რატომ „ააწრიალა“ მთელი თბილისი მატილდა მიურატმა და როგორ ქმნის ის გამოუსადეგარი, გადაყრილი ნივთებისგან ხელოვნების ნიმუშებს
მატილდა მიურატს ხელოვნებისადმი სიყვარული გენეტიკურად გადმოეცა, თუმცა, დედმამიშვილებს შორის ის ერთადერთია, რომელიც ამ საქმეს პროფესიონალურად და განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდება. ის მუყაოსგან, ქაღალდებისგან, მავთულებისგან და ერთი შეხედვით არასასარგებლო ნივთებისგან არაჩვეულებრივ ნივთებს ქმნის: ავეჯს, თოჯინებს, ცხოველებს... მისი ფანტაზია და კრეატიულობა ნამდვილად იწვევს მნახველთა აღფრთოვანებას. ცოტა ხნის წინ მატილდამ გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს, თუმცა, ამის შესახებ უკვე თავად მატილდა გვესაუბრება:
– სახლის ეზოში გავაკეთე სახელოსნო, გარდა ამისა, ვხატავ. ბევრი ახალი ნამუშევარი მაქვს. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ცოტა ხნის წინ მუშაობა დავიწყე ნატა ბუაჩიძის სტუდიაში. თან, ძალიან გამიმართლა – ჩემს ქუჩაზეა და, რაც მთავარია, ნატა არაჩვეულებრივი ადამიანია. პატარა სკოლა აქვს, სადაც ბავშვები მოდიან და სწავლობენ ხატვას, ხელოვნების ისტორიას, მითოლოგიას – ბევრი კარგი, საინტერესო რამ ისწავლება. მე ვასწავლი „პაპიე-მაშეს“ მეთოდით, რომელიც ფრანგული ტექნიკაა – როგორ უნდა გააკეთონ ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურა. ბავშვებს ეს განსაკუთრებულად მოსწონთ, თან, სახლში რომ მიდიან თავისი გაკეთებული ნივთებით, ძალიან უხარიათ. ჯერ მავთულისგან კეთდება ფიგურის ჩონჩხი და შემდეგ ბავშვები თვითონ აკრავენ ქაღალდს. თუმცა, მათ ყველანაირ არჩევანს ვაძლევ – როგორც უნდათ, ისე გააკეთონ და ისეთი ფორმა მისცენ, როგორიც თავად სურთ.
– ასეთ ტიპის სამსახური პირველად გაქვს. ალბათ, არ გიჭირს ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან თავად სამი შვილის დედა ხარ.
– კი, პირველია. დიდი ხანია სახლში ვმუშაობ, ახლა მიხარია, რომ ბევრ ადამიანს ვაცნობ ამ ტექნიკას. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ, ვიმედოვნებ, დრო რომ გავა, უკეთესი მასწავლებელი ვიქნები. ჩემთვის ეს საქმე იმდენად ჩვეულებრივი და მარტივად გასაკეთებელია, რომ, ვერ წარმომიდგენია, ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, ეს როგორ კეთდებაო. ამიტომ, ეს ცოტა რთული იყო. თუმცა, ახლა ვიცი, რომ ყველას, ვისაც ამის კეთება აინტერესებს, 2 წლის ბავშვივით უნდა ავუხსნა ყველაფერი: ჯერ ასე გააკეთე, მერე ისე-მეთქი. კვირაობით ვარ ამ სკოლაში, ოღონდ, დილიდან საღამომდე ფეხზე ვდგავარ. კი, ვიღლები, მაგრამ, არა უშავს.
– ლევან, ალბათ, შენც მოუწონე მეუღლეს არჩევანი.
ლევან მესროფაშვილი: რა თქმა უნდა, ოთხ წელიწადში სამი ბავშვის გაჩენა ამ ასაკის ადამიანისთვის (25 წლისას უკვე სამი შვილი ჰყავდა) ძალიან რთულია. სახლში კი აკეთებდა თავის საქმეს, მაგრამ, მე სულ ვეუბნებოდი: გადი, გაიტანე გარეთ შენი საქმე და ნიჭი. საქართველოში „პაპიე-მაშე“ მაინც უცხო ხილია და, ალბათ, ამის გამო, ჯერჯერობით მისით უფრო მეტად უცხოელები ინტერესდებიან. სტუდიაშიც ბევრი უცხოელი მოდის. ძალიან მიხარია, რომ მატილდამ ასეთი სამსახური იშოვა. თან, რაც მთავარია, ამ ყველაფრის დახმარებით, ბავშვები ეჩვევიან რაღაცის კეთებას, ხელოვნებასთან ახლოს არიან. დღეს კომპიუტერისგან იმდენი დანევროზებული, აგრესიული ბავშვია, კარგია, თუ მათ მოვაშორებთ კომპიუტერებს და ასეთი საინტერესო საქმით დავაკავებთ, ხელოვნებისკენ შემოვაბრუნებთ. სამწუხაროდ, ეს ჯერ უცხოელებს უფრო ესმით, თუმცა, ნელ-ნელა მატილდასთან ქართველებიც მოდიან.
მატილდა: უფროსი ასაკის მოსწავლეები ძირითადად უცხოელები არიან, თუმცა ქართველებიც მოდიან.
– სად შოულობ ამდენ მავთულს, ქაღალდებს?
ლევანი: ვერაზე მაკულატურა აღარ არის. ახლობლებიდან, ვინც იცის მატილდას საქმიანობის შესახებ, ყველას მასთან მოაქვს ქაღალდები.
მატილდა: თუმცა, ყველანაირს ვერ გამოიყენებ: პრიალა არ უნდა იყოს, საგაზეთო უფრო კარგად იშლება. სასაცილო ის არის, რომ, როცა ვმუშაობ, ხან ვისი ფოტოს გახევა მიწევს, ხან კიდევ – ვისი. ამ დროს ჩემთვის ვფიქრობ, გავხიო ეს თუ არ გავხიო. ზოგს ადვილად ვხევ, ზოგს – ვერა. ანუ, ვინც მომწონს, ვცდილობ, იმის ფოტო ისე გავხიო, რომ სახე არ გავუფუჭო. ზოგჯერ რაღაც დამაინტერსებს ხოლმე, ეგრევე კითხვას ვიწყებ და ვეღარ ვამთავრებ ნამუშევარს, მოკლედ, საინტერესო გაზეთები არ უნდა მომცეთ. რაც შეეხება მავთულებს, საბურთალოს ბაზარზე დავდივარ და იქ ვყიდულობ.
– არ უკვირთ, რისთვის სჭირდება ამდენი მავთულიო?
– აშკარად გაკვირვებულები რჩებიან. თან, როგორც ჩანს, მარტო მე ვარ გოგო, რომელიც ამდენ მავთულს ყიდულობს. დღეს ჭანჭიკები ვიყიდე, მავთული და წებო. გაოცებულები მიყურებდნენ – რისთვის უნდაო.
ლევანი: მთელი ქალაქი ააწრიალა. უკვე ყველა ეხმარება: მუშები ხეებს უფასოდ უჭრიან, ჭანჭიკებს უფასოდ აძლევენ.
მატილდა: არ იციან, რისთვის მინდა. მე კი ვუხსნი, მაგრამ, მაინც ვერ ხვდებიან. დღეს ერთ-ერთ ხელოსანს ჩემი ნამუშევარი წავუღე, რომ ენახა. სამწუხაროდ, არ დამხვდა. კიდევ უნდა წავუღო, რომ ნახოს, რა გავაკეთე, რისთვის მჭირდებოდა. თან, მცნობენ კიდეც და, ამიტომაც, შეიძლება, უფრო მეტადაც უკვირთ. ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი ის არის, როცა მეუბნებიან, ხელოვანი ხარო. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ სამხატვრო აკადემია არ მაქვს დამთავრებული. მახსოვს, ბავშვობაში, როცა ზუგდიდში ხატვას ვსწავლობდი, ხატვის მასწავლებელმა მითხრა, მართალია, აკადემია არ დაგიმთავრებია, მაგრამ მხატვარი ხარო. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი.
– ხელოვნებისადმი სიყვარული, ხატვის ნიჭი გენეტიკურია?
– ვფიქრობ, რომ გენეტიკურია, სისხლში მაქვს, რადგან, ჩემი ბებია და დიდი ბებიაც – მამის მხრიდან, ორივე ხატავდა. ჩემი დეიდაც მხატვარია, ქაღალდებისგან არა, მაგრამ, თიხისგან და ფაიფურისგან აკეთებს ლამაზ ნივთებს; ბევრი ნახატი აქვს, სახლში კედლები აქვს მოხატული... ძალიან კარგი მხატვარია.
ლევანი: ნათიას უნდა ვუთხრა, მეორე სახელს რომ გეძახით: ჯერ ოჯახში შევარქვით და მერე ყველამ აიტაცა – „როდენა“ ჰქვია, ერთი ეროვნება აქვთ და, თან, ბოლო დროს მატილდა გამოქანდაკებაზეც გადავიდა – „პაპიე-მაშესგან“ აქანდაკებს რაღაცეებს.
მატილდა: აქამდე თუ ლევანი ჩემს საქმეს სერიოზულად არ უყურებდა, ახლა მიხარია, რომ ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს. თავიდან ყველას ეგონა, რომ ეს გართობის დონეზე იყო, მაგრამ, მიხვდნენ, რომ ასე არ არის.
ლევანი: ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობდი. ბიჭები დაინტერესდნენ: ვინ არის შენი მეუღლე, რას საქმიანობსო. „ფეისბუქზე“ ვაჩვენე მისი ნამუშევრები და პირველი ის მოეწონათ, რომ არაფრისგან, გადაგდებული ნივთებისგან აკეთებს ხელოვნების ნიმუშებს. ძალიან მოეწონათ ცხოველები, რომლებიც გაკეთებული იყო ჩვენი შვილების მიერ შეჭმული „იოგურტების“ ან რაღაც კონსერვების ყუთებისგან. თან, ეს ყველაფერი ისე იფუთება, ვერ მიხვდები, რისგან არის დამზადებული. ის ევროპელი ზუსტად ამაში იხდის ფულს, რომ შენ არაფრისგან ქმნი ასეთ ნიმუშს. ერთი გრძელი, მთლიანი მავთულისგან, გაწყვეტის გარეშე, შექმნა კაცი, რომელიც წიგნს კითხულობს.
მატილდა: როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, ისე ვერთვები ამაში თავიდან ბოლომდე, რომ ირგვლივ ყველაფერი მავიწყდება. ამ დროს მთლიანად ჩემს სამყაროში ვარ, ვეღარ ვჩერდები და დროც ძალიან მალე გადის. შეიძლება, დღედაღამ ვაკეთო.
– ალბათ, შენს მშობლებს მოსწონთ შენი ნამუშევრები.
– ბავშვობიდან სულ რაღაცეებს ვაკეთებდი არაფრისგან, რაღაცა აუცილებლად გამომდიოდა. მშობლები სულ ხელს მიწყობდნენ – საღებავი თუ დამჭირდებოდა, მაშინვე მოქონდათ.
ლევანი: არაფერს არ აგდებს. ისეთ ნივთზე მეტყვის ხოლმე, არ გადააგდოო, რომ, ვერ გამიგია, იმ ნივთისგან რა შეიძლება გამოვიდეს. რომ მეუბნება, აქეთ დაჯექიო, მეშინია, ჩემგანაც რამე არ გააკეთოს. სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ, აქვე, პატარა საოჯახო სასტუმრო გავაკეთე. ინტერნეტით მაქვს კავშირები, რუსეთიდან მქონდა შემოთავაზება, ვიღაცეები დაინტერესდნენ და ინტერნეტით მოდის ჯავშნები, კომუნიკაცია, ყველაფერს ინტერნეტით ვაკონტროლებთ. რაც მთავარია, მთელი დეკორაცია მატილდამ გააკეთა. ძალიან მოსწონთ სტუმრებს, ფოტოებს უღებენ მატილდას ნივთებს, აღნიშნავენ, რომ ფრანგული დეკორაციაა.
მატილდა: ყველა ოთახი სხვადასხვა სტილშია: მუყაოს ავეჯიც დგას, ხისგან გავაკეთე ბევრი რამ, სარკეები ჩემი გაკეთებულია, ძალიან ორიგინალურია. სულ სხვა სამყაროა, მართლაც საფრანგეთში გეგონებათ თავი.