რატომ მიჰყიდა ჩაშკამ საცოლეს „ბასანოშკები” და რა მოუწყო მან ხონის კოლონიაში ებრაელ პატიმრებს
მის შესახებ თბილისში ლეგენდები ათეული წლების წინ შეიქმნა. თვითონაც არ ახსოვს, როგორ გახდა „ჩაშკა”, თუმცა, კარგად ახსოვს როგორ გაიარა გზა ჩვეულებრივი შიკრიკობიდან ცნობილ საქმოსნამდე, რომელიც თბილისში ერთ-ერთი მდიდარი და გავლენიანი კაცი გახდა. მის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი სენტიმენტალური და კეთილი ისტორია. დღეს, 84 წლის ასაკში, ამბობს, რომ ასამგად დაუბრუნდა ყველაფერი, რაც გაიღო ამ ქალაქში, რომელიც მაშინაც ვერ მიატოვა, როცა ცხოვრების მძიმე წლები დაუდგა.
– ბოტანიკის ქუჩაზე ვარ დაბადებული, მაგრამ, აქ, ლესელიძის ქუჩაზე, პაპაჩემთან ვარ გაზრდილი. იმ სახლის მეპატრონეები, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, აზერბაიჯანელები იყვნენ. მაშინ თბილისში არავინ კითხულობდა, ვინ აზერბაიჯანელი იყო, ვინ – ებრაელი, ვინ – ქართველი. ეს იყო ამ ქალაქის დიდი ხიბლი და სიმდიდრე. ჩემს მშობლებს ათი შვილი ჰყავდათ. მე პირველი, უფროსი შვილი ვარ. ორი ძმა და ერთი და გარდამეცვალა და ამ დიდი ოჯახიდან შვიდი დედმამიშვილი დავრჩით. ახლა ჩემი სამი და ნიუ-იორკში ცხოვრობს, სამნი კი ისრაელში არიან. მამაჩემი, ისაკ ჯანაშვილი, კეცხოველის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკაში კაჩეგრად მუშაობდა. პადვალში, ხუთი საფეხურით ჩასასვლელ პატარა ბინაში ვცხოვრობდით. არაფერი არ გვქონდა, გაჭირვებით გვზრდიდა მამა შვილებს, მაგრამ, ძალიან ტკბილად მახსოვს ის წლები. მამაჩემი ძალიან წესიერი და პატიოსანი კაცი იყო, არც ფულის შოვნა იცოდა და არც ვაჭრობა. არ ვიცი, მე ვისი მარიფათი გამომყვა. მოშე მერქვა და ას მანეთად მიხეილი გავხდი, მერე მოშეც ვიყავი და მიხეილიც (იცინის). მამაჩემი რომ გარდაიცვალა, უკვე ბევრი ფული მქონდა და 50 000-დოლარიანი საფლავი გავუკეთე. მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო. დოლარი ჩვენთან ორი მანეთი და ათი შაური ღირდა. 100 ათასი დოლარი ვიყიდე მოსკოვში ვიღაც კაი ბიჭისგან. ეს ასი ათასი დოლარი აბაზანაში დავმალე. ერთი ქალი მახლდა, იმას ჩავუდე და ისე ჩამოვიტანე ის ფული თბილისში. აქ დოლარი ძვირად გავყიდე და მამაჩემს მაგარი სასაფლაო გავუკეთე.
– ვაჭრობა როგორ დაიწყეთ?
– ჩემი დის მამამთილი, მიხო ჯინჯიხაშვილი, თბილისში ერთ-ერთი ცნობილი და ნაღდი მეწამლე იყო. ჩემს დას ხომ არ შევეცილებოდი, მაგრამ, მერე ისე მოხდა, რომ მეც ამ საქმეში მოვხვდი. ერთი კაცი იყო, ისრაელში მიდიოდა. იმან მითხრა, რამდენს მომცემ, მოსკოვში, მეცნიერებათა აკადემიაში, ერთი კარგი „მისამართი” რომ მოგცეო. მე ვუთხარი: არა გრცხვენია, ამაში ფულს როგორ მთხოვ-მეთქი. გაიმეტა და მომცა მოსკოვის მისამართი. კარგ „კანალზე” გავედი. ჩავედი მოსკოვში წამლის ჩამოსატანად და იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი. მანამდე მეც ძალიან მიჭირდა. პირველად შიკრიკად დავიწყე მუშაობა პროფკავშირებში, ხან იქით დავრბოდი, ხან – აქეთ. მძღოლიც ვიყავი – ხუთი წელიწადი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორს, დორიან კიტიას ვატარებდი. მერე ტუზივით დამეცა, იმ კაცმა რომ მისამართი მომცა. მეცნიერებათა აკადემიას ჰქონდა „გარაჟი”, სადაც მუშაობდა მძღოლი, რომელიც მაძლევდა ისეთ წამლებს, რომლებიც თბილისში არ იშოვებოდა. მოსკოვში წამლის „ბუდეს” მივაგენი და მე რა გამაჩერებდა, მატარებლით ვატანდი წამალს „პრავადნიკებს”, მეც მომქონდა ხოლმე.
– „ჩაშკა” რატომ დაგარქვეს?
– არც კი ვიცი „ჩაშკა” ვინ დამარქვა. ეს კითხვა მოსამართლე იური ტყეშელაშვილმაც დამისვა, რომელმაც გამასამართლა, როცა შევარდნაძემ ტყუილად დამიჭირა. ვერც მოსამართლეს გავეცი პასუხი. როგორც მე მახსოვდა, აქ ერთი კაცი იყო, სიმონ ალელიშვილი, რაღაცეებს მეძახდა – „ჩიჩეს”, „ჩაჩოს” და, ბოლოს, „ჩაშკა” შემრჩა. მერე მელორ ტყეშელაშვილმა მითხრა: კარზე „ჩაშკა” დააწერეო. დავუჯერე და ასე გახმაურდა ეს მეტსახელი. ციხეში რომ გაიგეს, ჩაშკა შემოვიდაო, უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა. კაცი არსად არ იკარგება, ყველგან კაცია. მე ყველა ბობოლა მიცნობდა სამინისტროში. ბევრი სიკეთე მქონდა გაკეთებული, ჩემი მომდურავი კაცი არ არსებობდა და ეს კარგად იცოდნენ. მილიცია არ მეკარებოდა.
– მაგრამ, მაინც დაგიჭირათ ედუარდ შევარდნაძემ.
– „მერსედესი” ვიყიდე და ეს არ მაპატია. მე რომ დამიჭირა, მერე ერთი ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი მივიდა შევარდნაძესთან. უთქვამს, ჩაშკა დაგიჭერიათო. რა ჩაშკაო, ერთი ჩაშკა მაქვს და სახლში იმით ჩაის ვსვამო – ვითომ არ იცოდა ჩემი ამბავი. იმ ჟურნალისტს ისიც უკითხავს, რად დამარხე ცოლი ეზოშიო? აბა, რა მექნაო, ეზოში რომ არ დამემარხა, ყოველდღე მამპარავდნენო, – აი, ეგეთი კაცი იყო ეგ ოხერი. 70 ათასი მივეცი იმ მანქანაში. ოთხი მანქანა მყავდა, მაგრამ, მაინც ვიყიდე. პაემანი მქონდა ციხესთან ერთ ქალთან, ის ელოდა, რომ მე „გაზ 24-ით” მივიდოდი. „ვოლგა” ქუჩაში დავაგდე და „მერსედესით” წავედი „სვიდანიაზე”. სანამ მანქანას ვიყიდდი, ბევრმა გამაფრთხილა, „მერსედესი” არ იყიდოო, მაგრამ, არ დავუჯერე. თბილისში პირველი „მერსედესი” მე მოვიყვანე, მერე – კალათბურთელმა მიშა ქორქიამ. შევარდნაძემ კაცი გამომიგზავნა: მე „გაზ 24-ით” დავდივარ, შენ – „მერსედესით”, გაყიდე ეგ მანქანაო. როცა მიხვდა, რომ არ ვიყავი მანქანის გამყიდველი, რაღაც უბედურება მომიწყო და დამიჭირა. ვახტანგ რაზმაძემ დაუბარა, ჩაშკას ათი წელი მიეცითო, მაგრამ, ცხრა წელი მომისაჯეს. ხუთი წელი ვიჯექი. მერე „სტატია” შემეხო, თან, ზვიად გამსახურდიაც დამეხმარა, როცა ეროვნული მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში. ზვიადსა და მის ოჯახს კარგად ვიცნობდი. როცა დამიჭირეს, ერთი წელი „კაგებეს” ციხეში გამატარებინეს – ხალხზე ილაპარაკეო. მე რისი მოლაპარაკე ვიყავი, კაცო! ხონში გადამიყვანეს. მამის სულს გეფიცები, საკანში რომ შევედი, ვინც მოვიდა, გაუმარჯოსო! – ასე შემხვდნენ. ყველა პატიმარი პატივს მცემდა. ათი ებრაელი იყო ჩემთან ერთად ლაგერში, დავაწყობდი ხოლმე იმ ებრაელებს და ავატარებდი და ჩავატარებდი ხოლმე ხონის „ბროდვეიზე”. ხონში ჩემთან ერთად იჯდა ოდიშარია ბუია, მაშინ მაგარი ქურდი იყო. ოო, ძალიან დიდ პატივს მცემდა. ციხეში ისეთ დროს ვატარებდი, გარეთ რომ ვერ გაატარებს ზოგი. თუ ფული გაქვს, ყველგან პირველი კაცი ხარ.
– როდესაც ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი, მათ შორის, თქვენი დები და ძმები, ისრაელში გადავიდნენ საცხოვრებლად, თქვენ რატომ არ წახვედით მათთან ერთად?
– მე ძალიან მიყვარდა საქართველო, თბილისი. რა სიკეთეც მე დავთესე ამ ქვეყანაში, ათი იმდენი მოვიმკე ქართველებისგან. სხვაგან ვერ გავძლებდი. ხუთჯერ-ექვსჯერ ვარ ნამყოფი ისრაელში, მაგრამ, არც ერთხელ არ დავრჩი. 26 საუკუნის მეგობრობა გვაქვს ქართველებსა და ებრაელებს, ეს ისეთი ურთიერთობაა, არაფერი რომ არ წაშლის. მე ამერიკაშიც შემიძლია წასვლა, ვიზა მაქვს ჩარტყმული, წავიდოდი ჩემს დებთან, მაგრამ, არც იქ მივდივარ. ახლა ვაპირებ რამდენიმე თვით ისრაელში წასვლას. ჩემი შვილი აქ სამსახურს ვერ შოულობს, ცოტა ხნით წავალ მასთან ერთად, ექვს თვეში პენსიას დავინიშნავ და ჩამოვალ... კარგი მამაძაღლი ვარ ამ ასაკშიც (იცინის). ქართველი მეუღლე მყავდა, სად უნდა წავსულიყავი, ლამარას აქ ხომ ვერ მივატოვებდი?! ეეხ, ეხლა რასაც ვდარდობ ის არის, რომ ჩემს ცოლს ძალიან ვაბრაზებდი – ქალების მოყვარული ვიყავი, სულ პრობლემებს ვუქმნიდი. შარშან დედის დღეს გარდაიცვალა ჩემი ლამარა. ორი შვილი დაგვრჩა, ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. კარგი გოგოები მყავს, ხათუნა და ნანა არიან ჩემთვის ყველაფერი. ეჰ, ნეტავ ასე არ გამებრაზებინა ახალგაზრდობაში ჩემი ლამარა. ყველაფერი მე შემომწირა. 57 წელი ვიცხოვრეთ ერთად. პატარა გოგო გამომყვა ცოლად. აქ, ლესელიძის ბაღში გავიცანი. მაშინ ამ ბაღში გაქანებული ვაჭრობა იყო, ლამარას „ბასანოშკების” ყიდვა უნდოდა. ვიღაცა ურიას 30 მანეთი დაეფასებინა ბასანოჩკი, გამოვართვი ის „ბასანოშკები” და 15 მანეთად მივყიდე ლამარას. რომ ნახა, ნახევარ ფასად იყიდა, მერე დედა, ანა გიორგევნა მომიყვანა. სასიდედრომ დუშეთში დამპატიჟა – იქ ცხოვრობდნენ. ვიტრიპაჩე, სპორტის მინისტრის მძღოლს „ზიმი” ვეთხოვე და იმით ჩავედი დუშეთში. ლამარა საავადმყოფოში მუშაობდა. იქ ისეთი ამბები დამხვდა, მეც თავი გამოვიდე. ყველას ძალიან მოვეწონე და ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება.
– თქვენზე ძალიან ბევრი ცნობილი ისტორია გამიგია. დღეს ყველაზე ხშირად თავად რა გახსენდებათ იმ დროიდან?
– კაცს რომ შევატყობდი, რომ წამლის ფული არ ჰქონდა და ბოლო კაპიკებს მაძლევდა, ფულს როგორ გამოვართმევდი. ზოგს ავტობუსის და მატარებლის ფულსაც კი იქით ვაძლევდი ხოლმე. ერთხელ ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან, შვილისთვის უნდოდა წამალი. ხვალ ამ ჯინსის შარვალს გავყიდი და ფულს-მოგიტანო, მითხრა. არ მინდა შენი ფული-მეთქი, ისე გავატანე ის წამალი. ერთხელაც, ასე მოვიდა ჩემთან ახალგაზრდა კაცი და, ისე წავიდა, რომ წამალი არ წაუღია. გვიან მივხვდი, რომ ფული არ ჰქონდა. გული დამწყდა, ვერ მოვითმინე და იმ მატარებელს გავეკიდე, რომლითაც ის რაიონში მიდიოდა. მცხეთაში გავაჩერე მატარებელი, მემანქანეს მივეცი წამალი, რომ ის ბიჭი მოეძებნათ. ამის მეტი არც არაფერი დამრჩა, შვილო. ეს ყველაზე მაგარი რამეა, გაჭირვებულ კაცს რომ ხელს გაუმართავ და დაეხმარები, ამაზე მეტად არაფერი ფასობს. 84 წლის ვარ და ყველაზე კარგად ის მახსოვს, რაც ჩემი გაკეთებული სიკეთეებისთვის ასმაგად დამიბრუნდა უკან.