კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დასჩემდა ევროპიდან დაბრუნებულ კონსტანტინე გამსახურდიას და რატომ უთვალთვალებდა მას ბერია

„კრიზისებიო? ხანდახან მაქვს, ხელი  შეჩერდება,  წერაზე  გული ამეყრება, წავალ, ცხენზე შევჯდები, ვინადირებ, ან სპორტით გავერთობი. ხანაც ლამაზმანებს ავიყოლიებ და კონცერტს მოვისმენ სადმე. მომიგროვდება ენერგია, შეწყვეტილ  ხელნაწერს ისევ გადმოვიღებ, მივადგები კატასტროფის ადგილს და სამშვიდობოს გავალ. როცა შემოქმედებითი მუშაობით გართული ვარ, ქალთა სიახლოვეს გავურბივარ (გავოცდი, როცა სვანმა მონადირეებმა მიამბეს ერთხელ: ჯიხვზე სანადიროდ წასვლის წინ მთელი კვირა ქალს არ მივეკარებითო). ამ დროს ვცდილობ, საზოგადოებაში ყოფნას და ღვინის სმას თავი ავარიდო!..” – კოლხური კოშკის ქრონიკებიდან, რომელიც თავის დროზე კონსტანტინე გამსახურდიას რძალმა დალი ლოლუამ  შეკრიბა. ახლა რამდენიმე ისეთ ეპიზოდს გაიგებთ, რაც აქამდე არ გსმენიათ. ეს დიდი მწერლის ცხოვრების დღიურებია, რომელიც უბრალოდ უნდა გადაშალოთ და...    

ამბავი მშვენიერი მირანდას და მოხუცი მეან-გინეკოლოგისა               

„სახლი, სადაც მკვიდრობდა მწერალი და მისი ოჯახი, (ჯაფარიძის ქუჩა ¹13-ში) ეკუთვნოდა ვინმე სამუილ შახპარონიანს, რომელსაც სწავლა-განათლება ევროპაში მიუღია. უმაღლესის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მედიკოსი, პროფესიით მეან-გინეკოლოგი, უცხოეთში არ დარჩენილა, დაბრუნებულა მშობლებთან თბილისში და გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა აქ... დანახვისთანავე შვილივით შეჰყვარებია მოხუცებულ სამუილს ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე უმშვენიერესი მირანდა და მასთან განსაკუთრებული მეგობრობა დაუმყარებია. ფუფუნებას შეჩვეულ მოხუცს, რომელიც საკუთარი სადარბაზოს ერთ-ერთ კუთხეში ცხოვრობდა, მირანდა თავის ლუკმას უყოფდა, ხშირად ყავით უმასპინძლდებოდა და უმსუბუქებდა ეულად შთენილ ბერიკაცს გამწარებულ ყოფას. გამსახურდიების ოჯახს პატივისცემა მოხუცებულმა სამუილმა ათმაგად გადაუხადა. ფეხმძიმე მირანდას, სანაყოფე წყლების დაღვრის შემდეგ, მშობიარობა ძალზე გართულებია და სახლის პირობებში, მოგეხსენებათ, საკმაოდ სახიფათოც გამხდარა. გამოცდილმა მეანმა თავის საქმეს ჩინებულად გაართვა თავი – სიცოცხლე შეუნარჩუნა დედას, ხოლო უფლის ნებართვით და თავისი დიდი გარჯის საფასურად, ოჯახს ნანატრი უმშვენიერესი პირმშო – ზვიადი აჩუქა... ამრიგად, ყოფილი ჯაფარიძის ქუჩის სახლი გახლდათ თამარისა და ზვიადის ის უსაყვარლესი ბუდე, სადაც ბარტყები დაიჩიტნენ და დაფრთიანდნენ. მიაშურეს შემდგომ გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე სახლს და ბოლოს კოლხურ კოშკს, რომელიც უსახსრობის გამო, დიდხანს შენდებოდა.

კონსტანტინეს ჭრაჭუნა ფეხსაცმელები და დენდის პოზა    

ევროპიდან ჩამოსულ კონსტანტინეს, როგორც თავად აღნიშნავდა, დასჩემდა თურმე ექსტრავანგანტურად ჩაცმის ჟინი და იმხანად საკმაოდ გამომწვევად გამოიყურებოდა. მისი ამგვარი პოზიორობა ძალზე აღიზიანებდა როგორც კონსერვატორებს, აგრეთვე ფუნქციონერ კომუნისტებს, რომლებიც მის საქციელს ექსცენტრიზმად მიიჩნევდნენ. ბატონ კონსტანტინეს შეეძლო, ერთ დღეს სმოკინგში გამოწყობილი გამოსულიყო რუსთაველის გამზირზე სასეირნოდ, მეორე დღეს – ფრაკში, მესამე დღეს კი ულტრამოდურ კოსტიუმში გამოპრანჭული, ჭრაჭუნა ფეხსაცმელებსა და ტროსტით ხელში, დახვეწილი დენდის პოზაში სოლოლაკიდან ძალზე მოხდენილი სვლით გაჰყოლოდა სანუკვარ რუსთაველის გამზირს. შეივლიდა ყავის დასალევად „ორიენტში”, შემდეგ სასტუმრო „თბილისის” მომხიბლავ ფოიეში, შეიძენდა თამბაქოს, შიდა, ღია ეზოში მიირთმევდა ერთ ჭიქა კონიაკს და დინჯად, აუჩქარებლად, სიგარეტით ხელში, გაუყვებოდა კვლავ რუსთაველის გამზირს, რათა დამტკბარიყო თბილისის ლამაზმანების იშვიათი სიტურფით... ერთ-ერთი ასეთი პრომენადი ბატონი კონსტანტინესთვის კინაღამ საბედისწერო შეიქმნა: მანქანიდან ლავრენტი ბერიას თვალი მოუკრავს ექსტრავაგანტურად გამოწყობილი მწერლისთვის და თავისთან დაუბარებია. შინ დაბრუნებულ, მრავალი პრობლემით გადატვირთულ კონსტანტინეს ამბავი დაახვედრეს – ლავრენტი გიბარებსო. როგორც თავად მიამბო: „ცივმა ოფლმა დამასხა და გონებაარეული სკამზე დავეშვი. მერმე სასწრაფოდ ტანსაცმელი გამოვიცვალე, კარადის უჯრაში ცხვირსახოცის ასაღებად უაზროდ ხელი მოვაფათურე, ავიღე რაღაც დაკეცილი, სასწრაფოდ ჯიბეში ჩავიდე და გარეგნულად სიმშვიდეშენარჩუნებული იერით, ვითომ გაწონასწორებული, სახლიდან გამოვედი. გულდამდუღრული, უჩუმრად, ჩემთვის დავემშვიდობე ცოლ-შვილს და გავუდექი გზას. ქუჩაში სამუილი შემომეფეთა, ფრანგულად რაღაც მკითხა... რასაკვირველია, ვერ გავიგონე და არ ვუპასუხე, რადგან დამუხტული და დაზაფრული მივიჩქაროდი ჩემი სავალალო აღსასრულის ადგილსამყოფლისკენ. როგორ მივედი იმ წყეულ დაწესებულებასთან, არ მახსოვს. მხოლოდ კომენდატურაში მკაფიოდ დავინახე, ჩემს წინ აყუდებული მუტრუკი – რუსი სამხედროს უაზრო, გაყინული სახე, რომლის არც ერთი კუნთი ლაპარაკისას მონაწილეობას არ იღებდა... ჩამოვიდა ახალგაზრდა კაცი, წინ გამიძღვა და მიმაცილა ბერიას კაბინეტამდე... მკაფიოდ ჩამესმა ხმა: „კოწია, დაბრძანდი. მე მგონი, დროა, თავი დაანებო ამ ექსტრავაგანტური დემონსტრაციებისა და გამოხტომების გამართვას. არ არის საჭირო, ნუ აღიზიანებ ხალხს... ვიცი, დიდად ნიჭიერი და მომავლიანი მწერალი ბრძანდები. დროის უქონლობის გამო, ნინა ხშირად მიკითხავს შენს ქმნილებებს და ხშირად მიყვება შენს შესახებ”. ამ ბოლო ფრაზამ უეცრად გამომაფხიზლა. გამახსენდა, რომ ნინა გეგეჭკორი და მე ძუძუმტეები ვიყავით და ისიც ვიცოდი, ამ მონსტრს მართლაც რომ უკეთილშობილესი და უსათნოესი მეუღლე ჰყავდა. თითქოს წამით, რაღაც სიმძიმე მომწყდა გულიდან და სიმსუბუქე შევიგრძენი შეფარვით. ფრთხილად ჩავიყავი ჯიბეში ხელი ცხვირსახოცის ამოსაღებად და ცივი ოფლის მოსაწმენდად. ამოვიღე, გავშალე შუბლის გასწმენდად და რას შევხედე?! ცხვირსახოცის ნაცვლად უჯრიდან ამომიღია ჩემი თამრიკოს (ქალიშვილის) ბატისტის ფურფუშელებიანი პაწაწინა საწმერთული. საწრაფოდ დავკეცე და ჯიბეში უკან ჩავიდე, კინაღამ სიმწრის სიცილი წამსკდა... თავი შევიკავე და გავიფიქრე, შიშს დიდი თვალები აქვს კი არა ბრუციანიც ყოფილა-მეთქი... მას შემდეგ ჩემი ანგელოზი თამრიკოს საწმერთული კარგა ხანს ვატარე გულის ჯიბეში ჩაკეცილი თალისმანის ნაცვლად. ის თითქოს მიცავდა ბოროტებისგან და ჩემი ხიფათებით აღსავსე ცხოვრების პერიპეტიებისგან...”

„ქალო, რად არ მითხარი ბოზი თუ იყავი?!”

ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ცნობილი პიროვნების ბანკეტზე დაპატიჟებული იყო, როგორც იტყვიან, თბილისის ნაღები. ამ თავყრილობაზე მოგვიანებით მობრძანებულა ძალზე ელეგანტური, ყველასთვის სასურველი, ბატონი კონსტანტინე. შემოსვლისთანავე, საერთო სალმის შემდეგ, თვალი შეუვლია მოლხენილი სტუმრებისთვის, სახე გაბადვრია – განსაკუთრებით ლამაზ დიაცთა დანახვისას და დინჯად, აუღელვებლად მიჯდომია მოშორებით მდგარ მაგიდას, რათა უკეთ დაეთვალიერებინა მომხიბვლელ მანდილოსანთა ღირსებანი. იჯდა მაგიდასთან თავის საყვარელ პოზაში, სიგარეტით ხელში და წრუპავდა ცივ, მარწყვიან შამპანურს. ორიოდე მაგიდის იქეთ მან თვალი მოჰკრა უმშვენიერეს ქალბატონს, რომლის ულამაზესმა თვალებმა მონუსხა კონსტანტინე. მართლაც, სადედოფლო ქალი იჯდა მის წინ... შეხედა კონსტანტინემ თურმე დიაცს და აიმღვრა, შემდეგ კვლავ უფრო მოურიდებლად შეხედა და მრუშად გაუღიმა. ქალბატონი თურმე თავადის ქალი ბრძანდებოდა. სილამაზით მოხიბლული მამაკაცები მის ირგვლივ თავგზააბნეული ღამის პეპლებივით დაფარფატებდნენ, ქათინაურებს სთავაზობდნენ და ლამობდნენ მისი ყურადღების მიპყრობას... მისი შორენა (მირანდა) კი ამ დროს ბავშვებიანად ქვიშხეთში გახლდათ. დედაქალაქის პაპანაქებას გარიდებული, ისვენებდნენ და მოელოდნენ სურსათ-სანოვაგით დატვირთული მეუღლისა და მამიკოს ჩამოსვლას. და აი, აიშალნენ კონსტანტინეს ფიქრები ამის გახსენებისას... მაგრამ თვალი მაინც სიძვის დედაკაცისკენ ჰქონდა მიპყრობილი: უზომოდ აღტყინებულმა და ზეაღტაცებულმა მიჯნურმა თავის საიდუმლო ჯოდოლის (იქვე მყოფ ბიძაშვილს) გაანდო. მოსიყვარულე და ერთგულმა ბიძაშვილმა კოტეს გრძნობები არასერიოზულად, დროებით გატაცებად ჩათვალა... ავაზასავით მოქნილმა ქალბატონმა თავისი დიდი ხიბლით შეძლო დაებინდა თავისი მონაპოვრის – მსხვერპლის გონი. შესძლო ვითარების იმგვარი მანიპულირება, რომ ფრაკებში გამოწყობილი ბიძაშვილები თაიგულებით ხელში, ფაეტონით მიადგნენ საოცნებო პატარძალს და რომანტიკულად სიონის ტაძარში ჯვრის დასაწერად გაემართნენ უმალ (მეჯვარე ჯოდოლი გახლდათ). ჯვრისწერის რიტუალის ჩატარების შემდეგ, დედოფალი სახლში მოაბრძანეს, მაგრამ მოსვლისთანავე სატელეფონო ზარებმა – ანონიმურმა თუ გაცხადებულმა – შესძრა იქაურობა. სიტუაცია თანდათან დაიძაბა. განურჩევლად სქესისა თუ გულშემატკივრების სიახლოვისა, ყველა ერთხმად ამტკიცებდა და აღშფოთებით ლაპარაკობდა პატარძლის ყოვლად მიუღებელ რეპუტაციაზე და არა მარტო ანგარიშმიუცემელ მრუშობაზე, არამედ მისი დედისაც კი, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ყოფილა იმერეთში, როგორც სიძვის დედაკაცი. ჭეშმარიტება გაცხადდა... „უმანკო” ობიექტი ნებივრობდა. მას სატელეფონო ზარები არაფრად ჩაუგდია... მოთმინებადაკარგული და განრისხებული კონსტანტინე სავარძელში წრიალებდა, მერე კოპები შეკრა, სახე ნებიერი ობიექტისკენ შეაბრუნა და საკმაოდ გაღიზიანებული ტონით აგრე მიმართა: „ქალო, რად არ მითხარი ბოზი თუ იყავი?!” ყველაფერი ამით დამთავრდა. ბატონი კონსტანტინე ორი კვირის თავზე დაუბრუნდა თავის საყვარელ ოჯახს და შვილებს, ხოლო ამ დიდად მნიშვნელოვან შეკითხვაზე პასუხი წლების განმავლობაში და დღესაც გაუცემელი დარჩა... მხოლოდ ზამთრის ერთ გრძელ და ცივ ღამეს, როდესაც ჩვენ ვისხედით ბუხრის წინ, ვთბებოდით, ვსაუბრობდით, მე მას ყველაფერი წვრილად მოვუყევი. ბევრი იცინა, თან კითხულობდა: „ჩიტო, მართლა აგრე იყო ყველაფერი, რასაც შენ მიყვები? მართლა ასე ვკითხე ბოლოს, განშორების ჟამს? იცინოდა ჩაბჟირებამდე, ბოლოს ხველება აუტყდა... შემდეგ ხელი მომხვია, თავზე მაკოცა, გამიღიმა და მითხრა: „ხომ გაგიგია ჩიტო: რასაც იუპიტერს აპატიებენ, ხარს არავინ აპატიებსო...”   

„ძალიან გამიფრთხილდი, თორემ რომ არ ელოდები ისე გამოგეცლები ხელიდან”

ქვედა სართულის სასადილო ოთახიდან მოისმოდა უიშვიათესი ინტერპრეტაციით შესრულებული ფერენც ლისტის „ობერმანის ველი”... ავტორი კი ამ ოჯახური დიდებული კონცერტისა გახლდათ მეოცნებე მზეჭაბუკი – მერაბ კოსტავა... შესრულებამ იმდენად აღაფრთოვანა ბატონი კონსტანტინე, რომ ფეხზე წამომდგარი ტაშს უკრავდა მერაბს და თან, მოწონების ნიშნად აგრე უკიჟინებდა: „ბიჭოს, უყურე კოსტავას ბიჭს, რა ნიჭიერი, რა საინტერესო შემოქმედი ყოფილა?! ასე თუ გაგრძელდა, ნამდვილად დიდი მომავალი ექნება და დიდ სახელს მოიხვეჭს უთუოდ...” ჯერი ზვიადზე დადგა. დაიწყო რახმანინოვის პრელუდიით... მას მოჰყვა შოპენის პოლონეზი. ეს იყო ზვიადის უსაყვარლესი ნაწარმოები, ურომლისოდაც, მისი რეპერტუარი სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა... „მე მგონი, ჩემო ჩიტო, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ჩვენი ხირჩილა ზვიადი ამ პოლონეზით ქვეყნიერების გადატრიალებას აპირებს. მართალი გითხრა, სულ სერიოზული შიში მქონდა, ასთმის შემდეგ ცურვაზე რომ დაიწყო სიარული, სპორტმა ისე გაიტაცა და ჩაითრია, მეგონა, დავიღუპე-მეთქი. მაგ წიგნის ხელში ამღები აწი აღარ იქნება, გადაჰყვება ვარჯიშს და ერთ კუნთებდამშვენებულ ცალტვინა მუტრუკად ჩამოყალიბდება-მეთქი. დედა, დედა, რას ვიფიქრებდი, მაგ თუ მობრუნდებოდა და დაინტერესდებოდა კანტით, ნიცშეთი, გოეთეთი, შექსპირით ან დანტეთი. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან ჩემი შეგონება მისთვის ისეთივე ფუჭი იყო, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა...” ბატონი კონსტანტინეს ამ წუხილს წარმოაჩენს ქობულეთში გაგზავნილი წერილი ზვიადისადმი. „ძვირფასო დუკო! ქობულეთს წასვლის წინა დღეს, უკეთ რომ ვთქვათ კვირაძალში, მე შენთან სერიოზული საუბარი მქონდა. მე შეგატყვე, გული გატკინე, რამაც რეკოშეტით მეც წყენა მომაყენა. კიდევ ვიმეორებ, ზვიად, მე ისე მეტკინა გული, ძალიან გამიფრთხილდი, თორემ, რომ არ ელოდები, ისე გამოგეცლები ხელიდან. ერთის მხრივ, მე მინდა, შენ ჩვენი ნებიერი ბალღი იყვე ჯერაც, მაგრამ ამ ბოლო დროს შენ ისევ აჭარბებ. იძულებული ვარ, გავიმეორო, დაჭკვიანდი-მეთქი. იცოდე, ძლიერ სერიოზულ დროში ვართ. გაუფრთხილდი დედიკოსა და მამის სიცოცხლეს, თორემ რომელიმე ჩვენგანი თუ წაიქცა, შენი საქმეები ცუდად წავა. მე ისე დაქანცული ვარ და იმდენი გულის ტკივილი მაქვს, აწი შენგან მოველი თანაგრძნობას და თანადგომას. წადი ზღვისპირას და ძლიერ დაკვირვებით წაიკითხე ეს წერილი. იცოდე, ერთი დიდი ჭეშმარიტება მოინიშნე: ყველაზე მეტად მოერიდე საყვარელ ადამიანებს. მე,  პირადად, იმდენი ვიტანჯე ამ ქვეყანაზე, შენ და თამრიკო, რა თქმა უნდა, დედიკოც, რომ არ მეცოდებოდეთ, არც მექნებოდა სიცოცხლის ხალისი. მე და დედაშენი თავს არ ვზოგავთ იმისათვის, რომ არაფერი მოგაკლდეთ. შენ ყოველნაირად კარგი ვაჟი ხარ, მაგრამ არ მომწონს შენი ტლანქი საქციელი დედის, დისა და მამის მიმართ. ჩემთვის ძლიერ ძნელია უთქვენოდ ყოფნა, მაგრამ მე იმედი მაქვს, ამ დღეებში, როცა მე შენს ახლოს არა ვარ, გადამატანინო შენი უხეშობანი და გამოსწორდე. მანამდის იცოდე, დაიცავი შემდეგი წესი: 1) ზომიერად ისარგებლე ზღვით, რადგან შენი კორპუსი, ესე იგი სხეული, სულ მაღლა მიდის და ბევრი ენერგიისა და ცხიმის ხარჯვა მხოლოდ გავნებს. 2) დედიკო ისე დაქანცულია, ხომ ნახე, როცა პარკში ისხედით, ეძინებოდა 3) თუ შენ დედიკოს არ დაუჯერებ, იცოდე, ამას უმისოდაც გავიგებ. ჩამოვალ და დაუყონებლივ წამოგიყვან. მე დედაჩემის საფლავი დავიფიცე და გაგრის ამბებს აწი აღარ მოგითმენ. 4) იკვებე რაც შეიძლება კარგად, ერთი 5 კილოგრამი მოიმატე. 5) თუ ჩემი სიყვარული მართლაც გაქვს გულში, მეც შემიცოდე. მე აქ ისე გიცავ, შენ წარმოდგენაც არა  გაქვს. 6) გახსოვდეს, სპორტის თვითმიზნად გახდომა უსაქმურებისა და გონებით გაკოტრებული ადამიანების საქმეა. 7) მე არ ვოცნებობ იმისთვის, რომ შენ უეჭველად მცურავი ან სპორტის სხვა სახეობის გამოთაყვანებული კრეტინი გახდე, როგორც ათასობით გვყავს დღევანდელ ყოფაში, არამედ შენ უნდა გამოხვიდე ბრწყინვალე ინტელექტის ადამიანი. 8) ლორდ ბაირონს დარდანელის გადაცურვით როდი მოუხვეჭია უკვდავება, არამედ თავისი პოემებით. რამდენი იდიოტი რამდენ კილომეტერს გადასცურავს, ამას არავითარი მნიშვნელობა არა ჰქონია არასოდროს. იცოდე, ჩემს ჩამოსვლამდე ამას, ყოველივეს დაუფიქრდი. შენ ყველაფერი გესმის ამქვეყნად და იმასაც გაიგებ, რასაც ვწერ ამ პატარა ბარათში. გკოცნის შენი შვილი, კონსტანტინე სხივიძე. ძაღლები და კატებიც გკოცნიან! შენი ობობაც კარგადაა.” P.S. სხივიძე იყო ბავშობაში ზვიადის მიერ ამორჩეული საყვარელი გვარი და ბატონი კონსტანტინე აქ წერს შვილის მიერ ამორჩეულ გვარს.          

 

скачать dle 11.3