კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამონაკლისი დაუშვეს „ტრანოის შოუ-რუმზე” „ატელიე კიკალასთვის“ და როგორ გადაიღო მამუკა კიკალიშვილმა პარიზში „ელ ოფისიელისთვის“

„ატელიე კიკალა“ დაახლოებით ერთი წლის არის, თუმცა, ახალბედა ბრენდმა ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია და საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. ამ ბრენდის სამოსით თვით მილა იოვოვიჩი, ელენა პერმინოვა, მირასლავა დუმა და ქეთა თოფურია პოზირებდნენ კამერების წინ. ცოტა ხნის წინ „ატელიე კიკალა“ პარიზში, „ტრანოის შოუ-რუმში“ მონაწილეობდა. ქართულმა ბრენდმა იქაც შეძლო ყურადღების მიქცევა და ბაერების მხრიდან შეკვეთების აღება. 

 

მამუკა კიკალიშვილი: ცოტა ხნის წინ „ატელიე კიკალა“ იმყოფებოდა პარიზში „ტრანოიზე“, რომელიც არის ყველაზე პრესტიჟული და დიდი „შოუ-რუმი“. ის განთავსებულია პარიზის ოთხ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას. ჩვენ „შოუ-რუმი“ გვქონდა ლუვრში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ჟურნალისტები, ბლოგერები, ბაერები, რომლებიც დიზაინერებთან ამყარებენ კონტაქტებს, წერენ მათ შესახებ და ასე შემდეგ. „ტრანოიზე“ ყველამ აღნიშნა: დაუჯერებელია, რომ ერთი წლის ბრენდს, ასეთი პატარა გამოცდილებით, მისცეს „ტრანოის შოუ-რუმზე“ დაშვების უფლებაო, რადგან,  სანამ ამ „შოუ-რუმზე“ მოხვდები, მანამდე დამწყები დიზაინერებისთვის აკეთებენ „შოუ-რუმს“ – “ახალი ტალანტები”. რამდენიმე სეზონის განმავლობაში გაკვირდებიან, რამდენად წარმატებული ხარ და ამის მიხედვით გიშვებენ შემდეგ „ტრანოის შოუ-რუმზე“.

– თქვენ როგორ აღმოჩნდით პირდაპირ ამ „შოუ-რუმზე“? 

– ლონდონში არის ქართული ბრენდი – „ეშვი“. მათმა მფლობელმა „ტრანოის“ უთხრა ჩვენ შესახებ. შემდეგ ისინი დაგვიკავშირდნენ, ჩვენ გავუგზავნეთ ახალი კოლექციის ფოტოები, აღფრთოვანებულები დარჩნენ კოლექციით და მოგვცეს „შოუ-რუმში“ მონაწილეობის უფლება. ასეთი გამონაკლისები, პრაქტიკულად, არ ხდება, რადგან, იქ მოხვედრის მსურველთა რიცხვი ძალიან დიდია, მიუხედავად იმისა, რომ იაფიც არ ღირს. პარიზი რომ უდიდესი შესაძლებლობების ქალაქია, ამაზე, ალბათ, საუბარი არც არის საჭირო. 

–  და, თქვენც, პირდაპირ პარიზიდან დაიწყეთ. 

– ეს ყველამ აღნიშნა. თუ ვინმემ პარიზამდე მიაღწია, მანამდე ხან კიევში ატარებდნენ რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩვენებას, ხან მოსკოვში, ყაზახეთში ან ბაქოში. ათეული წლების განმავლობაში ატარებენ ჩვენებებს და, ისიც, ან მოხვდნენ პარიზში, ან – არა. ჩვენ კი პირდაპირ პარიზი ამოვიღეთ მიზანში და იქიდან დავიწყეთ კიდეც. ამ ბრენდს რომ არ ჰყავდეს ლადო ბოკუჩავასნაირი ნიჭიერი, კრეატიული დირექტორი, ნამდვილად არ ვიფიქრებდი ამ ყველაფერზე. ძალიან ნიჭიერია, მისი წყალობით მივაღწიეთ ამ წარმატებას; ნიჭიერი დიზაინერები კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ არიან, ეს იშვიათობაა. ალბათ, ჩემი დამსახურებაა, რომ ლადოსნაირი ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინე, ვიპოვე და დავიწყე ამ ინვესტიციის გაკეთება. დავაფუძნეთ ბრენდი, დავსახეთ სტრატეგია, რომ ჩვენი კოლექცია აუცილებლად უნდა იყოს გამორჩეული, ორიგინალური, კრეატიული, ცოტა ავანგარდული; აუცილებლად ისეთიც, ქალი, რომ ნახავს, თქვას: „ამას როგორ ჩავიცვამ!”, მაგრამ, ამავდროულად, კოლექციაში უნდა იყოს ისეთი სამოსი, რომელზეც იტყვის: „უი, ამას აუცილებლად ჩავიცვამ!” ანუ, ჩვენს კოლექციაში არის ისეთი სამოსიც, რომელიც, შეიძლება, ქალმა ქუჩაში ვერ ჩაიცვას, ვერ გარისკოს, მაგრამ, ასეთს ცნობილი ადამიანი აუცილებლად ჩაიცვამს, ისევე, როგორც მილა იოვოვიჩმა ჩაიცვა, მირასლავა დუმამ, ლენა პერმინოვამ, უამრავმა ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა. ქეთა თოფურიამ მოსკოვში მაღაზიაში იყიდა ჩვენი რაღაცეები, ჩვენ კი ქვედაბოლო გავუგზავნეთ საჩუქრად და, ორ-სამ დღეში, ვხედავ, რომ „ურგანტის შოუში”, რომელსაც 140 მილიონი მაყურებელი ჰყავს, ქეთას ჩვენი ქვედაბოლო ეცვა. საიდან არ მირეკავდნენ ახლობლები და მეკითხებოდნენ, ქეთას თქვენი ქვედაბოლო აცვიაო? „ინსტაგრამზე“ რომ დაიდო ეს ფოტო, უამრავი „ლაიქი“ ჰქონდა... წერილები მოგვდიოდა: ზუსტად ისეთი ქვედაბოლო გვინდა, როგორიც ქეთას ეცვაო. 

– რას ითვალისწინებდით ახალი კოლექციის შექმნისას, რომელმაც პარიზში ასეთი დიდი მოწონება დაიმსახურა?

ლადო ბოკუჩავა (დიზაინერი): ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც ქუჩაში გამოსასვლელადაც ჩაიცვამ და საღამოს,  ჩაიცვამ ქუსლიან ფეხსაცმელზეც, ანუ, ყველანაირად  უნდა შეძლო მისი გამოყენება. ჩვენი კოლექციები კონცეფციით კეთდება, ამიტომ, მას აზრიც აქვს, თემასთან ერთად და ფორმაც. რაც მთავარია, ხელით კეთდება და ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმას, რომ კოლექცია აბსოლუტურად განსხვავებული და აქტუალურია. როდესაც თემაზე შენი ტვინით მუშაობ, ფიქრობ, რაღაცეებს ერთმანეთს უკავშირებ, მერე ვერავინ დაგაბრალებს – ეს იმისგან გაქვს აღებულიო. შესაბამისად, რადგან სხვებისგან განსხვავებული იყო, ამიტომ უფრო მეტად მოეწონათ. 

– როგორ ჩაიარა „შოუ-რუმმა“? 

მამუკა: ის, რომ პირდაპირ პარიზიდან დავიწყეთ, უკვე დიდი წარმატება იყო, თან, პირდაპირ პროფესიონალურ „შოუ-რუმში“ მოვხვდით. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა გვეუბნებოდა: პირველი „ტრანოი“ წარუმატებელია, რადგან, ახალ ბრენდს არავინ იცნობს,  ამიტომ, პირველი სეზონის მონაწილეს ჯერ აკვირდებიან, აინტერესებთ, გამოვა თუ არა კიდევ შემდეგ სეზონზე, შემდეგზე და, დაახლოებით სამი-ოთხი სეზონის შემდეგ დაიწყებენ შეკვეთების გაკეთებასო. მოკლედ, ასეთ პესიმისტურ ნოტზე წავედით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიყავით „ტრანოიზე“ წასულები, ჩვენ მყიდველი უკვე გვყავდა, კომერციულ წარმატებას მივაღწიეთ, ანუ, მანამადე ეს წამგებიანი ბიზნესი არ ყოფილა. ამიტომ, „ტრანოის“ პესიმისტური ნოტი, რომელიც კომერციას ეხებოდა, ძირითადად, ჩვენშიც იყო, მაგრამ, ვფიქრობდით: იქნებ, ისინი, ვინც ამას გვეუბნებიან, თვითონ არიან წარუმატებლები; იქნებ, მათი არ მოსწონდათ და ჩვენი მოეწონოთო... წლევანდელი „ტრანოი“ კიდევ იმ კუთხით იყო ცუდი, რომ დაემთხვა „პარიზის ფეშენ-ვიქს“ და ჟურნალისტები, ბლოგერები, ბაერები მოდის კვირეულზე იყვნენ გადართულები. ასე რომ, ზოგადი ფონი საკმაოდ ცუდი იყო ამ თვალსაზრისით. მაგრამ, მიუხედავად ყველა გარემოებისა, პრობლემებისა, ჩვენ მაინც საკმაოდ კარგი და წარმატებული კონტრაქტები გავაფორმეთ ბაერებთან, რაც შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში გარანტირებულ შეკვეთებს გვაძლევს, ანუ, შემდეგ „ტრანოიმდე“ – სექტემბერში, ისევ უნდა წავიდეთ. მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ ცნობილი ბაერები მოვიდნენ ჩვენთან და ეს იქ სხვებმაც აღნიშნეს. მაგალითად, შანხაიდან უდიდესი ქსელის მეპატრონე იყო მოსული, „შოუ-რუმის“ დახურვას წუთები აკლდა, რომ შემოცვივდნენ. უნდა გენახა, რა სცენა იყო: მეპატრონე ქალი იყო, როგორც მერე გავიგეთ, ყოფილი მოდელი ყოფილა. მან საკიდებიდან ყველაფერი ჩამოხსნა და სათითაოდ ისეთი სისწრაფით იზომავდა, რომ მე და ლადო გაკვირვებულები ვუყურებდით. რაც მოსწონდა, იმას მარცხნივ დებდა, რაც არ მოსწონდა – მარჯვნივ. თითქმის 70-90 პროცენტი მარცხნივ გადადო. ზოგიერთი რამ ადგილზეც გაიყიდა. მიმაჩნია, რომ, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენი პარიზში გამგზავრება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ტრანოი“ ყველა მონაწილე დიზაინერს სთავაზობს ინტერნეტ-პორტალს – betosee.com, სადაც, ის ბაერები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ან ვერ მოვიდნენ „შოუ-რუმზე“, იქიდან შეგიკვეთენ. რაც მთავარია, ამ საიტის სარეკლამო რგოლში გადაიღეს ჩვენი მოდელები, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატება იყო. გარდა იმისა, რომ „შოუ-რუმში“ ვმონაწილეობდით, პარიზში გვქონდა ფოტოსესია – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. გაგიგიათ ქართველი ფოტოგრაფი ან სტუდია, რომელსაც პარიზში ევროპული ჟურნალისთვის ფოტოსესია ჩაეტარებინოს?! ესეც პირველად მოხდა საქართველოში, როგორც ის, რომ, ისეთი ცნობილი ჟურნალების ყდებისთვის, როგორიც არის „ვოგი“, „ელ ოფისიელი“, „ბუტიკი,“ ქართველი ფოტოგრაფი იღებს ფოტოებს, თან – ქართველ მოდელებს. 

– სად გქონდა გადაღებები?

– ძალიან კარგ და საინტერესო ადგილას: სასწაული ლოკაციები იყო, ეგზოტიკური, ორიგინალური. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოდელები პარიზულმა სააგენტომ გამოგვიგზავნა, აბსოლუტურად უფასოდ – მინდა, კარგად გაიგონ ეს ქართველმა მოდელებმა და ზოგიერთმა სააგენტომ. მათ ნახეს ჩემი ფოტოები, ჟურნალის ყდები და ამის მერე მითხრეს, რომ ნებისმიერი გადაღებისთვის მომაწვდიან მოდელებს ნებისმიერი რაოდენობით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ანუ, პარიზული სააგენტოს პროფესიონალი მოდელები შემიძლია, ბაქოშიც ჩამოვიყვანო და საქართველოშიც. გაოცებული დავრჩი მათთან მუშაობით, უდიდესი გამოცდილება მივიღე იმ გაგებით, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი მოდელი ფოტოსესიისთვის; რამდენ ბევრ დროსა და ენერგიას გაზოგვინებს და, თან, ამ დროს, უფრო მეტს ფიქრობ კადრზე და არა იმაზე, მოდელი როგორ იმუშავებს. საქართველოში ზოგიერთ სააგენტოს ჰგონია, რომ, ისეთი ჟურნალების ყდებისთვის, როგორებიც არის „ელ ოფისიელი“, „ვოგი“, „ბუტიკი“, თუ გადაიღებ მოდელებს, თურმე, ჟურნალმა ფული უნდა გადაუხადოს. ეს აბსურდი და სააგენტოს ხელმძღვანელისგან ძალიან დიდი უვიცობაა. 

 

скачать dle 11.3