური შემოტევა” (იცინის). ძალიან მსიამოვნებს, როცა ქუჩაში მცნობენ და სიყვარულს გამოხატავენ, მაგრამ არც ეს მაფიქრებინებს, რომ განსაკუთრებული ვარ. პირიქით, უფრო მეტად მიჩნდება გრძნობა, უკეთესად დავუკრა. შეიძლება, მე არ მაქვს იმდენი თავისუფალი დრო, რაც ჩემს თანატოლებს და დღის განმავლობაში ბევრი რეპეტიცია მაქვს, მაგრამ ეს არაა ჩემთვის პრობლემა. მე ეს სამყარო ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ხანდახან, დიდი კონცერტის შემდეგ, როცა ძალიან დაღლილი ვარ, ვფიქრობ, რამდენიმე დღეს როიალს არ მივეკარები-მეთქი, მაგრამ მაქსიმუმ, მეშვიდე-მერვე დღეს, სადაც არ უნდა ვიყო, როიალის ძებნას ვიწყებ. ასეთ მონატრებულს სასტუმროს ფოიეშიც დამიკრავს (იცინის). ჩემი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, დრო მეგობრებისთვის მრჩება. მიყვარს ოჯახში ყოფნა, დედ-მამასთან, ბებია-ბაბუასთან. მათგან ბევრ დადებით ენერგიას ვიღებ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მათ თვისებებს შევიძენ, იღბლიანი ვარ, რომ ამ ოჯახში გავჩნდი და შემიძლია, ვუყურო ამ ადამიანებს. ამით ყველაზე მდიდარი ვარ. ყველა წარმატებული კონცერტის შემდეგ, ჩვენ, მთელი ოჯახი – დედა, მამა, ბებია, ბაბუა კონცერტის გარჩევას ვიწყებთ. ამ საქმეში სახლში ყველა „დირიჟორია”. ბებია გემრიელ ნამცხვარს გვახვედრებს, ამ ტრადიციას არასდროს არღვევს (იცინის).
ეს საქმე მაძლევს საშუალებას, ვნახო ბევრი ქვეყანა, ვიმოგზაურო. დედა ყოველთვის ჩემს გვერდითაა, სულ ერთხელ გამიშვა მარტო. ფიქრობს, რომ მოვიდა ასაკი, როცა შეიძლება, მარტო წავიდე უცხოეთში. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა საფრანგეთში მიმიწვიეს გასტროლზე. მამას უთხრეს, რომ აქ ჩამსვამდნენ თვითმფრინავში, გულზე დამაწერდნენ: „მე ვარ რვა წლის ირმა გიგანი” და საფრანგეთში, აეროპორტში დამხვდებოდნენ და ისინი იზრუნებდნენ ჩემზე. დედამ ვერ გაბედა ჩემი გაშვება, მამა საერთოდ გადაირია: სულ არ მინდა თქვენი მუსიკა, ბავშვი ბანდეროლივით პილოტს არ გაატანოთო (იცინის).
– როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება 10-20 წლის შემდეგ?
– არ ვიცი, ხასიათით, ალბათ, ასეთივე ვიქნები, მაინც ჩემი გაგება მექნება. საქმე, რომელსაც ვაკეთებ, იმდენად დიდია, მასთან შედარებით, მგონია, რომ მე უფრო და უფრო პატარა ვხდები. ეს უცნაური განცდაა. ვიცი, რომ წინ ბევრი საინტერესო კონცერტი მელის. სწორედ ამით არის ეს სამყარო საინტერესო და ულევი.